ლევან აქუბარდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/3/1383 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლევან აქუბარდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1383) მომართა საქართველოს მოქალაქე ლევან აქუბარდიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 19 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1383 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტლების დაუყოვნებელი აღსრულების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება.
4. №1383 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ხოლო 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“.
6. №1383 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მხარისათვის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკებმა არ უნდა გადაწონოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს დავის განხილვას, მინიმუმ, ორი ინსტანციის მიერ. მოსარჩელის განმარტებით, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მხარეები უფლებამოსილი არიან თავად განსაზღვრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. ამგვარი წინასწარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლეს ეძლევა დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ საქმეზე, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულებაც არანაირი აუცილებლობით არ არის გამოწვეული.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებისას პროპორციულად უნდა შეფასდეს საპირწონე ინტერესები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღსრულების სასარგებლო ინტერესი არ არსებობს, როდესაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება გადაწყვეტილების სამომავლო აღსრულებას ან, თუ დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევაში საქმე შეეხება არასრულწლოვანთა ან/და მართლზომიერი მფლობელის გამოსახლებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, კანონმდებლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას უკავშირებს მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზიანს, რაც ზოგადი და შეფასებითი კატეგორიაა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივი აღუსრულებლობით დგება არა მნიშვნელოვანი, არამედ გამოუსწორებელი ზიანი და არ არსებობს უფლებების დაცვის სხვა ეფექტური მექანიზმი. ამასთან, მნიშვნელოვანი ზიანისგან დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეს შეუძლია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალების გამოყენება ან აქვს შესაძლებლობა, ცალკე სასარჩელო წესით იდავოს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.
8. №1383 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმების მოქმედების პირობებში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებითა და მომავალში მისი გასხვისებით, გამოუსწორებელი ზიანი მაიდგებათ იქ მაცხოვრებელ პირებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც განიცდის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და გადის გრძელვადიან მკურნალობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1383 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო სამართალწარმოების განხორციელებისას მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრობითობა განმტკიცებულია 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 62-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
5. სადავოდ გამხდარი ნორმა იძლევა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, მისით რეგლამენტირებული საპროცესო ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში კონკრეტული მხარის საწინააღმდეგოდ. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, არ იკვეთება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მიმდინარე ან მომავალი სამართალწარმოების მხარეს, რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იქნება სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიება. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარდაბნის მაგისტრატი სასამართლო განიხილავს საქმეს, რომლის ფარგლებში მოთხოვნილია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხე და მისი ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილი დარჩებიან საცხოვრებელი ფართის გარეშე. აღნიშნული, სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარის მიზანია არა საკუთარი, არამედ იმ პირების უფლებების დაცვა, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა გარდაბნის მაგისტრატმა სასამართლომ გამოიყენოს სადავო ნორმა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ №1383-ე კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს ”actio popularis“.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1383 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1383 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან აქუბარდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი