ლევან აქუბარდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1383 |
ავტორ(ებ)ი | ლევან აქუბარდია |
თარიღი | 13 დეკემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; |
მუხლი 42 ნაწილი 1-ლი: „ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ მუხლი 85 ნაწილი მე-3: „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრითობის საფუძველზე“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების შესაბამისობის საკითხი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობები. კერძოდ, სარჩელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შემდეგს:
„მუხლი 268. დაუყონებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები
1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები:
ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;
ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ;
გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ;
დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;
ე) (ამოღებულია);
ე 1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;
აღნიშნული მუხლი აძლევს მოსამართლეს დისკრეციულ შესაძლებლობას, შეხედულებისამებრ გამოიყენოს იგი და დაარღვიოს მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება ისე, რომ არ დაუტოვოს მას ზემდგომ ინსტაციაში ეფექტური გასაჩივრების საშუალება.
სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში კანონმდებელს დადგენილი აქვს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების სახელშეკრულებო და კანონისმიერი საფუძვლები, რომელიც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. ხოლო „ე1“ ქვეპუნქტი არსებითად სცილდება კონსტიტუციით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა საზღვრებს.
აღიარებულია მხარეთა უფლება დადონ გარიგება/შეთანხმება, გაითვალისწინონ მატერიალური ასევე პროცესუალური სამართლებრივი დისპოზიციური ნორმის დებულებისგან განსხვავებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი პირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი (პრიმა) პუნქტი აძლევს მხარეებს სწორედ ასეთ შესაძლებლობას, რათა მათ გადაწყვიტონ სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების საკითხი ურთიერთშეთანხმებით, წინასწარ გაანალიზების საფუძველზე.მხარეები წინასწარ თავად განსაზღვრავენ კერძო ხასიათის კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს თუ არა დაუყონებლივ აღსასრულებლად, რაც კონსტიტუციით სრულიად ლეგიტიმურია. სწორედ რომ მსგავსი ხასიათის კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებზე არის დაუშვებელი (გარდა მხარეთა წინასწარი შეთანხმებისა) სამოსამართლო დისკრეციის - ანუ სსკ-ის 268-ე მუხლის „ე1“ პუნქტის გავრცელება.
ამჟამად გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარეობს დავა (საქმე #2-171-18) თეიმურაზ დალალიშვილის სარჩელის გამო მოპასუხეების - ელნურ გაჯიევის, სურაია გაჯიევას, ბასტი ალიევისა და სევინჯ გაჯიევას წინააღმდეგ, რომლის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლის აღსასრულებლად მიქცევას (რიგით მეორე სასარჩელო მოთხოვნა. იხილეთ დანართი). იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის ამ სასარჩელო მოთხოვნას, ცალსახაა, რომ მოპასუხეებს მიადგებათ გამოუსწორებელი ზიანი და დაირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
შეგახენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ერთი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელი წესით არ ექვემდებარება შემოწმებას ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ. აქედან გამომდინარეობს პრინციპი, რომ აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ანუ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის კანონიერება შემოწმებული იქნა რამდენიმე ინსტანციის სასამართლოს მიერ ან რომლის გასაჩივრებაზეც მხარეებმა უარი თქვეს კანონით დადგენილი წესით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს - მისი კანონიერება და დასაბუთებულობა გადამოწმებულ უნდა იქნას რამდენიმე სხვადასხვა ინსტანციის და შესაბამისად, სხვადასხვა მოსამართლის მიერ, რათა წაგებული მხარე დარწმუნდეს გადაწყვეტილების სამართლიანობაში. შესაბამისად, იმისათვის, რათა უგულებელყოფილი იყოს ეს პრინციპი და აღსასრულებლად მიექცეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შემოწმებული რამდენიმე ინსტანციის მიერ, საჭიროა სახეზე იყოს თანაბარი ან მასზე მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიც არის გარკვეული სოციალური კლასის საჭიროება დაუყონებლივ აღსრულდეს გადაწყვეტილება; საქმის სიმარტივე და ინტერესი, არაკეთილსინდისიერად არ იქნას პროცესი გაჭიანურებული და ა.შ. დაუშვებელია ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის უგულებელყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს დავასთან რომელიც ერთის მხრივ ეხება არასრუწლოვნებს (ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას - ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი) და მეორეს მხრივ ეხება მართლზომიერ მფლობელობას, სადაც მოპასუხეების პოზიცია საკმაოდ კარგად არის არგუმენტირებული (რაც ზრდის ზემდგომი ინსტანციების მიერ მისი გაზიარების ალბათობას). კანონმდებელი ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გარკვეული სახის საქმეებზე შესაძლოა აუცილებელი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება. მათ სიაში მითითებულია გადაწყვეტილებები ალიმენტის შესახებ, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის აღდგენის შესახებ, თამასუქის ან ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და ა.შ. თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ კანონმდებლობა უშვებს ძირითადად ორი კატეგორიის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას: ა) თუ საქმის შედეგი ერთ-ერთი მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მხარის სოციალური სტატუსიდან გამომდინარე (გათავისუფლებული თანამშრომელი; პირი, რომელიც რჩენას საჭიროებს) და ბ) განსაკუთრებული სიმარტივის საქმეები ( როგორიცაა წარმოება თამასუქისა და ჩეკის თაობაზე). აღნიშნული ცხადყოფს, რომ დაუშვებელია იმგვარ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სადაც საქმე ეხება არასრუწლოვანის გამოსახლებას (უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნვეყოფას), მართლზომიერი მფლობელის გამოსახლებას (დაუყონებლივ აღსრულებით გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლზომიერ მფლობელს) და შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება გადაწყვეტილების სამომავლო აღსრულებას.
გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე დავის შესაძლო გადაწყვეტილების დისპოზიცია უკიდურესად ზოგადი ხასიათის იქნება და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობად მან შეიძლება დაადგინოს შემდეგი კრიტერიუმები: ა) თუ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღუსრულებლობამ შესაძლოა მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს; ან ბ) დაუყონებლივ აღსრულების გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
შესაბამისად, ცხადია, რომ აღნიშნული ნორმის დისპოციზია სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს დაუყონებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ისეთი საქმე, რომლის დაუყონებლივ აღსრულებაში არანაირი ლოგიკა და რაც მთავარია, არანაირი აუცილებლობა არ არის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესაძლებლობას უკავშირებს მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზიანს. „მნიშვნელოვანი ზიანი“, თავისი არსით, საკმაოდ ზოგადი კატეგორიაა და არ ასახავს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რა შემთხვევებშიც უნდა იქნას გამოყენებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. გამკაცრებულ უნდა იქნას თავად სასამართლოს შემოწმების სტანდარტი. კერძოდ, იგი უნდა უკავშირდებოდეს არა „მნიშვნელოვან“, არამედ მოსარჩელისათვის „გამოუსწორებელ“ ზიანს. ანუ გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე მხარეს გამოუსწორებელი ზიანი ადგება და აღარ იარსებებს მისი უფლებების დაცვის სხვა ეფექტური მექანიზმი. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ მაშინ როცა საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა საპროცესო უზრუნველყოფის ინსტიტუტი გაუგებარია, თუ მოსარჩელისათვის მოსალოდნელ რა მნიშვნელოვან ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
თეორიულად რომც ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღუსრულებლობით მოსარჩელეს „მნიშვნელოვანი ზიანი“ ადგება ( თუმცა ჩვენს მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მიუთითებს, რომ იგი ვერანაირად ვერ ადასტურებს თუნდაც რაიმე სახის ზიანის დადგომის ფაქტს, ლაპარაკიც კი ზედმეტია მნიშვნელოვან ზიანზე), მსგავსი „მნიშვნელოვანი ზიანი“ არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების წინაპირობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების საშუალება და შესაძლებლობა ცალკე სასარჩელო წესით იდავოს მატერიალურ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცხადი ხდება, რომ თუნდაც სახეზე იყოს რაიმე სახის „მნიშვნელოვანი ზიანი“, აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმ კატეგორიად, რომელმაც ინტერესების და უფლებათა შეპირისპირების ტესტში (რასაც თავის თავში მოიაზრებს უფლების შეზღუდვის ანალიზი თანაზომიერების პრინციპთან მიმართებით) უნდა გადაწონოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დავის განხილვა მინიმუმ ორი ინსტანციის მიერ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს საყოველთაოდ აღიარებულ კომპონენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და 85.3 მუხლებს მისი შინაარსის გამო და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა