ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N641 |
ავტორ(ებ)ი | ქუთაისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 16 აპრილი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტთან შეუსაბამოდ, ხოლო ნორმატიური აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ნორმატიული აქტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: 1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, კერძოდ: სერგო გოგიჩაიშვილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 3600 ლარის გადახდა. სერგო გოგიჩაიშვილს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 108 ლარის გადახდა. 2. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის საფუძველია ის, რომ მოპასუხე, მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნით იყენებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ ქონებას.
სამართლებრივი გარემოებები: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად, სააპელაციო პალატის აზრით, გამოყენებულ უნდა იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი. 2. ამ პუნქტის თანახმად, ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, პრაქტიკულად, ეს ნორმა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას - უსაფუძვლო გამდიდრებას. 4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმავე საკითხს ამგვარად არეგულირებს: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 5. ამ ორი ნორმის შინაარსი მსგავსია, თუმცა მათ შორის განსხვავება ის არის, რომ სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი საუბრობს უფლებამოსილი პირისათვის მიყენებულ ზიანზე, რაც დაზარალებულს შესაბამისი ფაქტების მითითებისა და მტკიცების ტვირთს აკისრებს.
6. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დაკავშირებულია ამავე კოდექსის 981-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან. ამ ნორმის შესაბამისად, კი პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ ეკისრება, თუ მან მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში. 7. ამისგან განსხვავებით, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უპირობოდ ადგენს თანხის გადახდის ვალდებულებას (მიუხედავად მიმღების სუბიექტური დამოკიდებულებისა ქონების ფლობის მიმართ) და, უფრო მეტიც, არსებითად, განსაზღვრავს გარკვეული სახის მტკიცებულებას - წერილობით დოკუმენტს; საექსპეტო/აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც სადავო ფაქტები უნდა დადასტურდეს. 8. ეს კი, მხარს უზღუდავს შესაძლებლობას, სასამართლო დავის შემთხვევაში, თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მიუთითოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მტკიცებულებებზე, რადგან ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 9. ამგვარად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი კანონი აწესრიგებს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას, ზღუდავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის საშუალებას და, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.\ 10. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა. 12. მართალია, კონსტიტუციური კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შედის, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება დაარეგულიროს ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. 13. ამაზე მიუთითებს კონსტიტუციური კანონის დათქმაც: “საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით”. ამიტომ, ქონების მართვისა და განკარგვის წესის განსაზღვრისას ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული გამგებლობის სფეროში არ უნდა შეიჭრას. 14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N 15/290,266 - საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 67 დეპუტატი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს მოქალაქე თამაზ დიასამიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ განმარტა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილების მხოლოდ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისათვის მინიჭება “ავტომატურად გამორიცხავს ამ უფლებამოსილების დელეგირებასაც კი ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისათვის”. 15. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება ... სამოქალაქო სამართლის... და საპროცესო კანონმდებლობა. 16. ამის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკა სამოქალაქო სამართლებრივი ქცევის სავალდებულო წესს ვერ დაადგენს და, მითუმეტეს, ვერ განსაზღვრავს სამართლებრივი დავისათვის საჭირო მტკიცებულებათა ჩამონათვალს. 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარეობს, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება დაარეგულიროს კუთვნილი ქონების განკარგვის, ე.ი. მისი სამართლებრივი ბედის გადაწყვეტის და მართვის, ანუ ქონებით სარგებლობის საკითხი. 18. აღსანიშნავია, რომ თავად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის “ა1” ქვეპუნქტი განმარტავს, რომ ქონების განკარგვაში მისი პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა და ლიზინგის ფორმით გადაცემა იგულისხმება. 19. ამგვარად, ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება კანონით გადაწყვიტოს, თუ როგორ მოახდენს კუთვნილი ქონების პრივატიზებას, მართვის უფლებითა და ლიზინგით გადაცემას ან ქონებით სარგებლობას. ამის ნაცვლად, როგორც აღინიშნა, ავტონომიური რესპუბლიკის კანონმა დაარეგულირა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, ამასთან, ეს, გარკვეულწილად, მოახდინა სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებული ფორმით და, რაც მთავარია, უპირობოდ განსაზღვრა მტკიცებულებები, რომლითაც სადავო ფაქტები შეიძლება დადასტურდეს. 20. სააპელაციო პალატის აზრით, ამით ავტონომიური რესპუბლიკა შეიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა განსაკუთრებულ კომპეტენციაში.
დასკვნა: 21. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი მიჩნეულ იქნას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ. სხვა გარემოებები: |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა