დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/5/1703 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 15:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1703) მომართეს დავით გუგეშაშვილმა და დავით ჩაჩუამ. №1703 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 19 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1703 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტს თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას, 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. №1703 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ხდება საქმის არსებითი გამოკვლევა, სადავო ნორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის დაბრუნების შესახებ, რაც იწვევს საქმის გაჭიანურებას არაგონივრული ვადით. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, სარჩელის დასაშვებობისათვის ადგენს წინაპირობას ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის სახით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა სწორედ საჩივრით მიმართვის საფუძველზე, ხოლო აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის კვლავ დაბრუნება, გარემოებების გამოკვლევის მიზნით, დაკავშირებულია პროცესის გახანგრძლივებასთან, რაც აზიანებს მოსარჩელის ინტერესებს. ამასთან, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმაზეც, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სასამართლოს მიერ საქმის მისთვის დაბრუნებისა და გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იგივე გადაწყვეტილებას იღებს, მხარე იძულებული ხდება, აღნიშნულ საკითხზე თავიდან მიმართოს სასამართლოს, რაც იწვევს იმას, რომ პირს უწევს, სასამართლოსადმი საბოლოოდ მიმართვამდე, გრძელვადიანი პროცედურების გავლა.
6. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების დავალდებულება, რათა მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობა სათანადოდ შეასრულონ და, ამასთან, შესაძლებლობა ჰქონდეთ, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაბრუნებული საქმის გარემოებების გამოკვლევა არ არის აუცილებლად შესრულებადი მოცემულობა და შესაძლებელია, ადმინისტრაციულმა ორგანომ, აქტი კვლავ გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღოს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესრიგი არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის გამოსადეგი საშუალება.
7. მოსარჩელეების განმარტებით, არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ თავად გააგრძელოს დავის წარმოება, ნაცვლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნებისა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლო პროცესის პარალელურად გამოიკვლიოს გარემოებები და დადგენილი საკითხები გადასცეს სასამართლოს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოებისადმი გარკვეული სანქციების დაწესება, რათა მათ მეტი ყურადღებით გამოიკვლიონ საქმის გარემოებები. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ დასახელებული ნაკლებად მზღუდავი საშუალება დავის ნაკლებ დროში გადაწყვეტით უზრუნველყოფს ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას.
8. პროპორციულობის ნაწილზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმაზე, რომ სადავო ნორმით დადგენილი პროცესუალური წესრიგის პირობებში, დარღვეული უფლების მქონე პირი ხდება ინსტრუმენტი იმისთვის, რათა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი ვალდებულება შეასრულოს, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ აღნიშნულზე დამატებითი რესურსი არ დახარჯოს. მოსარჩელე მხარის აზრით, ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი. მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა არ უნდა ხდებოდეს დარღვეული უფლების მქონე პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის ხარჯზე.
9. მოსარჩელე მხარე დამატებით უთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების დარღვევაზე და მიიჩნევს, რომ, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო, ფაქტობრივად, ორჯერ იყენებს მის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას, ხდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესის გახანგრძლივება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების გონივრული ვადა მოიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მისი გასაჩივრების შემდგომ ახალი აქტის გამოცემის ვადას, ხოლო სასამართლოს მიერ ამისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოსარჩელეები აღნიშნავენ იმასაც, რომ სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე, ამ გადაწყვეტილებიდან რა ვადაში უნდა მოხდეს მისი გასაჩივრება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ დაწესებული შეზღუდვა აზრს უკარგავს გასაჩივრების უფლებას, რამდენადაც პირმა არ იცის, როდის დასრულდება დავა.
10. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ მისთვის ბუნდოვანია არგუმენტი, სასამართლოს მიერ ფაქტების გამოკვლევის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელეების აზრით, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტების დადგენა შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია პროცესზე და დაეხმაროს მას ფაქტების დადგენაში. აღნიშნული კი, თავის მხრივ, დავის გადაწყვეტის ვადებს შეამცირებდა.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა არღვევს შრომის თავისუფლების უფლებასაც, რადგანაც პირს უწევს სამსახურიდან გათავისუფლებულის პოზიციაში ყოფნა მანამ, სანამ მისი საქმე ხელმეორედ არ დაბრუნდება სასამართლოში ან ადმინისტრაციული ორგანო მასთან სასამართლოდან დაბრუნებულ საქმეს არ გამოიკვლევს. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლებასთან მიმართებით, პრობლემა დაკავშირებულია პირის გათავისუფლებასთან გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
12. გარდა ამისა, მოსარჩელეები აპელირებენ იმაზეც, რომ პირი სამსახურიდან გათავისუფლებულია იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ადმინისტრაციული ორგანო ხელმეორედ არ გამოიკვლევს საქმეს და გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. მოსარჩელისათვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, მას უწევს, კვლავ მიმართოს სასამართლოს, რომელმაც, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქმე ისევ დაუბრუნოს ადმინისტრაციულ ორგანოს. ასეთ დროს, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, პირის სამსახურში აღდგენას არ იწვევს, ვიდრე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულ საქმეს მესამედ არ გამოიკვლევს. შესაბამისად, ამ გრძელვადიან პერიოდში, პირს არ ეძლევა შესაძლებლობა, მისი უნარ-ჩვევები გამოიყენოს იმ თანამდებობაზე, რომელზეც მუშაობდა და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. აგრეთვე, საბოლოო ეტაპზე სასამართლოს მიერ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი, არსებობს იმის რისკი, რომ პირის ადრინდელ ან მსგავს პოზიციაზე აღდგენა ვერ მოხერხდეს.
13. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე მსჯელობისას აღნიშნავს იმასაც, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების ინტერესის პირის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფაზე წინ დაყენებას. მოსარჩელეების აზრით, საკითხის ამგვარი მოწესრიგებით, სახეზეა დამამცირებელი მოპყრობა, რამდენადაც პირს ეზღუდება კონსტიტუციით გათვალისწინებული ის უფლებები, რომელთა შეზღუდვაც პირისთვის ღირსების შემლახველია და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართალსუბიექტობის უფლების არსს.
14. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა საჩივრის საფუძველზე ერთხელ უკვე მიეცა, საქმე განსახილველად ისევ იმ ორგანოს უბრუნდება, რომლის ნდობა მოსარჩელეს/სამსახურიდან გათავისუფლებულს, უკვე აღარ აქვს. შედეგად, კანონმდებლობა მას „აიძულებს“, მიიღოს იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, რომელშიც არ სურს და ითანამშრომლოს იმ ორგანოსთან, რომელსაც არ ენდობა. კონკრეტული პირის საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნებით, სახელმწიფო დამატებით შანსს აძლევს სწორედ ამ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა, ხდება ობიექტი, რომელსაც სახელმწიფო იყენებს იმისთვის, რათა ადმინისტრაციულ ორგანოებში აღმოფხვრას კანონმდებლობის შეუსაბამო ქცევა. შედეგად, პირის აბსოლუტური უფლება ილახება მისი ინსტრუმენტალიზაციითა და სამართალსუბიექტობის უფლების წართმევით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ, მე-18 მუხლის პირველ, 26-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
16. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ხდიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლების უდიდეს მნიშვნელობაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-40). „აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10). კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-54).
4. მოსარჩელეები, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას აპელირებენ მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე, რაც გამოიხატება სადავო ნორმის საფუძველზე მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და მათი სამართალსუბიექტობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში. ასევე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს იმასაც, რომ სადავო ნორმა მას „აიძულებს“, მიიღოს იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, რომელშიც არ სურს და ითანამშრომლოს იმ ორგანოსთან, რომელსაც არ ენდობა. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა, ხდება ობიექტი, რომელსაც სახელმწიფო იყენებს იმისთვის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში აღმოფხვრას კანონმდებლობის შეუსაბამო ქცევა.
5. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ღირსების უფლებას „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების უფლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). თუმცა სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, რომელიმე ძირითადი უფლების შეზღუდვის დასაბუთება, თავისთავად, არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ნებისმიერი უფლების შეზღუდვას იმთავითვე არ შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან. სადავო ნორმატიული აქტის ღირსების უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ ნორმით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად და განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით იწვევს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, გარკვეული სახით, იწვევს დისკომფორტს და შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამატებითი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9).
7. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ადგენს პროცესუალურ წესრიგს, რომლის ფარგლებში სასამართლო, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს ახალი აქტის გამოცემას. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის დაბრუნება და მისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რეგულირების შინაარსის, შეზღუდვის ინტენსივობისა და უფლებაშემზღუდველი ეფექტის გათვალისწინებით, per se არ ქმნის ინდივიდის ობიექტად განხილვის შესაძლებლობას, არ ახდენს მის ინსტრუმენტალიზაციას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ხელმეორედ გამოკვლევა აფერმკრთალებს ადამიანის, როგორც სამართლის სუბიექტის სტატუსს და ახდენს მის ობიექტივიზაციას.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება, სადავო ნორმის საფუძველზე, სხვადასხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასაბუთებას. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში პირდაპირ აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებების შეზღუდვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ უფლებას სამართალსუბიექტობაზე. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სამართალსუბიექტობის უფლების დარღვევის დასასაბუთებლად, თვითკმარ არგუმენტად სხვა ძირითადი უფლებების შეზღუდვაზე აპელირება ვერ გამოდგება. აღნიშნული მსჯელობის მიღმა, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, სადავო ნორმის საფუძველზე, უშუალოდ ღირსების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1703 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. [...] ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.
12. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული წარმოების პროცესის გახანგრძლივებას. მოსარჩელეები აპელირებენ იმაზეც, რომ განსაზღვრული არ არის, სასამართლოდან ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნებულ საქმეზე, ამ უკანასკნელის მიერ, გადაწყვეტილების მიღებისა და შემდგომ მისი გასაჩივრების ვადა.
13. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს, მათ შორის, იგი არ არეგულირებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადებს. აშკარაა, რომ დასახელებული ნორმის რეგულირება შემოიფარგლება სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილების რეგლამენტირებით. ადმინისტრაციული წარმოების ცალკეული პროცესუალური გარანტიების რეგულირება სცდება სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებს.
14. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1703 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც, ერთი მხრივ, კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
16. შრომის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ასპექტში, მოსარჩელე მხარე აპელირებს, ერთი მხრივ, იმაზე, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, პირს უწევს სამსახურიდან გათავისუფლებულის პოზიციაში ყოფნა მანამ, სანამ მისი საქმე ხელმეორედ არ დაბრუნდება სასამართლოში ან ადმინისტრაციული ორგანო მასთან სასამართლოდან დაბრუნებულ საქმეს არ გამოიკვლევს. მოსარჩელეები უთითებენ იმასაც, რომ სასამართლოს მიერ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი, არსებობს იმის რისკი, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე უმუშევრობის გამო, პირის ადრინდელ ან მსგავს პოზიციაზე აღდგენა ვერ მოხერხდეს.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთანავე, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, სადავო ნორმის შინაარსისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი კონსტიტუციური დებულება იზღუდება მოცემულ შემთხვევაში.
18. სადავო ნორმა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, განსაზღვრავს სასამართლოს პროცედურულ წესს არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის განხილვის გარეშე ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოსადმი ახალი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მისი უფლებების, მათ შორის, შრომის თავისუფლების უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების დაცვისათვის სათანადო პროცესუალური კანონმდებლობის შექმნა, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს საპროცესო ნორმა უზღუდავს შრომის თავისუფლების უფლების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას, აღნიშნული სწორედ კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან არის შეფასებადი. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმის შინაარსი არ შეეხება თავად შრომის უფლების რეგულირებას, იგი არ შეიცავს დასახელებული უფლების შინაარსისა თუ ფარგლების შესახებ რეგლამენტირებას. სადავო ნორმა შემოიფარგლება პროცედურული, სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში გამოსაყენებელი წესის დადგენით.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, ვინაიდან სადავო ნორმა არეგულირებს სასამართლოში საქმის განხილვის პროცესუალურ ასპექტს, იგი არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1703 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1703 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1703 კონსტიტუციური სარჩელი („დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1703 კონსტიტუციური სარჩელი („დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში