დავით კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1741 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | დავით კეკენაძე |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი: „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“ |
11.1 მუხლი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი: „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“ |
19.1. მუხლი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ 19.2 მუხლი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
*სარჩელი შეტანილია ყოფილი მოსამართლის მიერ, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი ხნის სამოსამართლეო გამოცდილება, და რომელზედაც მოქმედებს სადავოდ გამხდარი ნორმა, იგი უდგენს მოსარჩელეს კომპენსაციის ზედა ზღვარს 560 ლარის ოდენობით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
*მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იგი შეეხებოდა პარლამენტართა კომპენსაციის ზღვრის კონსტიტუციურობის საკითხს საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, და მოცემული კოსტიტუციური სარჩელი არსებითად განსხვავდება 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განხილული საკითხისაგან. კერძოდ, მოსამართლეს მიმართ განსხვავებული კუნსტიტუციური გარანტიები არის დადგენილი საქართველოს კონსიტუციის მიერ და მოსამართლე, განსხვავებით პარლამენტარისაგან (რომელიც პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული პირია), პროფესიული ნიშნით დანიშნული პირია, რომელიც უვადოდ, შრომისუანარიანობის მთელ პერიოდში ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას, ამ პერიოდშივე არსებული თანმდევ აკრძალვებთან ერთად. ამასთანავე, განსხვავებით პარლამენტარისაგან, სახელმწიფოს გააჩნია მოსამართლის ადეკვატური (და არა ნომინალური ) სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველჰყოფის ვალდებულებისაგან. დეტალური დიფერენციაცია იხილით სარჩელის 20-40 პუნქტებში, სადაც ასევე განხილულია სასამართლოს მიერ ამ კონკრეტულ საქმეში მკაცრი ტესტის გამოყენების საკითხი.
ამასთანავე, მოცემული სარჩელი ასევე განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისაგან, გამოტანილი მოსარჩელე ლალი ლაზარაშვილთან დაკავშირებით, რადგან ის საქმეები ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის საკითხს, დროში ეფექტის თავისებურებების გათვალისწინებით, აქ კი მოსარჩელეს კომპარატორად გამოჰყავს სხვა პირები: ა) რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, რომელბსაც მასზე ნაკლები სტაჟი აქვთ/ექნებათ; ბ) სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები და მოსარჩელე, ასევე, ზოგადად აყენებს ზედა ზღვარის, მისი გადაუსინჯველობის კონსტიტუციურობის საკითხს სარჩელში ხსენებული არგუმენტაციის საფუძველზე.
ამასთანავე, მოსარჩელე არ ითხოვს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგულიროს სადავოდ გამხდარი საკითხი (შეასრულოს პოზიტიური კანონმდებლის როლი), მოსარჩელე არ ითხოვს, დარედაქტირდეს სადავოდ გამხდარი მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; მოსარჩელე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავოდ გამხდარი ნორმები და მისი შემდგომი რეგულაცია უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა, იმ მოცემულობით, რომელიც უზრუნველჰყოფს, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების და მეორე მხრივ, თანასწორობის უფლების დაცვას.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლით და მე-19-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
*არსებობს სადავო ნორმის მიმართება როგორც კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება, ორ კომპარატორთან მიმართებით), ისე მე-19 მუხლებთან მიმართებით.
* საკუთრების უფლებასთან დაცულ სფეროსთან დაკავშირებით, იხილეთ წინამდებარე სარჩელის მე-3 -მე-15 პუნქტებში განვითარებული მსჯელობა, ხოლო მე-11 მუხლთან მიმართებით, 56-ე მე-60 პუნქტები.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. გამომდინარე იქედან, რომ სადავო ნორმა გასაჩივრებულია კონსტიტუციით გარანტირებულ ორ უფლებასთან მიმართებით (I საკუთრების უფლება; II თანასწორობის უფლება), თითოეულ მათგანთან წინააღმდეგობა, ქვემოთ, ცალკე იქნება განხილული.
I -სადავო ნორმის კონსტიტუციურობა მე-19.1 და მე-19.2 მუხლებთან მიმართებით (საკუთრების უფლება)
2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დაასაბუთებს სადავო მუხლების კონსტიტუციის მე-19.1-19.2 მუხლებთან წინააღმდეგობას შემდეგი არგუმენტების საფუძველზე:
ა) არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველჰყოს მოსამართლის უფლება, მიიღოს ღირსეული კომპენსაცია, და ეს უფლება წარმოადგენს კოსნტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროს მიკუთვნებულ უფლებას;
ბ) მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა ინტენსიური ხასიათით და მოითხოვს მკაცრი სტანდარტით შეფასებას;
გ) მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში არსებული ჩარევით, ირღვევა თანაზომიერების პრინციპი
ა) არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველჰყოს მოსამართლის უფლება მიიღოს ღირსეული კომპენსაცია, და ეს უფლება წარმოადგენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროს მიკუთვნებულ უფლებას
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39).
4. ამდენად, კონსტიტუციით მე-19 მუხლის დაცვის ობიექტი სცდება საკუთრების ტრადიციულ გაგებას და მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ ინტერესს - უფლებასა თუ სარგებელს, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება და წარმოადგენს ინდივიდის ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვან წინაპირობას [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6].
5. მოსამართლის მიერ, ღირსეული, ადეკვატური კომპენსაციის მიღების უფლების, საკუთრების უფლების დაცულ სფეროში მოცულობის შესაფასებლად, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს მოსამართლის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ გარანტიებს და როლს, რომლის საფუძველზედაც, მოსამართლეს წარმოეშვება, შესაბამისი, ღირსეული, ადეკვატური კომპენსაციის მიღების უფლება კონსტიტუციის მე-19, 31-ე და 63-ე მუხლების ურთიერთმიმართებით.
6. კერძოდ, კონსტიტუციის 63.6 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან [...] ხოლო „საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 63.1 მუხლის მიხედვით, „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს“, ხოლო 63.3 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას“. ამასთანავე, კონსტიტუციის 63.4 მუხლის მიხედვით „მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.“.
7. ზემოაღნიშნული გარანტიებიდან, და ამასთანვე შეზღუდვიდან გამომდინარე, ნათელია, რომ როდესაც მოსამართლე უვადოდ ინიშნება, მას წარმოეშვება როგორც მოსამართლეობის განხორციელების უფლებამოსილება, ისე ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც თან ვრცელდება მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტამდე (რაც, თავის მხრივ საკმაოდ დიდ ვადას შეიძლება მოიცავდეს მისი უვადო განწესების ფაქტორის გათვალისწინებით, და მისი საქმიანობის დიდი ინტენსივობის შეზღუდვაა).
8. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსამართლეს მიერ, მისი მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტისას, ის კომპენსაცია, პენსია ან ნებისმიერი სარგებელი, რასაც მას არამარტო სახელმწიფოს სახელით მოსამართლეობისათვის გაწეული სამსახურისათვის, არამედ იმ შეზღუდვების კომპენსირებისთვის, რაც თან სდევს მოსამართლის დანიშვნას, იყოს ობიექტურად ადეკვატური.
9. ამასთანავე, ადეკვატური სოციალური კომპენსაცია, სარგებელი, მოსამართლის შრომისუნარიანობის შეწყვეტის შემდგომ, უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობასაც, რადგან ეს არის გარანტია იმისა, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების დასრულების შემდგომ, იგი იქნება ადეკვატური კომპენსაციით უზრუნველყოფილი.
10.ამ მხრივ, საყურადღებოა მსჯელობა, რაც განავითარა ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლომ, 2010 წლის 29 ივნის გადაწყევტილებაში საქმეზე Case No. 06/2008-18/2008-24/2010 ( ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: https://lrkt.lt/en/court-acts/search/170/ta933/content ). მართალია, მოცემული საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პენსიის მიღების სქემას, ხსენებულ საქმეში, სასამართლომ განავითარა მოცემული საქმისათვის რელევანტური მსჯელობა ლიეტუვას კონსტიტუციის 109-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობობას ითვალისწინებს, და მსგავსია საქართველოს კონსტიტუციის 63.1 მუხლისა.
11.ზემოაღნიშნულ საქმეში, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ კონსტიტუციაში კონსოლიდირებული ლიეტუვას სახელმწიფოს სოციალური ორიენტაციის გამო სახელმწიფო ზოგადად ვალდებულია პატივი სცეს სოციალური (მატერიალური) გარანტიების არსებითობის იმპერატივს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შესაბამისად გადახედოს (გაზარდოს) სოციალური (მატერიალური) გარანტიების (და გამოყენების შემდეგ), თუ ეკონომიკური და სოციალური ვითარება შეიცვლება ისე, რომ დადგენილი (და გამოყენებული) გარანტიები მნიშვნელოვნად გაუფასურდება, რომ აღარაფერი ვთქვათ, თუ ისინი ზოგადად გახდება ნომინალური (ამით გამონაკლისი ხდება. გადახდების პროპორციულ და დროებით შემცირებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს აუცილებელია სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად).
12.შემდგომ, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ განსაკუთრებით კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოსამართლეების მიმართ. კერძოდ, სასამართლო ადგენს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეს მიერ საქმის განხილვა, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნება ხდება, როგორც სასამართლო სისტემის ტექნიკური, ფინანსური დამოუკიდებლობით, მოსამართლეების ვადის ხელშეუხებლობით, ისე მოსამართლეთათვის სოციალური გარანტიების მიწოდებით (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების II, პარაგრაფი 3.4.). კერძოდ, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
„მოსამართლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია სასამართლოს თვითმმართველობის კონსოლიდირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არის სრულფასოვანი ძალაუფლება, და იგი უზრუნველყოფილია როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად, და მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ხელშეუხებლობის დადგენით ( იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსამართლე, განურჩევლად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალებისა, დარჩეს დამოუკიდებელი და არ იყოს იძულებული, მოერგოს პოლიტიკური ძალების შესაძლო ცვლილებებს), მოსამართლის პიროვნების ხელშეუხებლობით, და ასევე მოსამართლის სოციალური (მატერიალური) გარანტიების უზრუნველყოფით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება)“.
13.მსგავსი განმარტება აქვს გაკეთებული თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (იხ. პარა II. 8).
„სახელმწიფო კომპენსაცია, თავისი არსით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის, რათა მან მიუკერძოებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს საქმიანობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ჯეროვანი განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფინანსური გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსამართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობების შექმნას როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, აგრეთვე, მოსამართლის უფლებამოსილების თავისებურებების გათვალისწინებით, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც.“
14.შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, თუ სახელმწიფო არ უზრუნველჰყოფს მოსამართლის მიერ ადეკვატური სოციალური გარანტიის მიღებას, იგი საფრთხის ქვეშ დააყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობასაც.
15.სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ საქართველოს კონსტიტუცია, მსგავსად ლიეტუვას კონსტიტუციისა და ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსა, რომლის მიზანიც არის სამართლიანი სასამართლოს შექმნა, იცავს, ერთი მხრივ ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მისი საქმე განხილულ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, და მეორე მხრივ, ამის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივია, ითვალისწინებს ვალდებულებას, უზრუნველჰყოს, არამარტო სასამართლოს (როგორც ინსტიტუციური ერთეულის დამოუკიდებლობა), არამედ, ინდივიდუალური მოსამართლის ადეკვატური სოციალური გარანტიები, რაც თავის მხრივ, ასევე არის თანმდევი იმ აკრძალვებისა (სხვა ეკნომიკური საქმიანობის წარმართვა), რასაც მოსამართლე ექვემდებარა მისი შრომისუნარიანი პერიოდის განმავლობაში. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, კონსტიტუციის მე-19.1., 31-ე და 63-ე მუხლების ერთობლივი წაკითხვით, მოსამართლეს წარმოეშვება სახელმწიფოსაგან მოითხოვოს ადეკვატური სოციალური გარანტიის, კომპენსაციის მიღების უფლება, ხოლო სახელმწიფოს, მისი გაცემის ვალდებულება და აღნიშნული, კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში უნდა მოიაზრებოდეს.
ბ) მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა ინტენსიური ხასიათით და მოითხოვს მკაცრი სტანდარტით შეფასებას
16.ამასთანავე, ამ ეტაპზე, ასევე მნიშვნელოვანია უფრო დეტალურად განხილულ იქნეს სადავო ნორმების ეფექტი მოსარჩელის მიმართ, რომელიც წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს. კერძოდ, სადავო კანონის მე-5 მუხლის 2.დ პუნქტის მიხედვით, კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს. ამავე სადავო კანონის მე-12 მუხლის 2.ზ პუნქტის მიხედვით, როდესაც 65 წლის (საპენსიო ასაკის) მიღწევისას (რაც წინამდებარე საქმეში განხორციელდა 2021 წლის 23 ოქტომბერს), მოსამართლეს უფლებამოსილება უწყდება, მოსამართლის მიმართ გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
17.შესაბამისად, მოცემული პუნქტის საფუძველზე, რაიონული საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ გასაცემი კომპენსაციის განსაზღვრისას, რელევანტურია:
ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობა;
ბ) მოსამართლის სტაჟი.
18.მოცემულ შემთხვევაში, რომ დავუშვათ, რომ სადავოდ გამხდარი მუხლი არ განსაზღვრავს ზედა ზღვარს, კანონის მე-12 მუხლის 2.ზ პუნქტის მიხედვით, მოსამართლის კომპენსაცია განისაზღვრებოდა შემდეგი ოდენობით:
სახელმწიფო პენსიას (260 ლარი, 2022 წლის მდგომარეობით, 70 წლამდე პირთათვის) დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის ( 78 ლარი) საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე (28 wელი) ნამრავლი, რაც უდრის: 2,444 ლარს.
19.სადავოდ გამხდარი მუხლის მიხედვით კი, დადგენილია მოსარჩელეს კომპენსაციის ზედა ზღვარი, კერძოდ, მოცემულია შემდეგი:
20.„კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“
21.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადსაღებია საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სასამართლომ შეფასა სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის საკითხი მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრებთან მიმართებით, თუმცა, ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო დაუშვა, გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფოს შეხედულების ფარგლების გარეთ, ამ საკითხის შეფასებისას მკაცრის სტანდარტის გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა შემდეგი (იხ. სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 18):
იმავდროულად, ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევის გამართლების სტანდარტი გაცილებით მკაცრი იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო, მის მიერ გამოვლენილი ნების ფარგლებში, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის კონკრეტულ პირებთან, რომლებსაც სურვილი და მზაობა გააჩნიათ, დადგენილი წინაპირობების შესრულების შედეგად, მიიღონ ქონებრივი სარგებელი. შეფასების მკაცრი სტანდარტის გამოყენებას განაპირობებს მოცემულობა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ამგვარ შემთხვევაში წარმოადგენს არა მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკის განხორციელების პროცესში ავლენს ცალმხრივ, კეთილ ნებას, არამედ ემსგავსება ხელშეკრულების მხარეს და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებათა და ვალდებულებათა სუბიექტს. სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ სამართლებრივი აქტით ადგენს კონკრეტული ქონებრივი სარგებლის/ინტერესის გაცემის პირობებს, ის თავად არის ამგვარ სამართლებრივ ურთიერთობაში სარგებლის მიმღები მხარე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მას ვერ ექნება მიხედულების იმგვარი ფართო მასშტაბი, როგორც ეს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გამოვლენილი კეთილი ნების სამართლებრივი შეფასებისას.
22.მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და ის კატეგორია (მოსამართლეები), რომელსაც იგი მიეკუთვნება, განსხვავდება ზემოაღნიშული კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეებისაგან (პარლამენტარებისაგან), რადგან, სახელმწიფოს გააჩნია არა კეთილი ნება, არამედ ვალდებულება მოსარჩელეს მიმართ, უზრუნველჰყოს იგი ადეკვატური სოციალური გარანტიებით (კომპენსაცია) და აღნიშნულ საქმეში უნდა იყოს გამოყენებული სწორედ მკაცრი შეფასების სტანდარტი, და არა სახელმწიფოს შეხედულების ფართო ფარგლები, კეთილი ნების საფუძველზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის, შემდეგ გარემოებათა გამო:
a. განსხვავებით პარლამენტარებისაგან, რომლებიც პოლიტიკური პროცესის შედეგად აირჩევიან თანამდებობაზე, პოლიტიკური პროცესი მონაწილეები არიან, რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლე წარმოადგენს პროფესიული შერჩევის შედეგად არჩეულ პირს და მის მიმართ არსებული მოთხოვნები განსხვავებულია როგორც სამართლებრივად, ისე პრაქტიკულად (ხანგრძლივობით და ეფექტით). კერძოდ, მოსამართლედ დანიშვნისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შრომისუნარიან პირს (30 წლის ასაკიდან), უვადოდ, შრომისუნარინობის ამოწურვამდე, ეზღუდება ყველა სარგებლის მომტანი საქმიანობა (გარდა პედაგოგიურისა და საგანმანათლებლო) და შესაბამისად, მის საქმიანობაში ჩარევის სიმძიმე არის უფრო დიდი; განსხვავებით პარლამენტარისა, რომლის მიმართაც არ არის მოლოდინი იმისა, რომ იგი შრომისუნარიანობის ამოწურვამდე, სიცოცხლის ბოლომდე იქნება პარლამენტარი რადგან ექვემდებარება გადარჩევას, პოლიტიკური პროცესის საფუძველზე; ხოლო მოსამართლის მიმართ, არის მოლოდინი სახელმწიფოს მიერ, რომ იგი უვადოდ განახორციელებს საქმიანობას.
b. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 63-ედა 31-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, უზრუნველჰყოს მოსამართლის სოციალური გარანტია (აღინიშნა, სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის მოსამართლის მიმართ დაწესებული შეზღუდვების, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით). ამიტომ, საკოსნტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას რომ მივუსადაგოთ აღნიშნული, მოსამართლეს მიმართ სახელმწიფო სწორედ „სახელშეკრულება ვალდებულების“ მსგავსად იღებს ვალდებულებას, უზრუნველჰყოს მოსამართლე ადეკვატური სოციალური გარანტიებით. აღნიშნულზე მეტყველებს თუნდაც ის შეზღუდვები, რაც მოსამართლეს მთელი შრომისუნარიანობის პერიოდში (დეკადების განმავლობაში) თან სდევს. საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა (ასახული როგორც შრომით, ისე სამეწარმეო სამართალში -სასამსახურო ხელშეკრულების მარეგულირებელ მუხლებში), რომ როდესაც პირს ეზღუდება სამომავლო საქმიანობა, და ამ საქმიანობის მიმართ შემზღუდველს გააჩნია ინტერესი, შეზღუდულ პირს წარმოეშვება მოლოდინი და უფლება, მოითხოვოს ამის სანაცვლო ანაზღაურება. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, მოსამართლის მიმართ ადეკვატური კომპენსაციის გაცემა, ვერ იქნება კეთილ ნებაზე დამოკიდებული და იგი ორმხრივია, შებოჭილი ორმხრივი ვალდებულებებით, რაც ასევე ვრცელდება მოსამართლეს მიერ თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომაც. ამიტომ, განსხვავებით პარლამენტარისა, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ უვადოდ იქნება პარლამენტარი, და შესაბამისად, არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ვადის ამოწურვის შემდგომ, არ დაიწყებს სხვა საქმიანობას, მოსამართლეს აქვს მოლოდინი, რომ იგი უვადოდ განახორციელებს საქმიანობას და მას, უფლებამოსილების შეწყვეტის შედმგომ მიეცემა ადკევატური კომპენსაცია.
23.ამასთანავე, სადავოდ გამხდარი კანონით დადგენილი მოცემულობა არის ის, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, კომპენსაციის ოდენობა არ დაქვემდებარებია ზრდას, მიუხედავად არაერთი ფაქტორისა არც:
ა) საარსებო მინიმუმის ზრდის პირობებში (მაგ. საქასტატის მონაცემებით, 2005 წელს, საარსებო მინიმუმი, რომელშიდაც მხოლოდ პროდუქტების ფასი შედის და არა მგზავრობის და სხვა დაკავშირებული ხარჯები, წარმოადგენდა 90-95 ლარის ფარგლებში, ხოლო 2022 წელს -240 ლარის ფარგლებშია, რაც მხოლოდ სურსათის ხარჯებს მოიცავს) ;
ბ) არც საქართველოში არსებული მაღალი ინფლაციის დონის გათვალისწინებით (ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებელი ორ ნიშნა ნიშნულს ცდება).
24.რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ ურთიერთობის სახელშეკრულებო ბუნებასაც, საყურადღებო შეიძლება იყოს სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გავრცელებული ინსტიტუტი, როგორიც არის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
25.კერძოდ, ბუნებრივია, ეს ინსტიტუტი არის სახელშეკრულებო, მაგრამ მის უკან დგას რაციონალი, ლოგიკა, რაც ნებისმიერ ვალდებულებით ურთიერთობას, მათ შორის კოსნტიტუციურ საფარველში გახვეულს, შეიძლება ახასიათებდეს. კერძოდ, როდესაც ურთიერთობა არის გრძელვადიანი, როგორიც იყო მოსარჩელეს შემთხვევაში ( რადგან მას 25 წელზე მეტი სამოსამართლეო სტაჟი გააჩნია და მოსამართლე ინიშნება უვადოდ), არსებობს მოლოდინი, რომ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით (გაზრდილი ინფლაცია, შეყიდველუნარიანობის დაკარგვა) იმ კომპენსაციის ზედა ზღვარიც დაექვემდებარება ცვლას.
26.აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორი, და სოციალური გარანტიის ინფლაციაზე მისადაგების ფაქტი უკვე აღიარა სახელმწიფომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში“, 02/07/2020 წელს შეტანილი ცვლილებებით. კერძოდ, სახელმწიფომ აღიარა ინფლაციის მნიშვნელობა სახელმწიფო პენსიის ოდენობის განსაზღვრისას. ზემოაღნიშნული ცვლილების განმახორციელებელ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სახელმწიფო უთითებს შემდეგს:
„70 წლამდე მოსახლეობისთვის, პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას, და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად“ [ ასევე, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/247757 ]
27.აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სახელმწიფო პენსია, წლიდან წლამდე, კომპენსაციისაგან განსხვავებით, ექვემდებარებოდა ზრდას. კერძოდ, იხილეთ სოციალური პენსიის ოდენობა ლარებში და დოლარში, 2019 წლის 31 დეკემბრის ოფიციალური გაცვლით კურსის მიხედვით:
წელი
პენსია ლარში
პენსია დოლარში
ინფლაცია
2003
14
$7
2004
14
$7.7
7%
2005
28
$15.6
2006
38
$22.2
2007
55
$34.6
2008
70
$42.0
5.5%
2009
80
$47.5
2010
80
$45.1
2011
100
$59.9
2012
125
$75.5
-1.4%
2013
150
$86.4
2014
150
$80.5
2015
160
$66.8
2016
180
$68.0
1.8%
2017
180
$69.4
2018
180
$67.2
2019
200
$69.7
2020
220
2021
240
13%
2022
260
13%
*გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამიაად, 70 წელს ზემოთ პენსიონერთა მიერ მისაღები სახელმწიფო პენსიის ოდენობა, და გამოთვლის წესი განსხვავდება 70 წელს ქვემოთ არსებული პენსიონერისა.
წყარო:
· https://businessfeed.ge/pensia-izrdeba-magram-pensia-mtsirdeba/
· https://bm.ge/ka/article/rogor-izrdeboda-pensiebi/25728
· https://batumelebi.netgazeti.ge/news/244754/
28.მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფო პენსიის ოდენობის დადგენის მხრივ გარკვეული დისკრეცია გააჩნია სახელმწიფოს, სახელმწიფომ ზემოაღნიშნული ცვლილებებით, უკვე შეიბოჭა თავი, დადგენილი პრინციპით და მის ფარგლებში, ინფლაციის გათვალისწინებით სისტემატიურად გაზარდოს სახელმწიფო პენსია. შესაბამისად, მან კიდევ ერთხელ აღიარა, და დაადასტურა ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული თეზისი, რომ სოციალური გარანტია უნდა ექვემდებარებოდეს შეძლებისდაგვარად ზრდას და მოსამართლის შემთხვევაშიდაც, მსგავსი თეზისი მოქმედებს, რადგან მოსამართლის მიერ მისაღები გარანტია, არ უნდა იყოს ნომინალური, და ასევე უნდა ექვემდებარებოდეს შეძლებისდაგვარ ზრდას, მისაღები კომპენსაციის ოდენობის ნომინალურობის თავიდან ასაცილებლად და მისი ადეკვატურობის უზრუნველსაყოფად.
29.მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ზედა ზღვარი, 2005 წლიდან დღემდე წარმოადგენს 560 ლარს, და მოსარჩელეს გათავისუფლების დროს, მისი გამოანგარიშების მიზნებისთვის, რელევანტური იყო მოსამართლის სტაჟი (სოციალურ/სახელმწიფო პენსია ემატება მისი 30%-ის ნამრავლი სტაჟზე).
30.თუმცა, არსებული რეალობით, კომპენსაციის ზედა ზღვარის გაუზრდელობით, მოსარჩელეს სტაჟიც ხდება უგულებელყოფილი და მის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობის გამოთვლაში არ გაითვალისწინება ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, არც საარსებო მინიმუმის ზრდა და არ ექვემდებარება ზრდას, მაშინ, როდესაც, სახელმწიფოს დეკლარირებული პოზიციაა, რომ სოციალური პენსიის შემთხვევაში, ასეთი ზრდა უნდა იქნეს გათვალისწინებული.
31.მოსამართლის სტაჟის უგულებელყოფის საილუსტრაციოდ, ქვემოთ იქნება მოყვანილი სახელმწიფო პენსიის მინიმალური ზრდა 20 ლარის ოდენობით წლების მიხედვით (რაც საკანონმდებლო ვალდებულებაა) და იმ სტაჟის მოცულობა, რაც საჭიროა ზედა ზღვრის, 560 ლარის მისაღწევად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევიას:
წელი
საბაზისო სოციალური პენსია
სახელმწიფო პენსიის 30%
სტაჟი, ლიმიტამდე გასათანაბრებლად
ლიმიტი
2021
240 +
72 x
5 წელი
560 ლარი
2022
260 +
78 x
3.84 წელი
560 ლარი
2023
280 +
84 x
3.38 წელი
560 ლარი
2024
300 +
90 x
2.8 წელი
560 ლარი
2025
320 +
96 x
2.5 წელი
560 ლარი
2026
340 +
102 x
2.15 წელი
560 ლარი
2027
360 +
108 x
1.85 წელი
560 ლარი
*ასევე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ გრაფაში არ არის გათვალისწინებული 70 წელს ზემოთ პირთა პენსია, რომელთაც უფრო დიდი ოდენობით მიეცემა პენსია.
*ასევე, აღნიშნული გრაფა დაფუძნებულია, მხოლოდ მინიმალურ ზრდაზე (20 ლარი) და არ ითვალისწინებს ინფლაციას.
მაგ. იხილეთ BM.ge-ს 2022 წლის 15 ივლისის სტატია, სადაც გამოანგარიშებული წლიური ინფლაციის მიხედვით, მითითებულია, რომ 2023 წელს, შესაძლოა 70 წლამდე პირთათვის, პენსიის ოდენობა 295 ლარს შეუძლება გაუტოლდეს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთათვის, 365 ლარს, წლევანდელი ინფლაციის მაჩვენებლით. [ხელმისაწვდომია: https://bm.ge/ka/article/magali-inflaciis-gamo-2023-wels-pensiebi-savaraudod-365-laramde-gaizrdeba/113102 ]
32.თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში, მომავალ წლებში, შენარჩუნდება 10 % ინფლაცია, მაშინ, 70 წელს ქვემოთ მოსამართლეთა მისაღები კომპენსაციის ოდენობის კორელაცია ამავე ასაკის მქონე პენსიონერთა პენსიაზე, და მოსამართლის სტაჟის ოდენობა, რაც საჭიროა კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობამდე მიღწევისთვის, განისაზღვრება შემდეგნაირად:
წელი
საბაზისო სოციალური პენსია
სახელმწიფო პენსიის 30%
სტაჟი, ლიმიტამდე გასათანაბრებლად
ლიმიტი
2021
240 +
72 x
4.44
560
2022
260 +
78 x
3.85
560
2023
286 +
85.8 x
3.19
560
2024
314.6 +
94.38 x
2.60
560
2025
346.06 +
103.818 x
2.06
560
2026
380.666 +
114.1998 x
1.57
560
2027
418.7326 +
125.6198 x
1.12
560
33.თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ შეცვლილი პოლიტიკის მიხედვით (რომლითაც სავალდებულოა ინფლაციის მაჩვენებლით, სახელმწიფო პენსიის ზრდა), 70-წელს გადაცილებულ პირებს, უფრო მეტი პენსია ეკუთვნით, და თუ დავუშვებთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იქნება წელიწადში 10 %, მაშინ სახელმწიფო პენსია გაიზრდება შემდეგნაირად, და ექნება მოსამართლის მიერ მისაღებ კომპენსაციასთან შემდეგი კორელაცია:
წელი
საბაზისო სოციალური პენსია (70 წელს გადაცილებული პირებისათვის)
მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ლიმიტი
2022
300
560
2023
330
560
2024
363
560
2025
399.3
560
2026
439.23
560
2027
483.153
560
2028
531.4683
560
2029
584.6151
560
34.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ სახელმწიფო პენსიის წლიური ზრდა იქნება მინიმუმ მხოლოდ 20 ლარი, 2027 წელს, პირი რომ დაინიშნოს მოსამართლედ, და მას 2 წელიწადში ნაკლებში შეუწყდეს უფლებამოსილება გათვალისწინებული საფუძვლით, იგი იმავე კომპენსაციას მიიღებს, რაც აქვს პირს, რომელსაც აქვს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლედ ყოფნის 35 წელზე მეტი სტაჟი. ხოლო, უფრო მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, მოსამართლის სტაჟი კიდევ უფრო უგულებელყოფილი ხდება. ამასთანავე, გარდაუვალია, რომ სახელმწიფო პენსიის უდენობა, სამომავლოდ არამარტო გაუტოლდება, არამედ გაუსწრებს კიდეც მოსამართლის მიერ მისაღებ კომპენსაციის ოდენობას.
35.შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა მაღალი ინტენსივობით შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) მოსამართლის მიმართ აქვს სახელწმიფოს ვალდებულება, უზრუნველჰყოს იგი ადეკვატური სოციალური გარანტიით;
ბ) მოსამართლეს, წლების განმავლობაში ეზღუდებოდა მთელი რიგი საქმიანობა;
გ) წლების განმავლობაში, ინფლაციის, საარსებო მინიმუმის და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ზრდას არ დაქვემდებარებია იმ კომპენსაციის ოდენობა, რისი მიღების უფლებაც წარმოეშვა მას;
დ) არსებული სტატუს-კვოთი, უგულებელყოფილ იქნა მოსამართლის სტაჟი მისი კომპენსაციის გამოანგარიშებისას;
ე) განსხვავებით მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციისა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ინფლაციის გათვალისწინებით, ზარდოს სახელმწიფო პენსიის ოდენობა, თუმცა, იმავე არ შეხებია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღებ კომპენსაციას.
36.შესაბამისად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა მკაცრი სტანდარტით უნდა შეფასდეს, და სახელმწიფოს არგუმენტი, მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ზედა ზღვარის სტატუს-კვოს შენარჩუნება 2005 წლიდან დღემდე, ისე რომ არ გაითვალისწინება ინფლაციის, საარსებო მინიმუმის ზრდის მაჩვენებელი, ვეღარ იქნება მისი შეხედულების ფართო ფარგლებით, და კეთილი ნებით განპირობებული და განამრტებული.
გ) მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში არსებული ჩარევით, ირღვევა თანაზომიერების პრინციპი
37.მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარე, ლეგიტიმური მიზნის საილუსტრაციოდ, მოიყვანს სახელმწიფო ფინანსების ადმინისტრირების და ამ შემთხვევაში, ამ მხრივ მათი შეხედულობის ფარგლების საკითხს. თუმცა, იმავე ლიეტუვას საკოსნტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლის მიმართ განსაზღვრული კომპენსაცია/პენსია არ უნდა იყოს ნომინალური, არაადეკვატური, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოვა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების სახელმწიფო ვალდდებულებასთან. შესაბამისად, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ზედა ზღვარის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ჩნდება აშკარა ეჭვი დადგენილი კომპენსაციის არადეკვატურობაზე, სასამართლო უნდა შევიდეს, თუნდაც პრინციპის დონეზე (მისი გამოანგარიშების ფორმულა, სტატუს კვოს და მისი გადასინჯვის თავიდანვე გამორიცხვა, და ის შედეგი, რაც დგება კომპენსაციის მიმღები მოსამართლის მიმართ და მიმართება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველჰყოფისკენ). შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, არა ის, რა ლეგიტიმური მიზანი აქვს სახელმწიფოს კომპენსაციის ოდენობის მიმართ ლიმიტის დადგენისას, არამედ, ასევე ის, თუ რა ლეგიტიმური მიზანი აქვს სახელმწიფოს, ასეთი ლიმიტის გადაუსინჯველობის, სტატუს კვოს შენარჩუნების მიმართაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფომ უკვე აღიარა მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი და მისი მოლოდინის საფუძველზედაც, გაანხორციელა ცვლილებები სახელწმიფო პენსიის შესახებ კანონში.
38.ამასთანავე, შეზღუდვის, ე.ი. რაიონული საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, არაზრდადი, ფიქსირებული, დაბალი ლიმიტით კომპენსაციის მიღების ლეგიტიმური მიზანი, არ უნდა შეფასდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველჰყოფის გარანტიებთან ურთიერთმიმართების შეფასების გარეშე. კერძოდ, სახელმწიფომ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ლიმიტირება, შეიძლება მოიყვანოს არგუმენტად ყველა საკუთრების უფლების ჩარევისას, თუმცა, ლეგიტიმურია კითხვა, რაც უნდა დაისვას, რის ხარჯზე და რის სანაცვლოდ.
39.მზარდი ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფოც აღიარებს, სახელმწიფომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში; შესაბამისად, სახელმწიფომ პირდაპირ აღიარა, რომ ინფლაცია არის ის ფაქტორი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს სოციალური გარანტიის გაცემისას, მისი ოდენობის გამოანგარიშებისთვის, ზრდისთვის; ამიტომ, მაშინ, როდესაც ინფლაციის ფაქტორი, ასევე, მზარდი საარსებო მინიმუმის ფაქტორი, არ გაითვალისწინება მოსამართლის კომპენსაციის დაანგარიშებაში დეკადების განმავლობაში, მოსამართლის მიმართ გაცემადი კომპენსაციის ოდენობა ხდება ნომინალური, არაადეკვატური წლების შემდგომ და ეწინააღმდეგება იმ გარანტიებს, რაც მის მიმართ ადგენს კონსტიტუციის 63-ე მუხლი და რასაც უზრუნველჰყოფს მე-19 მუხლი.
40.კერძოდ, უდავოა, რომ სადავო კანონით ზღვარი დადგენილ იქნა 2005 წელს (მაშინ, როდესაც საარსებო მინუმი წარმოადგენა 90 ლარის ფარგლებში, ხოლო 2022 წელს წარმოადგენს 240 ლარის ფარგლებში და თან მოიცავს მხოლოდ საკვებ პროდუქტებს); უდავოა, რომ საქართველოში, ინფლაციის მაჩვენებელი არის კრიტიკულად გაზრდილი და ბოლო წლებში აღწევს ორმაგ ნიშნულს. ამიტომ, სახელმწიფოს, რაც არ უნდა შეხედულების ფარგლები ჰქონდეს ბიუჯეტის გამოყენების მხრივ, ვერ ექნება იმის ლეგიტიმური მიზანი, რომ შეიანრჩუნოს რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ლიმიტი უვადოდ (გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე, რაიმე ფორმულის ან პირობების ცვლილებისას). ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უგულებელჰყოფს ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს სამუდამოდ და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
41. ამასთანავე, მეორე საყურადღებო მოცემულობა არის ის, რომ არც თუ ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფო პენსია გაუთანაბრდება კიდეც ყოფილი რაიონული (საქალაქო) მოსამართლის, მოსარჩელის მიერ მისაღებ კომპენსაციას, რა შემთხვევაშიდაც, გამოდის, რომ სახელმწიფო საერთოდ უგულებელჰყოფს მიერ მიერ აღებულ ვალდებულებას 63-ე მუხლიდან გამომდინარე; ე.ი., მოსამართლეს რომც არ გაეწია სამოსამართლეო საქმიანობა, გამოდის, რომ იგი მაინც იმავე ოდენობის სოციალურ გარანტიას მიიღებდა, რასაც მიიღებს ნებისმიერი მოქალაქე. ეს არ არის ალბათობაზე დაფუძნებული, ეს არის უკვე მოსალოდნელი ფაქტი, რადგან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება სახელმწიფო პენსიის ზრდის (მინ 20 ლარით, და წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ოდენობით).
42.ასევე, დამატებითი მოცემულობა, რა კიდევ უფრო ამყარებს მოსამართლეს მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობის ნომუნალურობას, არის მოსამართლის სტაჟი, რაც მეორე ფაქტორია მისი კომპენსაციის ოდენობის გასაანგარიშებლად. კერძოდ, 2027 წელს, პირი რომ დაინიშნოს მოსამართლედ, და მას დაახლეობით 1 წელიწადში შეუწყდეს უფლებამოსილება კანონით დადგენილი საფუძვლით, იგი იმავე კომპენსაციას მიიღებს, რაც აქვს პირს, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის 35 წლლის სტაჟი. აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ სისტემატიურად, არითმეტიკული პროგესიით მზარდია არსებული რეჟიმით სახელმწიფო პენსიის ოდენობა, თუმცა არ არის მზარდი კომპენსაციის ზედა ზღვარი.
43.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ამ მოცემულობით, რაიონული/საქალაქო სასაამრთლოს მოსამართლის მიმართ, სადავო მუხლით დადგენილი ლიმიტის გადაუსინჯველობა, არ უზრუნველჰყოფს რაიონული (საქალაქო) მოსამართლის ადეკვატური კომპენსაციის მიღებას და არღვევს მოსარჩელეს საკუთრების უფლებას, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
II - სადავო ნორმის წინააღმდეგობა კონსტიტიციის 11.1. მუხლთან (თანასწორობის უფლება)
44.რაც შეეხება თანასწორობის უფლების დარღვევას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა მისი თანასწორობის უფლება, და მისი დარღვევა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით. თითოეული ელემენტი განხილულ იქნება ქვემოთ ცალ-ცალკე.
45.მოსარჩელე წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყოფილს მოსამართლეს, და შესაბამისად სახელმწიფოსაგან პენსიის მიღების უფლების მქონე პირს, რომელიც, სადავო კანონის მე-12.2.“ზ“ მუხლის მიხედვით, უფლებამოსილია მიიღოს პენსია შემდეგი ოდენობით: „სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი“, თუმცა, სადავო ნორმა აწესებს ზედა ზღვარს 560 ლარის ოდენობით.
46.განხილული იქნება სადავო ნორმის მიზნებისთვის, შესადარებელი ორი (2) პირი; პირველი: რაიონული/საქალაქო სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსარჩელეზე არსებითან ნაკლები სტაჟი; მეორე, სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე პირი ( 65 წელს ზემოთ ნებისმიერი ასეთი პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება).
47.თითოეული მათგანი, განხილული იქნება ქვემოთ, ცალ-ცალკე:
ა) რაიონული/საქალაქო სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსარჩელეზე არსებითად ნაკლები სტაჟი
48.როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო კანონის მე-12 მუხლის 2.ზ პუნქტის მიხედვით, როდესაც 65 წლის (საპენსიო ასაკის) მიღწევისას (რაც წინამდებარე საქმეში განხორციელდა 2021 წლის 23 ოქტომბერს), მოსამართლეს უფლებამოსილება უწყდება, მოსამართლის მიმართ გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
49.შესაბამისად, მოცემული პუნქტის საფუძველზე, რაიონული საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ გასაცემი კომპენსაციის განსაზღვრისას, რელევანტურია: ა) სახელმწიფო პენსიის ოდენობა; ბ) მოსამართლის სტაჟი.
50.მიუხედავად ზემოაღნიშნულია, არსებული მოცემულობით, სადავო კანონი თანაბრად აფასებს არათანაბრ მდგომარეობაში მყოფ პირებს და იწვევს არაპირდაპირ დისკრიმინაციას, შემდეგ პირებს შორის: ა) მოსამართლეს, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება; ბ) მოსამართლეს რომელსაც აქვს არსებითან ნაკლები სტაჟი. კერძოდ, უკვე 2022 წლიდან, მოსამართლეს ესაჭიროება 5 წელზე ნაკლები სტაჟი, იმისათვის რომ მიიღოს იმავე ოდენობის კომპენსაცია, რასაც მიიღებს 25-35 წლის სტაჟის მქონე მოსამართლე. აღნიშნულს განაპირობებს სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რის საფუძველზედაც სახელმწიფო პენსია ექვემდებარება მუდმივ ზრდას ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით. იხ. ილუსტრაცია წინამდებარე სარჩელის 31-33 პარაგრაფებში.
51.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2027 წელს, პირი რომ დაინიშნოს მოსამართლედ, და მას 2 წელიწადში ნაკლებში შეუწყდეს უფლებამოსილება, იგი იმავე კომპენსაციას მიიღებს, რაც აქვს პირს, რომელიც 35 წელზე მეტი ხანი იყო მოსამართლე.
52.ყოველივე ზემოაღნიშნული ესადაგება ასევე ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას, 2010 წლის 29 ივნის გადაწყვეტილება საქმეზე Case No. 06/2008-18/2008-24/2010 ( იხ. https://lrkt.lt/en/court-acts/search/170/ta933/content ).
53.მართალია, როგორც აღინიშნა, მოცემული საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პენსიის მიღების სქემას, ხსენებულ საქმეში, სასამართლომ განავითარა მოცემული საქმისათვის რელევანტური მსჯელობა მოსამართლეების სტაჟით დიფერენცირების შემთხვევასთან დაკავშირებით.
54.კერძოდ, სასამართლომ ხსენებულ საქმეში აღნიშნა შემდეგი (იხ. პარაგრაფი 3.8):
„ აღინიშნა, რომ მოსამართლეთა სოციალური (მატერიალური) ბუნების გარანტიები, მათ შორის სოციალური გარანტიები მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვისას, შეიძლება დიფერენცირებული იყოს მოსამართლედ მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. განსახილველი კონსტიტუციური მართლმსაჯულების საქმის კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლის უფლებამოსილების ამოწურვისას სოციალური (მატერიალური) გარანტიების სიდიდე შეიძლება დიფერენცირებული იყოს პირის მოსამართლედ მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვითაც. თუმცა, საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა სოციალური (მატერიალური) გარანტიების ზომა მათი უფლებამოსილების ამოწურვისას დიფერენცირებულია პირის მოსამართლედ მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით, არ უნდა გადაუხვევდეს ამ სოციალური (მატერიალური) გარანტიის კონსტიტუციურ კონცეფციას. მოსამართლეთა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სამართლებრივი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა აღნიშნული სოციალური (მატერიალური) გარანტიის ზომა იქნება იგივე ან მსგავსი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიიღებენ თანაბარი ან მსგავსი ოდენობის ანაზღაურებას, მაგრამ რომელთა ხანგრძლივობა სასამართლოში მუშაობისა მნიშვნელოვნად განსხვავდება, ან აღნიშნული სოციალური (მატერიალური) გარანტიის ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ მოსამართლეებისთვის, რომლებმაც მიიღეს თანაბარი ან მსგავსი ოდენობის ანაზღაურება, მაგრამ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივობა მცირედ განსხვავდება, არ შეესაბამებოდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას მოსამართლეთა სოციალური (მატერიალური) გარანტიის კონსტიტუციურ კონცეფციას, მათ შორის, კონსტიტუციის 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აგრეთვე სამართლიანობის, პროპორციულობისა და გონივრულულობისაგან, რომლებიც გამომდინარეობს სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპიდან.
[იხ. ოფიციალური ინგლისური თარგმანი, უფრო მეტი სისწორისთვის [: It has been mentioned that the guarantees of social (material) nature of judges, inter alia the social guarantees upon expiry of powers of the judge, may be differentiated according to the duration of a person’s work as a judge. In the context of the constitutional justice case at issue it needs to be noted that the size of the social (material) guarantees upon expiry of powers of the judge may be differentiated according to the duration of a person’s work as a judge as well. However, the legal regulation under which the size of the social (material) guarantees of judges upon expiry of their powers is differentiated according to the duration of a person’s work as a judge must not deviate from the constitutional concept of this social (material) guarantee of judges. In this context it needs to be noted that such legal regulation, under which the size of the said social (material) guarantee of the judges would be the same or similar for the judges who received the remuneration of equal or similar amount, but whose duration of work in courts differs considerably, or the size of the said social (material) guarantee would differ considerably for the judges who received the remuneration of equal or similar amount, but whose duration of work in courts differs little, would not be in conformity with the constitutional concept of the social (material) guarantee of judges upon expiry of powers of the judge, inter alia the requirements of Paragraph 2 of Article 109 of the Constitution, as well as the imperatives of justice, proportionality, and reasonableness that stem from the constitutional principle of a state under the rule of law.]
55.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ სადავო კანონი ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) მოსამართლის სტაჟს მისი კომპენსაციის განსაზღვრისას; სადავო ნორმა, კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისას, სახელმწიფო პენსიის 30% ამრავლებს სწორედ მოსამართლის სტაჟის ოდენობაზე. თუმცა, ლიმიტის მსგავსად დაწესებით, სადავო მუხლი უშვებს შესაძლებლობას, არსებითად განსხვავებული სტაჟის მქონე პირებს, ჰქონდეთ არსებითან მსგავსი კომპენსაცია. აღნიშნული, თავის მხრივ, შედეგობრივად, არის ინტენსიური ჩარევა მოსარჩელეს თანასწორობის უფლებაში, მას უვადოდ, განუსაზღვრელი ვადით, უწესდება ლიმიტი მის მიერ მისაღებ კომპენსაციაზე. ეს შეზღუდვა, სწორედ ამ შედეგის შესაბამისად, თავის მხრივ უნდა დაექვემდებაროს მკაცრი ტესტით შეფასებას. ამ პირობებში კი, მოპასუხე ვერ წარმოაჩენს იმ დაუძლეველ ინტერესსს, რომლის საფუძველზედაც გამართლდება მოცემულ მოპყრობას. მიუხედავად ამისა, რაციონალური დიფერენცირების ტესტის გამოყენების შემთხვევაშიდაც, პარლამენტის მიერ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, იმ პირობებში, როდესაც იგი აღიარებს ინფლაციის ფაქტორს და ზრდის სახელმწიფო პენსიის ოდენობას, არაგონივრულია და ძირს უთხრის დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიებს.
ბ) სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე პირი ( 65 წელს ზემოთ ნებისმიერი ასეთი პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება) და მოსარჩელე
56.მოპასუხე შეიძლება დავობდეს, რომ მოსამართლე, როგორც კომპენსაციის მიმღები სუბიექტი, და სახელმწიფო პენსიის მიმღები სუბიექტები არ წარმოადგენენ კომპარატორებს, და შესაბამისად, არ არსებობს მიმართება ამ ორ პირთა წრეს შორის.
57. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა უგულებელყოს ის მოცემულობა, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, არამარტო არსებითად თანასწორი პირების არათანაბრად მოპყრობისას, არამედ, არსებითად არათანასწორი პირების თანასწორი მოპყრობითაცად. მოპყრობა, შესაძლებელია გამოხატულ იქნეს არამარtო სამართლებრივ რეგულირებაში, არამედ სამართლებრივი რეგულირების შედეგითაც; ე.ი. ნეიტრალური შინაარსის არსებობის მიუხედავად, მისი შედეგობრივი ეფექტით.
58. მოცემულ საქმეში, მოსამართლე, არის პირი, რომლის მიმართაც, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველჰყოს იგი ადეკვატური კომპენსაციით და აღნიშნული უფლება გათვალისწინებულია განსხვავებული კანონით, რომელიც თავის მხრივ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის გათვალისწინებით არის შემოსილი. ხოლო, სახელწმიფო პენსიის მიღების უფლების მქონე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, არ არსებობს იმავე ბუნებიდან გამომდინარე ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან (თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ სახელმწიფომ, პენსიის გაზრდის მხრივ უკვე შეიზღუდა თავი მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაბამისად შეიზღუდა შეხედულების ფარგლები).
59.შესაბამისად, შესაძლებელია მსჯელობა იმაზე, რომ სამართლებრივად, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოსამართლე, და სახელწმიფო პენსიის მიღების უფლების მქონე პირი წარმოადგენენ არსებითად არათანასწორ პირებს. თუმცა, სახელმწიფო პენსიის შესახებ განხორციელებული ცვლილებებით, სადავო მუხლმა შეიძინა ის ეფექტი, რომლებიც არსებითაც, შედეგობრივად ათანაბრებს სახელწმიფო პენსიის მიმღებ პირს და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს. როგორც სარჩელში მოყვანილ გრაფებში არის აღნიშნული, შედეგობრივად, მალე დადგება ის მომენტი, როდესაც, სახელმწიფო პენსიის ოდენობა გაუთანაბრდება რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობას. შესაბამისად, ორვიე სუბიექტს წარმოეშვება მსგავსი, იმავე მონეტარული სარგებლის მიღების უფლება.
შესაბამისად, მოსარჩელეს თანასწორობის უფლება ირღვევა იმით, რომ არსებითად არათანაბარ პირობებში მყოფი პირების (სახელწმიფო პენსიის მოთხოვნის უფლების მქონე პირები) შედეგობრივად უთანაბრდებიან მას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა