ლაშა შუკაკიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/18/1665 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 17 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ნოემბერი 2022 12:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) „ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას“ და მე-2 პუნქტის (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12, მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1665) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1665 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 10 დეკემბერს. №1665 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 17 ნოემბერს.
2. №1665 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. №1665 კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) „ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისათვის „მწვანე“ სტატუსის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ პირობას“ და მე-2 პუნქტის (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12, მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების 33 მუხლის პირველი პუნქტი (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) ჩამოთვლის ამ დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიზნებისთვის, პირის „მწვანე“ სტატუსის მქონედ მიჩნევის შესაბამის პირობებს, ხოლო 33 მუხლის მე-2 პუნქტის (2022 წლის 4 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ეს წესები განსაზღვრავს „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების სხვადასხვა ობიექტზე დაშვების პირობებს. დასაქმებული პირებისთვის დასაქმების ობიექტებზე დაშვებისათვის, ასევე 18 წლამდე პირებისათვის ამ წესებით განსაზღვრული „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი ადგენს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს მიმოსვლის თავისუფლების უფლებას, მე-16 მუხლით კი გარანტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მოქალაქეების დაყოფა მოხდა ორ ნაწილად. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული არიან მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მწვანე სტატუსს, მეორე შემთხვევაში კი - არ ფლობენ. მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მწვანე სტატუსს, სახელმწიფოში აქვთ მინიჭებული პრივილეგიები, ცხოვრების და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლება და თავისუფლება, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მწვანე სტატუსი, შეზღუდული აქვთ გადაადგილების, ცხოვრების ყოველდღიური ყოფიერებისთვის საჭირო საჯარო თუ კერძო სივრცეებით სარგებლობის უფლება, აგრეთვე, თავისუფლად ვერ სარგებლობენ პრივილეგიებითა და კერძო თუ სახელმწიფო სიკეთეებით, რაც არსებობს სახელმწიფოში და გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არ არის მწვანე სტატუსის მფლობელი პირი. შესაბამისად, მას ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, თანასწორობის, განათლების მიღებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები.
8. მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1665 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი სიტყვებისა და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12, მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
3. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 თებერვლის №53 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, 33 მუხლი ამოღებულ იქნა. ზემოხსენებული ცვლილება ამოქმედდა 2022 წლის 4 თებერვალს და გავრცელდა 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1665 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 33 მუხლი ძალადაკარგულია.
5. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა ამოღებულია შესაბამისი დადგენილებიდან და აღარ არსებობს უფლებაშემზუღველი წესი. შესაბამისად, აღარ არსებობს სადავო ნორმის ის მოქმედი რედაქცია, რომელიც გაიმეორებს გაუქმებული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს, რაც განაპირობებს მოსარჩელის უფლების შეზღუდვის განგრძობად ხასიათს და მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით ინტერესის დაფიქსირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში რელევანტური არ არის, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1665 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1665 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლაშა შუკაკიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე