გივი თუთბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/1357 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გივი თუთბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1357) მომართა საქართველოს მოქალაქე გივი თუთბერიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 10 ოქტომბერს. №1357 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1357 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, ფოსტის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის ადრესატისთვის რეგისტრაციის ადგილზე განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მის საჯაროდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს კი საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.
4. №1357 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულება განამტკიცებდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
6. №1357 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში და არ აქვს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან იგი ვერ სარგებლობს ინტერნეტის მომსახურებით, მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში თვალყური ადევნოს, ხომ არ გამოქვეყნებულა მის მიმართ საჯარიმო ქვითარი. ამდენად, სადავო რეგულაციის პირობებში შესაძლებელია, გამოქვეყნდეს ჯარიმა და დაიწყოს გასაჩივრების ვადის ათვლა პირის მიმართ მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარე ინტერნეტთან წვდომის შეუძლებლობის გამო ვერ ახერხებს გაეცნოს სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილების შინაარსს.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობა დაკავშირებულია გარკვეულ ტექნიკურ ბარიერებთან, მის საცხოვრებლ ადგილზე გაყვანილი არ არის ინტერნეტი. ამასთან, მისი ტელეფონი არ არის ადაპტირებული ინტერნეტის მოხმარებისთვის. ამას გარდა, ინტერნეტით სარგებლობა მოითხოვს ყოველთვიურ საფასურს. ამდენად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ თავიდან აირიდოს ჯარიმის დაკისრების ნეგატიური შედეგები, შეძლოს ჯარიმის გასაჩივრება, მას ყოველთვიურად მოუწევს დამატებითი ხარჯების გაღება, რათა მხედველობიდან არ გამორჩეს მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ჩაბარების ამგვარი წესი სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირი განზრახ ამბობს უარს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე ან, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა ჯარიმის გამოწერის ფაქტის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი, შესაძლო ჯარიმის ყოველდღიურ რეჟიმში გადამოწმება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთათვის აუწეველ ტვირთად იქცევა. ამდენად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს არა მხოლოდ საჯარიმო ქვითრების აღსრულება, არამედ ადეკვატური გზების მეშვეობით მისი ადრესატამდე ჩაბარება. სადავო ნორმის პირობებში არ ხდება საჯარიმო ქვითრის ადრესატისთვის სათანადოდ ჩაბარება, მოსარჩელე ვერ ახერხებს კანონით დადგენილ ვადებში მის გასაჩივრებას, რითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1357 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №1357 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, „საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით“. ამდენად, ხსენებული ნორმა ადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით საჯარიმო ქვითრის ჩაბარების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ფოსტით ჩაბარება ვერ ხერხდება.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ის ვერ ახერხებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გადამოწმებას. შესაბამისად, შესაძლებელია, საჯარომო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვალოს და გასაჩივრების ვადის დენა დაიწყოს ისე, რომ მან ვერ გაიგოს აღნიშნული შესახებ. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი რეგულაცია მას ართმევს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შესაძლებლობას და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. სადავო ნორმის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ადრესატს ბარდება ფოსტის მეშვეობით, ამასთან, პირველ ჯერზე ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება ჯარიმის რეგისტრაციის მისამართზე განმეორებით გაგზავნა. ხოლო, ჯარიმის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი ქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება. ამდენად, სადავო ნორმა აწესრიგებს ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარების წესს, ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი ვებგვერდზე გამოქვეყნების შესაძლებლობას და ადგენს, რა პირობებში ითვლება საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად. სადავო ნორმა არ არეგულირებს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს. ხოლო მოსარჩელისთვის პრობლემურია არა უშუალოდ ქვითრის ჩაბარების წესი, არამედ ქვითრის ჩაუბარებლებიდან მომდინარე ისეთი ნეგატიური შედეგი, როგორიც არის საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ვადის ათვლა და მისი გასაჩივრების შეუძლებლობა. ხსენებული საკითხები, როგორც აღინიშნა, არ განეკუთვნება სადავო ნორმის რეგულირების სფეროს. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც სათანადოდ წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
7. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1357 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1357 („გივი თუთბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი