გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1426 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 5 ივლისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 5 ივლისი 2019 17:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1426) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გურამ აბულაძემ და მიქაელ აბულაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 29 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 5 ივლისს.
2. №1426 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების (შემდგომში - №684 დადგენილება) 1.13 დანართი განსაზღვრავს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის - განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხსენებული დანართის სადავო, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის, ერთდროულად, არა უმეტეს 50 ბავშვისა ქ. თბილისში, არა უმეტეს 10 ბავშვისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და არა უმეტეს 10 ბავშვისა თელავის მუნიციპალიტეტში, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში და/ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად წარმოსადგენ დოკუმენტაციას, რომლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისადაც, მომსახურების მისაღებად წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს, მათ შორის, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაზღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. ამასთან, მოსარჩელე მიქაელ აბულაძე არასრულწლოვანი პირია. სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად (ს/ს აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ნევროლოგიური კლინიკის 2007 წლის 25 ივლისის სტაციონარული ბარათი №5521-დან ამონაწერი), მოსარჩელე გურამ აბულაძის დიაგნოზს წარმოადგენს სპინალური ამიოტროფია. კონსტიტუციურ სარჩელს ასევე ერთვის შპს „ბ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე თბილისის №3 საოჯახო მედ. ცენტრის სსე აქტის №0155540 ამონაწერის ასლი, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელე მიქაელ აბულაძის დიაგნოზია ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური ამიოტროფია.
6. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, თვითმოვლა. ამავდროულად, ისინი ცხოვრობენ შენობაში, რომელიც არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებთან. მოსარჩელე გურამ აბულაძე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს სხვადასხვა ადგილას: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და საერთაშორისო აკადემია „სტეპის“ ქართული ფილიალის ციფრულ მარკეტინგში. სამსახურში მისასვლელად აუცილებელია გურამ აბულაძემ დატოვოს საცხოვრებელი კორპუსი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის დამოუკიდებლად განხორციელება არ შეუძლია და იგი დამოკიდებულია სხვა პირთა გულისხმიერებაზე. აღნიშნული ბარიერის გამო არასრულწლოვანი მიქაელ აბულაძე განათლებას იღებს სახლში და არა სკოლაში. მოსარჩელეთა აღნიშვნით, მათ სჭირდებათ დამხმარე, რომელიც უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან ჩამოყვანას და უკან დაბრუნებას, ასევე დაეხმარება ტანსაცმლის გამოცვლაში.
7. მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელეთა დედამ, ქეთევან ჯინჭარაძემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, რომლითაც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი, მიქაელ აბულაძე იყო განვითარების მძიმე და ღრმა ფიზიკური ჩამორჩენის მქონე ბავშვი და „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ითხოვდა მისთვის ბინაზე მომვლელის დანიშვნას. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა ქეთევან ჯინჭარაძეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ მიქაელ აბულაძის დიაგნოზი - ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური ატროფია არ არის იმ დაავადებათა ნუსხაში, რაც განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გურამ აბულაძის, როგორც არასრულწლოვანი პირის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, დავის საგანს წარმოადგენს ორი სხვადასხვა წესი. კერძოდ, პირველ რიგში, სადავოა №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ბინაზე მოვლის პროგრამის სამიზნე ჯგუფს მხოლოდ 7-დან 18 წლამდე პირები წარმოადგენენ. გარდა ამისა, მოსარჩელე გურამ აბულაძე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისადაც, განსაზღვრულია ამომწურავი დაავადებების ნუსხა, რომელთა დიაგნოზირების შემთხვევაში პირს შეუძლია, მოითხოვოს მომვლელის დანიშვნა. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე ის ფაქტი, რომ ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა გათვალისწინებულია მხოლოდ თბილისის, ზუგდიდის და თელავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ პირებზე, არ წარმოადგენს დავის საგანს. მოსარჩელე მიქაელ აბულაძე კი, როგორც არასრულწლოვანი, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მხოლოდ №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელის აღნიშვნით, დადგენილია კონკრეტული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება ბავშვთა მოვლის უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე იმ ბავშვებს, რომლებსაც სადავო ნორმით დადგენილი კონკრეტული დიაგნოზი გააჩნიათ. შესაბამისად, ამ ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის მიღმა რჩებიან ის პირები, რომლებსაც, მართალია, არ გააჩნიათ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლით განსაზღვრული კონკრეტული დაავადებები, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითმოვლა. ამგვარად, სადავო ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან გამოყოფს მხოლოდ განსაზღვრული დაავადების მატარებელ მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს და მხოლოდ მათთვის ითვალისწინებენ ბინაზე მოვლის შესაძლებლობას. სხვა დაავადების მქონე პირები, მათ შორის, ფიზიკური განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვები ბინაზე მოვლის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
10. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აღნიშვნით, ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ადამიანს გარემოსთან ურთიერთქმედებაში რა დაავადება უშლის ხელს. ამავდროულად, მოსარჩელე გურამ აბულაძე მიუთითებს №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ 7-დან 18 წლამდე ასაკის პირებს. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აღნიშვნით, სახეზეა დიფერენცირება, ერთი მხრივ, მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების, ცალკეული დაავადებების მატარებელ არასრულწლოვნებსა და, მეორე მხრივ, სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის, რომლებსაც ასევე ესაჭიროებათ ბინაზე მომვლელის დახმარება.
11. მოსარჩელეთა განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დიფერენცირება ხდება, ერთი მხრივ, ასაკის ნიშნით, ხოლო, მეორე მხრივ, კლასიკური ნიშნით - სოციალური კუთვნილების საფუძველზე, შესაბამისად, დიფერენცირების კონსტიტუციურობა შეფასების მკაცრი ტესტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, რომელიც ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის მქონე პირებს ანიჭებს, ემსახურება საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა არ წარმოადგენს აღნიშნული მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აღნიშვნით, შესაძლებელი იყო დასახელებული მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, მაგალითად, ბინაზე მოვლის შესაძლებლობა მინიჭებოდა ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ორი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ვერ ხდება საცხოვრებელი გარემოს გონივრული მისადაგება მათ საჭიროებასთან. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე არ არის დაცული ვიწრო გაგებით პროპორციულობა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ლეგიტიმურ მიზანსა და ბავშვის მშობელთან აღზრდის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის და სეგრეგაციისაგან დაცვის ინტერესს შორის. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს.
12. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. მოსარჩელეთა აღნიშვნით, განსაკუთრებული პირობების შექმნაში იგულისხმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში თანაბარი ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აშკარა და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს აქვთ ინტერესი, დამხმარის მეშვეობით ისარგებლონ მათი საცხოვრებელი სახლით, ასეთივე ინტერესი აქვთ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. შესაბამისად, სადავო ნორმები, რომლებიც ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას მხოლოდ 7-დან 18 წლამდე ასაკის, კონკრეტული დიაგნოზის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ანიჭებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1426 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი შესაბამის მიმწოდებელს მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს, მათ შორის, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაზღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება.
3. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ისინი იმ კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ დახმარებას, თუმცა იმის გამო, რომ განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად აუცილებელია, პირს კონკრეტული დაავადება გააჩნდეს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მათი საჭიროების მიუხედავად, გახდნენ დასახელებული პროგრამით მოსარგებლე სუბიექტები.
4. აღსანიშნავია, რომ არც სადავო ნორმა და არც სადავო ნორმაში მითითებული ბრძანება არ შეიცავს კონკრეტულ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობაც განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობის წინაპირობა გახდებოდა. სადავო ნორმის პირველი წინადადებით დადგენილია სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის წარმოდგენის ვალდებულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაზღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომლებიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. შესაბამისად, ხსენებული წესი მიუთითებს არა კონკრეტულ დაავადებებზე, არამედ პროგრამით სარგებლობისათვის მხოლოდ ისეთი დაავადების არსებობის აუცილებლობაზე, რომელიც განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას განაპირობებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობის წინაპირობას პირის განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხება წარმოადგენს, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებიდან მომდინარეობდეს და არც სადავო წესი არ უკავშირებს მას რაიმე კონკრეტული დაავადების არსებობას.
5. გარდა ამისა, სადავო ნორმის მე-2 წინადადების შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობისათვის სამიზნე ჯგუფს ასევე „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული უნდა ჰქონდეს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება. თავის მხრივ, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლი მიუთითებს ბრძანების №1 დანართზე, რომელიც ჩამოთვლის იმ დაავადებებსა და დეფექტებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას. ამასთან, ხსენებული ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულები დაავადებები და დეფექტები ზოგადი ხასიათისაა, კერძოდ, იგი ჩამოთვლის არა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაზღვრულ დაავადების სახელებს, არამედ დაავადების შესაძლო გამოვლინებებს და მისგან მომდინარე დეფექტებს. შესაბამისად, არც სადავო ნორმის აღნიშნული წესი აკეთებს დათქმას ქვეპროგრამით სარგებლობისთვის რაიმე კონკრეტული, სახელდებით გათვალისწინებული დაავადების არსებობაზე.
6. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10)-ით განსაზღვრული ისეთი ნოზოლოგი(ებ)ის მქონე პირები არიან, რომლებიც განაპირობებენ განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას და, რომლის გამოც, მათ ესაჭიროებათ მუდმივი დამხმარე. სადავო ნორმა სწორედ აღნიშნული წესის დეკლარირებისკენ არის მიმართული და პირის პროგრამით სარგებლობას არა სახელდებით გათვალისწინებულ კონკრეტულ დაავადებას, არამედ გამოხატულ დეფექტებს უკავშირებს. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ დაავადებით გამოხატული სინდრომები, რომელიც მოსარჩელეებს გააჩნიათ, არ ექცევა „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში და, რომ, ამის მიუხედავად, ისინი განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირები არიან. მოსარჩელეთა წარმომადგენელი მხოლოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა დედამ, ქეთევან ჯინჭარაძემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, რომლითაც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი, მიქაელ აბულაძე იყო განვითარების მძიმე და ღრმა ფიზიკური ჩამორჩენის მქონე ბავშვი და „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ითხოვდა მისთვის ბინაზე მომვლელის დანიშვნას. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი უთხრა ქეთევან ჯინჭარაძეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ მიქაელ აბულაძის დიაგნოზი - ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური ატროფია არ არის იმ დაავადებათა ნუსხაში, რაც განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართულია მხოლოდ მოსარჩელეთა დედის განცხადებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის პასუხი, რომელშიც ციტირებულია სადავო ნორმა და აღნიშნულია, რომ პროგრამის სამიზნე ჯგუფს სწორედ სადავო ნორმაში დასახელებული პირები წარმოადგენენ. ხსენებულ წერილში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული დაავადება - ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური ატროფია და მისგან მომდინარე სინდრომები არ ექცევა „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალში. ამგვარად, არ არის ნათელი, რომ მოსარჩელე მხარეს აქვს ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური ატროფიიდან მომდინარე განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხება, ესაჭიროება მუდმივი დახმარება, თუმცა, ამის მიუხედავად, უარი ეთქვა სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე და ვერ სარგებლობს ბინაზე მოვლის სახელმწიფო პროგრამით სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და №1426 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. №1426 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელის - გურამ აბულაძის (სრულწლოვანი პირი) სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ასევე სადავოდ არის გამხდარი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე დისკრიმინაციულად მიიჩნევს წესს, რომლის მიხედვითაც, ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მხოლოდ განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე 7-დან 18 წლამდე ასაკის პირები წარმოადგენენ. მოსარჩელის აღნიშვნით, ბინაზე მოვლის მიზნებისთვის, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, რის გამოც, სახელმწიფომ მათზე თანასწორად უნდა იზრუნოს.
9. აღსანიშნავია, რომ თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპთან მიმართებით სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენცირების აღმოფხვრა კანონმდებლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ორი გზით: 1. სადავო ნორმით გათვალისწინებული სუბიექტების მსგავსად, სრულწლოვანი მოსარჩელისთვის ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებით; 2. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის ყველა პირისთვის გაუქმებით. დასახელებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს სადავო ნორმის შინაარსი, მისგან მომდინარე შეზღუდვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკუთარი კომპეტენცია თანასწორობის კონსტიტუციური უფლების ფარგლებში.
10. სადავო ნორმა არეგულირებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი კომპონენტის - განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების შესაძლებლობა გააჩნიათ 7-დან 18 წლამდე ასაკის კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბავშვებს. მოსარჩელე სრულწლოვანი პირი მიიჩნევს, რომ ხსენებული პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით მხოლოდ 7-დან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სარგებლობის მინიჭება არღვევს თანასწორობის პრინციპს.
11. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა, რომელიც პროგრამით მოსარგებლე პირთა წრეს შემოფარგლავს ასაკით, კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს 7-დან 18 წლამდე ასაკის პირებს, ერთი შეხედვით, სრულწლოვანი პირებისათვის პროგრამით სარგებლობის შემზღუდველ წესს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). სხვაგვარად, ნორმის შინაარსზე ხშირად ახდენს გავლენას სხვა დებულებები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესის გააზრებისთვის აუცილებელია მისი სისტემურად წაკითხვა.
12. სადავო ნორმა განსაზღვრავს ბინაზე მოვლის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს, აღნიშნული ქვეპროგრამა კი სადავო ნორმის რეგულირების მიღმა, იმთავითვე, დამტკიცებულია მხოლოდ ბავშვებისთვის. კერძოდ, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არაერთი ქვეპროგრამა, რომლებიც ზოგ შემთხვევაში მიემართება უშუალოდ ბავშვებს, ზოგიერთი მათგანი კი მიღებულია ნებისმიერი ასაკის მქონე პირებისათვის. ამავე მუხლით დადგენილია, რომ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. №684 დადგენილების 1.13 დანართი კი არეგულირებს უკვე უშუალოდ ბავშვებისათვის დამტკიცებული ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს და მისი განხორციელების წესს. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი ასაკობრივი ზღვარი და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის მხოლოდ 7-დან 18 წლამდე პირებზე გავრცელება ვერ იქნება წაკითხული როგორც მოსარჩელე სრულწლოვანი პირისათვის ამ პროგრამით სარგებლობის გამომრიცხავი წესი. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული პროგრამა, იმთავითვე, დამტკიცებულია ბავშვებისათვის და არ წარმოადგენს მოსარჩელე სრულწლოვანი პირისათვის შემზღუდველ რეგულირებას, იგი მხოლოდ 7-დან 18 წლამდე პირთა წრის უფლებააღმჭურველი წესია. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელე მხარისათვის ხსენებული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას გააჩენდა. სადავო ნორმის რომელიმე ნაწილის/რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ პროგრამით მოსარგებლე პირთა წრის შემცირება და არა პირიქით. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ხსენებული ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება შინაარსობრივად ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოებას ნიშნავს. მსგავსი მოთხოვნა „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელე სრულწლოვანი პირისათვის ბინაზე მოვლის მომსახურების მიღების უფლების მინიჭება სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.
16. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს მხოლოდ სამიზნე ჯგუფის მიერ ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმება. თუმცა იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი ამ თვალსაზრისით მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ დაასაბუთოს, რომ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის. მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ ხსენებული ქვეპროგრამის მიზნებისთვის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
18. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებითად თანასწორობის საკითხის განსაზღვრის მიზნებისათვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც შესადარებელი ჯგუფების, ისე, ზოგადად, სამართალურთიერთობის ბუნება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება მიემართება განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების პირებისათვის ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობის საკითხს.
19. ამავდროულად, ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში არასრულწლოვანი პირების უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება სრულწლოვანების მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების შესახებ. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით და ა.შ. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „არასრულწლოვანი პირების ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დონის შესაბამისად, შესაძლოა, განსხვავებული იყოს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის პირობები. ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი არასრულწლოვან პირებს სრულწლოვან პირებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები აქვთ... არასრულწლოვანი პირები ასაკის შესაბამისად საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა დაცული იყოს მათი ინტერესები და ეჭვქვეშ არ დადგეს მათი ნორმალური განვითარება... როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8,9).
20. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, „ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით“. ამავე დანართის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას; ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის – განვითარების სპეციალისტის და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – მომსახურებას, სულ – თვეში არანაკლებ 44 საათისა. ამასთან, მომსახურებაში შედის: ბ.ა) ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება/განხორციელება; ბ.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა; ბ.გ) ბენეფიციარის მოვლა და დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში; ბ.დ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება და მხარდაჭერა; ბ.ე) ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება; ბ.ვ) ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა; ბ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ბ.თ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.
21. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული ღონისძიებები მიმართულია უშუალოდ არასრულწლოვანი პირებისკენ, მათთვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისკენ, სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებისა და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობისკენ, ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, მისი პოზიტიური ქცევის მხარდაჭერისკენ. სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი თითოეული ღონისძიება, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვის მომვლელის, განვითარების სპეციალისტის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) მომსახურებით უზრუნველყოფა. ამავდროულად, 1.13 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პროგრამაში ჩართვის უპირატესობით მოსარგებლე მაძიებლებს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები; ბ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით; გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები; დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები. შესაბამისად, პროგრამა ასევე განსაკუთრებულ დაცვას ითვალისწინებს კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. შესაბამისად, ხსენებული პროგრამა უშუალოდ არის მიმართული კონკრეტული საჭიროებების მქონე ბავშვთა დახმარებისკენ, ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე კი, გარკვეული კატეგორიის ბავშვები, მაგალითად, მინდობით აღზრდაში მყოფი პირები პროგრამაში პრიორიტეტულად მონაწილეობის უფლებით სარგებლობენ.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ბავშვზე ზრუნვის პროგრამა უშუალოდ მიმართულია ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებისკენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ არასრულწლოვან პირებს, როგორც წესი, სრულწლოვან პირებთან შედარებით, ნაკლებად აქვთ ინფორმირებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების არსებითად თანასწორობის საკითხის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტაციისა და დამაჯერებელი მტკიცებულებების მოყვანას საჭიროებს. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე გურამ აბულაძეს არ შესწევს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი და ის, ბინაზე მოვლის პროგრამით სარგებლობასთან მიმართებით, 7-დან 18 წლამდე პირების არსებითად თანასწორია. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე გურამ აბულაძის შეზღუდული შესაძლებლობები მომდინარეობს მისი ფიზიკური დარღვევებიდან. მხოლოდ ის გარემოება, რომ ქვეპროგრამით გათვალისწინებული რაიმე ერთ-ერთი ღონისძიება, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ბენეფიციარის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში, შესაძლოა, სრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არასრულწლოვანი პირის მსგავსად ესაჭიროებოდეს, არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირები არსებითად თანასწორები არიან. უკვე არაერთხელ აღინიშნა ხსენებული სახელმწიფო პროგრამის მიზნები და მის ფარგლებში გათვალისწინებული არაერთი ღონისძიება, რომლებიც არასრულწლოვანი პირების საჭიროებებზეა მორგებული და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას ემსახურება. შესაბამისად, ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების ნებისმიერი სრულწლოვანი პირი და სხვა, 7-დან 18 წლამდე ასაკის მქონე პირები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1426 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. №1426 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე გურამ აბულაძის (სრულწლოვანი პირი) სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ასევე სადავოდ არის გამხდარი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმის გამო, რომ ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა მხოლოდ არასრულწლოვნებს შეუძლიათ, სახელმწიფო არღვევს სრულწლოვანი პირების უფლებებს და უარს ამბობს მის პოზიტიურ ვალდებულებაზე, მხარი დაუჭიროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესაბამისი ცხოვრების დონის უზრუნველყოფას.
25. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და ამგვარად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზება. შესაბამისად, იმისათვის, რომ სადავო ნორმა განაპირობებდეს ხსენებული უფლების შეზღუდვას, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მის უფლებას და რომ სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევა. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, სახეზე იყოს მოსარჩელის უფლების მზღუდავი ქცევის წესი.
26. როგორც უკვე აღინიშნა, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოადგენს მოსარჩელე გურამ აბულაძის უფლების მზღუდავ რეგულირებას. სადავო ნორმა მხოლოდ სხვა პირების (7-დან 18 წლამდე) უფლებააღმჭურველი წესია. შესაბამისად, სხვა პირებისათვის რაიმე უფლების მინიჭება ვერ გახდება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის არგუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა, ამ თვალსაზრისით, არ განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1426 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილების 1.13 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1426 („გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი