ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/1380 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 2 აგვისტო 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 აგვისტო 2019 12:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების, 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების და 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის (2019 წლის 24 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1380) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ფატმან კვარაცხელიამ და კახა ეხვაიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 13 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 2 აგვისტოს.
2. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის (2019 წლის 24 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
6. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
7. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კახა ეხვაიას ნოტარიუსმა, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების საფუძველზე, უარი უთხრა ფიზიკურ პირთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებაზე.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, აგრეთვე წყლისა და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, ასევე ადგენს, რომ ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, ერთი მხრივ, გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს აღჭურავს უფლებამოსილებით, ფიზიკურ პირთან დადებული სესხისა და კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ გირაო და იპოთეკა, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სესხის გამცემ ფიზიკურ პირებთან მიმართებით და ახდენს მათ გაუმართლებელ დიფერენცირებას.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირებას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ამდენად, მათი კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებისა და 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების შეჩერებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას სურს, სესხი კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით აიღოს კერძო პირისგან და არა სხვა სუბიექტისგან, რაშიც აღნიშნული ნორმების მოქმედება უშლის ხელს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მას.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების, 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების და 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის (2019 წლის 24 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 22 დეკემბრის 4104-რს საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, დასახელებული ნორმა ძალადაკარგულია.
7. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმამ ძალა დაკარგა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1380 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
9. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს უფლებას აძლევს, ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენონ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მათ სესხის გამცემ ფიზიკურ პირებთან მიმართებით და იწვევს გაუმართლებელ დიფერენცირებას.
11. ზემოაღნიშნული სადავოდ გამხდარი ნორმები ეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, კერძოდ, კონკრეტულ პირებს აღჭურავს უფლებამოსილებით, ფიზიკურ პირთან დადებული სესხისა და კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის გამოიყენონ გირავნობა და იპოთეკა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებებზე. კონსტიტუციური სარჩელიდან კი ირკვევა, რომ მოსარჩელეებს ფიზიკური პირისგან სურთ სესხის აღება და ისინი აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე არ დავობენ იმ მოტივით, რომ მათ სურთ სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე და სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებს მათ ზემოაღნიშნულ სესხის გამცემ სუბიექტებთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე დავობს არა თავისი უფლების, არამედ სხვა, სესხის გაცემის მსურველი ფიზიკური პირების უფლების დარღვევაზე.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1380 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვებს „აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.
14. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად უძრავი ნივთის გამოყენების აკრძალვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. მოსარჩელე მხარე საერთოდ არ უთითებს, ამავდროულად, არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ საკუთრებაში აქვს წყლის ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და სადავო ნორმის საფუძველზე ვერ იყენებს მათ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. ასევე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების განჭვრეტად მომავალში შეძენის ან ისეთი პირის საკუთრებაში არსებობის შესახებ, რომელიც მოსარჩელეს თანხმობას მისცემდა მათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეები ვერ იქნებიან მიჩნეული უფლებამოსილ სუბიექტებად.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1380 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
17. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
18. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა მოსარჩელე მხარის პოზიციას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1380 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1380 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებისა და 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
22. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას სურს, სესხი კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით აიღოს კერძო პირისგან და არა სხვა სუბიექტისგან. დასახელებული სადავო ნორმების მოქმედება მოსარჩელეებს ხელს უშლის სესხის აღებაში და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
23. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
24. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება მისი უფლების შეუქცევადად დარღვევას იწვევს და უფლებებში აღდგენა ვერ მოხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. იგი მხოლოდ მიუთითებს, რომ სადავო ნორმების შეუჩერებლობამ შესაძლებელია, გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი, ამავდროულად, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის უფლების შეზღუდვა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი თავისთავად არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება მისი მოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1380 კონსტიტუციური სარჩელი („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1380 კონსტიტუციური სარჩელი („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება” და 286-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1380 კონსტიტუციურ სარჩელზე („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი