გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1426 |
ავტორ(ებ)ი | გურამ აბულაძე, მიქაელ აბულაძე |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი 1.13 (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი: ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი 1.13 (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი: ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი |
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი 1.13 (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი: „ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 50 ბავშვისა ქ. თბილისში, არაუმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არაუმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. | კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი |
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი 1.13 (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი: „ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 50 ბავშვისა ქ. თბილისში, არაუმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არაუმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.“ | კონსტიტუციის მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
მოსარჩელეები გურამ და მიქაელ აბულაძები არიან ძმები. გურამ აბულაძე დაიბადა 1989 წლის 27 ივლისს (იხილეთ სარჩელზე თანდართული მოსარჩელის პირადობის მოწმობა). მიქაელ აბულაძე დაიბადა 2004 წლის 22 ოქტომბერს (იხილეთ სარჩელზე თანდართული მისი დაბადების მოწმობის ასლი). ს/ს აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ნევროლოგიური კლინიკის 2007 წლის 25 ივლისის სტაციონალური ბარათი #5521-დან ამონაწერით ირკვევა, რომ გურამ აბულაძის დიაგნოზს წარმოადგენს სპინალური ატროფია. სარჩელს ასევე ერთვის შპს ბ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, ასევე თბილისის #3 საოჯახო მედ ცენტრის სსე აქტის #0155540 ამონაწერის ასლი. ორივე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის დიაგნოზია ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფია. სამედიცინო ხასიათის ინტერნეტ რესურსებში (https://ghr.nlm.nih.gov/condition/spinal-muscular-atrophy) სპინალურ კუნთოვანი ატროფია წარმოადგენს გენეტიკურ დაავადებას. ამავე ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ვერდინგ-ჰოფმანის სპინალურ კუნთოვან ატროფია ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული სახეა. ამ დაავადების შემთხვევაში კუნთების სისუსტე ვითარდება ადრეულ ეტაპზე დაბადებისთანავე ან პირველ თვეებში. ბავშვს არ შეუძლია აკონტროლოს თავის მოძრაობა ან დახმარების გარეშე ვერ ჯდება. ამ დროს ბავშვს აქვს საჭმლის ყლაპვის პრობლემები. რესპირატორული კუნთების სისუსტის გამო ბავშვს ასევე აქვს სუნთქვის პრობლემები.
ს/ს აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ნევროლოგიური კლინიკის 2007 წლის 25 ივლისის სტაციონალურ ბარათ #5521-ში აღნიშნულია: „ავადმყოფი (გურამ აბულაძე) გასინჯულია ბინაზე. როგორც ირკვევა ანამნეზიდან და წარმოდგენილი სამედიცინო საბუთებიდან, 6 თვის ასაკიდან გამოვლინდა მოტოროლური განვითარების უხეში შეფერხება. თუმცა დაბადებიდან შესამჩნევი იყო „დუნე ბავშვის“ სინდრომი. 1 წლის და 7 თვის ასაკში კონსულტირებული იქნა ქალაქ მოსკოვის ნევროლოგიურ კლინიკაში, სადაც დასვეს სპინალური ატროფიის სინდრომი. დაავადება შედარებით ნელა პროგრესირებდა ... ავადმყოფი არასოდეს დადიოდა. ავადმყოფი თავს ვერ უვლიდა, ყოველთვის იყო და რჩება დამოკიდებული მშობლებზე. ოჯახში მეორე შვილსაც, 2 წლის და 5 თვის ვაჟსაც იგივე დაავადება აქვს, ვერ დადის. ავადმყოფი (გურამ აბულაძე) მიჯაჭვულია ეტლს, დეფორმაციებით. გურამ აბულაძე არანაირ მოძრაობას (სხეულის, კიდურების) ვერ ასრულებს. გარდა მარცხენა მტევნის ერთი თითისა. მარჯვენა მტევანის ორი თითისა, სადაც მოძრაობა შენარჩუნებულია...“
სარჩელს თან ერთვის 2007 წლის 27 თებერვალს გაცემული ფორმა #IV-504, რითაც გურამ აბულაძეს დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა უვადოდ.
ამგვარად, გურამ და მიქაელ აბულაძეებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, ტანსაცმლის გამოცვლა. 2016 წელს მოსარჩელეებს გარდაეცვალათ მამა, მიხეილ აბულაძე, რის შედეგადაც ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სავარძელს მიჯაჭვული შვილი სახლიდან გამოიყვანოს, არის დედა, ქეთევან ჯინჭარაძე. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ქალაქ თბილსში გლდანის მასივში, მე-8 მიკრო რაიონში პირველ კორპუსში მეოთხე სართულზე ბინა #53-ში, რაც საბჭოთა პერიოდში აიგო. აღნიშნული შენობა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან. შეუძლებელია შენობის იმგვარი გადაკეთება, რომ მისით უსაფრთხოდ ისარგებლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. კორპუსს, მართალია, ემსახურებოდა ლიფტი, მაგრამ ეს უკანასკნელი არის ვიწრო და მასში ვერ ეტევა მოსარჩელეთა ეტლები. ერთადერთი საშუალება, იმისათვის რომ ძმებმა აბულაძეებმა დატოვონ კორპუსის მეოთხე სართული და დაბრუნდნენ უკან, არის კიბეები. ამისათვის აუცილებელია მოსარჩელეების, ეტლთან ერთად, ხელში აყვანა და კიბეებით მათი ქვემოთ ჩამოყვანა, ასევე ასეთი გზით მათი უკან, კორპუსის მეოთხე სართულზე, დაბრუნება. მამის სიცოცხლეში ამ სირთულეს მეტნაკლებად უმკლავდებოდა ოჯახი. 2016 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთ ადამიანის, დედისათვის შეუძლებელია ყოველდღიურად ორი ბიჭის, ერთდროულად კორპუსის მეოთხე სართულიდან ხელით ქვემოთ ჩამოყვანა და ამ გზით უკან დაბრუნება.
გურამ აბულაძე, ნახევარ განაკვეთზე მუშაობს სხვადასხვა ადგილას: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და საერთაშორისო აკადემია „სტეპის“ ქართული ფილიალის ციფრულ მარკეტინგში. სამსახურში მისასვლელად აუცილებელია გურამ აბულაძემ დატოვოს საცხოვრებელი კორპუსი. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ გურამ აბულაძე მეოთხე სართულზე უნდა აიყვანონ. გურამ აბულაძის ქვემოთ ჩაყვანა და ქვემოდან ზემოთ ამოყვანა მთლიანად დამოკიდებული ხდება იმ დროს კორპუსის სადარბაზოში შემთხვევით მოხვედრილ გულისხმიერ მეზობლებზე. ამ ბარიერის გამო 14 წლის მიქაელ აბულაძე განათლებას იღებს სახლში და არა სკოლაში. იმის გამო, რომ შენობის ადაპტირება არის შეუძლებელი, ძმებს ან თუნდაც ერთ-ერთ მათგანს ესაჭიროებათ დამხმარე, რომელიც უზრუნველყოფს მათ მეოთხე სართულიდან ჩამოყვანას და უკან დაბრუნებას, ასევე დაეხმარება ტანსაცმლის გამოცვლაში.
სახელმწიფოს ხარჯზე დამხმარის მომსახურების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 24 ივლისს მოსარჩელეებმა მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტს. ამ დეპარტამენტის საპასუხო წერილში (იხილეთ დანართის სახით) აღნიშნულია: „დეპარტამენტის კომპეტენციის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის პროგრამა,“ რომლის ამოცანაა 7-დან 18 წლამდე ასაკის იმ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.“
ქეთევან ჯინჭარაძემ 2019 წლის 8 აპრილს #04/19267 წერილი მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (იხილეთ დანართის სახით). ეს წერილი იყო ქეთევან ჯინჭარაძის იმ განცხადებაზე პასუხი, რომლითაც ის ამტკიცებდა, რომ მისი შვილი, მიქაელ აბულაძე იყო ღრმა და მძიმე ფიზიკური ჩამორჩენის მქონე ბავშვი და „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ითხოვდა მისთვის ბინაზე დახმარების დანიშვნას. სადავო ნორმაზე დაყრდნობით სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა ქეთევან ჯინჭარაძეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია: „თქვენი განაცხადის (27.02.19,27959) პასუხად გაცნობებთ, რომ „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 დეკემბრის #684 დადგენილების შესაბამისად, „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შემდეგი დიაგნოზის მქონე პირი:
„სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).“
ვინაიდან მიქაელ აბულაძის დიაგნოზი - ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფია, არ არის იმ დაავადებათა ნუსხაში, რაც განსაზღვრულია 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით, სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელე მიქაელ აბულაძეს უარი უთხრეს ბინაზე მომვლელის მომსახურებაზე.
იმის გამო რომ მომჩივანები არ წარმოადგენენ განვითარების ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე ბავშვებს, სადავო ნორმების საფუძველზე მომჩივნებს სახელმწიფომ უარი უთხრა დამხმარის ბინაზე მომსახურებაზე.
ამგვარად, სადავო ნორმებმა მოსარჩელეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენეს მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე ბავშვებთან მიმართებაში. შესაბამისად, მომჩივანები უფლებამოსილნი არიან იდავონ სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მეოთხე მუხლთან მიმართებაში.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლიც გამოცემული იქნა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. კანონქვემდებარე აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კოდი 27 02 03 გასწვრივ მე-6 ჰორიზონტალურ გრაფაში 2019 წელს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის დაფინანსება არის 35,890.0 ლარი. ამავე კანონის მე-15 მუხლის 1.1.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის (პროგრამული კოდი 27 02 03) ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია; „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის აღნიშნული ნორმა საუბრობს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაზე თვეში 378 ლარიდან 480 ლარამდე, თუმცა ბიუჯეტის კანონი არაფერს ამბობს ამ კატეგორიის ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის დაფინანსების თაობაზე.
ამგვარად, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბინაზე მოვლის უფლება ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებზე და არ ვრცელდება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მათ შორის, ბავშვებზე, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაადგილება და თავის მოვლა, დავის საგანსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - საქართველოს მთავრობის №684 დადაგენილება უნდა წარმოადგენდეს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.განსხვავებული მოპყრობა და დიფერენცირების ნიშანი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმე №1/1/493 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მეორე თავის პირველ პუნქტში განაცხადა: „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით.
არიან თუ არა პირები არსებითად თანასწორები, ამას მომდევნო თავში განვიხილავთ, ამ ეტაპზე უნდა გავარკვიოთ, ადგენს თუ არა სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ ჯგუფებს შორის და ვინ არიან შესადარებელი ჯგუფები.
მთავრობის #684-ე დადგენილების დანართი #1 მეორე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო უფინანსებს ბინაზე მოვლას მხოლოდ მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი #1.13-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).
აღნიშნული №62/ნ ბრძანების დანართი #1 მე-17 მუხლი ჩამოთვლის იმ დაავადებების ნუსხას, რისთვისაც აუცილებელია სხვა პირის მუდმივი მეთვალყურეობა. ამ დაავადებებს შორის არ გვხვდება სპინალური ატროფია, მათ შორის ამ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა. მოსარჩელე გურამ აბულაძის შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის ფორმა #IV-504-ში აღნიშნულია: „მკვეთრად გამოხატული დუნე ტეტრაპარეზი.“ ამგვარად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მინიმუმ ზომიერად გამოხატული ტეტრაპარეზის დიაგნოზი. გურამ აბულაძეს აქვს არა ზომიერად, არამედ უფრო მძიმე, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი.“
ამგვარად, სადავო ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან გამოყოფს მხოლოდ განსაზღვრული დაავადების მატარებელ მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს და მხოლოდ მათთვის ითვალისწინებენ ბინაზე მოვლის შესაძლებლობას. სხვა დაავადების მქონე პირები, მათ შორის ბავშვები, რომლებსაც ფიზიკური განვითარება მძიმედ და ღრმად აქვთ შეფერხებული, ბინაზე მოვლის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
მთავრობის #684-ე დადგენილების 1.13 დანართის პირველი მუხლის თანახმად, ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით. ამავე დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის ... და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი მოიცავს მომსახურების მიწოდებას ბინაზე; ასევე ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ბინაზე მომვლელის მომსახურებას სულ – თვეში არანაკლებ 44 საათისა. მთავრობის #684-ე დადგენილების 1.13 დანართის მე-2 პუნქტის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის თანახმად, მომვლელის ფუნქციას წარმოადგენს ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; ასევე „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომვლელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბინაზე მოვლის შესაძლებლობით სარგებლობენ მხოლოდ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე ბავშვები, მაგრამ ვერ სარგებლობენ სხვა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და სრულწლოვანი პირები, რომლებსაც ასევე ესაჭიროებათ მომვლელი, კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში, ასევე გარეთ გადაადგილებისათვის. დიფერენცირება ხდება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ანუ იმის მიხედვით, თუ რა დაავადების ან პათოლოგიის გამო აქვს ადამიანს შესაძლებლობა შეზღუდული. იქნება ეს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული დაავადება, ამ დაავადებების მატარებელ პირს ენიშნება ბინაზე მომსახურება. თუკი სახეზეა დაავადება, რაც გამორიცხავს ადამიანის მიერ ხელის ან ფეხის გამოყენებას, გადაადგილებას, ჭამას, კარების გაღებას ან სხვა ქმედებას, მას მზრუნველი არ ენიშნება. ამგვარად, მომვლელის დანიშვნა დაკავშირებულია დაავადებასთან, რაც კონკრეტული უნარის შეზღუდვას იწვევს. მთავრობა მომვლელის დასანიშნად იყენებს სამედიცინო მოდელს ანუ მომვლელის დანიშვნას უკავშირებს კონკრეტულ სამედიცინო დიაგნოზს. სადავო ნორმით, მთავრობამ უარი თქვა, გამოეყენებინა სოციალური მოდელი, როცა შშმ პირისათვის მომვლელის დანიშვნა დამოკიდებულია არა სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ საჭიროებაზე.
ამგვარად, სახეზეა დიფერენცირება, ერთი მხრივ, მძიმე და ღრმა განვითარების ჩამორჩენის, ცალკეული დაავადებების მატარებელ არასრულწლოვანებსა და, მეორე მხრივ, სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, რომელსაც ასევე ესაჭიროებათ ბინაზე მომვლელის დახმარება. ეს დიფერენცირება ეფუძნება შეზღუდულ შესაძლებლობებს. შემდეგ თავში უნდა დავადგინოთ, რამდენად არიან არსებითად თანასწორი ეს ორი შესადარებელი ჯგუფი.
2) შესადარებელი ჯგუფების არსებითი თანასწორობა
„მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.“ ეს განმარტება ემთხვევა გაეროს შეზღუდული უფლებების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (საქართველოსათვის ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) შშმ პირის დეფინიციას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ზომები, რომელიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება: „a. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს.”
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბინაზე, ინსტიტუციური და სხვა სახის საზოგადოებრივი დამხმარე მომსახურების მისაწვდომობას, ინდივიდუალური დახმარების ჩათვლით, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის, საზოგადოებისაგან იზოლაციისა და სეგრეგაციის პრევენციისათვის.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა #5 ზოგადი კომენტარი, რომლის მე-20 პუნქტში აღნიშნულია: კონვენციის მე-19 მუხლი პირდაპირ ეხება ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.[1] აღნიშნული ზოგადი კომენტარის 71-ე პუნქტში ასევე აღნიშნულია: დამოუკიდებლად ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებით სარგებლობისას იკრძალება დისკრიმინაცია (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-5 მუხლი). სახელმწიფოებს აქვთ უფლება, დაადგინონ მოთხოვნები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ბენეფიციარმა დახმარების მისაღებად, ასევე სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ სათანადო პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელი იქნება დამხმარის მომსახურების მისაღებად. ეს კრიტერიუმები და პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული, ობიექტური და უფრო მეტად ფოკუსირებული ადამიანის საჭიროებებზე, ვიდრე დაავადებაზე.[2]“
ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს დამხმარის მომსახურების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ უფლებით სარგებლობა არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანს გარემოსთან ურთიერთქმედებაში ხელს რა დაავადება უშლის. ყველა შშმ პირს აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საცხოვრებელ სახლსა და სკოლაზე. ისევე როგორც გარკვეული დიაგნოზის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეს სახლიდან გასვლის და შინ დაბრუნების პრობლემა და ამისათვის საჭიროებენ დამხმარეს, სახლიდან გასვლის და უკან დაბრუნების ფიზიკურ ბარიერს აწყდებიან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის არმქონე პირებიც, რომლებსაც მთავრობის №62/ნ ბრძანებით დადგენილი დიაგნოზი არა აქვთ დასმული. როგორც ცალკეული ღრმა და მძიმე შეფერხების მქონე ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმლის გამოცვლაში, პირადი ჰიგიენის დაცვაში დახმარება, ისეთივე საჭიროება გააჩნიათ სხვაგვარი დიაგნოზის მატარებელ, იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, რომლებიც ვერ იყენებენ ხელის თითებს ამ მოქმედების განსახორციელებლად. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აშკარა და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს აქვთ იმის ინტერესი, რომ დამხმარის მეშვეობით ისარგებლონ მათი საცხოვრებელი სახლით, ასეთივე ინტერესი აქვს სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაც, როგორც სრულწლოვანს, ისე არასრულწლოვანს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის ზოგადი კომენტარის მიუხედავად, სადავო ნორმებით ბინაზე მოვლის მომსახურება მიბმულია პათოლოგიასთან - ბავშვის ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებულ ცალკეულ დაავადებებთან და არა ადამიანის საჭიროებასთან. ამიტომ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით შედარებადი სუბიექტები - აშკარა და ღრმა განვითარების ჩამორჩენის მქონე პირები და სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან არსებითად თანასწორნი დამხმარე მომსახურების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში.
მთავრობის #684-ე დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არაუმეტეს 50 ბავშვისა ქ. თბილისში, არაუმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არაუმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს შესაბამის მიმწოდებელს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას.“ ამგვარად, ქვეპროგრამით მოსარგებლედ გახდომისათვის საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
1) ბენეფიციარი უნდა იყოს არასრულწლოვანი 7-დან 18 წლამდე;
2) ცხოვრობდეს თბილისში, ზუგდიდსა და თელავში;
3) უნდა ჰქონდეს იმგვარი ფუნქციური დარღვევა, რაც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა დარღვევას.
4) არ უნდა სწავლობდნენ სკოლაში
ამ ოთხი მოთხოვნიდან გურამ აბულაძე აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ცხოვრობს თბილისში. შესაბამისად, ასაკთან დაკავშირებულ ნორმაზე სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს გურამ აბულაძე. რაც შეეხება მიქაელ აბულაძეს, ის აკმაყოფილებს სამ მოთხოვნას - არის 7-დან 18 წლამდე (14 წლის), ცხოვრობს თბილისში, განათლებას იღებს სახლში და არა სკოლაში ან დღის ცენტრში. რასაც მიქაელ აბულაძე ვერ აკმაყოფილებს, არის ის, რომ არა აქვს სადავო ნორმით გათვალისწინებული მძიმე და ღრმა ფუნქციური დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები.
ამ სარჩელის ფარგლებში გურამ აბულაძე ასაჩივრებს ორ ნორმას: პირველი, სადავო ნორმის იმ ნაწილს, რაც ეხება შინ მოვლის ქვეპროგრამის ბენეფიციარების ასაკს -7-დან 18 წლამდე (№684 დადაგენილების დანართი 1.13-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი); ასევე ნორმას, რომელიც ზღუდავს დაავადებების ნუსხას, რომელთა დიაგნოზირების შემთხვევაში პირს შეუძლია, მოითხოვოს მომვლელის დანიშვნა (№684 დადაგენილების დანართი 1.13-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე ის ფაქტი, რომ ეს ქვეპროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ თბილისის, ზუგდიდის და თელავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ პირებზე, არ წარმოადგენს დავის საგანს. გურამ აბულაძის პოზიცია არის ის, რომ შინ მოვლის მომსახურების მიღების ინტერესი შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი დაავადების მატარებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება და პირადი ჰიგიენის ნორმების დამოუკიდებლად დაცვა.
მიქაელ აბულაძე ასაჩივრებს მხოლოდ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №684 დადაგენილების დანართი 1.13 (განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, მთლიანად და არა მის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს. ამ ნორმის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შინ მოვლის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე შშმ ბავშვები. ის შშმ ბავშვები, რომელთა დიაგნოზიც არ ხვდება მითითებულ ნორმაში, ვერ სარგებლობენ შინ მოვლის მომსახურებით. მიქაელ აბულაძის მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შშმ ბავშვებს შესაძლოა ერთნაირი ინტერესი გააჩნდეთ შინ მოვლის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, თუ რა დიაგნოზი აქვთ მათ დასმული. შინ მოვლის მომსახურების დანიშვნა უნდა ეფუძნებოდეს არა შშმ პირის სამედიცინო დიაგნოზს, არამედ შშმ პირის საჭიროებას. მიქაელ აბულაძეს გააჩნია ბინაზე მოვლის ისეთივე საჭიროება, როგორც მის იმ თანატოლებს, რომელთაც გააჩნია სადავო ნორმით გათვალისწინებული დიაგნოზი. ამიტომ მიქაელ აბულაძე არის მათთან არსებითად თანასწორი.
3) შეფასების ტესტი
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაში, საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მეორე თავის მე-17 პუნქტში განაცხადა: „თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს” თუკი დიფერენცირება არ ხდება კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული ნიშნის საფუძველზე ან არ არის მაღალი ინტენსივობის, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს რაციონალური კავშირის ტესტი.
მოსარჩელე თავდაპირველად წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით არის თუ არა დიფერენცირება ინტენსიური, იმის გამო, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეს სკეპტიკური პოზიცია გააჩნია, ხოლო შემდეგ ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ხდება დიფერენცირება კლასიკური, კონსტიტუციაში გათვალისწინებული ნიშნის მიხედვით.
დიფერენცირების ინტენსიურობის შეფასებისას გამოდგება საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეზე გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. აღნიშნული საქმე ეხებოდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებულ შეღავათებს, რაც არ ვრცელდებოდა უცხოელებზე. კერძოდ გადაწყვეტილების მე-2 თავის 22-ე პუნქტში აღნიშნულია: „დიფერენცირების ინტენსივობის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს სამართლებრივი ურთიერთობების სივრცე, რომელშიც ხორციელდება დიფერენცირება. დასახელებული სოციალური შეღავათები მიემართება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. კერძოდ, შეღავათები ვრცელდება პენსიისა და სოციალური დაცვის, განათლების, პროფესიულ და საგადასახადო სფეროში. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამდენად მკვეთრად აშორებს სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს საზოგადოებრივი ურთიერთობის დასახელებულ სეგმენტში მონაწილეობისას. სადავო ნორმები აწესებს გარკვეულ შეღავათებს საქართველოს მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ურთიერთობის დასახელებულ სეგმენტში იმგვარად, რომ ხელს უწყობს ბენეფიციარების ყოფის გაუმჯობესებას კონკრეტულ სფეროებში ფინანსური ხელშეწყობის გზით. ამავდროულად, აღნიშნულ ურთიერთობებში ასევე მონაწილეობენ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები - მათ აქვთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებში, სპორტისა და სამედიცინო სფეროში, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მიიღონ სახელმწიფო პენსია თუ სოციალური შეღავათები, ასევე ვაუჩერი სწავლის დასაფინანსებლად. საქართველოს მოქალაქეთა იდენტურია მათი საგადასახადო ტვირთიც. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეღავათები ერთმანეთისგან საქართველოს მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ ნაწილობრივ აშორებს დასახელებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობისას.“ ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ინტენსივობის დაბალი ხარისხი.
ვარდერესიანის საქმიდან შეიძლება ისეთი დასკვნა გავაკეთოთ, რომ დიფერენცირების ინტენსივობის მაღალი ხარისხი განისაზღვრება არა კონკრეტულ შეღავათთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობით, არამედ კონკრეტულ სფეროს თუ სეგმენტში მოქმედ ყველა შეღავათთან მიმართებაში ერთად აღებული. ამ საქმიდან გამომდინარე, ინტენსივობა მაღალი იქნება თუ კონკრეტულ სფეროში ადამიანი არანაირი შეღავათით არ სარგებლობს ან ამ სფეროში არსებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობიდან არის გამორიცხული.
სადავო ნორმა ეხება ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას (№684 დადგენილების #1.13 დანართის პირველი მუხლი). ამგვარად. დიფერენცირება მიემართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის სფეროს. ვარდერესიანის საქმე გვასწავლის, რომ დიფერენცირების ინტენსივობის შეფასებისას, აუცილებელია იმის დადგენა, აქვს თუ არა რაიმე ტიპის სხვა შეღავათი დიფერენცირების შედეგად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ მოსარჩელეებს შშმ პირების სოციალური დაცვის სფეროში?
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით, მათ შორის, უზრუნველყოფენ ავტომობილებით, სავარძელ-ეტლებით, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ეხება მოსარჩელესაც, რომლის მიხედვით, ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შრომითი საქმიანობის პერიოდში უნარჩუნდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის შესაბამისი სტატუსით მინიჭებული პენსია.
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის №279 მე-5 მუხლის „ა.კ“ ქვეპუნქტის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ სოციალური პაკეტი 200 ლარის ოდენობით. ეს შეღავათი ვრცელდება მოსარჩელეებზეც.
თავად №684 დადგენილებაც ითვალისწინებს, მოსარჩელეების მსგავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ისეთ მომსახურებას, როგორიცაა სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფას, დასაქმებას, სათემო მომსახურებით უზრუნველყოფას, შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტს. ეს სოციალური პროგრამები დიფერენცირების ინტენსივობის ხარისხს ამცირებენ ღრმა და მძიმე განვითარების მქონე ბავშვებსა და სხვა სრულწლოვან და არასრულწლოვან შშმ პირებს შორის, რომელსაც ბინაზე მოვლა ესაჭიროებათ.
ვარდერესიანის საქმეში გამოყენებული სტანდარტიდან გამომდინარე, ამ საქმეში დიფერენცირების ინტენსივობის მაღალი ხარისხის მტკიცება შეუძლებელია. ამიტომ შეფასების მკაცრი ტესტის გამოსაყენებლად უნდა დავადგინოთ, რამდენად ხდება დიფერენცირება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ მუხლში პირდაპირ მოხსენიებული კლასიკური ნიშნის მიხედვით.
საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიკუთვნებული ჯგუფის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ნიშნის იდენტიფიცირების გამოცდილება. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ, ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორი ჯგუფის - ფსიქიკური აშლილობის და ინტელექტუალური ჩამორჩენის მქონე პირებისათვის ქმედუნარიანობის ბლანკეტურ ჩამორთმევას, რითაც ეს ორი ჯგუფი არათანაბარ მდგომარეობაში დგებოდა დანარჩენ სრულწლოვან პირებთან, რომლებსაც მენტალური შესაძლებლობები არ ჰქონდა შეზღუდული (გადაწყვეტილების მე-100 პუნქტი). მოსარჩელე ამ საქმეში აპელირებდა იმაზე, რომ დიფერენცირება ხდებოდა ორი ნიშნით: შეზღუდული შესაძლებლობის და სოციალური კუთვნილების ნიშნით (111-ე და 113-ე პუნქტები). საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა განსხვავებული მოპყრობა სოციალური კუთვნილების ნიშნით (114-ე პუნქტით), შემდეგი გარემოების გამო:
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად, პირობითად, შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება: 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პიროვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცევების ან/და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემთხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება (თვისებები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება.“ (ირაკლი ქემოკლიძის და დავით ხარაძის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 113-ე პუნქტი).
ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფიის მატარებელ პირებს ახასიათებს ის საერთო თვისება, რომ არა აქვთ სათანადოდ განვითარებული ფეხისა და ხელის კუნთები, ვერ აკონტროლებენ თავის მოძრაობას, მიჯაჭვულნი არიან ეტლს, უჭირთ ყბის მოძრაობა და საჭმლის ყლაპვა, ამოხველება. ეს მდგომაროება გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პათოლოგია არის უვადო, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა არ არის ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფიის მატარებელ პირებზე დამოკიდებული, ამ დიაგნოზის მატარებელი პირები აკმაყოფილებენ ქემოკლიძის საქმეში სოციალური ჯგუფისათვის წაყენებულ პირველ მოთხოვნას. ცუდი კვების გამო, რაც გამოწვეულია ყბის გამოყენების სისუსტით, ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფიის მატარებელი პირებს უყალიბდებათ სხვებისაგან განსხვავებული გარეგნობა. გარშემო მყოფი პირებისათვის ისინი ადვილად იდენტიფიცირებადი არიან არა მხოლოდ სავარძლის გამოყენების, არამედ გარეგნობის გამოც. ამის გამო ვერინგ-ჰოფმანის სპინალური ატროფიის მატარებელი პირები აკმაყოფილებენ ქემოკლიძის საქმეში სოციალური ჯგუფისათვის დადგენილ მეორე კრიტერიუმსაც.
ამგვარად, სადავო ნორმით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული მოსარჩელეები აკმაყოფილებენ სოციალური კუთვნილების ნიშნისათვის წაყენებულ მოთხოვნას: აქვთ ისეთი ნიშანი, რასაც სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ შეიცვლიან და მათთვის დამახასიათებელია, დანარჩენი საზოგადოებისაგან განსხვავებული ბუნება, გარეშე პირებს შეუძლიათ მათი მიკუთვნება კონკრეტული სოციალური ჯგუფისათვის.
ადამიანებს, რომელსაც არა აქვს სხეულის მოძრაობის უნარი, „წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა მიმართაც მაღალია დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საჭიროება. ამგვარი სფეროს მოწესრიგებისას კანონმდებელი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე.“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 114-ე პუნქტი).
ირაკლი ქემოკლიძის და დავით ხარაძის საქმეში მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 112-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც დიფერენცირების შესაძლო ნიშანი, არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩამონათვალში და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული დიფერენცირების კლასიკური ნიშანი.“
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2014 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც მოქმედებდა 1995 წელს მიღებული თანასწორობის დამდგენი კონსტიტუციის მე-14 მუხლი. 2017 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციის მეორე თავმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. 1995 წლის რედაქციის მე-14 მუხლის შინაარსს სიტყვა-სიტყვით იმეორებს მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტი. 2017 წელს მოქმედ კონსტიტუციის მე-11 მუხლს დაემატა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების დამდგენი მე-4 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“
ამგვარად, შეგვიძლიათ ვთქვათ, ის, რომ 2017 წლის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, რაც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამ ნიშნის მიხედვით, ნებისმიერი დიფერენცირება უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით. ასევე კლასიკური ნიშანია სოციალური კუთვნილება, რაც ამართლებს მკაცრი ტესტის გამოყენებას.
4. თანაზომიერების ტესტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე ენვერ შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ, ეხებოდა გადაადგილების უნარის არმქონე პირისათვის უნივერსიტეტის შენობაზე წვდომის არარსებობას. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სახელმწიფოსათვის შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლის პრინციპები და წესები. რამდენადაც ეს შესაძლებელია, კონვენცია განმარტებული უნდა იქნას სახელმწიფოსათვის სავალდებულო სხვა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან კავშირში“ (გადაწყვეტილების მე-60 პუნქტი). [3]
ენვერ შაჰინის საქმეში ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: „სასამართლო, სახელმწიფოს მსგავსად, თვლის, რომ კონვენციის მე-14 მუხლი წაკითხული უნდა იქნეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან კავშირში. ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით დაცულია გონივრული მისადაგების უფლება, რაც გულისხმობს აუცილებელ და სათანადო ცვლილებებს და ადაპტაციას, შშმ პირების საჭიროებაზე მოსარგებად, თუკი ეს არ იწვევს არაპროპორციულ და არაგონივრულ ტვირთს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ მოლოდინი, ისარგებლონ და განახორციელონ მათი ყველა უფლებები და თავისუფლებები ყველას თანასწორად. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ნიშნით დისკრიმინაციას, მათ შორის, გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმას (გადაწყვეტილების 67-ე პუნქტი)[4]
იგივე მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებისას, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუციაც, შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. „განსაკუთრებული პირობები,“ რაზედაც საუბრობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, წაკითხული უნდა იქნეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების დაცვის კონვენციასთან კავშირში. კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში ჩაწერილ „განსაკუთრებულ პირობებს“ პირდაპირ ებმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლება გარემოს გონივრულ მისადაგებაზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე უფლებაზე. ეს ბოლო ორი უფლება მოიცავს დამხმარის დანიშვნის უფლებასაც.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის ,,b” ქვეპუნქტის თანახმად: „წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში. სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის უზრუნველყოფენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ბინაზე, ინსტიტუციური და სხვა სახის საზოგადოებრივი დამხმარე მომსახურების მისაწვდომობას, ინდივიდუალური დახმარების ჩათვლით, რაც აუცილებელია მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის, საზოგადოებისაგან იზოლაციისა და სეგრეგაციის პრევენციისათვის.“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტი თავის #5 ზოგად კომენტარში განმარტავს, თუ რას ნიშნავს შშმ პირთა კონვენციის მე-19 მუხლში ჩაწერილი სიტყვები „დამოუკიდებელი ცხოვრება,“ „საზოგადოებაში ინტეგრაცია“ და „დამხმარე:“
დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდი უზრუნველყოფილია ყველა საშუალებით, გააკეთოს არჩევანი, აკონტროლოს თუ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება და მიიღოს გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით. პერსონალური ავტონომია და თვითგამორკვევა არის დამოუკიდებელი ცხოვრების საფუძველი, რაც მოიცავს ტრანსპორტზე, ინფორმაციაზე, კომუნიკაციაზე, პერსონალურ დამხმარეზე, საცხოვრებელ ადგილზე, დღიურ რუტინაზე, ჩვეულებებზე, ღირსეულ სამუშაოზე, პერსონალურ ურთიერთობაზე, ჩაცმაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, რელიგიურ და კულტურულ აქტივობაზე, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე წვდომის შესაძლებლობას. ეს საქმიანობები დაკავშირებულია ადამიანის პიროვნებასთან და მის პიროვნულ განვითარებაზე ახდენს გავლენას - სად და ვისთან ვცხოვრობთ, რას ვჭამთ, სად მოგვწონს დაძინება, რა დროს ვიძინებთ, ვიქნებით სახლში თუ გარეთ, მაგიდაზე გვექნება გადასაფარებელი თუ დავანთებთ სანთელს, გვეყოლება თუ არა სახლში ცხოველები თუ მუსიკას მოვუსმენთ - ეს მოქმედებები და გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ ვართ. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება არის ინდივიდუალური ავტონომიის და თავისუფლების არსებითი შემადგენელი ნაწილი და ყოველთვის არ გულისხმობს მარტო დარჩენის უფლებას. ეს უფლება ასევე არ შეიძლება განმარტებული იქნას, როგორც ყოველდღიური საქმიანობის წარმოების შესაძლებლობა, არამედ ეს უფლება უნდა მივიჩნიოთ, როგორც არჩევანის და საკუთარი ცხოვრების კონტროლის თავისუფლებად, შშმ პირთა კონვენციის მე-3 (a) მუხლის მიზნებისათვის. დამოუკიდებლობა, როგორც პერსონალური ავტონომიის ფორმა გულისხმობს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა, აირჩიოს და აკონტროლოს მისი პერსონალური ცხვრების სტილი და ყოველდღიური საქმიანობა. [5]
საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება: საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტიანი ჩართულობა და მონაწილეობა გარანტირებულია შშმ პირთა კონვენციის მე-3 (c) მუხლით. ეს უფლება მოიცავს სრულ სოციალურ ცხოვრებას და საზოგადოებისათვის განკუთვნილ ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობას. დამხმარის მომსახურებამ, რაც შეთავაზებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართულობა და მონაწილეობა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. ეს მომსახურება უნდა ეხებოდეს საცხოვრებლით, ტრანსპორტით, საყიდლებზე გასვლით, განათლებით, დასაქმებით, დასვენებით, სოციალური მედიით, სხვა მომსახურებით, რაც განკუთვნილია ფართო საზოგადოებრივი სარგებლობისათვის, შშმ პირის უზრუნველყოფას. ეს უფლება ასევე მოიცავს საზოგადოებაში არსებულ ყველა პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, მათ შორის მიტინგებზე, სპორტულ შეხვედრებზე, კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრებას, თუ შშმ პირს ეს სურს.[6]
პერსონალური დამხმარე: არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მითითებით, მისთვის აღმოჩენილი ადამიანური დახმარება. ეს მომსახურება უნდა იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება. მართალია, პერსონალური დამხმარის ფორმები განსხვავებულია, ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ელემენტი, რაც მას განასხვავებს დახმარების სხვა ტიპისაგან:
1.დამხმარის შერჩევა უნდა ხდებოდეს პერსონალურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დამხმარის მომსახურებით სარგებლობისას დაცული უნდა იქნეს ღირსეული დასაქმების პირობები. დამხმარისათვის გადასახდელი თანხა უნდა კონტროლდებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ იმისათვის, რომ მან შეძლოს სასურველი მომსახურების შეძენა. პერსონალური დახმარების მიღება ეფუძნება პირის ინდივიდუალური საჭიროების შეფასებას და შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტებს. ინდივიდუალიზებულმა მომსახურებამ არ უნდა გამოიწვიოს ბიუჯეტის შემცირება და დიდი დანახარჯები.
2. მომსახურება უნდა კონტროლდებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ. ეს გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელთან ან უნდა მოქმედებდეს როგორც დამსაქმებელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა ჰქონდეს დამხმარის მომსახურების პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა, კერძოდ შშმ პირი უნდა წყვეტდეს, ვისთან, როგორ, როდის, სად და რა გზით მიიღოს მომსახურება, რა შეკვეთა და მითითება მისცეს მომსახურების მიმწოდებელს.
3. პერსონალური დახმარება ეს არის ერთი ერთზე ურთიერთობა. პერსონალური დამხმარეები უნდა დასაქმდნენ შშმ პირის მონაწილეობით, რომელიც ასევე ზედამხედველობს დამხმარეს. დამხმარე არ შეიძლება ეწეოდეს იგივე სახის საქმიანობას სხვა პირის მიმართ დახმარების მიმღების თანხმობის გარეშე. შეთავსებით მომუშავე დამხმარემ შესაძლოა შეაფერხოს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ განსაზღვრული და სპონტანური მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომლიც მოითხოვს დამხმარეს, თავად განსაზღვრავენ, თუ მისი ცხოვრების რა სფეროში ისარგებლებს ამ დახმარებით. თუნდაც დამხმარეს სხვა სუბიექტი ასაქმებდეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ყოველთვის არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრში.[7]
მომსახურების მიმწოდებლები შეცდომით უწოდებენ მათ მომსახურებას „დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას“ „საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობას“ ასევე „პერსონალურ დახმარებას,“ თუ ასეთი მომსახურება არ პასუხობს შშმ კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნებს. როდესაც მომსახურების პაკეტი თავიდანვე განსაზღვრულია, ითვალისწინებს ერთი მომსახურების მიწოდების შემთხვევაში მეორე მომსახურების აუცილებელ მიწოდებას, ორი ან მეტი პირის ერთად სავალდებულო ცხოვრებას, ასეთი მომსახურება არ მოდის შესაბამისობაში შშმ კონვენციის მე-19 მუხლთან. პერსონალური მომსახურების შემთხვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არა აქვს თვითგამორკვევის და თვითკონტროლის შესაძლებლობა, არ მოდის შესაბამისობაში მე-19 მუხლთან. [8]
ასეთია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის დამხმარეზე უფლების შინაარსი, რაც საქართველოსათვის სავალდებულო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს, ასევე კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში ჩაწერილ სიტყვებში - „განსაკუთრებულ პირობებში“ - იგულისხმება. თანაზომიერების ტესტზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დიფერენცირება, რისკენაც სადავო ნორმა მიემართება, ეხება უფლებას, რაც გარანტირებულია არა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით, არამედ იმავდროულად კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/2/671 საქმეზე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 22-ე პუნქტში განაცხადა: „დიფერენცირების მართლზომიერებისთვის უნდა დადგინდეს, რომ იგი ემსახურება ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის (გამოსადეგ), აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.“
პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რა არის სადავოდ ქცეული დიფერენცირების ლეგიტიმური მიზანი. ამისათვის უნდა მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მაკდონალდი გაერთიანებულ სამეფოს წინააღმდეგ საქმე ეხებოდა შემთხვევას, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, უარი უთხრეს ღამის დამხმარის გამოყოფაზე. ამ საქმეში დამხმარეს მომჩივანი ღამის განმავლობაში უნდა გაეყვანა საპირფარეშოში. მომჩივანი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უზრუნველყო მხოლოდ დღის დამხმარის გამოყოფის შესაძლებლობით, რომელიც დაბანდა და საფენებს გამოუცვლიდა ქალბატონ მაკდონალდს. ღამის დამხმარის ნაცვლად ქალბატონ მაკდონალდს შესთავაზეს სითხის შემწოვი საფენების გამოყენება (გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-144115).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმე განიხილა კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების უფლება) ჭრილში. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „პირადი ცხოვრების“ ცნება კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის არის ფართო, რაც მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, პიროვნული განვითარების უფლებას, პიროვნულ ავტონომიას. ძალიან ბევრ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საჯარო ფინანსების გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილების და ცხოვრების სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჯდება კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში (გადაწყვეტილების 46-ე პუნქტი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-144115)
ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლო იზიარებს იმასაც, რომ ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმწიფოს ეკონომიკური კეთილდღეობის და დახმარების სხვა მიმღებთა ინტერესების უზრუნველყოფას. ამის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს, მომჩივანისათვის ღამის საათებში საპირფარეშოში მისაღწევად დამხმარის დანიშნა რამდენად იყო ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის და განსაკუთრებით რამდენად პროპორციულია ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად (გადაწყვეტილების 53-ე პუნქტი). ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნების მიღწევა სახელმწიფოს ესახებოდა ღამის მომვლელის მომსახურებაზე ხარჯვების დაზოგვის გზით (გადაწყვეტილების 56-ე პუნქტი). რაც შეეხება დახმარების მიმღები სხვა პირების ინტერესების დაცვას, სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომჩივანისათვის ღამის დამხმარის დაფინანსების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებს შეუმცირდებოდათ მათთვის გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება (გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი).
ეს ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ სადავო ნორმით ბინაზე მოვლის მომსახურების მხოლოდ ცალკეული დიაგნოზის მქონე პირებისათვის გარანტირების გასამართლებლად. ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს, რამდენად არის შერჩეული საშუალება ვარგისი, ნაკლებად მზღუდავი და ვიწრო გაგებით პროპორციული.
4. 1. გამოსადეგობა
საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 36-ე პუნქტში განაცხადა: „სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა, თავისთავად, ვერ იქნება მოაზრებული ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლებით დაცული სფეროს ნაწილად... ამ პროცესში ხარჯების ოპტიმიზაციისა და, მათ შორის, გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით დადგენილი გარკვეული შეზღუდვები, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალურთიერთობა უკავშირდება არსებული საბიუჯეტო რესურსების თანაბრად გადანაწილებას არსებითად თანასწორი სუბიექტებისათვის, თავისთავად, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის რაციონალურობის მტკიცების საფუძვლად.”
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 37-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის საჯარო ინტერესს და ყურადსაღებია, რომ სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმვას. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირთადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.“
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიღწევისათვის სახელმწიფოსათვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვები, რომლებსაც აქვთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლით გათვალისწინებული დიაგნოზი, ასევე ის პირები, რომლებსაც ამგვარი დიაგნოზი არ გააჩნიათ. ამიტომ ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ერთ თეთრსაც არ ხარჯავს მოძრაობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ბინაზე მოვლისათვის იმ მიზნით, რომ ეს თანხა არ მოკლდეთ ღრმა და მძიმე განვითარების ჩამორჩენის ბავშვებს, არ არის გასაზიარებელი. სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს, ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების გარდა, სხვა შშმ პირებს, განსხვავდება მაკდონალდის საქმისაგან, სადაც სადავო იყო ის, რომ მომჩივანს მომვლელისათვის გამოყოფილი თანხა შეუმცირეს და არა ის, რომ მომჩივანს ბინაზე მომვლელი არ ჰყავდა. მაკდონალდის საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც მომჩივანს უარი ეთქვა დამხმარის გამოყოფაზე. როგორც ამ გადაწყვეტილების 43-ე პუნქტშია აღნიშნული: „2008 წლის 21 ნოემბრიდან 2009 წლის 4 ნოემბრის პერიოდში დახმარებაზე უარის თქმა არღვევს კონვენციას, ვინაიდან ეს ჩარევა არ მოხდა კანონის საფუძველზე, კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად.“ რაც შეეხება 2009 წლის 4 ნოემბრიდან პერიოდს ევროპულმა სასამართლომ ამ შემთხვევაში დარღვევა არ დაადგინა, ვინაიდან როგორც ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „ევროპული სასამართლო კმაყოფილია იმით, რომ სახელმწიფომ მოახერხა ადეკვატურად დაებალანსებინა მომჩივანის კერძო ინტერესები საზოგადოების ინტერესებთან იმ დროს, როცა ხელისუფლება ახორციელებდა თავისი სოციალურ ზრუნვის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.“
ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის - ერთი მხრივ, სხვა ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი და მეორე მხრივ, მომჩივანის პირადი ცხოვრების - სათანადო დაბალანსება გამოიხატა იმაში, რომ: „ხელისუფლებამ პატივი სცა მომჩივანის ადამიანურ ღირსებას და ავტონომიას იმით, რომ მისცა შესაძლებლობა, აერჩია ზრუნვის პაკეტში შემავალი მომსახურებების სახეები: განსაზღვრულ საათებში მომვლელის მომსახურება, ფულის გადახდა, რათა მომჩივანს მზრუნველი თავად შეერჩია ან მომხდარიყო მომჩივანის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში.“ (მაკდონალდი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი). მომჩივანი იღებდა დახმარებას 450 ფუნტის ოდენობით. ღამის მომვლელისათვის, რომელიც მომჩივანს დაეხმარებოდა ტუალეტში გასვლაში, საჭირო იყო 703 ფუნტი. 450 ფუნტში შედიოდა საფენების ღირებულება, რაც მომჩივანს ღამით საპირფარეშოში გასვლის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა (მაკდონალდი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მართალია მომჩივანს არ ჰყავდა ღამის დამხმარე, სამაგიეროდ სახელმწიფო მას უფინანსებდა დღის დამხმარის მომსახურებას, რომელიც, მეორე დილით ესტუმრებოდა მომჩივანს, დაბანდა და საფენებს გამოუცვლიდა მას (გადაწყვეტილების მე-17 მუხლი). მაკდონალდის საქმეში გვხვდება ისეთი გარემოებაც, რომლის მიხედვითაც: „2008 წლის დეკემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე კვირაში ოთხი ღამის განმავლობაში მომჩივანს ჰყავდა დამხმარე. იმ დროს, როდესაც დამხმარე არ ემსახურებოდა მომჩივანს, მასთან რჩებოდა მისი პარტნიორი (გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი).“
მაკდონალდის საქმის გარემოებები, სადაც ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ორი დაპირისპირებული ინტერესი სათანადოდ იყო დაბალანსებული, განსხვავდება ამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისგან. ამ საქმეში სადავოა არა დამხმარის მომსახურების დაფინანსების შემცირება, არამედ დაფინანსების საერთოდ არარსებობა მოძრაობის შესაძლებლობის არმქონე პირთათვის. თუკი მაკდონალდის საქმეზე სახელმწიფო ხარჯავდა 450 ფუნტს დამხმარის საქმიანობის ასანაზღაურებლად, მოცემულ შემთხვევაში არც ერთი თეთრი არ იხარჯება განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების გარდა სხვა შშმ პირთა ბინაზე მოვლასთან დაკავშირებით. სადავო ნორმა არა მხოლოდ გამორიცხავს ღამით მომვლელის დანიშვნას, რაც გამართლებული იქნა მაკდონალდის საქმეში, არამედ დღისით დამხმარის ვიზიტსაც, რაც გვხვდება მაკდონალდის საქმეში და ევროპულმა სასამართლომ ეს გარემოება ორი ინტერესის დასაბალანსებლად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია. მაკდონალდის საქმეში იყო მომჩივანის პარტნიორი, რომელიც დამხმარესთან ერთად ინაწილებდა გადაადგილების უნარის არმქონე პირის მოვლასთან დაკავშირებულ ტვირთს. ეს გარემოება არ გამოდგება ბინაზე მოვლის უარის გასამართლებლად, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უწევს ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ზრუნვა. ასევე სახეზე შეიძლება გვქონდეს შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არც ოჯახის წევრი ჰყავს და არც მეგობარი, ვინც მასზე ნებაყოფლობით იზრუნებდა.
ამ საკითხზე საინტერესოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კომიტეტის მიერ თავის #5 ზოგად კომენტარში სახელმწიფოებისათვის გაცემული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირებს უნდა ჰყავდეს პერსონალური დამხმარე, გიდი, მკითხველი, ჟესტების ენის სპეციალისტი და სხვა თარჯიმანი.“ (#5 ზოგადი კომენტარის 97-ე პუნქტის „k” ქვეპუნქტი).[9]
დამხმარეზე უფლება ეკუთვნის ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, იმის მიუხედავად, მათ ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური თუ სენსორული ბარიერები გააჩნიათ დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში სათანადო ინტეგრაციისათვის. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება - შეუქმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის - წინააღმდეგობაში მოდის ისეთ დიფერენცირებასთან, როდესაც ბინაზე დამხმარე ჰყავს მხოლოდ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პირებს, ხოლო სხვა ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ამ უფლებას მოკლებულნი არიან.
ამ ეტაპზე ვუბრუნდებით საკითხს, რამდენად გამოსადეგია სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. როინ გავაშელიშვილის საქმიდან გამომდინარე, გამოსადეგობის დასადგენად უნდა გაირკვეს, ბინაზე მოვლის რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო გადაადგილების უნარის არმქონე ბავშვებს და რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ალტერნატიული მომსახურების შენახვა (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მეორე თავის 39-40 პუნქტები). თუ დადგინდა, რომ ალტერნატიული მომსახურება უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე ბინაზე გადაადგილების უნარის არმქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურება, საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება გამოუსადეგარი საშუალებაა.
სახელმწიფო გადაადგილების უნარის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ბინებზე მოვლის ალტერნატივად სთავაზობს #684 დადგენილების #1.10 დანართით გათვალისწინებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფას. #684 დადგენილების #1.10 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები.
#684 დადგენილების #1.10 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მომსახურებისათვის ხელისუფლება ხარჯავს 2 691 200 ლარს. ეს მაშინ, როცა 1.13 დანართის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებზე სახელმწიფო ხარჯავს 252 000 ლარს. ეს თანხა იმაზე მეტად არ გაიზრდება ვიდრე ეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ადამიანის მოვლისათვის არის აუცილებელი, იმ შემთხვევაშიც, თუკი გაიზრდება ბინაზე მოვლის უფლების მქონე ბენეფიციართა რიცხვი. ამის მიზეზია ის, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურება მხოლოდ ჰიგიენის წესების დაცვაში დახმარებასა და გადაადგილებაში ხელშეწყობაში არ გამოიხატება. #1.10 დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო ტიპის სახლებში ხდება 24 საათიანი მომსახურება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო ტიპის სახლები უზრუნველყოფს ბენეფიციარს მინიმუმ ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი; საოჯახო ტიპის სახლებში მოქმედებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებები: ფსიქოლოგის დახმარება, სასწავლო და სპორტული აქტივობები. ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა სხვადასხვა პროფესიის ადამიანისათვის ხელფასის გადახდა. სახელმწიფოს ერთდროულად უწევს მზარეულის, მომვლელის, ფიზკულტურის მასწავლებლის, ამა თუ იმ საგნის პედაგოგის, ასევე საკვების საფასურის გადახდა. ეს მაშინ, როცა ბინაზე მოვლის შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევდა გადაადგილების უნარის არმქონე პირისათვის ერთი დამხმარის გამოყოფა. ამით სახელმწიფო ეკონომიას გაუკეთებდა შშმ პირის ოთხჯერადი კვების და ფიზკულტურის მასწავლებლის ხარჯებს. კვებაზე დაიხარჯებოდა შშმ პირის სოციალური პაკეტის 200 ლარი ან ამაზე მისი მშობელი იზრუნებდა ამაზე. ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შეთავაზებული ალტერნატივა, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით, უფრო ძვირია, ვიდრე ბინაზე მომვლელის მომსახურების დაფინანსება. ამის გამო სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ლეგიტიმური მიზნის - დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები - მისაღწევად უვარგისი საშუალებაა.
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კომიტეტის მიერ #5 კომენტარის 67-ე პუნქტში გამოთქმული მოსაზრება: „მონაწილე სახელმწიფოებმა დახმარების ადეკვატური მომსახურებით უნდა უზრუნველყონ ოჯახის მარჩენალები, რათა მათმა შვილებმა და ახლობლებმა იცხოვრონ საზოგადოებაში დამოუკიდებლად. დახმარების მომსახურებამ უნდა მოიცვას მშობლის მიერ ბავშვის მოვლის შესვენების პერიოდი, ბავშვის მოვლა და მშობლის გაძლიერებისაკენ მიმართული ქმედებები. მნიშვნელოვანია, ოჯახის მარჩენალების ფინანსური მხარდაჭერაც, ვინაიდან ისინი ცხოვრობენ უკიდურესი სიღარიბის პირობებში. ბავშვის მოვლის გამო ასეთი ადამიანები ვერ გადიან დასაქმების ბაზარზე. სახელმწიფოებმა ოჯახის მარჩენალები უნდა უზრუნველყონ საკონსულტაციო მომსახურებით და ადეკვატური მხარდაჭერით.“
დამხმარის მიერ ბავშვის ბინაზე მოვლა მაშინ, როცა მისი მშობელი სამსახურშია, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის მნიშვნელოვან საშუალებას. ბავშვის ბიოლოგიური მშობელი თავად გამოიმუშავებს ბავშვის რჩენისათვის საჭირო სახსრებს და სახელმწიფოს აღარ სჭირდება მომვლელის ანაზღაურების გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სხვა საჭიროებების დაფინანსება. ამას დასაქმებული მშობელი საკუთარი სამუშაოდან მიღებული შემოსავლით გააკეთებს. ეს გარემოებაც მეტყველებს, რომ ბინაზე მოვლის ბენეფიციარების შეზღუდვა არ არის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საშუალება. მშობელს, რომელიც სამსახურის მეშვეობით გამოიმუშავებს თანხას, იმ პირობებში, როდესაც მისი სამუშაო ადგილზე ყოფნის პერიოდში მის შვილს უვლის დამხმარე, ისე შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი შვილის კვების, ტანსაცმლის, განათლების საჭიროება, რომ ამ მიმართულებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა აღარ გახდეს საჭირო. ამის გამო, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით ბინაზე მოვლის დახმარების მიღმა, ღრმა და განვითარების შეფერხების გარდა, სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დატოვება, არ არის ვარგისი და გამოსადეგი საშუალება. ამიტომ სადავო ნორმა ვერ დააკმაყოფილებს რაციონალური კავშირის, არამცთუ მკაცრი ტესტის მოთხოვნებს.
4.2. ნაკლებად მზღუდავი საშუალება
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არის მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, სახელმწიფოს შეეძლო ნაკლებ მზღუდავ საშუალებად გამოეყენებინა მხოლოდ იმ ოჯახებისათვის დამხმარის დანიშვნა, სადაც ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ ერთდროულად რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფას. საბიუჯეტო ხარჯვის შემცირების მიზნით სახელმწიფოს შეეძლო კუმულაციურ პირობად დაეწესებინა შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან მისადაგების შეუძლებლობა.
გონივრული მისადაგების, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის დამხმარის დანიშვნის ალტერნატივას ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე ენვერ შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-180642).
2005 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლისას მომჩივანი სერიოზულად დაზიანდა უბედური შემთხვევის შედეგად. მომჩივანის ორივე ფეხი პარალიზებული იქნა. მომჩივანმა შეაჩერა უნივერსიტეტში სწავლა. როდესაც ფიზიკურმა მდგომარეობამ ამის შესაძლებლობა მისცა, მომჩივანმა აღიდგინა სტატუსი (გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).
2007 წლის 17 მარტს მომჩივანმა წერილით მიმართა უნივერსიტეტს და მოითხოვა შენობის იმგვარად მოწყობა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, გაეგრძელებინა სწავლა 2007-2008 აკადემიურ წელს (გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი). ფაკულტეტმა ამ განცხადებას უპასუხა წერილით, რომელიც დათარიღებულია 2007 წლის 25 მაისით. წერილში მითითებულია, რომ ფაკულტეტის შენობა დაპროექტებულია და აშენებულია 3 000 სტუდენტისათვის, შენობის არქიტექტურის შეცვლა არ იგეგმება. თუმცა, თუკი მომჩივანს სურს სწავლის გაგრძელება, მას დაეხმარებოდნენ შენობაში გადაადგილებაში (გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი).
2007 წლის 16 აგვისტოს მომჩივანმა გააგზავნა ნოტარიალური მოთხოვნა ფირატის უნივერსიტეტთან და ფაკულტეტის რექტორთან. მომჩივანი ითხოვდა შენობის ადაპტირებას. კონსტიტუციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ კანონის და კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 პუნქტის საფუძველზე. მომჩივანი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მოქალაქეებისათვის განათლების უფლების გარანტირება თანასწორობის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე. წერილში მომჩივანი აცხადებდა, რომ ფაკულტეტის პასუხი მას აიძულებდა, უარი ეთქვა განათლების მიღებაზე (გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი).
რექტორატმა ამ განცხადებას 2007 წლის 10 სექტემბრის წერილით უპასუხა. რექტორატის თქმით, სირთულე, რასაც მომჩივანი აწყდებოდა სამსართულიან შენობაში გადაადგილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადაწყვეტილიყო დამხმარე ადამიანის გამოყოფის გზით.
დამატებით მომჩივანმა განაცხადა, რომ დამხმარის გამოყოფის შეთავაზება, არ ეფუძნებოდა მისი პიროვნული მდგომარეობის სათანადო გამოკვლევას. მომჩივანის თქმით, მისთვის დამამცირებელი იყო, შეზღუდული შესაძლებლობის გამო, გამხდარიყო დამოკიდებული მესამე პირზე. მომჩივანმა მოიყვანა მაგალითები, რა შეიძლება გამოეწვია მასთან მესამე პირის მუდმივ ყოფნას. გარდა ამისა, მესამე პირის მიერ კიბეებზე მის აყვანას შესაძლოა გამოეწვია მისი დაცემა (მე-13 პუნქტი). 2008 წლის 13 ოქტომბერს ფაკულტეტიდან გაირიცხა რამდენიმე სტუდენტი, მათ შორის მომჩივანი, იმის გამო, რომ მას არ გაუგრძელებია რეგისტრაცია მომდევნო ორი სასწავლო წლისათვის (მე-14 პუნქტი).
უფრო ადრე, 2007 წლის 15 ნოემბერს მომჩივანმა მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ითხოვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 2007 წლების 25 მაისის და 10 სექტემბრის წერილების გაბათილებას, ასევე მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მომჩივანი უჩიოდა ადმინისტრაციას იმაში, რომ არ მოაშორა შენობას ფიზიკური ბარიერი, რაც მას ხელს უშლიდა განათლების მიღებაში. მომჩივანმა მოითხოვა 25 000 თურქული ლირა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 30 000 ლირა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად (გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი).
2010 წლის 9 აპრილს ელაზიგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შენობა აგებულია 1988 წელს მოქმედი წესების შესაბამისად. სასამართლოს აზრით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უნდა გამოეყენებინა 1988 წლის შემდეგ მიღებული ტექნიკური დირექტივები. ეს უკანასკნელი შშმ პირების საჭიროებებთან მისადაგებას ითვალისწინებდა. სასამართლოს აზრით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კრიტიკა არასწორი იყო, ვინაიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იცავდა იმ სამშენებლო წესებს, რაც შენობის აშენების მომენტში, 1988 წელს მოქმედებდა. სასამართლომ გაიზიარა უნივერსიტეტის არგუმენტი, რომ შეუძლებელი იყო სათანადო არქიტექტურული ღონისძიების ჩატარება სახსრების ნაკლებობის გამო. ასევე სასამართლომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტს, რომელიც მომჩივანის პრობლემის გადაწყვეტას დამხმარე პირის გამოყოფით გეგმავდა (მე-16 პუნქტი).
ევროპულმა სასამართლომ ენვერ შაჰინის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 32-ე პუნქტში განაცხადა: „სასამართლო თვლის, რომ თავდაპირველად საქმე უნდა იქნეს შესწავლილი კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებაში პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლთან კავშირში. კონვენციის მე-14 მუხლი მოიცავს არა მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობაზე დაფუძნებული დიფერენცირების აკრძალვას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებით ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.“ ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა განათლების უფლებასთან კავშირში შემდეგი გარემოებების გამო:
გონივრული მისადაგების პრინციპი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ფორმით. სახელმწიფო ევროპულ სასამართლოზე უკეთ შეაფასებს განათლების სფეროში როგორ უნდა დაკმაყოფილდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ამის მიუხედავად, სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ არჩევანს, ვინაიდან ეს არჩევანი განსაკუთრებულ გავლენას შეიძლება ახდენდეს ისეთ მოწყვლად ჯგუფზე, როგორიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან (68-ე პუნქტი).
რაც შეეხება რექტორატის შეთავაზებას დახმარე პირის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი იყო ის, თუ რას გულისხმობდა მთვარობა ამ დახმარების მიზანსა და არსში. სავარაუდოდ რექტორატი მომჩივანს სთავაზობდა, რომ შენობის სამ სართულზე გადაადგილებაში მას მესამე პირი დაეხმარებოდა (69-ე პუნქტი).
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება - იცხოვროს დამოუკიდებლად და მოახდინოს საკუთარი თავის განვითარება - ცენტრალურ ადგილს იკავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაეროს კონვენციაში. ეს საკითხი ასევე ასახულია ევროპის საბჭოს დოკუმენტებშიც. შესაბამისად, სასამართლოც ადასტურებს, ადამიანის ღირსება და თავისუფლება მოიცავს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების თავისუფლებასაც, რაც კონვენციის შინაარსს ქმნის (70-ე პუნქტი).
მართალია, საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის დამხმარე ადამიანის გამოყოფას, რომელიც მას დაეხმარება იმაში, რომ წვდომა ჰქონდეს შენობებთან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი). ამის მიუხედავად, რექტორატის მხრიდან ამგვარი შეთავაზება ვერ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა იმაში, რომ ამგვარი შეთავაზება მომჩივანის საჭიროებების სათანადოდ შეფასებას ეფუძნებოდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა თურქული სასამართლოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება: „ადმინისტრაციული სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შენობის ადაპტაცია მოხდებოდა, როდესაც საბიუჯეტო სახსრები ამისათვის საკმარისი იქნებოდა, არ ეფუძნებოდა კონკრეტულ გამოკვლეულ გარემოებებს. ევროპული სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაიზიარა რექტორატის არგუმენტი მომჩივანისათვის დამხმარის გამოყოფის თაობაზე, თუმცა არ დაუთვლია, რა დაუჯდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს მომჩივანის დამხმარის მომსახურებით სარგებლობა. ადმინისტრაციულ სასამართლოს არ განუხილავს, რამდენად პასუხობდა ამგვარი დამხმარის გამოყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის რეალურ საჭიროებებს. სასამართლოს არც ის საკითხი გამოუკვლევია სხვათა თანაბრად, ბატონი ენვერ შაჰინის მიერ სწავლის განახლება არაპროპორციულ და მძიმე ტვირთად ხომ არ დააწვებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს არ შეუსწავლია საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო სათანადო ბალანსი პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან კავშირში კონვენციის მე-14 მუხლით დაცულ მომჩივანის უფლებასა და მასთან დაპირისპირებულ იმ ინტერესს შორის, რასაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა (74-ე პუნქტი).
ენვერ შაჰინის საქმე გვასწავლის იმას, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, და ვალდებულიცაა, დამხმარის დანიშვნის ნაცვლად, მოახდინოს იმ შენობების ადაპტაცია, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სარგებლობს. მართლაც, შენობების გონივრული მისადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებთან უფრო ნაკლებად ხარჯიანია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ვიდრე დამხმარის ხელფასის განუსაზღვრელი ვადით გადახდა. გარემოს ადაპტირებისათვის სახელმწიფო იღებს ერთჯერად ხარჯებს, ხოლო დამხმარის შემთხვევაში სწევს გრძელვადიან პერიოდულ ხარჯს.
ამის მიუხედავად, ზოგჯერ შეუძლებელია შენობების გონივრული მისადაგება, როგორც ეს მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის შემთხვევაში ხდება. თავად შშმ პირთა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გონივრული მისადაგების ცნება მიუთითებს იმაზე, რომ ის ვერ განხორციელდება, თუკი იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს. მოსარჩელეების შემთხვევაში მათი საცხოვრებელი კორპუსის ადაპტირება დაკავშირებულია დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულესთან. ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებასთან ინტეგრაციისათვის რჩება ერთადერთი გამოსავალი - სახელმწიფომ დაუნიშნოს მას დამხმარე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენცია პირდაპირ საუბრობს გადაადგილების შესაძლებლობის არმქონე პირთა მიმართ დამხმარის დანიშვნის თაობაზე. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „b” ქვეპუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობისა და მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის: ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების, ასევე დამხმარეთა და შუამავალთა ზომიერ ფასში მისაწვდომობას;
ამასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კომიტეტმა თავის #5 ზოგად კომენტარში განაცხადა: გადაადგილებაში დახმარების გარეშე, საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების ბარიერი გააგრძელებს არსებობას ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის. კონვენციის მე-20 მუხლის დებულებები, რაც ეხება გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების, ასევე დამხმარეთა და შუამავალზე ხელმისაწვდომობას, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და მონაწილეობის წინაპირობა (84-ე პუნქტი). შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრება წარმოუდგენელია შენობაში, რომლის ადაპტირება არის შეუძლებელი და ამ დროს დამხმარის მომსახურების დაფინანსება არის ერთადერთი საშუალება შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
ამგვარად, სახელმწიფოს შეეძლო ლეგიტიმური მიზნის - საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის - მიღწევა არა ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხების გარდა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის (ბავშვისთვის) ბინაზე მომსახურებაზე უარის თქმით, არამედ ბინაზე მომსახურება უზრუნველყოფილი ყოფილიყო იმ ოჯახებისათვის, სადაც ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელთა მოვლა მძიმე ტვირთად აწვება მათი ოჯახის წევრებს და შეუძლებელია საცხოვრებელი გარემოს გონივრული მისადაგება შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან.
4.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნოდარ დვალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 43-ე პუნქტში განაცხადა: „თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 2 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 22-ე პუნქტში განაცხადა: „თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არცერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.“ ამ დროს მნიშვნელოვანია იმ ზიანის მოცულობის შეფასება, რაც დიფერენცირების შედეგად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირს ადგება; ასევე იმის დადგენა, ხომ არ არსებობს კანონმდებლობაში რაიმე გარანტიები, რაც დიფერენცირების შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებს შეამცირებდა. უფლების შეზღუდვის მიუხედავად, უნდა დადგინდეს, დაცვის რა გარანტიებით სარგებლობს ამ უფლების სუბიექტი. თუ დიფერენცირების შედეგად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული პირის მიმართ დამდგარი ზიანი ძალიან დიდია, დიფერენცირება არ ჩაითვლება პროპორციულად.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როდესაც მშობელი ვერ ახერხებს თავის ორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილზე სათანადოდ ზრუნვას, სახელმწიფო სთავაზობს მას შემდეგ გამოსავალს: სახელმწიფო სრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სათემო ორგანიზაციებში ათავსებს, მთავრობის #684-ე დადგენილების #1.12 დანართის საფუძველზე, ხოლო არასრულწლოვანი შშმ პირები - მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მიდიან, ამავე დადგენილების 1.10 დანართის საფუძველზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამგვარი იძულება, წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების ისეთი საბაზისო კომპონენტის დარღვევას, როგორიცაა ადამიანის შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, სად და ვისთან ერთად იცხოვროს. იმავდროულად, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მისი მშობლისაგან განცალკევებით: მაგალითად, #1.10 დანართის პირველი მუხლის თანახმად, ქვეპროგრამის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა. ამავე დანართის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს; თუმცა ეს ურთიერთობა არ მოიცავს მშობლის საკუთარ შვილთან ამ საოჯახო ტიპის სახლებში თანაცხოვრებას.
იგივე ეხება სათემო ორგანიზაციას: მთავრობის #684-ე დადგენილების #1.12 დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია: 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს; ამგვარად, არასრულწლოვანი შვილების გამოკლებით, სხვა არც ერთ ოჯახის წევრს, მათ შორის, არც მშობელს, რომელიც სათემო დაწესებულებაში მოთავსებამდე ზრუნავდა მასზე, არა აქვს ამ სათემო დაწესებულებაში შშმ პირთან თანაცხოვრების შესაძლებლობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის გაეროს კონვენციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახში ცხოვრების უფლებას სხვებთან თანასწორობის საფუძველზე; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,„ბავშვები არანაირი პირობით არ შეიძლება დაშორებულ იქნენ მშობლებისაგან თავად მათი, ერთ-ერთი ან ორივე მშობლის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. შშმ კონვენციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის, შედარებით შორეული სანათესაოს ჩართვით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში კი, ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებული გარემოს შექმნით.”
როგორც ამ ნორმიდან ჩანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისაგან დაშორება და მისი ისეთ ადგილას მოთავსება, სადაც შექმნილია ოჯახურთან მიახლოებული გარემო, არის უკანასკნელი, ultima racio საშუალება. მანამდე სახელწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ოჯახში, თავის მშობლებთან დარჩეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა თავისი #5 ზოგად კომენტარის 87-ე პუნქტში განაცხადა: „უფლება - იცხოვრო დამოუკიდებლად საზოგადოებაში - მჭიდროდ არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან. თუკი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვერ იღებს დამხმარის მომსახურებას, ეს წარმოშობს ფინანსურ სირთულეებს. ბავშვის ღარიბი მშობლისაგან წამოყვანის და ინსტიტუციაში მოთავსების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ასეთი ოჯახის დამხმარის მომსახურებით უზრუნველყოფა.“ სანამ ბავშვის საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სახელმწიფო უნდა შეეცადოს ბავშვის ოჯახში დარჩენა უზრუნველყოს დამხმარის მომსახურების დანიშვნით.
საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნის მისაღწევად ბავშვის და სრულწლოვანი შშმ პირის განცალკევებით გადაყვანა არის აშკარად არაპროპორციული საშუალება. საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი აშკარად დარღვეულია საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესის მიზნის მისაღწევად. ამისათვის ადამიანს არა მარტო ეზღუდება საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის, ასევე მშობელთან ცხოვრების გაგრძელების უფლება. მშობელი, რომელსაც მუდმივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილზე ზედამხედველობა ევალება, ვერ იწყებს მუშაობას, რასაც მოსდევს სიღარიბე. სიღარიბე იწვევს ბავშვის მოვლის შეუძლებლობას, რაც ბავშვის სხვაგან გადაყვანით მთავრდება.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს ბიუჯეტის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სათემო ორგანიზაცია, სადაც ხდება სრულწლოვანი პირის განთავსება, ძალიან მიახლოებულია ინსტიტუციასთან. შშმ პირების განცალკევებას დანარჩენი საზოგადოებისაგან განსაკუთრებით მკაცრად უყურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია და ამ კონვენციის საფუძველზე შექმნილი კომიტეტი. ინსტიტუცია არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სეგრეგაციის ფორმა, რაც ხელს უშლის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კომიტეტმა თავისი #5 ზოგადი წინადადების 21-ე პუნქტში განაცხადა: „როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ფასდებიან როგორც მაღალი დონის მოვლას დაქვემდებარებული პირები, მონაწილე სახელმწიფოები ხშირად ინსტიტუციებს მიიჩნევენ როგორც პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას. ეს ხდება მაშინ, როცა პერსონალური დამხმარის გამოყოფა ძალიან ხარჯიანად მიაჩნიათ ან თვლიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვერ იარსებებს ინსტიტუციის გარეთ... ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-19 მუხლს, რაც იცავს, ინსტიტუციის გარეთ, დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას. შშმ პირთა კონვენციის მე-19 მუხლი იცავს დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის განურჩევლად მათი ინტელექტუალური უნარების, სხეულის ფუნქციონირებისა და დახმარების საჭიროებისა“
ამავე ზოგადი კომენტარის 25-ე პუნქტში აღნიშნულია: „ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არა აქვს არჩევანის შესაძლებლობები, ვინაიდან არჩევანი მკვეთრად შეზღუდულია. ეს ხდება მაშინ, როცა ოჯახის წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ერთადერთი დამხმარეები, როცა ინსტიტუციის მიღმა დამხმარე არ არის ხელმისაწვდომი, როცა სახლი არ არის ადაპტირებული ან პირს არც არავინ ეხმარება; როცა დახმარება ხელმისაწვდომია მარტო სპეციფიკური ფორმის საცხოვრებელში, მაგალითად ერთმანეთთან ახლოს განლაგებულ სახლებში ან ინსტიტუციებში.“
„შშმ პირთა კონვენციიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, პატივი სცეს შშმ პირის საზოგადოებასთან ინტეგრაციის უფლებას. „შშმ პირთა კონვენციის მე-19 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, დაიწყონ დეინსტიტუციონალიზაცია. არ შეიძლება შეიქმნას შშმ პირების ახალი ინსტიტუცია, არც ძველი ინსტიტუციები უნდა განახლდეს, თუკი არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, იქ მოთავსებული ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად. ინსტიტუციები არ უნდა გაფართოვდეს, არ უნდა მიიღონ ახალი პაციენტები. არ უნდა შეიქმნას სატელიტური ტიპის ინსტიტუციები, რომელსაც ინსტიტუციის მსგავსი პირობები გააჩნია. მაგალითად, ბინა და საცხოვრებელი სახლი არ უნდა გადაიქცეს ინსტიტუციად (#5 ზოგადი კომენტარის 49-ე პუნქტი).
„დეინსტიტუციონალიზაცია ითხოვს სისტემურ ტრანსფორმაციას, რაც მოიცავს ინსტიტუციების დახურვას და ინსტიტუციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას. ამის პარალელურად უნდა დაფუძნდეს ინდივიდუალიზებული დამხმარის მომსახურებები. შემუშავდეს გეგმები, რათა ბიუჯეტი კონკრეტული ვადის დაცვით მიმართული იყოს დამხმარის მომსახურებაზე (#5 ზოგადი კომენტარის 58-ე პუნქტი).
სახელმწიფოს ასევე ეკისრება დაცვის ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო და კერძო ფონდები არ უნდა იყოს მიმართული შშმ პირთა ინსტიტუციების შენახვაზე, განახლებაზე, და შექმნაზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ კერძო ინსტიტუციები არ შეიქმნება „სათემო თანაცხოვრების“ საფარქვეშ (51-ე პუნქტი).
სწორედ სათემო თანაცხოვრება არის შეთავაზებული სრულწლოვანი შშმ პირებისათვის. ხოლო არასრულწლოვანებისათვის საოჯახო ტიპის დაწესებულები. რამდენადაც ოჯახურთან არ უნდა იყოს მიახლოებული ამ დაწესებულებებში არსებული პირობები, მრავალი ერთმანეთთან კავშირის არმქონე პირების თანაცხოვრება შეიცავს მისი ინსტიტუციად ქცევის საფრთხეს, შესაბამისად, ამით საფრთხე ექმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, სათემო ორგანიზაციები და საოჯახო ტიპის დაწესებულებები ხშირად გარდაუვალი აუცილებლობაა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უსახლკაროა ან ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს. ამის მიუხედავად, იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, ვისაც აქვს სახლი და ჰყავს მზრუნველი მშობელი, ბინაზე ზრუნვის ნაცვლად ამგვარ დაწესებულებაში მოთავსების იძულება, მიმართულია ასეთი პირების სეგრეგაციის და არა საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ. სათემო ორგანიზაციასა და საოჯახო ტიპის დაწესებულებაში მოთავსება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება. ბინაზე მოვლის შესაძლებლობა ახდენს ამ უკიდურესობის თავიდან აცილებას.
ამგვარად, ორი ინტერესის დაპირისპირებისას: ერთ მხარეს დგას საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი, მეორე მხარეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის, მშობლისა და შვილის ერთად თანაცხოვრების, სეგრეგაციისაგან დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ინტერესები. სადავო ნორმებს პირველი ინტერესის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად აქვს ბალანსი დარღვეული. ბალანსის დარღვევის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის ერთიანობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლებას. არ არსებობს სხვა საკანონმდებლო მექანიზმები, რითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დიფერენცირებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას მოახდენს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არაპროპორციულია ვიწრო გაგებით.
5. დასკვნა
ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის და სოციალური კუთვნილების ნიშნით ადგილი აქვს დიფერენცირებას ერთი მხრივ, ღრმა და მძიმე განვითარების შეფერხების ცალკეული დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მეორე მხრივ, სხვაგვარი დიაგნოზის მქონე შშმ ბავშვებსა და სრულწლოვან შშმ პირებს შორის, რომლებიც ბინაზე მოვლას საჭიროებენ. დამხმარესთან დაკავშირებულ ურთიერთობაში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არიან არსებითად თანასწორნი. დიფერენცირების შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი ტესტი, ვინაიდან დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნებით, სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის არც ერთ მოთხოვნებს: არ არის გამოსადეგი საშუალება საბიუჯეტო რესურსების დასაზოგავად, ვინაიდან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული პირებისათვის შეთავაზებული სხვა მომსახურებები უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს; შესაძლებელი იყო დასახელებული მიზნის მიღწევა სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, მაგალითად, ბინაზე მოვლის შესაძლებლობით უზრუნველყოფილი ყოფილიყო ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის პირი და ვერ ხდება საცხოვრებელი გარემოს გონივრული მისადაგება მათ საჭიროებასთან; არ არის დაცული ვიწრო გაგებით პროპორციულობა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ლეგიტიმურ მიზანსა და ბავშვის მშობელთან აღზრდის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის და სეგრეგაციისაგან დაცვის ინტერესს შორის. ამ გარემოების გათვალისწინებით სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-11 პირველ და მეოთხე პუნქტებთან. ამიტომ ვითხოვთ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
[1]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[2]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[3] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-180642
[4] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-180642
[5]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[6]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[7]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[8]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
[9]http://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=6QkG1d%2fPPRiCAqhKb7yhsnbHatvuFkZ%2bt93Y3D%2baa2q6qfzOy0vc9Qie3KjjeH3GA0srJgyP8IRbCjW%2fiSqmYQHwGkfikC7stLHM9Yx54L8veT5tSkEU6ZD3ZYxFwEgh
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი