გივი თუთბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1357 |
ავტორ(ებ)ი | გივი თუთბერიძე |
თარიღი | 9 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901-ს მე-5 ნაწილი - „საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით“. | საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი - „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე - გივი თუთბერიძე რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. კერძოდ, მოსარჩელე ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ფუთში და მოძრაობს კუთვნილი ავტომანქანით N SS-978-SW ყოველდღე, ამდენად, ის ყოველდღე შეიძლება იქნეს დაჯარიმებული მოძრაობის წესების დარღვევისათვის, თუმცა ის ვერ შეძლებს სოფელში ინტერნეტის საშუალებით გაეცნოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. 2017 წლის 30 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მას დაემატა 2901 მუხლი. მისი მე-5 ნაწილის მიხედვით „საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით“.
II. სადავო ნორმით ირღვევა გივი თუთბერიძის უფლება სამართლიან სასამართლოზე, რამდენადაც ის ცხოვრობს სოფელში, სადაც წვდომა ინტერეტთან არ არის უზრუნველყოფილი. თუ გივი თუთბერიძეს დააჯარიმებენ და საჯარიმო ქვითრის ჩაბარება რეგისტრაციის ადგილზე ვერ მოხერხდება, საიტზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება და დაიწყება გასაჩივრების ვადის დენა, ხოლო გივი თუთბერიძე ვერ შეძლებს შეიტყოს ამის შესახებ, რადგან მას არ აქვს სისტემატიური წვდომა ინტერნეტთან და შესაძლოა, დროულად ვერ აღმოაჩინოს მასზე დაკისრებული ჯარიმა.
III. ზოგადად შევნიშნავთ, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობა დაკავშირებულია შემდეგ ტექნიკური და ყოფით ბარიერებთან:
ა) ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე ტელეფონის აპარატებით. ბატონი თუთბერიძის კუთვნილი ტელეფონს SAMSUNG CHAMP CE 0168 ეს ფუნქცია არ გაჩნია;
ბ) ინტერნეტით სარგებლობა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ბატონი თუთბერიძის მომსახურე ქსელის ბილაინის ყოველთვიური ულიმიტო ინტერნეტ კავშირის ტარიფი შეადგენს 20 ლარს;
გ) ინფორმაციის გაცნობა იმ პრიციპით, როდესაც არ მოსდის მისამართამდე შეტობინება, გულისხმობს, რომ ბატონი თუთბერიძე, ყოველ დღე, თავად უნდა შევიდეს კონკრეტულ ვებ-გვერდზე და შეამოწმოს ხომ არა აქვს ჯარიმა დაკისრებული. თუ ამას არ გააკეთებს რეგულარულად, შესაძლოა სწორედ გამოტოვებულ დღეს გავიდეს კანონით დადგენილი ვადა.
IV. აღნიშნული წესი, რათქმაუნდა, ლეგიტიმური და სამართლიანი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ პირი განზრახ არ იბარებს საჯარიმო ქვითარს, ან მსგავსად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“. აღნიშნულ ფორმით მუხლი ცხადია მისაღებია, რაც არ შეიძლება ითქვას ზემოთ მოყვანილ მუხლთან დაკავშირებით რომლის ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციურ ნორმასთან;
V. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გივი თუთბერიძეს მოუწევს გადაიხადოს არამხოლოდ ჯარიმა, რომელიც შესაძლოა არაკანონიერად ჰქონდეს დაკისრებული, არამედ მასზე დარიცხული საურავიც, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით შეადგენს ჯარიმის ორმაგ ოდენობას;
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ იმაზე, რომ გაიზარდოს ჯარიმების ამოღება, არამედ პირველ რიგში იმაზე, რომ გამონახონ გზა, რათა ადრესატამდე მივიდეს საჯარიმო ქვითარი. ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება არ არის ადეკვატური გზა საამისოდ. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ სოციალურ ქსელში, საკუთარ კედელზე ინფორმაციის განთავსებით უნდა იყოს შესაძლებელი ხელშეკრულების მოშლა, სახელმწიფო ორგანოთათვის განცხადებით მიმართვა თუ სავალდებულო შეტყობინების გაგზავნა, რაც წარმოუდგენელ ქაოსს გამოიწვევდა სამართლებრივ ურთიერთობებში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა/კი