საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/1606 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 14:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1606) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1606 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1606 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ პუნქტი.
3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
5. №1606 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს განმცხადებლის მიმართ. განმცხადებელი, რომელიც არის საბერძნეთის მოქალაქე, ითხოვდა საკუთრების უფლების მოპოვებას საცხოვრებელ ბინაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრის საფუძველზე. უძრავი ქონება, რომელიც დღემდე წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანზე რიცხულ ქონებას, განმცხადებლის მშობლებს საცხოვრებლად გადაეცათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული სამსახურის გამო. განმცხადებელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა ცნობის გაცემა, რომელიც ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე მას უარი ეთქვა, ხოლო, უარის საფუძვლად დასახელდა ის გარემოება რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა პირს, რომელსაც სამსახურებრივი თუ სხვა სახის დამსახურება აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე. ამავდროულად, დადგენილება ითვალისწინებს აღნიშნული საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემას პირზე, რომელსაც შესაძლოა, ამგვარი დამსახურება საერთოდ არ გააჩნდეს. შესაბამისად, სამკვიდროს მიღების თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს მოქალაქეებს თანაბარი ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს სრულად გამორიცხავს გადაცემული ქონების მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმის შესაბამისობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი ტესტით.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ საკუთრების უფლების მიღების ამგვარი შეზღუდვის მიზანი შეიძლება იყოს აღნიშნულ პირთა არასაკმარისი სამართლებრივ-პოლიტიკური კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, სამხედრო ძალებში მათი შესაძლო მონაწილეობის გამორიცხვა და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის პრიორიტეტულად მოქალაქეებზე განაწილება. სადავო რეგულირება ემსახურება შეზღუდული სახელმწიფო რესურსის სამხედრო მოსამსახურეების წვდომის უზრუნველყოფას და ასევე სახელმწიფოსთვის არასასურველი პირებისათვის აღნიშნული რესურსით შესაძლო სარგებლობის შეზღუდვას.
9. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა რომ სადავო შეზღუდვა ემსახურება გარკვეული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, არაპროპორციულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების სრულიად გამორიცხვა იმ ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებისგან, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში გასცემს საქართველოს სახელმწიფო შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობა შესაძლოა, არსებობდეს რუსეთის სამხედრო ძალებში მოსამსახურე ან ამ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მიმართ. ასევე, სხვადასხვა ფიზიკური პირის კავშირები საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველად იქნეს აღიარებული და ამ შემთხვევებში სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს აღნიშნული პირების წვდომა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებზე, თუმცა მოქალაქეობის არმქონე ნებისმიერი პირების იმავე სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენება და აღნიშნულ ფართებთან მიმართებით მათი მემკვიდრეობის უფლების ფაქტობრივად გაუქმება ბლანკეტურ შეზღუდვას წარმოადგენს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1606 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1606 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში