მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/12/1578 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 20:42 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 342 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1578) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“. №1578 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1578 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულია ის ქმედებები, რომლებზეც ვრცელდება შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია აკრძალული შემოწირულების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შემადგენლობა, სამართალდარღვევის ჩამდენ სუბიექტთა წრე და პასუხისმგებლობის ზომა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება.
5. №1578 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და საქმესთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე მხარე მიიჩნია სამართალდამრღვევად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახედ დააკისრა შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე პოლიტიკური გაერთიანების სახსრებით დაბეჭდილი ბუკლეტები, რომლებიც დარიგდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოუწოდებდა ამომრჩეველს, მხარი დაეჭირათ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისათვის და არ დაეჭირათ მხარი პრეზიდენტობის მეორე კანდიდატისათვის. აღნიშნული ქმედება სასამართლომ მიიჩნია კონკრეტული პარტიისადმი განხორციელებულ შემოწირულებად, ხოლო, ვინაიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პარტია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, არ არის უფლებამოსილი განახორციელოს შემოწირულება, მოსარჩელე პოლიტიკურ გაერთიანებას, უკანონო შემოწირულებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ისევე, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, მოხდა საქმის გარემოებების არასრულყოფილი და არაობიექტური გამოკვლევა, რის გამოც, ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო მივიდნენ არასწორ დასკვნამდე. მოსარჩელის განმარტებით, ბუკლეტების დაბეჭდვა და საპროტესტო აქციაზე დარიგება არ წარმოადგენდა რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ მიმართულ ქმედებას და შემოწირულებას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მიზნებისათვის, არამედ პარტია მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გამოხატვის თავისუფლება კი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და მისი შეზღუდვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ განჭვრეტადი კანონმდებლობის საფუძველზე.
8. მოსარჩელის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო ნორმები და მიანიჭა მათ იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც, საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთო სასამართლოებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი შეხედულებებისა და დღის წესრიგის შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების დაკისრების გზით, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს შეუზღუდონ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება.
9. წარმოდგენილ მსჯელობაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
11. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მასში მოცემული დასაბუთება უნდა მიემართებოდეს სადავო ნორმას. მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები, ერთი მხრივ, თითოეული გასაჩივრებული ნორმის ან მისი კონკრეტული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ხოლო, მეორე მხრივ, იმ კონსტიტუციური უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც, იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. აუცილებელია, მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება.
4. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მხოლოდ ზოგადად მითითება საკმარისი არ არის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. ამისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. სადავო ნორმების თანახმად, შემოწირულებისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გაღებულ ხარჯებზე, მათ შორის, მისთვის უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდებაზე. №1578 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. სარჩელიდან არ იკვეთება, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ზოგადად არ უნდა ეკრძალებოდეს შემოწირულების განხორციელება, თუ მისთვის კონკრეტულად რა წარმოადგენს სადავო ნორმიდან მომდინარე პრობლემას. იგი ასევე არ მსჯელობს, თუ რატომ წარმოადგენს სხვა პარტიის სასარგებლოდ გარკვეული ხარჯების გაწევისათვის დაჯარიმება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. ამდენად, მოსარჩელის პოზიციიდან არ იკვეთება, რა თვალსაზრისით ხედავს იგი სადავო ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას.
6. აღნიშნულის საპირისპიროდ, №1578 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მსჯელობა უმეტესწილად მიმართულია იმის მტკიცებისკენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფილი და არაობიექტური შეფასების შედეგად, მოხდა მათი არასწორად, კანონის საწინააღმდეგოდ დაჯარიმება. ამა თუ იმ ორგანოს მიერ კანონის არასწორ გამოყენებაზე მითითება ვერ გამოდგება უშუალოდ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობისა და მათგან მომდინარე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამტკიცებლად.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1578 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1578 კონსტიტუციური სარჩელი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში