გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1740 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ბარელაძე |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის მეორე წინადადება: მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური
სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა ან შესაძლებელია
უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები
და თავისუფლებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს კონსტიტუციური
უფლების სუბიექტს, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს აღნიშნული უფლების დარღვევაზე
მსჯელობა.(საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის #2/3/441 განჩინება საქმეზე
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის
ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)
მოსარჩელე გიორგი ბარელაძე წარმოვადგენ ფიზიკურ პირს, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს
თავისუფლება 2012 წლის 24 აგვისტოს სოფელ პერევისაში. მოსახლეობის თვალწინ, რომელიც
შეკრებილი იყო პრეზიდენტის დასახვედრად, გამიტაცეს ავტომანქანით. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით საჩხერის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება N 047261212002 სისხლის
სამართლის საქმეზე. მე, გიორგი ბარელაძემ მივმართე გამოძიების ორგანოებს აღნიშნულ საქმეზე
დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რაზეც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის და ზემდგომი პროკურორის მიერ უარი მეთქვა. მიუხედავად იმისა რომ მოწმის სახით დაკითხული ოჯახის წევრები, დედა, და, დის შვილი, აგრეთვე ორი მეზობელი ადასტურებდნენ ჩემს მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საჩხერის რაიონული პროკურატურის წერილი (დადგენილება) დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელე გიორგი ბარელაძემ გავასაჩივრე საჩხერის რაიონულ სასამართლოში, მოვითხოვე აღნიშნული დადგენილების გაუქმება და შესაბამისად სასამართლოს განჩინებით დავალებოდა საჩხერის რაიონულ პროკურატურას ვეცანი დაზარალებულად. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 იანვრის განჩინებით მოსარჩელე, გიორგი ბარელაძეს უარი მეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2016 წლის 08 იანვრის საჩხერის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმთან დაკავშირებით წარვადგინე წერილობითი შენიშვნები , რადგან სასამართლოს სხდომის ოქმი კნონით დადგენილი წესით არ იქნა შედგენილი. სასამართლომ კი განიხილა შენიშვნები და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. ამასთან მიპასუხეს, რომ სხდომის ჩაწერა ტექნიკური მიზეზების გამო არ განხორციელდა, რაც საეჭვო გარემოებას წარმოადგენს.
მითითებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით მივმართე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ჩემი საჩივრების პასუხად კი მეცნობა რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სცილდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას. აგრეთვე განმემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირის დაზარალებულად ცნობისა თუ დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ არ საჩივრდება. სწორედ აღნიშნული ნორმა ადგენს შემზღუდველ რეგულაციას, რამეთუ მე, მოსარჩელეს არ მაძლევს სასამართლოსთვის მიმართვისა და მართლმსაჯულებით სარგებლობის უფლებას.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) გასაჩივრებულია როგორც საკანონმდებლო აქტი, არ არსებობს სადავო ნორმაზე იერარქიულად მაღლად მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის საფუძველი;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა:
“სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება #2/3/412, II-8). მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინება #2/4/420, II-7), ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება #1/7/561, 568, II-3).
სადავო ნორმის შინაარსი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულია: ,, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“
აღნიშნული ნორმა ეხება პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხს. სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულად გვევლინება სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მატერიალური და ფორმალური წინაპირობების არსებობა. მატერიალურ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ პირს უშუალოდ დანაშაულის შედეგად უნდა მიადგეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი. ფორმალური წინაპირობა კი მდგომარეობს დანაშაულის მსხვერპლის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის მიერ დადგენილების გამოტანაში. პირის დაზარალებულად ცნობა ხდება გამოძიების სტადიაზე. პირის მიერ დაზარალებულის სტატუსით გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მთელი რიგი სამართლებრივი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული, რომელთა ჩამონათვალიც სსსკ-ის 57-ე მუხლშია მოცემული.
გარდა ამისა წევრი სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია №R (87) 18 მიუთითებს რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაზარალებულის მდგომარეობას. პროკურორი ვალდებულია, მას შემდეგ, რაც დაადგენს პირის დაზარალებულად ცნობის მატერიალურ წინაპირობებს, მიანიჭოს მას დადგენილებით (ფორმალურად) დაზარალებულის პროცესუალური სტატუსი. გარდა პროკურორის მიერ თავისი ინიციატივით პირის დაზარალებულად ცნობისა, აღნიშნულის საფუძველი შესაძლოა გახდეს ასევე პროკურორისათვის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა. თუ პროკურორი დაადგენს პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძველს, მან უნდა დააკმაყოფილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი დადგენილება. თუ პროკურორმა განცხადება მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. მოსამართლეს 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. და სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. აღნიშნული დანაწესი კი ცალსახად ხელყოფს პოტენციური დაზარალებულის უფლებას, პროცესუალური სტატუსის მოპოვების მიზნით პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ მიღებული, მისთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგის მქონე განჩინება გაასაჩივროს ზემდგომ ინსტაციაში, და ამით უზრუნველყოს რეალური და ეფექტური აღდგენა მის უფლებებში. ამასთან, დაზარალებულის ჩართულობის გარეშე წარმართული საგამოძიებო პროცესის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც ჩრდილავს ნდობას მართლმსაჯულების იდეასა და ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შინაარსი:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.”.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებამ უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა, ის უნდა მოიცავდეს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: „პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1).
,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი კონსტიტუციური წონა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად განხორციელებასთან.( (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ უფლების განხორციელება „...სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მის არსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობამ სრულყოფილად უზრუნველყოს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სამართლიანი სასამართლო განხილვის შესაძლებლობა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/1/403,427 გადაწყვეტილება საქმეზე ,,კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. სწორედ (უფლების სასამართლოში დაცვის) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას.
,,საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. (საქართვეკლოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება N 3/2/577 საქმეზე ,, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“)
,,სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოსთვის მიმართვა უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებაა, და იგი უფლებათა ფუნდამეტს წარმოადგეს, რამეთუ იძლევა ყველა სხვა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლელების დაცვისა და გარანტირებულობის საშუალებას.
აღნიშნულ შემთხვევაში, უფლება, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ასევე ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, უფლებას პირმა შეძლოს მოიპოვოს დაზარალებულის სტატუსი, რაც თავის მხრივ მთელი რიგი სამართლებრივი ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას ნიშნავს. შესაბამისად სასამართლომ მკაცრი კრიტერიუმი უნდა გამოიყენოს აღნიშნული სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან შესაბამისობის განხილვისას.
სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან:
იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო სამართალი და დემოკ¬რატიულ სახელმწიფოთა პრაქტიკა დაზარალებულის უფლებების აღდგენას აღიარებს მართლმსა¬ჯულების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად, ხოლო მათ უფლებებს – ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. ცხადია, რომ სახელმწიფომ უნდა შეცვალოს კანონმდებლობა და პრაქტიკა დაზარალებულთა უფლებებთან მიმართებით. უპირველესად აუცილებელია პირის მიერ დაზარალებულის სტატუსის მოპოვების პროცესი მოექცეს სამართლებრივად გამართულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, ისე რომ არ შეიზღუდოს პირის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნული რეგულაცია კი დაზარალებულის პროცესუალური სტატუსის მოპოვების ეტაპზე, პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ზემდგომ ინსტაციაში გასაჩივრების უფლების შეზღუდვით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას დაუსაბუთებლად უზღუდავს პირს.
გასაჩივრება წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობით მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიაღწიონ პროცესის მათთვისსაუკეთესო შედეგს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის #1/3/393,397 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის 31–ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გასაჩივრების უფლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ეხება როგორც სასამართლოსადმი მიმართვის, ისე გასაჩივრების უფლებასაც, შესაბამისად სსსკ-ის 56-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების დაცული სფეროს ფარგლებში.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,, პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფებათა კონვენციის მე-6 მუხლით. თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შესაბამისად ექვემდებარება შეზღუდვებს. 1985 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე “აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები: შეზღუდვები შეესაბამება მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის.ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისთვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი არ შეილახოს.
თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ,,უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე ,, დანიის მოქალაქო ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60)
მოცემული სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვით შესაძლოა კანონმდებლი შეეცადა სასამართლოები განეტვირთა, რაც განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის გონივრულობას სცდება და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას სრულიად ფიტავს. მას ბუტაფორიად აქცევს.
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია „...მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“.
ამასთან, რაც უფრო მნიშვნელოვანია ინტერესი, რომლის დაცვა პირს სასამართლოს მეშვეობით სურს, მით უფრო მკაცრი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად გამოიყენება. მოცემულ შემთხვევაში ინტერესი, მოხდეს პირის დაზარალებულად ცნობა და მან დაინახოს და დაიჯეროს მართლმსაჯულების განხორციელება, უმნიშვნელოვანესია. ძლიერი სასამართლო კონტროლი, პირმა მიმართოს სასამართლოს პროკურორის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით და შესაძლებლობა სასამართლოს გადაწვეტილება გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ეფექტური მექანიზმია, რათა პროკურორმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. ასეთი მძლავრი სასამართლო კონტროლი არის ერთადერთი გზა, რომელიც პროკურორს აიძულებს იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი დისკრეციული გადაწყვეტილების მიღებისას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა, რომლის საფუძველზეც პირს მერთმევა შესაძლებლობა გავასაჩივრო დაზარალებულად ცნობის თაობაზე რაიონული(საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დაუსაბუთებლად მართმევს სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობის უფლებას. მოსარჩელე გიორგი ბარელაძეს სწორედ აღნიშნული სადავო ნორმის არსებობამ არ მომცა შესაძლებლობა მედავა ზემდგომი ინსტაციის სასამართლოში და ამ გზით აღმედგინა ჩემი დარღვეული უფლებები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა