ირაკლი შავაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1332 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი შავაძე |
თარიღი | 6 ივლისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლი: ,,2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.“ | საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი |
,,საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლი: ,,2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.“ | კონსტიტუციის 29-ე მუხლისმე-2 პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
2018 წლის 16 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის საქმე #სსკ-02-18 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის #1/212 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 4 იანვრიდან ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა მოსამართლედ. ,,საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში ორგანული კანონი) 794 მუხლის თანახმად, საჩივრის ავტორმა, სხვა მოსამართლეებთან ერთად, 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადო გამწესების მოთხოვნით მიმართა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის 8 თებერვალს გასაუბრება ჩაატარა საჩივრის ავტორთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2018 წლის 14 და 15 თებერვალს ირაკლი შავაძის საქმიანობის შეფასების ფორმა შეავსეს, ორგანული კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით (გადაწყვეტილების მე-2 გვერდი). ქულათა შეჯამების ოქმის თანახმად, იუსტიციის საბჭოს 6 წევრის შეფასებით მოსამართლე კეთილსინდისიერების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო 9 წევრის შეფასებით აკმაყოფილებს მოსამართლის კომპეტენტურობის კრიტერიუმს, ვინაიდან შეფასდა 70%-ზე მაღალი ქულით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს #1/139 გადაწყვეტილებით, 2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე ირაკლი შავაძეს უარი ეთქვა.
ირაკლი შავაძემ 2018 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას და მოითხოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის საბჭოსათვის ხელახლა დაბრუნება.“ (იხილეთ საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების მე-3 გვერდი). ირაკლი შავაძის განცხადებაში მითითებული იყო: ,,2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი უთხრა საჩივრის ავტორს მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსამართლემ წარმატებით დაძლია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ... მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამწლიანი სასამართლო პრაქტიკის მქონე მოსამართლეები გამწესდებიან მათი განცხადების საფუძველზე და აღნიშნული პროცედურა მათთვის არ წარმოადგენს კონკურსს (საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების მე-4 გვერდი).
საქართველოს უზენაესმა სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ეს საჩივარი და ძალაში დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. საკვალიფიკაციო პალატის განმარტებით: ,,საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გააჩნდა იმგვარი დისკრეციული უფლებამოსილება, რაც მას ანიჭებდა შესაძლებლობას, არ გაემწესებინა არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლე უვადოდ, არასაკონკურსო ადგილზე, რადგან ამ უკანასკნელმა დააკმაყოფილა ორგანული კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები, დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან ... (გადაწყვეტილების მე-12 გვერდი). საკვალიფიკაციო პალატა უთითებს ამ საქმეში სადავოდ ქცეულ ნორმაზე და აღნიშნავს:
,,კანონმდებლის ნება იკვეთება იმგვარად, რომ გარდამავალ დებულებებში მოთავსებული ნორმის (სადავო ნორმა) მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს მისი დასაბუთების (ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციის) ვალდებულებას, ღია კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ევალება, დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება. კანონით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრის შედეგად, კანდიდატისათვის უარის თქმის შემთხვევაში, საბჭოს წევრის დავალდებულება, დაასაბუთოს უარი, პირველ რიგში, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს. ასევე არ შეესაბამება კანონმდებლობას, ვინაიდან უარის თქმის დასაბუთება იმთავითვე გამორიცხავს მის ფარულობას.
საკვალიფიკაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანული კანონის დანაწესით არ არის დადგენილი 794 მუხლის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, ამასთან არც საჩივრის ავტორის მტკიცებაა გასაზიარებელი, რომ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლის უვადოდ გამწესება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი დააკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კანონმდებლის ნების ამგვარი განმარტება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების მქონე მოსამართლის მიერ ორგანული კანონით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება წარმოადგენს მისი მოსამართლედ უვადოდ გამწესების წინაპირობას. ასეთი განმარტების შემთხვევაში, ორგანული კანონის გარდამავალ დებულებაში მოთავსებული ნორმის მოწესრიგება კენჭისყრის ფარული წესის განსაზღვრისა და გადაწყვეტილების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობის დადგენის შესახებ თავის დანიშნულებას დაკარგავდა.
ამგვარად, სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა 2/3-ს აქვს უფლება ფარული კენჭისყრის გზით, დაუსაბუთებლად უარი უთხრას 3 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირს უვადოდ დანიშვნაზე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით აღიარებულ უფლებას. ამ სარჩელზე თანდართული უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის ციტირებული გადაწყვეტილებაც მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმამ უკვე შელახა მოსარჩელის კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე მუხლით აღიარებული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულ №3/2/717 გადაწყვეტილებაში საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-12 პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს... საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაზე, შესაბამისად, აღნიშნული დანაწესით გარანტირებულია ყველა მოქალაქის უფლება, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო თანამდებობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-13 პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებრივ კომპონენტებს, მატ შორის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.“
ამ საქმეში გასაჩივრებულია ნორმა, რომელსაც ერთდროულად მიმართება აქვს როგორც კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ, ისე მეორე პუნქტთან. სადავო ნორმა არეგულირებს უვადოდ საერთო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას. ამ მიზნით სადავო ნორმა ადგენს ფარული კენჭისყრის წესებს, რაც სადავოდ არის გამხდარი ამ სარჩელით, იმის გამო რომ გამორიცხავს დანიშვნაზე უარის დასაბუთების შესაძლებლობას. სადავო ნორმა ფარული კენჭისყრის შემოღებით უსაფუძვლოდ ზღუდავს მოქალაქის უფლებას, უვადოდ დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. თანამდებობის დაკავების შეზღუდვა კი მიემართება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისკენ.
იმავდროულად, სადავო ნორმის ადრესატია მოქალაქე, რომელსაც უკვე უკავია მოსამართლის თანამდებობა. ნორმა არ ეხება მოქალაქეს, რომელიც პირველად ინიშნება მოსამართლის თანამდებობაზე. პირველად დანიშვნა განაპირობებდა სადავო ნორმის შეფასებას მხოლოდ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ მუხლთან და სამი წლის ვადით მოსამართლის დანიშვნაც, მხოლოდ კონსტიტუციის 29-ე მუხლით უნდა შეფასდეს. სადავო ნორმით დადგენილი ფარული კენჭისყრის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს ის, რომ ადამიანს დაუსაბუთებლად შეუწყდეს უფლებამოსილება და მან ვერ შეძლოს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება უვადოდ. როგორც აღნიშნა, ნორმა, რაც ითვალისწინებს თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების შეზღუდვას და პირის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას, მიმართება აქვს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტთან.
ამგვარად, გასაჩივრებულ ნორმას მიმართება აქვს როგორც კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ, ისე მეორე პუნქტებთან.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონ, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: 2017 წლის 1 ივლისამდე სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლემ უვადოდ დასანიშნად უნდა მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სანამ კანონით დადგენილი ორი კრიტერიუმით პირის შეფასება მოხდება, ტარდება გასაუბრება. გასაუბრების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პირს აფასებენ კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმს პირი აკმაყოფილებს, თუკი: ,, სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია.”
მაშინ, როცა ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ხდება ფარული კენჭისყრა. სარჩელზე თანდართული საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სადავო ნორმას აქვს იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადამიანი რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმს, შესაძლოა არ დაინიშნოს თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ფარული კენჭისყრის შედეგად ვერ მოაგროვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო პალატამ, რომელიც ასეთ დავებზე წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს, გამორიცხა, ფარული კენჭისყრის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, დაასაბუთოს, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიუხედავად, რატომ არ ნიშნავს პირს უვადოდ მოსამართლედ. საკვალიფიკაციო პალატის ნორმის ამგვარი განმარტება ავტორიტეტული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის.
ამგვარად, იქმნება იმგვარი მდგომარეობა, რომ ადამიანი შეიძლება აკმაყოფილებდეს მოსამართლედ დასანიშნად აუცილებელ ყველა ობიექტურ კრიტერიუმს, ამის მიუხედავად, ფარული კენჭისყრის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად უარს უცხადებდეს მოსამართლედ დანიშვნაზე. შეფასების ფურცლებიდან გამომდინარე, ადამიანს წარმოეშობა გონივრული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს უვადოდ მოსამართლის თანამდებობაზე, ამის მიუხედავად, არ ინიშნება მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების გამო. პირი ვერ იგებს და ობიექტურად ვერც გაიგებს იმ მიზეზს, რის გამოც დაიწუნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ფარული კენჭისყრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ უსაბუთებს იმას, თუ რატომ არ დაინიშნა ეს პირი მოსამართლის თანამდებობაზე, იმის მიუხედავად, რომ ობიექტური კრიტერიუმი დააკმაყოფილა ამ პირმა. რა თვისება არ გააჩნია მას ისეთი, რის გამოც ვერ დაიმსახურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2/3-ის მოწონება. მიზეზზე მითითება მისცემდა ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ის ხარვეზი გამოესწორებინა, რის გამოც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მესამედმა მიიჩნია, რომ პირი არ იმსახურებდა უვადოდ მოსამართლედ გამწესებას. ამასთან შესძენდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს საზოგადოების მხრიდან ნდობას, რაც არსებითი ხასიათისაა დამოკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო პალატის მიერ ნორმის განმარტების შედეგად გამოირიცხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე უარის დასაბუთება, იმიტომ, რომ დასაბუთების ვალდებულება შეუთავსებელია ფარული კენჭისყრის ბუნებასთან. მართალია, სადავო ნორმა მიუთითებს 364 მუხლის გამოყენების თაობაზე, თუმცა საკვალიფიკაციო პალატამ ირაკლი შავაძის საქმეზე გამორიცხა 364 მუხლის მე-20 მუხლის გამოყენება, რომელიც სწორედ იუსტიციის საბჭოს მიერ პირის უვადოდ დანიშვნის თაობაზე უარის დასაბუთების ვალდებულებას ადგენს. ეს მოხდა იმის გამო, რომ საკვალიფიკაციო პალატამ უპირატესი ძალა მიანიჭა გარდამავალ დებულებაში მოთავსებულ სადავო, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 794 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს დასაბუთების ვალდებულების გამომრიცხავ, ფარული კენჭისყრით უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარის წესს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 364 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად: ,,თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას.” სწორედ ამ ნორმის დადგენილი დასაბუთების ვალდებულება გამორიცხა საკვალიფიკაციო პალატამ იმის გამო, რომ ჩვენს მიერ გასაჩივრებულ, გარდამავალ ნორმაში საუბარია პირის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე უარის გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება. ეს უკანასკნელი გამორიცხავს უარის დასაბუთების შესაძლებლობას. როგორც საკვალიფიკაციო პალატამ აღნიშნა: ,,სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ორგანული კანონის 794 -ე მუხლით რეგლამენტირებულია 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე სამი წლის ვადით გამწესებული არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი. რისთვისაც ორგანული კანონითვე განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ფარული კენჭისყრით და საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით. მითითებული ნორმით ძირითადი ნორმისაგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული..”
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ სამი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან მიმართებაში ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-19 მუხლით, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებას წინ უძღვის გასაუბრება. 2017 წლის 1 ივლისამდე სამი წლით დანიშნულ მოსამართლეებთან მიმართებაში სადავო ნორმის შემთხვევაში ეს არის პირიქით. სადავო ნორმა თავად ჩამოთვლის პროცესის მიმდინარეობის თანმიმდევრობას: ეს არის ჯერ ქულებით შეფასება, შემდეგ გასაუბრება, ბოლოს ფარული კენჭისყრა. გასაუბრება უდავოდ ახდენს გავლენას ადამიანის შეფასებაზე კომპეტენტურობაზე და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და პირიქით გასაუბრების შემდეგ შემფასებელმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შესაძლოა აზრი შეიცვალოს მოსამართლის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თუკი მოსამართლის დადებითი შეფასება ხდება გასაუბრების შემდეგ, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა, ცხადია, მით უფრო აუცილებელია დასაბუთება, თუკი საბოლოო გადაწყვეტილებით მოსამართლეს უარს ეუბნებიან უვადოდ გამწესებაზე. დასაბუთების შედარებით ნაკლები აუცილებლობა შესაძლოა არ არსებობდეს მაშინ, როცა ჯერ მოხდა მოსამართლის დადებითი შეფასება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით, ამის შემდეგ ჩატარდა გასაუბრება, რის შედეგადაც საბჭოს წევრებმა აზრი საუარესოდ შეიცვალეს და ფარული კენჭისყრით უარი უთხრეს მოსამართლეს უვადოდ დანიშვნაზე. კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით დადებითი შეფასება, რაც ხდება გასაუბრების შემდეგ, უფრო მეტ გაურკვევლობაში ამყოფებს უვადო მოსამართლეობის მსურველ პირს, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა თავდაპირველად დადებითად შეფასდა მისი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, გასაუბრების მიმდინარეობისას აზრი შეიცვალეს საბჭოს წევრებმა და შედეგად ფარული კენჭისყრით უარი უთხრეს უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე. გაურკვევლობის აღმოფხვრა და იმის განმარტება, თუ რა უნარის არქონის გამო თქვეს უარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პირის დანიშვნაზე უვადო მოსამართლედ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა უარს წინ უძღოდა ჯერ გასაუბრება, შემდეგ ქულების სისტემით დადებითი შეფასება და ბოლოს უარი. ასეთ შემთხვევაში კრიტიკულად აუცილებელია მოსამართლემ მიიღოს განმარტება იმ ობიექტურად იდენტიფიცირებად ხარვეზთან დაკავშირებით, რის გამოც მას უარი ეთქვა მოსამართლედ დანიშვნაზე იმისათვის, რომ მომავალში ეს ხარვეზი გამოასწოროს.
სადავო ნორმის ავტორიტეტული, საკვალიფიკაციო პალატის მიერ გაკეთებული, განმარტება იმგვარია, რომ შესაძლოა ჯერ გასაუბრება ჩატარდეს, შემდეგ ქულებით დადებითი შეფასება მოხდეს და ამის შემდეგ ფარული კენჭისყრით მიღებული იქნეს დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება. ნორმის გამოყენების პრაქტიკის გარდა, 794 მუხლის სიტყვა-სიტყვით განმარტებაც მიუთითებს მისი ამ შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე, კერძოდ სადავო ნორმა არის იმგვარად ფორმულირებული რომ წერია ჯერ გასაუბრება, ხოლო შემდეგ ქულების სისტემით მოსამართლის შეფასება. ამგვარი ფორმულირება არათუ არ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ხელსაც კი უწყობს იმგვარი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც, ტარდება ჯერ გასაუბრება, შემდეგ ხდება ქულებით შეფასება და ბოლოს ფარული კენჭისყრა.
ამ დავის ფარგლებში სადავო არ არის კონკურსის შემთხვევა, სადაც მოსამართლის ერთ თანამდებობაზე, რამდენიმე კანდიდატი ეჯიბრება ერთმანეთს და კონკურენტები ერთნაირად აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. ამ დროს უარი მოსამართლედ დანიშვნაზე, შესაძლოა არც იყოს იმით გაპირობებული, რომ დამარცხებული კანდიდატს რაიმე ხარვეზი გააჩნია. არამედ დამარცხების მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ გამარჯვებული კანდიდატი გარკვეულწილად სჯობდა დამარცხებულს. ამ სირთულესთან არა გვაქვს საქმე სადავო ნორმის შემთხვევაში, სადაც სამი წლით დანიშნული მხოლოდ ერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კონკურსის შემთხვევაში დამარცხებული კანდიდატი შესაძლოა აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს, ამის მიუხედავად, არ მოხდეს მისი დანიშვნა არა იმის გამო, რომ ჰქონდა რაიმე ხარვეზი, არამედ იმიტომ რომ გამარჯვებული კანდიდატი მასზე უკეთესი იყო. ამ შემთხვევაში კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე მითითება შესაძლოა არარელევანტურიც კი აღმოჩნდეს, კონკურსის თავისებურებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კონკურსის შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს ვერ დაევალება ხარვეზზე მითითება. სხვა ვითარება გვაქვს ერთი მოსამართლის განცხადების განხილვის შემთხვევაში, ამ დროს სწორედ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა შეიძლება იყოს დანიშვნაზე უარის თქმის გამართლებული და დასაბუთებული საფუძველი. შესაბამისად, დასაბუთება ამ შემთხვევაში უფრო მარტივია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, ვიდრე ეს კონკურსის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ამასთან დასაბუთება, მოცემულ შემთხვევაში, თვითნებობის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი მექანიზმია.
აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის თანახმად, გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნაზე მიღებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება პირის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე უნდა ეფუძნებოდეს პირის მიერ მიღებულ დადებით შეფასებას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით. ეს ნორმა ასევე გამოიყენება მაშინ, როცა პირს უარს ეუბნებიან უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე იმის გამო რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი ან მეტი წევრი არ აცხადებს იმას, რომ პირი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების მოთხოვნას და მოსამართლე ვერ გადალახავს 70 %-იან ბარიერს კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით. მაგრამ ადგენს თუ არა ეს ნორმა საკმარის გარანტიას იმ პირის დასაცავად, ვინც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, იღებს 70%-ზე მეტ შეფასებას კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით, მაგრამ არ ინიშნება უვადო მოსამართლედ?
გარდა იმისა, რომ კანონმდებელმა სადავო ნორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაავალდებულა გადაწყვეტილება შეფასების ფორმების საფუძველზე მიიღოს, იმავდროულად, კანონმდებელმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2/3-ს მიანიჭა უფლება, პირს უარი უთხრას მოსამართლედ უვადო დანიშვნაზე ფარული კენჭისყრით. სწორედ ფარული კენჭისყრის პროცედურის არსებობა არის იმის მიზეზი, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2/3-ს აძლევს, დადებითი შეფასების არსებობის მიუხედავად, პირის დანიშვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და ამ პირობებში ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის შეფასებას, საკმარის გარანტიად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირის დასაცავად. ის, რომ დადებითი შეფასების არსებობის შემთხვევაში ფარული კენჭისყრით მოსამართლედ უვადო დანიშვნაზე უარი გამორიცხავს დასაბუთებას, ეს პირდაპირ არის დადასტურებული ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ორგანოს - უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ. ამ უკანასკნელის მიერ სადავო ნორმის ამგვარი განმარტება არ შეიძლება არაგონივრულად იქნეს მიჩნეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
2. მოსამართლედ უვადო დანიშვნაზე უარის დასაბუთების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულ №3/2/717 გადაწყვეტილებაში საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-20 პუნქტში განაცხადა:
,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული გარანტიების ერთ-ერთ გამოვლინებას სწორედ მოქალაქის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა და, ასევე, ამ თანამდებობაზე მისი თვითნებური არდანიშვნისგან დაცვა წარმოადგენს. ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობაზე არდანიშვნის თაობაზე თვითნებური, მიკერძოებული და არაზუსტი გადაწყვეტილებების თავიდან აცილების ერთ-ერთი ინსტრუმენტია ამ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მოთხოვნა. დასაბუთებულობის მოთხოვნა ავალდებულებს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს, დაასაბუთოს, თუ რატომ შეესაბამება ან არ შეესაბამება კონკრეტულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმს ესა თუ ის კანდიდატი. დასაბუთებულობის მოთხოვნით, იზრდება თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი სუბიექტების ანგარიშვალდებულება და თავად პროცესის გამჭვირვალობა. ამავე დროს, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად გართულებულია თვითნებური და არაზუსტი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილ სუბიექტს არ ევალება გადაწყვეტილების დასაბუთება, რთულია მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და შესაძლო დარღვევებისა და გადაცდომების გამოსწორება, არსებობს უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების საფრთხე.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 21-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია საბჭოს წევრების მიერ უკანონო, თვითნებური ანდა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისათვის. პირის პროფესიული დანიშვნისას, როდესაც გადაწყვეტილება თანამდებობაზე განწესების შესახებ არ წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილს, გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობა ქმნის უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების საფრთხეს … დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, კანდიდატი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოასწოროს საკუთარი ხარვეზები, რადგან არ იცის, რის გამო ეთქვა უარი მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე და რა უნდა მოიმოქმედოს შემდგომ კონკურსზე წარმატების მისაღწევად.”
კევლიშვილისა და სხვების საქმეში მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, მათ შორის, მოსამართლის თანამდებობაზე განწესება განხორციელდეს ობიექტურად. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი უნდა აჩენდეს რაც შეიძლება ნაკლებ კითხვის ნიშნებს განწესებული პირის კვალიფიციურობასთან და მიღებული გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით. პროცესმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური, თანამდებობის შესაბამისი პირების დაუსაბუთებლად არდანიშვნის გამორიცხვა. მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების განწესების მოთხოვნა უკავშირდება არა მხოლოდ პირის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, არამედ – საზოგადოებრივ ინტერესს – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს. ამასთანავე, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის გამჭვირვალობა და კვალიფიციური მოსამართლეების განწესების მყარი გარანტიები ემსახურება საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებას. ცხადია, ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი გაიზრდება, თუ საზოგადოებამ იცის, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს კვალიფიციური, პიროვნული და პროფესიული ნიშნით შესაბამისი კანდიდატების მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას.“
ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 31-ე პუნქტში ნათქვამია: ,,გადაწყვეტილების დასაბუთება არ შემოიფარგლება მხოლოდ თანამდებობაზე განწესების თაობაზე მიღებული აქტის დასაბუთების მოთხოვნით. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია დასაბუთების მოთხოვნა არა მხოლოდ ფორმალურად განწესების აქტთან დაკავშირებით, არამედ – დასაბუთებულობა უკავშირდება თანამდებობის განწესების მთელ პროცესს (როგორ წარიმართა ეს პროცესი და რამ განაპირობა ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნა ან დანიშვნაზე უარის თქმა). ეს კი პირველ რიგში გულისხმობს შეფასების როგორც კრიტერიუმების, ასევე მთლიანად შეფასების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე მაქსიმალურად აგებას და სუბიექტური კრიტერიუმების მინიმუმამდე დაყვანას.“
საკონსტიტუციო სასამართლომ დადებითად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამი წლის ვადით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასება. რაც შეეხება ფარულ კენჭისყრას ამასთან დაკავშირებით კევლიშვილისა და სხვების საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 50-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა:
,,გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფარულობის ელემენტის შემოტანა ემსახურება გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების ნების თავისუფლების უზრუნველყოფას და დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიღება არ წარმოადგენდა მოსარჩელეთათვის თავისთავად პრობლემას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა გადაწყვეტილების ფარულად მიღებას იმ პირობებში, როდესაც არ იყო დაცული დასაბუთების მოთხოვნა.”
ამავე გადაწყვეტილების 51-ე ,,მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის შედეგების დასაბუთებას, კონკურსის პროცედურა მთლიანობაში იძლევა საბოლოო გადაწყვეტილების ფაქტობრივი წინაპირობების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. კენჭისყრის გზით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი დასაბუთების გარეშეც, კონკურსის მთელი პროცესის გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ როგორ მივიდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მართალია, თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე ყველაზე მაღალი შეფასებების მქონე კონკურსანტმა ფარულ კენჭისყრაში ვერ მოიპოვოს ხმათა საკმარისი რაოდენობა თანამდებობაზე დასანიშნად, კანონმდებლობა აღნიშნული საფრთხეების დაბალანსებისათვის ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.”
გადაწყვეტილების მეორე პუნქტის 52-ე პუნქტში აღნიშნულია: ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დისკრეციული უფლებით მანიპულირებისგან დაცვის გარანტიას წარმოადგენს ერთი მხრივ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და გასაჩივრების საფუძვლები და მეორე მხრივ, შეფასების ფურცლები. შეფასების ფურცლების მეშვეობით განხორციელებული ეტაპის ბუნებიდან გამომდინარე, კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი ხდება საბჭოს წევრთა დისკრიმინაციული, თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილებების პრევენცია ეფექტური გასაჩივრების შესაძლებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული თანამდებობაზე განწესების წესი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების ისეთ პროცედურას, როდესაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ინდივიდუალურად უნდა დაასაბუთონ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები და ნათლად მიუთითონ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ეყრდნობა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, ნათლად ჩანს, თუ რა გზით მივიდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შესაბამის გადაწყვეტამდე, რაც მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართებულობის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.”
მთვარისა კევლიშვილის საქმისაგან განსხვავებით, ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ფარული კენჭისყრით გადაწყვეტილების მიღების წესი. ვფიქრობთ, რომ თუკი ადამიანი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ფარული კენჭისყრით კი არ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, არამედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე აქტი უნდა გამოიცემოდეს. ამასთან ირაკლი შავაძის საქმეზე საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ნორმით, შეფასების ფურცლები შევსება არ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ მივიდა მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ საქმეში შეფასების ფურცლები უვადოდ დანიშვნის მხარდამჭერ ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავდა, ხოლო მოსარჩელე არ იქნა დანიშნული მოსამართლედ უვადოდ. სადავო ნორმით, ფარული კენჭისყრით შესაძლოა იმგვარი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რაც არ შეესაბამება შეფასების ფურცლებში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. შეუძლებელია იმის თქმა, რომ საბჭოს წევრების მიერ იმის დადგენა, რომ პირი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მოთხოვნას, იწვევდეს უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილებას. სადავო ნორმით, შეუძლებელია შეფასების ფურცლების მეშვეობით დადგინდეს, თუ რატომ იქნა მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მთვარისა კევლიშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლო გასაჩივრების მექანიზმზე მითითებას, რამაც უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღების პრევენცია, რაც არ გამომდინარეობს ამავე საბჭოს მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას ის, რომ საერთო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობისაგან დაცვის შესაძლებლობას თავად კანონი უნდა აძლევდეს. ,,ის იმდენად კონკრეტული, მკაფიო და ნათელი უნდა იყოს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა მისი სწორად გამოყენებისა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 24-ე პარაგრაფი)
მთვარისა კევლიშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ პირის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასება, ამის შემდეგ ფარული კენჭისყრა მიიჩნია ერთიან პროცესად, როდესაც ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის თაობაზე შევსებული შეფასების ფურცლებიდან. ამის საწინააღმდეგოდ, ამ საქმეში გასაჩივრებული ნორმით, კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების შეფასების და ფარული კენჭისყრის ეტაპი არ არის ერთიანი პროცესი. სადავო ნორმით, როგორც ის განმარტა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 ფარული კენჭისყრის პროცესში არ არის შეზღუდული ამავე საბჭოს წევრების მიერ ადრე შევსებული შეფასების ფურცლებით. საკვალიფიკაციო პალატამ სადავო ნორმა სწორედ იმგვარად, განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, ფარული კენჭისყრის პროცესი შესაბამისობაში მოიყვანოს შეფასების ფურცლებში დადგენილ გარემოებებთან. სადავო ნორმის ამგვარი ნორმატიული შინაარსის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების, რაც არ გამომდინარეობს შეფასების ფურცლებით დადგენილ გარემოებებთან, სასამართლოში გასაჩივრება ვერ დაიცავს საჩივრის ავტორს საბჭოს თვითნებური გადაწყვეტილებისაგან. ამის გარანტიას, პირველ რიგში, ის ნორმა არ შეიცავს, რომლითაც საკვალიფიკაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს. ეს ნორმა კი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასებასა და ფარულ კენჭისყრას ერთმანეთისაგან განცალკევებულ პროცესად განიხილავს, როცა საბოლოო გადაწყვეტილება შეფასების შედეგებიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს. ასეთ პირობებში კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ არის დაცვის ეფექტური საშუალება.
ამით კი სადავო ნორმა ქმნის თვითნებური, დაუსაბუთებელი და არაგამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაზედაც საუბრობდა საკონსტიტუციო სასამართლო მთვარისა კევლიშვილის საქმეში.
სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის პრობლემის მოგვარების საშუალებას წარმოადგენს ის, რომ თუკი პირი აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ავტომატურად მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი პირის დანიშვნის თაობაზე ან დადგინდეს ღია კენჭისყრის პროცედურა, როდესაც იმ პირის, რომელიც აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, დანიშვნის მოწინააღმდეგე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წერილობით დაასაბუთებენ იმას, თუ რატომ არ ინიშნება პირი მოსამართლის თანამდებობაზე.
3) ევროპის საბჭო გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით
2017 წლის 9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოსცა თავისი # 855 / 2016 დასკვნა ბულგარეთის სასამართლო სისტემის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოიცავს როგორც მოსამართლე ისე პროკურორ წევრებს. რეფორმის შედეგად, საბჭო გაიყო მოსამართლეების და პროკურორების პალატად.[1] გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ამ დასკვნაში ნათქვამია:
,,კონსტიტუცია და სასამართლო სისტემის შესახებ კანონი ინარჩუნებს გამოსაცდელ პერიოდს მოსამართლეებისათვის. ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა პალატას აქვს გამოსაცდელი პერიოდის დადგენის უფლებამოსილება. ამის მიუხედავად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის კრიტიკულად იყო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის იდეასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.“[2]
ამავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია: ,,თუკი გამოსაცდელი პერიოდის შენარჩუნება მაინც ხდება, ასეთ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის დანიშვნაზე უარი უნდა იყოს გამონაკლისი. როგორც ვენეციის კომისიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის კონსტიტუციურ რეფორმასთან გამოცემულ დასკვნაშია აღნიშნულია: უარი მოსამართლის დამტკიცებაზე უნდა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით და გამოყენებული უნდა იქნეს ისეთივე პროცედურა, რაც მოსამართლის თანამდებობიდან გადასაყენებლად გამოიყენება.“
რაც შეეხება თავად მაკედონიის თაობაზე ვენეციის კომისიის 2005 წლის 8 ნოემბერს გაცემულ 355/2005 დასკვნას, ეს უკანასკნელი მიუთითებს იმის თაობაზე, რომ: როდესაც არსებობს შეფასების სისტემა, სასურველია შეფასება განახორციელოს სასამართლომ ვიდრე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეს მოთხოვნა დაცულია მაკედონიის კანონმდებლობით. გარდა ამისა, შეფასების კრიტერიუმები ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული. როგორც ჩანს, როცა მოსამართლე ინიშნება, ნებისმიერი მცირედი გადაცდომა ან არაპროფესიონალიზმი შეიძლება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი. ამით კი საფრთხე ექმნება სასამართლოს დამოუკიდებლობას.“[3]
როგორც ვენეციის კომისიის დასკვნებიდან ხდება ნათელი, გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნა თავისთავად არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ამის მიუხედავად, ვენეციის კომისიის პოზიციას წარმოადგენს ის, რომ მოსამართლეებისაგან შემდგარმა ორგანომ გაწეროს და გამოიყენოს შეფასების განჭვრეტადი სისტემა. ასევე პირის მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე უარი განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით და პირი უზრუნველყოფილი იყოს ისეთივე დაცვის პროცედურული გარანტიებით, რაც გააჩნია მოსამართლეს თანამდებობიდან გათავისუფლებისას. როდესაც 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს შეფასების არსებულ კრიტერიუმებს, ამის მიუხედავად, არ ინიშნება უვადოდ თანამდებობაზე, ვერ ვიტყვით, რომ შეფასება გამჭვირვალეა, უარი უვადოდ დანიშვნაზე ობიექტურ კრიტერიუმს ეფუძნება ან პირს დაცვის ისეთივე პროცედურული გარანტიები აქვს, რაც დისციპლინური წესით თანამდებობიდან გათავისუფლებულ მოსამართლეს.
2010 წლის 20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე HENRYK URBAN AND RYSZARD URBAN v. POLAND[4]. ამ საქმეში მომჩივანი დავობდა იმის თაობაზე, რომ პოლონეთში არსებული ე.წ. შემფასებლის ინსტიტუტი არ იყო დამოკიდებელი და არ მოდიოდა შესაბამისობაში ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან. შემფასებლობა იყო შუალედური საფეხური მოსამართლის სასაწავლო კურსის მონაწილესა და სრულფასოვან მოსამართლეს შორის (გადაწყვეტილების 37-ე პარაგრაფი). შემფასებლები ინიშნებოდნენ იუსტიციის მინისტრის მიერ რეგიონულ მოსამართლეთა საბჭოს თანხმობით მაქსიმუმ 4 წლის ვადით. შემფასებლები ახორციელებდნენ სასამართლო ხელისუფლებას პირველი ინსტანციის სასამართლოში (გადაწყვეტილების 47-ე პუნქტი). შემფასებლის გათავისუფლება ხდებოდა იუსტიციის მინისტრის მიერ რეგიონალურ მოსამართლეთა საბჭოს თანხმობით.
2007 წლის 24 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო შემფასებელთა იმ დროს არსებული ინსტიტუტი (გადაწყვეტილების აღსრულება 18 თვით გადაავადა). ამის მიზეზი იყო ის, რომ არ იყო უზრუნველყოფილი შემფასებელთა დამოუკიდებლობა იუსტიციის მინისტრისაგან (გადაწყვეტილების მე-20 პუნქტი). სხვადასხვა არგუმენტებთან ერთად, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა: შეუსაბამოა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, შემფასებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანხმობა გამოითხოვეს რეგიონულ მოსამართლეთა საბჭოდან. ეს უკანასკნელი არის არა სასამართლო, არამედ სასამართლოს ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანოა. უფრო მეტიც, რეგიონულ მოსამართლეთა საბჭოს თანხმობა შემფასებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დისკრეციული ხასიათისაა. არ არსებობს სპეციფიკური სამართლებრივი ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა არის თუ არა გამართლებული მოსამართლის გათავისუფლება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში. ამის გამო, არ არსებობს არც მატერიალურ-სამართლებრივი, არც პროცესუალური გარანტიები, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ შემფასებლის გათავისუფლება არ მომხდარიყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გამო (გადაწყვეტილების 21-ე პუნქტი).
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია და დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. გადაწყვეტილების 49-ე პუნქტში განაცხადა: ,,ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი არგუმენტი ეხებოდა მინისტრის უფლებამოსილებას გაეთავისუფლებინა ის შემფასებელი, რომელიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა. ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არსებობდა დაცვის მატერიალური და პროცედურული გარანტიები.“ ამავე გადაწყვეტილების 50-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა რეგიონული საბჭოს მიერ იუსტიციის მინისტრისათვის შემფასებლის გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემა არ იყო შემფასებლის დაცვის სათანადო გარანტია.
როდესაც კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ფარული კენჭისყრისას არ იხელმძღვანელოს შეფასების სისტემით, მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე უარი, სხვა არაფერია თუ არა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმით, სამი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეს არა აქვს შესაძლებლობა, თუნდაც საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის შეტანის გზით, აიძულოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უვადოდ დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ობიექტური კრიტერიუმებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არის შეზღუდული 3 წლიანი ვადით დანიშნული მოსამართლის დაცვის სათანადო მატერიალური და პროცესუალური გარანტიებით.
ამგვარად, ,,საერთო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს და ვითხოვთ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.
[1] ვენეციის კომისიის 2017 წლის 9 ოქტომბრის # 855 / 2016 დასკვნის მე-9 პარაგრაფი http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2017)018-e
[2] ვენეციის კომისიის 2017 წლის 9 ოქტომბრის # 855 / 2016 დასკვნის 78-ე პარაგრაფი http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2017)018-e
[3] ვენეციის კომისიის 2005 წლის 8 ნოემბერის 355/2005 დასკვნის 30-ე პარაგრაფი http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2005)038-e
[4] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-101962
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა