ირაკლი შავაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1332 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 17:07 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ირაკლი შავაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1332) მომართა ირაკლი შავაძემ. №1332 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 10 ივლისს. №1332 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1332 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლი ადგენს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების წესს, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2017 წლის პირველ ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული და მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს ამ მოსამართლის კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, გასაუბრების წარმატებით გავლის, მოსამართლისათვის კანონით წარდგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების, საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემისა და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე.
4. №1332 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაეკავებინა ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრებოდა კანონით.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, რომელსაც ეკავა მოსამართლის თანამდებობა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ განწესების მოთხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საბჭოს წევრებმა მოსამართლეს ჩაუტარეს გასაუბრება და შემდგომ შეავსეს შეფასების ფორმა, რომლის თანახმადაც, კანდიდატმა მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმში. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.
7. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულად აკმაყოფილებდა მოსამართლის თანამდებობის დაკავების ფორმალურ წინაპირობებს, ვერ შეძლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხმათა საკმარისი რაოდენობის მიღება მოსამართლის თანამდებობაზე განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე უვადოდ განსაწესებლად. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭომ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო ფარული კენჭისყრით, დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მოსამართლედ უვადოდ განწესების კანდიდატისთვის გაუგებარს ხდის იმ ობიექტურ მიზეზებს, თუ რა გახდა მის უვადოდ განწესებაზე უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, მას არ ეძლევა შესაძლებლობა მომავალში გამოასწოროს ის ხარვეზები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2/3-მა მიიჩნია, რომ არ იმსახურებდა უვადოდ მოსამართლედ განწესებას.
8. მოსარჩელე უთითებს თანამდებობაზე განწესების წესზე, რომლის საფუძველზეც გასაუბრებას თან სდევს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით შეფასება და მიიჩნევს, რომ, ზოგადად, გასაუბრებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს კენჭისყრისას გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც პირი გასაუბრების შემდგომ დადებითად ფასდება, მეტად გაუგებარი ხდება საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები და დასაბუთება.
9. მოსარჩელის პოზიციით, სადავო პროცედურის პრობლემურობა მისი ფარულობიდან მომდინარეობს. კერძოდ, ფარული კენჭისყრის პროცედურის არსებობა არის ის საფუძველი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის განწესებაზე უარის თქმის შესახებ, მისი დადებითი შეფასების მიუხედავად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კენჭისყრის პროცესში არ იზღუდებიან კანდიდატის კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასების შედეგით. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, კანდიდატი დაცული არ არის საბჭოს მიერ თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებისაგან.
10. მოსარჩელე უთითებს, რომ საბჭოს ქმედებისგან ეფექტური დაცვის საშუალებად არ გამოდგება მისი გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების პროცედურა. ასევე, უფლების დაცვას ვერ უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული შეფასების ფორმები, როგორც გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, რამდენადაც სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ხსენებული შეფასების დადებითი შედეგი არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.
11. მოსარჩელის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლედ უვადოდ განწესების კანდიდატი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მოთხოვნას, იგი თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს სამართლებრივი აქტის გამოცემისა და არა ფარული კენჭისყრის საფუძველზე. მოსარჩელე, ასევე, უშვებს ღია კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობასაც, რომლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაც იქნება დასაბუთებული.
12. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ს აქვს უფლება ფარული კენჭისყრის გზით, დაუსაბუთებლად, უარი უთხრას 3 წლის სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირს უვადოდ დანიშვნაზე, ზღუდავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლებას.
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მას, შესაძლოა, შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამასთან, ნორმის შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირებისთვის დამატებით ზიანს, რამდენადაც საკანონმდებლო მოწესრიგება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხი გადაწყდეს სხვა რეგულაციებით.
14. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1332 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი - სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება დაცულია 25-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დავის საგნად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
4. როგორც აღინიშნა, №1332 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით), გასაუბრების წარმატებით გავლის, ამ კანონის 361 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 362 და 363 მუხლების, 364 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემისა და გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დამოუკიდებლად შევსებული ფორმების საფუძველზე. აღნიშნული მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში იგი უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში“.
5. სადავო ნორმის, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გარდამავალი დებულების, მიზანს წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ განწესების სპეციალური წესის შექმნა 2017 წლის პირველ ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული იმ მოსამართლეებისთვის, რომელთაც გააჩნიათ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სადავო ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მისი ნორმატიული მოქმედება უკავშირდება განსაზღვრულ პერიოდს და მიემართება კონკრეტულ პირთა წრეს - არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილების მქონე იმ მოსამართლეებს, რომლებიც 2017 წლის პირველ ივლისამდე 3 წლის ვადით იყვნენ განწესებულნი მოსამართლის თანამდებობაზე. სწორედ ხსენებული კატეგორიის მოსამართლეებს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სადავო ნორმით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე დაყრდნობით, შეეძლოთ მიემართათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურების შეწყვეტისა და კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ განწესების მოთხოვნით. უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, განაგრძობდნენ უფლებამოსილების განხორციელებას 3-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმამ პრაქტიკული მოქმედების პოტენციალი ამოწურა 2017 წლის პირველ ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული და 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად, რამდენადაც სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურის ამოქმედების უფლება გააჩნდა სწორედ ხსენებული კატეგორიის მოქმედ მოსამართლეს. მაშასადამე, აშკარაა, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის სადავო ნორმის შინაარსი უკვე რეალიზებულია, მას აღარ გააჩნია ურთიერთობების შემდგომი მოწესრიგების რესურსი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ნორმა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ძალადაკარგულად ითვლება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4-8). იმავდროულად, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმამ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ძალა დაკარგა №1332 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
6. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგ მიმინოშვილი, ინვერ ჩოკორაია და ჯემალ მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას.
7. ამ მხრივ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობა, სადავოდ გამხდარი 794 მუხლის მიღმა, რომლის შინაარსიც, როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის სრულად რეალიზებულია, არ ითვალისწინებს 2017 წლის პირველ ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული და მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ განწესებასთან დაკავშირებულ რაიმე სხვა, სპეციალურ მოწესრიგებას. შესაბამისად, ნათელია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია აღარ ითვალისწინებს იმ სადავო ნორმატიულ დანაწესს, რომელზეც მოსარჩელე აფუძნებდა საკუთარ პრობლემასა და არგუმენტაციას. შესაბამისად, აშკარაა, რომ აღარ არსებობს სადავო ნორმის ის მოქმედი რედაქცია, რომელიც გაიმეორებს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს, რაც განაპირობებს მოსარჩელის უფლების შეზღუდვის განგრძობად ხასიათს და მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით ინტერესის დაფიქსირება რელევანტური არ არის, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
9. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1332 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1332 კონსტიტუციურ სარჩელზე („ირაკლი შავაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში