დავით კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/9/1741 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 19:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: დავით კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1741) მომართა დავით კეკენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1741 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გარდა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტებისა, კომპენსაციის მიმღებ ყველა სხვა პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
5. №1741 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახორციელებდა სამოსამართლეო უფლებამოსილებას და რომ არა სადავო ნორმით დადგენილი წესი, „კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი სახელმწიფო კომპენსაცია საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟის შესაბამისად უნდა გაანგარიშებულიყო.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 31-ე და 63-ე მუხლების ერთობლივი წაკითხვით, მოსამართლეს წარმოეშობა უფლება, სახელმწიფოსაგან მოითხოვოს ადეკვატური სოციალური გარანტიები. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოსამართლე ინიშნება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რა დროის განმავლობაშიც ეზღუდება სარგებლის მომტანი ყველა საქმიანობის (გარდა სამეცნიერო საქმიანობისა) განხორციელების უფლება. შესაბამისად, კომპენსაციის მიზანია, ერთი მხრივ, მოსამართლის მიერ სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურის დაფასება და იმ შეზღუდვების კომპენსირება, რაც თან სდევს პროფესიის განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ემსგავსება სახელშეკრულებო უფლებათა და ვალდებულებათა სუბიექტს, რამდენადაც ის სარგებლობს მოსამართლის მიერ გაწეული სამსახურით და, შესაბამისად, მისთვის (მოსამართლისათვის) კომპენსაციის სათანადო დანიშვნა წარმოადგენს არა კეთილი ნების გამოვლინებას, არამედ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
7. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, რისი გათვალისწინებითაც იზრდება სახელმწიფო პენსიები, 2005 წლიდან უცვლელად რჩება მოსამართლეთა კომპენსაციის ზედა ზღვარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლისა და სახელმწიფოს ურთიერთობა არის გრძელვადიანი, სახელშეკრულებო ხასიათის, მოსარჩელეს ჰქონდა მოლოდინი, რომ შეცვლილი გარემოებები (მაგალითად, გაზრდილი ინფლაცია) გავლენას მოახდენდა კომპენსაციის ზედა ზღვარზეც. ამდენად, მოსარჩელე მიჩნევს, რომ სადავო ნორმით არათანაზომიერად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული მოსამართლის უფლება მიიღოს ღირსეული კომპენსაცია.
8. №1741 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით ასევე ირღვევა სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, რამდენადაც მოსარჩელეს თანასწორ მდგომარეობაში აყენებს არსებითად არათანასწორ პირებთან შედარებით. კერძოდ, შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი ვადით მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება და სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც აქვთ არსებითად ნაკლები სტაჟი. ამასთანავე, მოსარჩელე, სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში, გამოყოფს კიდევ ერთ შესადარებელ კატეგორიას – კერძოდ, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასაკით სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე პირებს.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა მოსამართლისათვის, მიუხედავად მათი სამუშაო სტაჟისა, კომპენსაციის ერთნაირ მაქსიმალურ ოდენობას (560 ლარი) განსაზღვრავს, რაც წარმოადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას და, შესაბამისად, შეზღუდვა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის გამოყენებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოსამართლე და სახელმწიფო პენსიის მიმღები სუბიექტები წარმოადგენენ არსებითად არათანასწორ პირებს. თუმცა, სახელმწიფო პენსიის ზრდის პოლიტიკის გათვალისწინებით, მომავალში ის გაუთანაბრდება რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობას და, შესაბამისად, ორივე სუბიექტს წარმოეშობა მსგავსი მონეტარული სარგებლის მიღების უფლება. ამდენად, შესაძლო ნეიტრალური შინაარსის მიუხედავად, სადავო ნორმა, შედეგობრივი ეფექტით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს შესადარებელ პირებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების სასამართლოების პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1741 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესებს სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის ზედა ზღვარს, 560 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, რამდენადაც, ერთი მხრივ, ფიქსირებული ზედა ზღვრის დაწესებით გამორიცხავს იმაზე მეტი ოდენობის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, რაც კანონის სხვა ნორმითაა დადგენილი, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს სახელმწიფო კომპენსაციის/სტიპენდიის ოდენობის ცვლილების შესაძლებლობას, სახელმწიფოში ინფლაციის დონის გათვალისწინებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ზოგადად, საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, თავად ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ფარგლები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინება საქმეზე „მოსარჩელეები – ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). იმავდროულად, ბუნებრივია, სახელმწიფო უფლებამოსილია, გარკვეულ პირთა ჯგუფს იმაზე მაღალ ეკონომიკურ სარგებელზე წვდომის შესაძლებლობა მიანიჭოს, ვიდრე ეს საკუთრების კონსტიტუციური უფლებით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა სახის სამართლებრივი უფლება თუ ინტერესი, რომელსაც ეკონომიკური ბუნება გააჩნია, თუმცა მათი დაწესების ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან არ გამომდინარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რიგ შემთხვევებში, საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს გარეთ, კანონით დადგენილი სარგებლის მიღება შესაძლებელია იქცეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ ინტერესად, თუკი არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი მის მიღებასთან დაკავშირებით. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსამართლისათვის დანიშნული პენსია შესაძლოა, წარმოადგენდეს მნიშვნელოვანი სამსახურის სანაცვლოდ შექმნილ მყარ სოციალურ გარანტიას. თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დავობს საკუთრების უფლებით დაცული კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის არსებობაზე, აუცილებელია, დაადასტუროს, რომ მას კანონმდებლობის საფუძველზე გარანტირებული ჰქონდა კონკრეტული მატერიალური სარგებლის მიღების უფლება, რომლის რეალიზებაც არ მოხერხდა ან არასრულფასოვნად განხორციელდა სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის ოდენობაზე ზედა ზღვრის დაწესებით. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა, რომელიც ადგენს კომპენსაციის ზედა ზღვარს, ძალაშია ამავე კანონის ამოქმედების მომენტიდან – 2006 წლის პირველი იანვრიდან. №1741 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი, რაც უგულებელყოფილი იქნა სადავო ნორმის შემოღებით. ამასთან, კომპენსაციის გაანგარიშების წესი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისათვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობა სცდება 560 ლარს, მისი მოქმედების ნებისმიერ მომენტში პირობადებული იყო სადავო ნორმით დაწესებული ზედა ზღვრის არსებობით. ამდენად, დროის რომელიმე მონაკვეთში, სადავო ნორმის საფუძველზე, არ მომხდარა მოსარჩელისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის შემცირება და კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფა, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება, რომ სახელმწიფომ ხსენებული სპეციალური სოციალური გარანტიების შექმნისას, იმავდროულად, იკისრა ტვირთი გაეზარდა ან შეემცირებინა კომპენსაცია სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ასეთ პირობებში, კომპენსაციის მიმღებისათვის მოსალოდნელი და ლოგიკურია, რომ შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელმა, ისევე როგორც დადებითმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა არსებითი გავლენა მოახდინოს, გააუმჯობესოს ან გააუარესოს წინასწარ დადგენილი კომპენსაციის – ყოველთვიური ფულადი თანხის მსყიდველუნარიანობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ლეგიტიმური მოლოდინი თავიდანვე შემოიფარგლებოდა კონკრეტული ოდენობის ფულადი თანხით და არ გულისხმობდა მისი ეკონომიკური განვითარების პროპორციულ ცვალებადობას. უფრო მეტიც, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის არც თავდაპირველი რედაქცია და არც შემდგომში, მასში განხორციელებული რომელიმე ცვლილებით არ მომხდარა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იმაზე მითითება, რომ, სადავო ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნებოდა მიღებული ფულის მსყიდველუნარიანობის ფაქტორი. შესაბამისად, ამ მხრივაც, სადავო ნორმა მთელი თავისი მოქმედების ნებისმიერ მომენტში პირობადებული იყო სადავო ნორმით დაწესებული ზედა ზღვრის არსებობით და არაფერი მიუთითებს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იმგვარი ქმედების განხორციელებაზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს საკუთარი კომპენსაციის დაანგარიშების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინების ლეგიტიმურ მოლოდინს შეუქმნიდა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე არც იმას ასაბუთებს, რომ ინფლაციის ხარისხის გათვალისწინებით მისი კომპენსაცია იმგვარად შემცირდა, რომ შექმნილი ვითარება, ფაქტობრივად, კანონით დადგენილი ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფას გაუთანაბრდა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1741 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, ხსენებული ნორმა საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს მოსამართლის სამუშაო სტაჟს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისად, კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არ არის არსებითად თანასწორი იმ პირებისა, რომლებიც 25 წელზე ნაკლები ვადით იყვნენ განწესებული მოსამართლის თანამდებობაზე.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. პირთა არსებითად თანასწორობის/უთანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია, თავისი არსით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის, რათა მან მიუკერძოებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს საქმიანობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ჯეროვანი განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფინანსური გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობების შექმნას როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, აგრეთვე, მოსამართლის უფლებამოსილების თავისებურებების გათვალისწინებით, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზანი, ინტერესი წარმოდგება პირის მოსამართლედ ყოფნის ფაქტიდან გამომდინარე. მოსამართლის დამოუკიდებლობის უაღრესად მაღალი ინტერესი არსებობს მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ პერიოდში. ამდენად, სამოსამართლო უფლებამოსილების სხვადასხვა ვადით განხორციელების შემთხვევაშიც, სახეზეა ის მიზნები, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაციის ინსტიტუტი ემსახურება (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
11. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინარე პრაქტიკით განმარტა, რომ კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის, არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ სხვადასხვა სამუშაო სტაჟის მქონე პირველი, მეორე და უზენაესი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №2/12/1266 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ მოსამართლეთა განსხვავებულ სამუშაო გამოცდილებაზე მითითება ვერ გამოდგება შესადარებელი სუბიექტების არსებითად უთანასწორობის სამტკიცებელ არგუმენტად. შესაბამისად, განსხვავებული სტაჟის მქონე მოსამართლეთათვის თანაბარი ოდენობის კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს თანაბარ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირების მიმართ.
13. გარდა ამისა, №1741 კონსტიტუციური სარჩელით ასევე მიჩნეულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე თანაბარი მოპყრობა ხორციელდება არსებითად არათანასწორ – სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს შორის.
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა ადგენს არსებითად არათანასწორი პირების მიმართ ერთნაირ მოპყრობას. როგორც უკვე აღინიშნა, ერთი მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური გარანტიების შემოღება, მათ შორის, უკავშირდება გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურში დასაქმების წახალისებას, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასებას, ქვეყნისა და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას შეწირული სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ნაწილობრივ და სიმბოლურ კომპენსირებას და ასე შემდგომ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული კატეგორიებისათვის და სპეციალური საფუძვლებით. აღნიშნული სოციალური გარანტიის – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სუბიექტები, მათ შორის, არიან საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებსაც დაუმთავრდათ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა. იმავდროულად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის მიზანია ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიისგან განსხვავებით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გაანგარიშების წესისა და პირობების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მისაღები კომპენსაციის ოდენობა წინასწარ არის დადგენილი. იმავდროულად, მოსარჩელის მიერ მისაღები სადავო კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა, დღეის მდგომარეობითაც, მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ სოციალურ პენსიას.
15. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, სახელმწიფო პენსიის მიმღები პირებისაგან განსხვავებით, სარგებლობს უკეთესი სოციალური დაცვის გარანტიებით. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, არათუ არა ხდება მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი პირების თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, არამედ, აღნიშნულის საპირისპიროდ, ის წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას საერთო სასამართლოთა მოსამართლეების, მათ შორის, მოსარჩელისათვის, რის საფუძველზეც იღებს სახელმწიფო პენსიის მეტი მოცულობის კომპენსაციას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1741 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1741 კონსტიტუციური სარჩელი („დავით კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე