გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/1740 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 17 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი 2023 17:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1740) მომართა გიორგი ბარელაძემ. №1740 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 28 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.
2. №1740 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი აწესრიგებს პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ ასპექტებს. ხსენებული მუხლის მე-7 ნაწილი არეგულირებს პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების, ასევე დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილების გაუქმების შესახებ მიღებული აქტის გასაჩივრების საკითხს და განსაზღვრავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. №1740 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს პირს, რომლის მოთხოვნაც დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს მიერ უარი ეთქვა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებაზე, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სცილდებოდა მისი კომპეტენციის სფეროს.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, პირის მიერ დაზარალებულის სტატუსით გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა რიგი სამართლებრივი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული, სადავო ნორმა კი ხელყოფს პოტენციური დაზარალებულის უფლებას, პროცესუალური სტატუსის მოპოვების მიზნით, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგამოძიებო პროცესის ლეგიტიმურობის საკითხს, რაც გამოწვეულია, დაზარალებულის ჩართულობის გარეშე, საგამოძიებო პროცესის წარმართვით.
7. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვით, შესაძლოა, კანონმდებელი შეეცადა სასამართლოების განტვირთვას, რაც გარკვეულ ვითარებაში შეიძლება, წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
8. მოსარჩელე აპელირებს იმაზეც, რომ ძლიერი სასამართლო კონტროლი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობის სახით, წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს პროკურორის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1740 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1740 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ბარელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში