ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/641 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 10 ივნისი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №641) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლეები - სიმონ ჩხაიძე, თამარ სვანიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 27 მაისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული და შრომის სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობა.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაზე თანდართული მასალების თანახმად, 2015 წლის 31 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეაჩერა საქმისწარმოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, მოპასუხე, სერგო გოგიჩაიშვილი, მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნით იყენებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ ქონებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რის შედეგადაც, 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა 3600 ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის სახით, 108 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
7. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ფაქტობრივად აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას - უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მსგავსი რეგულირება, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს, მისი თანხმობის გარეშე, ვალდებულია, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
8. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმით და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შინაარსობრივი მსგავსების მიუხედავად, სადავო ნორმა ადგენს განსხვავებულ მოწესრიგებას, კერძოდ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს მტკიცებულების მხოლოდ ერთ სახეს, რომლითაც შესაძლებელია სადავო ფაქტების დადასტურება. წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის თანახმად, ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დადასტურება მხოლოდ წერილობითი დოკუმენტით არის შესაძლებელი, რაც მხარეს უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებები, ვინაიდან აღნიშნული ნორმატიული აქტის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
9. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიმღებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მან მიღებისას იცოდა ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესისგან განსხვავებით, სადავო ნორმა უპირობოდ ადგენს ქონებით მოსარგებლის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას, დამოუკიდებლად მისი სუბიექტური დამოკიდებულებისა ქონების ფლობის მიმართ.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმით განსაზღვრული ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო აქტი გამოცემულია არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, არამედ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ იგი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან აქტის გამომცემ ორგანოს შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნდა.
11. წარდგინების ავტორი ასევე მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. აღნიშნული ნორმის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა. წარდგინების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არ გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დარეგულირების უფლებამოსილების მინიჭებას. აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ შეიძლება დაარეგულიროს კუთვნილი ქონების განკარგვის, ე.ი. მისი სამართლებრივი ბედის გადაწყვეტის და მართვის, ანუ ქონებით სარგებლობის საკითხი, თუმცა მას არ გააჩნია უფლებამოსილება, დაადგინოს სამოქალაქო სამართლებრივი ქცევის სავალდებულო წესი და განსაზღვროს სამართლებრივი დავის გადაჭრისთვის საჭირო მტკიცებულებები. ამასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განისაზღვრება, რომ ქონების განკარგვაში მხოლოდ ქონების პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა და ლიზინგის ფორმით გადაცემა მოიაზრება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას და ზღუდავს პირისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს. შესაბამისად, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტს, რომელიც სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოცემის უფლებამოსილებას მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს.
13. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს №641 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №641) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
ქეთევან ერემაძე
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ზაზა თავაძე
მაია კოპალეიშვილი
ოთარ სიჭინავა
მერაბ ტურავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი