საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/10/1676 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 21 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2022 19:33 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 მაისი 2023 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი - მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლები - ნინო მინდიაშვილი და დიანა კვარაცხელია; სპეციალისტი - ნიკა აბრამიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1676) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის №1/3/1676 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 16 და 17 ივნისს.
2. №1676 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს სადავო წესის იმ შინაარსს, რომლის საფუძველზეც, მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესად განისაზღვრება მისი ერთადგილიან საკანში განთავსება. მისი განმარტებით, ზოგადად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მოთავსება ერთადგილიან საკნებში, ამა თუ იმ ფორმით, სხვადასხვა ტიპის სასჯელაღსრულების სისტემაში გვხვდება, თუმცა ამგვარი მოპყრობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან მსჯავრდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. ამასთანავე, პირის ერთადგილიან საკანში მოთავსებამ შესაძლოა ყურადღების მიღმა დატოვოს მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
6. მოსარჩელის განმარტებით, მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსება კიდევ უფრო მეტად ზღუდავს თავისუფლებააღკვეთილი პირის თავისთავად შეზღუდულ უფლებებს. შესაბამისად, ამგვარი ზომის გამოყენება მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობასა და ასეთი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას. პატიმრის უფლებებზე ყოველი დამატებითი შეზღუდვის დაწესება უნდა გამომდინარეობდეს უკვე არსებული ან პოტენციური ზიანიდან რომელიც პატიმარმა გამოიწვია ან შეიძლება მომავალში გამოიწვიოს.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ №3 და №6 პენიტენციური დაწესებულებები წარმოადგენს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებს, რომლებშიც სასჯელის მოსახდელად თავსდებიან საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების მაღალი რისკის შეფასება ხდება დეტალური კრიტერიუმების საფუძველზე და რისკის შეფასების სიღრმისეული პროცედურის შედეგად. აღნიშნული კრიტერიუმების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე - მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის, ხოლო შემდგომ - მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ. ამრიგად, აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საკმარისად ცხადი კრიტერიუმებისა და დეტალური პროცედურის საფუძველზე, თუმცა მის მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მხოლოდ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და იგი კავშირში არ არის პირის ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებასთან.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მსჯავრდებულისათვის პენიტენციური დაწესებულების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, მისი ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი კრიტერიუმების გამოყენების გარეშე, დაწესებულების ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. ამასთანავე, მსჯავრდებულთა მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადამოწმება ხორციელდება ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. შესაბამისად, უზრუნველყოფილია მსჯავრდებულის მაღალი რისკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ. მეორე მხრივ, ერთ ან ორადგილიან საკანში მსჯავრდებულის მოთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს და არც ამგვარ საკნებში განწესების ვადა არ არის მკვეთრად შემოსაზღვრული. შესაბამისად, პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში, პირის ერთადგილიან საკანში განთავსება ხდება ხანგრძლივი დროით. კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს ამგვარ საკნებში პატიმრის განთავსების თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
10. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საკმარისად ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება კი, თავისთავად, წარმოშობს რისკს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ბოროტად ან თვითნებურად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუსაზღვრელი ფარგლები. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიების პირობებში ამ ინსტიტუტის გამოყენება, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.
11. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ, თუკი მსჯავრდებული წარმოშობს რაიმე სახის საფრთხეს, ერთადგილიან საკანში მოთავსების ნაცვლად, მის მიმართ შესაძლოა, გამოყენებული იქნეს განცალკევების მექანიზმი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს 30 დღის ვადით და, შესაძლოა, გახანგრძლივდეს გონივრული დროით. შესაბამისად, არსებობს საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმი, რომელიც ნაკლები ინტენსივობით შეზღუდავდა მსჯავრდებულის უფლებებს.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიზნებისთვის, მოსარჩელის წარმომადგენელმა ერთმანეთისგან გამიჯნა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და მიუთითა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე, სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის მოთავსება ერთადგილიან საკანში წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის წარმოსაჩენად კი აღნიშნა, რომ მათი მოქმედების პირობებში, ერთდროულად ირღვევა ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებით მოაზრებული როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული გარანტიები.
13. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ ასპექტთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ადგილი აქვს მსჯავრდებულთა იმგვარი ინტენსივობის იზოლაციას, რომ იგი per se არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. კერძოდ, ასეთ დროს ხდება მსჯავრდებულთა მოთავსება ერთადგილიან საკანში დღე-ღამის გათვალისწინებით 23 საათის განმავლობაში, რა დროსაც მათ ფაქტობრივად არ აქვთ გარესამყაროსთან კომუნიკაციის დამყარების, ისევე, როგორც კონკრეტული აქტივობით ეფექტიანად დაკავების შესაძლებლობა, რაც ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას და მათ რეაბილიტაციას. დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა იზოლაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობის და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობის ფონზე, პატიმრები საუბრისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტს განიცდიან, რაც მძიმედ აისახება როგორც მათ ფსიქო-ემოციურ, ისე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე და არღვევს არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.
14. დამატებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურულ გარანტიებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში პატიმრის ერთადგილიან საკანში მოთავსებაზე ციხის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად, ზეპირი ფორმითა და დასაბუთების გარეშე მიღებასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობა არ ადგენს იმგვარ ნორმატიულ წესრიგს, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილების მიღება სასჯელის ერთადგილიან საკანში მოხდის თაობაზე, სავალდებულო წესით დაექვემდებარებოდა გარკვეულ საკანონმდებლო წინაპირობებს და მოთხოვნებს. ამგვარ პირობებში, არასათანადო გარანტიების ფონზე, გაზრდილია თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისა და შესაძლო არაადამიანური მოპყრობის რისკი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
16. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ავტორიტეტულ განმარტებებს.
17. მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმები ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა: გარშემო მყოფ პატიმართა, ისევე, როგორც, ზოგადად, პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დაცვა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში, მხედველობაშია ასევე მისაღები პატიმართა სურვილი, რომ სასჯელი მოიხადონ განცალკევებით, ერთადგილიან საკნებში, რის შესაძლებლობასაც იძლევა სადავო ნორმებით დადგენილი წესი.
18. მოპასუხის წარმომადგენლებმა საჯარო ლეგიტიმური მიზნების ჭრილში (გარშემომყოფ პატიმართა დაცვა და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა) ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის მიზნით, ერთადგილიან საკანში განთავსება საფუძველშივე კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს არ ეწინააღმდეგება. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, თუ რამდენად არის მატერიალური და სოციალური პირობები თანხვედრაში იმისათვის, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, დადგინდეს სასჯელის მოხდის საერთო პირობების თავსებადობა არაადამიანური მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული რისკის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ერთადგილიან საკნებში მოთავსებულ პატიმრებს კანონმდებლობით, გააჩნიათ, ერთი მხრივ, სასჯელის მოხდისთვის ადეკვატური მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობები, ხოლო, მეორე მხრივ კი - იმ ხარისხის სოციალური კონტაქტის შესაძლებლობა, რომელიც თავსებადია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებთან.
19. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, მართალია, მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განთავსებაზე შესაბამის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ციხის დირექტორი, თუმცა იგი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის, კერძოდ, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მიერ გამოსაყენებელი ღონისძიების პოტენციურ ადრესატზე დაკვირვების შედეგად მოწოდებულ რეკომენდაციებს, ასევე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნებს. შესაბამისად, გადაწყვეტილება, კონკრეტული პატიმრის საკანში სხვა პატიმართან ერთად თუ ცალკე შესახლების თაობაზე არ მიიღება ზედაპირულად, გამოკვლევისა და ინდივიდუალური შემოწმების გარეშე, რაც აზღვევს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების რისკს.
20. პატიმართა ერთადგილიან საკანში განთავსებაზე გადაწყვეტილების მიღების ზეპირ ფორმასთან დაკავშირებით, მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილებათა მიღება არის დაწესებულების ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, შესაბამისად, ერთგვარად რუტინული პროცესი; ხშირ შემთხვევაში კი ამ გადაწყვეტილების მიღება მყისიერად ხდება. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ პატიმარი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ხშირად იცვლიდეს განთავსების ადგილს. ამგვარ შემთხვევაში, გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით მიღება მეტად ბიუროკრატიულს გახდიდა ციხის ადმინისტრაციის საქმიანობას. ამასთან, პატიმარს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მიმართოს უფლებამოსილ პირს, მისი ორადგილიან საკანში გადაყვანის მოთხოვნით, რა დროსაც უარი წერილობითი ფორმით გამოიცემა და საბუთდება. ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი უარი კი, კანონმდებლობით, გასაჩივრებას ექვემდებარება ჯერ ზემდგომ ორგანოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. გამომდინარე აქედან, პატიმრის გასაჩივრების უფლება, როგორც ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის ქმედითი მექანიზმი, ნორმატიულ დონეზე არის მოწესრიგებული.
21. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.
22. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა პირმა, ნიკა აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ, მართალია, სასჯელის მოსახდელად, კონკრეტულ მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განუსაზღვრელი ვადით, თუმცა ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირები, კერძოდ, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი, ასევე, სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები, ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან პატიმრებთან და პენიტენციური დაწესებულების დირექტორს აწვდიან ინფორმაციას პატიმართან დაკავშირებული გარემოებების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში ხდება დირექტორის თვითინიციატივით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ პატიმარმა დატოვოს ერთადგილიანი საკანი და დაწყვილდეს სხვა პატიმართან. გარდა ამისა, ყოველწლიურად, დაწესებულება ვალდებულია, იმსჯელოს ყველა პატიმართან დაკავშირებულ რისკებზე, მოახდინოს მათი ხელახალი შეფასება/გადაფასება, რის საფუძველზეც, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საშიშროების რისკის კლების კვალდაკვალ, პატიმრებს გააჩნიათ შესაძლებლობა, არა მარტო დატოვონ ერთადგილიანი საკანი, არამედ საერთოდ შეიცვალონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი.
23. სპეციალისტის განმარტებით, ამა თუ იმ პატიმრის გარკვეული კატეგორიის პატიმართან ერთად საკანში მოთავსებამ, პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია, უმართავი პროცესები გამოიწვიოს, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება მთლიანად პენიტენციური სისტემის გამართულად ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი. სადავო ნორმები, ამ თვალსაზრისით, ხელს უწყობს ზემოხსენებული საფრთხეების განეიტრალებას იმგვარად, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან მიმართებით, წინააღმდეგობა არ იკვეთება. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ერთადგილიან საკანში მოთავსებული პატიმრები, ზოგადად, ადამიანის პიროვნულობისთვის აუცილებელი და საბაზისო სოციალური კონტაქტის შესაძლებლობით არიან აღჭურვილი. მათ აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ კომუნიკაცია ფსიქოლოგთან, ექიმთან, სოციალურ მუშაკთან. გარდა ამისა, საკანში აქვთ ტელევიზორი, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეუძლიათ, შეუზღუდავად შეიძინონ ჟურნალ-გაზეთები, გაეცნონ პრესას, ასევე ბიბლიოთეკიდან სურვილისამებრ გამოიწერონ წიგნები. შესაბამისად, მათი სოციალური იზოლაციის ხარისხი შესაბამისობაშია არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ მოთხოვნასთან და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას - ადამიანის ღირსებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. კერძოდ, ადამიანის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების კონსტიტუციური აკრძალვა, თავისი შინაარსით, აბსოლუტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის უფლება, დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისა თუ სასჯელისაგან, აბსოლუტური უფლებაა და მისგან უკანდახევა არასდროს, არანაირ ვითარებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული. კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ყოველგვარ ჩარევას. ნებისმიერი ჩარევა შეუთავსებელია აკრძალვის აბსოლუტურობასთან და, ამდენად, არღვევს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება თუ სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება (იხ. „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-19).
2. ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობა, რომელიც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის აკრძალული, ყველაზე უფრო პირდაპირ და უხეშად ლახავს ადამიანის ღირსებას, რომელიც სამართლიანად განიხილება როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი პიროვნების არსებობისა და რაობის განმსაზღვრელი უზენაესი ღირებულება, კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემის, ასევე, ადამიანის ყველა უფლების საფუძველთა საფუძველი, რომლის პატივისცემის იდეასაც ეფუძნება ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციამ, პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების პატივისცემის პრინციპით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს (იხ. „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-19).
3. დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში, რომელიც არის ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა და სადაც სამართლის უმაღლეს მიზნად აღიარებულია ადამიანი როგორც უმთავრესი ფასეულობა, შეუძლებელია, არსებობდეს ვინმეს წამების, ან მისდამი არაადამიანური მოპყრობის საჭიროება, ან რაიმე გამართლება. შეუძლებელია, თუნდაც ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ იმგვარი ვითარება, სადაც ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობას რაიმე ხელშესახები მიზეზითა და ღირებულ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსების მოტივით მოეძებნოს გამართლება. კონსტიტუციურ ღირებულებათა არქიტექტურაში ადამიანის ღირსების პატივისცემა, მისი დაცვა, არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. ადამიანის ღირსება არის კონსტიტუციური პრინციპი, ღირებულებათა სისტემის საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება სხვა ძირითადი უფლებები. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსების დაცვაა დემოკრატიული ღირებულებების ქვაკუთხედი და ამ ფუნდამენტისგან ყოველი უკან დახევა პრინციპულად შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან. დემოკრატიული სახელმწიფო ამ ღირებულების ერთგული უნდა დარჩეს ნებისმიერ დროსა და ვითარებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახველი სასჯელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, „ ... კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, ვალდებულებებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციის, ასევე მათზე დროული და ქმედითი რეაგირების თვალსაზრისით. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიებთან ერთად, აწესებს შესაბამის პრევენციულ თუ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობას ილუზორული ხასიათი კი არ გააჩნდეს, არამედ მან შეიძინოს რეალური და პრაქტიკული მნიშვნელობა. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში ნაგულისხმები პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფრთხეების პრევენცია, ყველა იმგვარი ქმედების იდენტიფიცირება და სამართალდარღვევად გამოცხადება, რომლებიც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივი და სათანადო რეაგირება, ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ ვალდებულებათა განუხრელი შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებმა რეალურად ისარგებლონ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-5).
2. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება და მიდგომები, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს
5. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველ პუნქტს და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტს. დასახელებული სადავო ნორმები ადგენს ზემოხსენებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განთავსების ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში“. საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარესად, უნდა განსაზღვროს სადავო ნორმების შინაარსი და, მისი გათვალისწინებით, დაადგინოს მოცემულ საქმეზე მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შესაფასებელი მოცემულობა. სადავო ნორმის ტექსტი არ მოიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ რა მიზნით ხდება მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში განთავსება.
6. საერთოდ, მსჯავრდებულის იზოლაციას გარშემომყოფი პირებისგან, მათ შორის, განცალკევებით საკანში მის გადაყვანას შესაძლებელია, გააჩნდეს სხვადასხვა საფუძველი. თავისუფლებააღკვეთილი პირის განცალკევება სხვა პატიმრებისაგან და მისი მოთავსება ერთადგილიან საკანში შესაძლოა, წარმოადგენდეს დისციპლინურ სახდელს, რომელიც დაკისრებულია კანონით გაწერილი დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე. ამგვარი ღონისძიების გამოყენების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს საკუთრივ პატიმრის დაცვა, როდესაც სხვა პატიმრების მხრიდან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება არსებობდნენ პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებისაგან დაცვას საჭიროებენ. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მათი დანაშაულებრივი ქმედების პრეისტორიითა და ხასიათით, კრიმინალურ დაჯგუფებებთან მტრობით და, ზოგადად, პატიმრის დაუცველობით სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. მოცემულ ვითარებაში, ბუნებრივია, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის უსაფრთხო გარემო. კიდევ ერთი საფუძველი, რაც განაპირობებს პატიმრის განცალკევებით საკანში გადაყვანას, შეიძლება იყოს პრევენციული ხასიათის ადმინისტრაციული ზომის გამოყენება, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირი წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფებისთვის როგორც სხვა პატიმრების, ისე დაწესებულების თანამშრომლებისათვის და, ასევე, დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისთვის. ასეთ დროს ხდება პატიმრის განცალკევება ერთადგილიან საკანში მოთავსების გზით. ყველა მოცემულ შემთხვევაში, პატიმრის იზოლაცია ხდება კონკრეტული საფუძვლითა და მკაცრად შემოსაზღვრული ვადით, რომელსაც არ აქვს კავშირი სასჯელის მოხდის პირველად მიზანთან, არამედ წარმოადგენს დისციპლინური დასჯისა თუ არსებული საფრთხის პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმს.
7. რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმებს, ისინი სისტემურად მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს მიღებული №108 და №109 დებულებების მე-3 თავში, რომელიც აწესრიგებს, ზოგადად, №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესსა და პირობებს. ზემოხსენებული დებულებების ცალკეულ ნორმებთან სისტემური გააზრების საფუძველზე ცალსახაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული პატიმართა სეგრეგაცია არ გამოიყენება როგორც დისციპლინური დასჯის მექანიზმი ან უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიების სახე, რომელიც იმწუთიერი საფრთხის განეიტრალებისკენ არის მიმართული. სადავო ნორმების მიხედვით, პრევენციული ხასიათის ადმინისტრაციული ზომის ფარგლებში, ზოგადი წესის საფუძველზე ხორციელდება მსჯავრდებული პირის სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში განთავსება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ხანგრძლივი ვადით შეფარდების დროსაც, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად იარსებებს ის წინაპირობები, რომლებიც ჩვეულებრივ განაპირობებს პატიმრის ერთადგილიან საკანში განთავსებას სასჯელის მოსახდელად. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების ასეთი შინაარსი არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულთა სოციალური იზოლაციის ხარისხი (მხედველობაშია დღე-ღამეში 23 საათის განმავლობაში იზოლაციაში ყოფნა) იმდენად მაღალია, რომ ეწინააღმდეგება არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ მოთხოვნას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე უთითებს, რომ მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება დაწესებულის ხელმძღვანელის მიერ მიიღება ერთპიროვნულად, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, დაუსაბუთებლად, ზეპირად და განუსაზღვრელი ვადით, რაც წარმოშობს არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკებს. მოსარჩელე უთითებს, რომ ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სადავო ნორმები ასევე პრობლემურია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით სახელმწიფოსთვის დაწესებული პოზიტიური ვალდებულების ჭრილში.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, სასამართლოს წინაშე დგას საკითხი, სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე შეაფასოს, სასჯელის მოსახდელად, მაღალი რისკის პატიმართა მოთავსება ერთადგილიან საკანში, რაც გულისხმობს მათ იზოლაციაში ყოფნას დღე-ღამეში 23 საათის განმავლობაში და რაც შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, წარმოადგენს თუ არა თავისუფლების აღკვეთით სასჯელის მოხდის იმგვარ პირობებს, რომელიც სოციალური იზოლაციის ინტენსიურობის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული „არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი“. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არის თუ არა პატიმრისთვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნება ყოველთვის საკმარისი გამართლება მისი ხანგრძლივი და ინტენსიური იზოლაციისათვის; არის თუ არა ეს ყოველთვის განპირობებული პატიმართა უსაფრთხოების დაცვის რეალური საჭიროებებით; ანდა უშვებს თუ არა სადავო ნორმა იმის პრაქტიკულ შესაძლებლობას, რომ ერთადგილიან საკანში პატიმრის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საამისოდ აუცილებელი საფუძვლების არარსებობის პირობებში, სათანადო შემოწმებისა და ზედმიწევნით გამოკვლევის გარეშე, ზედაპირულად; უზრუნველყოფს თუ არა სადავო ნორმა უფლებათა დაცვის იმგვარ მყარ ფორმალურ თუ პრაქტიკულ გარანტიებს, რასაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი მოითხოვს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან სადავო ნორმების შინაარსის შესაბამისობას იგი შეაფასებს იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში, სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში განთავსებული პატიმრები აგრძელებენ ყველა იმ უფლებით სარგებლობას, რომელიც ამ ტიპის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის არის კანონმდებლობით დადგენილი.
9. სასამართლო ზედმიწევნით გამოიკვლევს, თუ რამდენად პასუხობს ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის შესახლების თაობაზე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა და პროცედურა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების მოთხოვნებს, მათ შორის, უფლებათა დაცვისა და დარღვევების პრევენციისათვის საკმარისი გარანტიების უზრუნველყოფის ჭრილში, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოშობს თუ არა სასჯელის მოსახდელად პატიმრის ერთადგილიან საკანში განთავსების შესახებ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებათა მიღების წესი არასათანადო მოპყრობის რისკებს. ამისათვის, სასამართლო მხედველობაში მიიღებს, თუ რის საფუძველზე და რა პირობებში იღებს უფლებამოსილი პირი ხსენებულ გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა ასეთ დროს თვითნებურ და მიკერძოებულ გადაწყვეტილებათა მიღების საფრთხე ან რა მექანიზმებით არის ამგვარი საფრთხის წარმოშობა დაზღვეული; არსებობს თუ არა იმგვარი საკანონმდებლო რეალობა, რომელიც სავალდებულო წესით შებოჭავდა გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის მიხედულების ფარგლებს და მოაქცევდა მას გონივრულ ჩარჩოებში; არსებობს თუ არა მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთების ვალდებულება ანდა მისი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადასინჯვის ქმედითი ბერკეტები; არსებობს თუ არა ამგვარ საკნებში განთავსებული პატიმრების ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგის სისტემა; ხორციელდება თუ არა სამარტოო პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე ყოველი ახალი გადაწყვეტილების მიღების დროს ვითარებისა და პატიმრის მდგომარეობის ხელახალი შეფასება, ეკისრება თუ არა გადაწყვეტილების მიმღებს აუცილებელი და რელევანტური საფუძვლების წარმოდგენის ვალდებულება და სხვა. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხებს ცალ-ცალკე შეაფასებს და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გამოკვეთს შესაბამის კონსტიტუციურ სტანდარტებს. თავის მხრივ, ხსენებული საკითხების შეფასებისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს საერთო ევროპულ მიდგომებს ისევე, როგორც სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციას.
3. განმარტოებული პატიმრობის მიმართება არაადამიანურ მოპყრობასთან
10. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების ფარგლებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი პატიმრობაში იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რომელიც შეესაბამება ადამიანურ ღირსებას. თავისუფლების აღკვეთის ზომის აღსრულების მეთოდი და ფორმა ადრესატს არ უნდა განაცდევინებდეს იმგვარ სატანჯველს, რომელიც აღემატება იმ ტანჯვას, რაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელისათვის არის ჩვეულებრივ დამახასიათებელი. პატიმარი პირის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადეკვატურად უნდა იყოს დაცული თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერ დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პირობებში, დამნაშავე არ უნდა იქცეს ერთგვარ სამიზნედ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ინდივიდუალური და სოციალური თვალსაზრისით, ადამიანის ღირსეული არსებობის საბაზისო წინაპირობები უნდა იქნეს შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი. სასჯელის აღსრულების პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ღირსებასთან შესატყვის სტანდარტებთან თავსებად გარემოში.
11. თავისთავად ის გარემოება, რომ სასჯელის მოსახდელად თავისუფლებააღკვეთილი პირის განთავსება ხდება ერთადგილიან საკანში, არ გულისხმობს per se პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას, მისი როგორც ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და ფასეულობის პატივისცემის უგულებელყოფას. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაც, რომელმაც არაერთხელ განმარტა, რომ პირის ერთადგილიან საკანში მოთავსება, თავისთავად, არ წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ამასთან, მისივე განმარტებით, მართალია, სხვებთან ურთიერთობისგან ადამიანის გახანგრძლივებული სოციალური დაშორება ისედაც არ არის სასურველი, თუმცა საკითხი, ხვდება თუ არა გამოყენებული ღონისძიება კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების ფარგლებში, დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე, მის სიმკაცრეზე, ხანგრძლივობაზე, დასახულ მიზანსა და იმ შედეგებზე, რაც მან პიროვნებაზე იქონია (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის №69332/01 გადაწყვეტილება საქმეზე: Rohde v. Denmark, §93; 2013 წლის 4 ივლისის №4242/07 გადაწყვეტილება საქმეზე: Rzakhanov v. Azerbaijan, §64; 2006 წლის 4 ივლისის №59450/00 გადაწყვეტილება საქმეზე: Ramirez Sanchez v. France [GC], §123). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს რა ამგვარ მიდგომას, ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეულ გარემოებებში, ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის პირობები, მათ შორის, ამგვარ საკანში ყოფნის ვადის ხანგრძლივობა შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობასთან ერთობლიობაში, სავსებით შესაძლებელია, შეფასებულ იქნეს როგორც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგო. აღსანიშნავია, რომ თვით კონსტიტუციური სარჩელის ავტორის თვალთახედვითაც, საზოგადოდ, პრობლემური არ არის მსჯავრდებულთა მოთავსება ერთადგილიან საკანში, რაც მართლაც შეიძლება, ისახავდეს გარკვეული საფრთხეების პრევენციასა და სხვა ლეგიტიმურ მიზნებს. მისი აზრით, პრობლემურია ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკუთრივ პროცედურა, რომელიც არ გამორიცხავს თვითნებური მიდგომების შესაძლებლობას, ისევე, როგორც ამგვარ საკანში ყოფნის ვადის ხანგრძლივობა, რომელიც ადამიანის სოციალური იზოლაციის ძალიან მაღალ ხარისხს გულისხმობს, რაც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ „არაადამიანურ მოპყრობას“ ადვილად შეიძლება გაუთანაბრდეს.
12. ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდა a priori რომ არაადამიანურ მოპყრობას არ წარმოადგენს, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ამაზე დამატებით ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ცალკეულ, არცთუ იშვიათ შემთხვევაში, თავად მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გააჩნიათ სურვილი, იმყოფებოდნენ განცალკევებით, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ პირად სივრცეში და სწორედ ასეთ ვითარებაში მოიხადონ მათთვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. ამაში სასამართლო დარწმუნდა საქმის არსებითი განხილვის დროს როგორც მხარეების, ისე მოწვეული სპეციალისტის მოსმენისა და ზოგიერთი წერილობითი მასალის გაცნობის შემდეგ. ბუნებრივია, ასეთი არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები თუ მოტივები განსხვავებულია სხვადასხვა მსჯავრდებულის შემთხვევაში, თუმცა დავას არ იწვევს, რომ საკმაოდ ხშირ შემთხვევებში სწორედ ასეთია მათი თავისუფალი არჩევანი - დაექვემდებარონ იზოლირებულ პატიმრობას და იმყოფებოდნენ ერთადგილიან საკანში მარტო და არა ორადგილიანში სხვა პატიმართან ერთად. შესაბამისად, ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს მოკლებული იქნებოდა სასამართლოს მხრიდან იმის მტკიცება, თითქოს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განთავსების ფაქტი, თავისთავად, ცალკე აღებული, იმთავითვე წარმოშობდა კონსტიტუციურსამართლებრივ წინააღმდეგობას არაადამიანური მოპყრობის აკრძალვასთან.
13. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის მოთავსება იზოლირებულ სივრცეში, ძალზე შეზღუდული სოციალური კავშირებით, ხანგრძლივად და, მით უფრო, განუსაზღვრელი ვადით, განსაკუთრებით, თუ ეს ხორციელდება და მიმდინარეობს სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობის ფონზე, დიდი ალბათობით, სერიოზულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ადამიანის თუნდაც რელატიური იზოლაციაც კი, უდიდეს პრაქტიკულ რისკებს შეიცავს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა თუ სულიერი მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის პიროვნულობის განადგურება და მისი „სოციალური სიკვდილი“. სამარტოო პატიმრობის ხანგრძლივად გამოყენების პირობებში, მისი უარყოფითი ზეგავლენა პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კარგად არის შესწავლილი და დოკუმენტირებული. სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ ასეთ ვითარებაში ყალიბდება ე.წ. „იზოლაციის სინდრომი“, რომლის სიმპტომები მრავალგვარია და ვლინდება შემდეგი ფორმით: კოგნიტური შეფერხებები, შფოთვა, პარანოია, ფსიქოზი, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გაანადგუროს ადამიანის პიროვნება. ასეთი ვითარება კიდევ უფრო ააშკარავებს იმის საჭიროებას, რომ, ერთი მხრივ, იზოლირებული პატიმრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პირის ფიზიკური, სულიერი ჯანმრთელობისა თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ხდებოდეს, ხოლო, მეორე მხრივ, ეს გარემოებები მუდმივად მოწმდებოდეს, რათა ცვლად გარემოებებთან შესატყვისი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა არსებობდეს.
14. დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზოლირებული პატიმრობის ხანგრძლივად ანდა განუსაზღვრელი ვადით გამოყენება განუხორციელებადს ხდის სასჯელის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზანს - მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. მსჯავრდებული პირის რესოციალიზაცია ეფუძნება ადამიანის ღირსებას და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. მსჯავრდებულს, როგორც ადამიანური ღირსების მატარებელ სუბიექტს, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ მსჯავრდებულს უნდა შეუქმნას ყველა პირობა, რათა იგი საზოგადოებაში დაბრუნდეს არა როგორც დათრგუნული, ღირსებაშელახული და სოციალურ ურთიერთობებს გადაჩვეული ადამიანი, არამედ როგორც პასუხისმგებლიანი, რესოციალიზებული პიროვნება.
15. საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს იმ მიზანთა ლეგიტიმურობას, რომლებიც მოპასუხემ დაასახელა იზოლირებული პატიმრობის საპირწონედ და უკავშირდება სხვა პატიმრების, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოების ინტერესებს და, ასევე, პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. სასამართლო ადასტურებს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები უმნიშვნელოვანესი ინტერესები და ფასეულობებია, რომლებიც დაცული უნდა იყოს ყოველ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის იმანენტურია ის მოვალეობა, რომ დაიცვას ადამიანთა უსაფრთხოება და მისი მოქალაქეების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების მიმართ. უდავოა, რომ გარკვეულ გარემოებებში, იზოლირებული პატიმრობა ერთადგილიან საკანში შეიძლება მიჩნეულ იქნეს აუცილებელ ღონისძიებად როგორც უშუალოდ იმ პატიმრის უსაფრთხოებისათვის, ვისი სეგრეგაციაც ხდება, ისე სხვა პატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თუმცა როგორც სტრასბურგის სასამართლომ ამ საკითხზე მიუთითა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ამგვარ იზოლირებას ყოველთვის გაამართლებს პატიმართა უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის დასახლება იმ გარემოებებისაგან დამოუკიდებლად, თუ რა დროის განმავლობაში გრძელდება ეს ღონისძიება და რამდენად ძლიერია სოციალური თუ სენსორული იზოლაციის ხარისხი (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის №59450/00 გადაწყვეტილება საქმეზე Ramirez Sanchez v. France [GC], §120 და §123). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, თუ რა გავლენას ახდენს სამარტოო პატიმრობა პირის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე და, საერთოდ, რამდენად იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილის ის ხარისხი, რაც აუცილებელია იმისათვის, რათა იზოლირებული პატიმრობის ღონისძიება, რომელიც შესაძლოა, თავდაპირველად ლეგიტიმურ მიზნებს ისახავდა, არ გადაიზარდოს არაადამიანურ მოპყრობაში. სასამართლო იმეორებს, რომ ვერც ერთი ღირებული ინტერესის საფუძველზე ვერ გამართლდება არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევა, რაც არანაირ გამონაკლისს არ ექვემდებარება.
16. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, რათა პატიმრის ერთადგილიან საკანში განთავსება და, შესაბამისად, იზოლაციის პირობებში სასჯელის მოხდა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, აბსოულუტურად აკრძალულ არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში შეფასდეს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის კონკრეტული გარემოებები, მათ შორის, გამოყენებული ღონისძიების სიმკაცრე, სოციალური თუ სენსორული იზოლაციის ხარისხი, ღონისძიების ხანგრძლივობა, დასახული მიზანი, გავლენა, რაც განმარტოებულ პატიმრობას გააჩნია ღონისძიების ადრესატზე საზოგადოდ და ის შედეგები, რაც მან კონკრეტული პატიმრისთვის გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს; ასევე, გარემოებები იმის თაობაზე, თუ როგორია გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და არსებობს თუ არა თვითნებობისგან დაცვის საკმარისი გარანტიები, ხორციელდება თუ არა იზოლირებული პატიმრობის საფუძვლების რეგულარული გადამოწმება, ხდება თუ არა გარემოებებზე ადაპტირებულ გადაწყვეტილებათა მიღება, პატიმართა შესაბამისი ინფორმირება, მათთვის აუცილებელ განმარტებათა მიცემა და სხვა. საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ საქმეში გამოიკვლევს და კუმულაციურად გაითვალისწინებს ყველა ზემოხსენებულ გარემოებას, რათა დაადგინოს, იკვეთება თუ არა არსებული მოცემულობის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ თუ ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით წინააღმდეგობა, გვაქვს თუ არა საქმე არაადამიანური მოპყრობის აბსოლუტურ აკრძალვასთან მიმართებაში, სახელმწიფოს მხრიდან, პოზიტიური ან ნეგატიური ვალდებულებების დარღვევასთან და, შესაბამისად, არსებობს თუ არა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლები.
4. სოციალური იზოლაციის ხარისხი ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის დროს
17. ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის დროს სოციალური იზოლაციის ხარისხის იდენტიფიცირებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, აღწეროს, თუ, ზოგადად, რას გულისხმობს ერთადგილიანი საკანი. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ერთადგილიანი საკანი არის მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, რომლის ფართობი არის არანაკლებ 4 კვადრატული მეტრი, სადაც იგი, საერთო წესის საფუძველზე, იხდის მისთვის შეფარდებულ თავისუფლების აღკვეთის სასჯელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის პირობებში მსჯავრდებულის კომუნიკაცია სხვა პატიმრებთან ისევე, როგორც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან, მკაცრად შეზღუდულია. ასეთ დროს, დღე-ღამეში 23 საათის განმავლობაში მსჯავრდებულს ფაქტობრივად არ გააჩნია სხვა პატიმრებთან არანაირი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა, ხოლო ციხის პერსონალთან კომუნიკაცია შემოსაზღვრულია ამ უკანასკნელთა მხრიდან საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პატიმართან ფრაგმენტული კომუნიკაციის შემთხვევებით. უფრო მეტიც, როგორც საქმის არსებითი განხილვის დროს დადგინდა, გარე სივრცეში, სუფთა ჰაერზე ერთსაათიანი გასეირნების დროსაც პატიმარი იმყოფება მარტო და არა სხვა პატიმრებთან ერთად.
18. რაც შეეხება ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის დროს სოციალური იზოლაციის ხარისხს, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იზოლაციის ინტენსივობის შესაფასებლად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ადგენს მხოლოდ მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში განთავსების ზოგად წესს და მისგან არ არის ამოკითხვადი, თუ იზოლაციის რა ინტენსივობა არის მასში ნაგულისხმები, თუმცა ხსენებულ საკითხებზე პასუხები შეიძლება მოვიძიოთ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 და პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ამ დებულებების ცალკეული ნორმების ანალიზის გზით დაადგენს, თუ რა ხარისხის ინტენსივობას გულისხმობს ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად განწესებულ მსჯავრდებულთა სოციალური იზოლაცია და რამდენად თავსებადია იგი არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესთან.
19. ზემოხსენებულ კანონმდებლობათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ყოველდღიურად 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის (გასეირნების) უფლების გარდა, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს გააჩნიათ მთელი რიგი უფლებები, რომლებიც, საერთო ჯამში, გავლენას ახდენს ერთადგილიან საკანში განთავსებით გამოწვეული იზოლაციის ინტენსიურობის შემცირებაზე, კერძოდ, მხედველობაშია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 34-ე და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც, მსჯავრდებულს, მათ შორის, გააჩნია შემდეგი უფლებები: პაემნისა (ხანმოკლე და ხანგრძლივი) და სატელეფონო საუბრის უფლება; ამანათის, გზავნილისა და ფოსტის მიღება-გაგზავნა; ჟურნალ გაზეთების საშუალებით ინფორმაციის მიღება; ტელევიზორითა და რადიოსაშუალებით სარგებლობის უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, რომლის ფარგლებშიც, ერთადგილიან საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს გარკვეული სიხშირით სტუმრობს ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი, ასევე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ფსიქოლოგი, რომელიც მუდმივ კონტროლს ახორციელებს მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
20. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ პატიმრობის კოდექსი ადგენს ცალკეული ამ უფლებებით სარგებლობის შესაბამის დროით ფარგლებს. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 663-ე მუხლი ეთმობა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის ზოგადი პირობების საკანონმდებლო რეგლამენტაციას. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში ერთი დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ამავე მუხლის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულს ეძლევა უფლება, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. პატიმრობის კოდექსის დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულს ასევე უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - 1 სატელეფონო საუბარი – არაუმეტეს 15 წუთისა. პატიმრობის კოდექსის მე-19 მუხლის 21 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირების შემთხვევებზე. ამასთან, საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულებების ცალკეულ ნორმათა ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულებს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზემოხსენებული ცხელი ხაზის მეშვეობით, სატელეფონო საუბრის განხორციელება შეუძლიათ დაწესებულების ხარჯით და ნებისმიერ დროს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
21. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური იზოლაციის დონის შეფასებისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ერთადგილიან საკანში განთავსებული მსჯავრდებულის ზემოხსენებული უფლებებით სარგებლობის პრაქტიკული შესაძლებლობა. ამ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ იზოლირებული პატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულს აქვს ტელევიზიითა და ბეჭდური მედიით, ისევე როგორც ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა. მართალია, იგი სრულად იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან, მაგრამ დღის განმავლობაში მას აქვს ურთიერთობა ციხის პერსონალთან. კერძოდ, როდესაც მასთან მიაქვთ საკვები ან როდესაც იგი გაჰყავთ სასეირნოდ თუ სავარჯიშოდ, ასევე ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანისას, გარკვეული პროდუქციის ციხის მაღაზიაში ყიდვისას. დამატებით, ერთადგილიან საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, კომუნიკაცია იქონიონ პედაგოგთან, გაიარონ სხვადასხვა სასწავლო კურსები, ისევე როგორც დაკავდნენ გარკვეული სოციალური აქტივობით, იქნება ეს ხატვა, ძერწვა თუ სხვა. სპორტული აქტივობით დაკავების შესაძლებლობა მათ აქვთ 1 საათიანი გასეირნების დროს. კერძოდ, სპორტული დარბაზები №3 და №6 დაწესებულებაში სასეირნო სივრცეშივეა ინტეგრირებული და მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა, სეირნობისთვის განკუთვნილი დრო სურვილისამებრ, ნაწილობრივ ან მთლიანად, სპორტულ აქტივობას მოახმარონ. იზოლირებული პატიმრობის პირობებში მსჯავრდებულებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სასულიერო პირებს, დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ რიტუალებში. გარდა ამისა, როგორც პატიმრობის კოდექსის შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, მსჯავრდებულებს, რომლებიც №3 და №6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში ერთადგილიან საკანში იხდიან სასჯელს, ჩვეულებრივ, ამავე დაწესებულებებში მოთავსებულ სხვა მსაჯავრდებულთა მსგავსად, ლიმიტირებულად, მაგრამ აქვთ ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნით, ისევე როგორც სატელეფონო საუბრით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მათ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იზოლირებული პატიმრობის პერიოდში გარკვეული დოზით შეინარჩუნონ სოციალური კონტაქტი გარესამყაროსთან.
22. ამ გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ერთადგილიან საკნებში განთავსებული პატიმრები არ იმყოფებიან სრული ან იმგვარი სენსორული და სოციალური იზოლაციის პირობებში, რომელიც შექმნიდა წინაპირობას, რომ მხოლოდ ამ საფუძვლითაც კი მიჩნეულიყო სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სათანადო დაცვის გარანტიების არარსებობისას, იზოლირებული პატიმრობის ამგვარი, ნაკლებად მკაცრი ფორმაც, ნამდვილად შეიცავს ზიანის რისკებს, რომლის რეალიზაციამაც პირდაპირ შეიძლება გამოიწვიოს მსჯავრდებულის ფსიქიკური შესაძლებლობებისა და სოციალური უნარების მკვეთრი გაუარესება. ზემოთ აღწერილმა იზოლირებულმა პატიმრობის პირობებმა, თუკი ის წლების განმავლობაში გრძელდება, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ცენტრალურ დამაზიანებელ ფაქტორად მიიჩნევს სხვა ადამიანებთან კონტაქტისა და ინტერაქციის ძლიერ ნაკლებობას, რამაც შეიძლება ძირეული სოციალური ჩვევებიც კი დააკარგვინოს ადამიანს. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ პენიტენციური დაწესებულების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულის ამგვარ იზოლაციას სასჯელის მოსახდელად მისი ერთადგილიან საკანში განთავსების დროს, მოითხოვს დიდ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას, საკითხისადმი დიდი სიფრთხილით და სკრუპულოზურ მიდგომას. პატიმრების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ღონისძიების ძლიერად შემზღუდველი ხასიათი, პატიმრის განსაკუთრებული მოწყვლადობა ამგვარ პირობებში და აბსოლუტურად აკრძალულ არაადამიანურ მოპყრობასთან მისი საშიში სიახლოვე.
23. გამომდინარე აქედან, სასამართლომ ამჯერად უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ვადით და პროცედურული გარანტიებით ხდება მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკნებში განთავსება და რამდენად აძლიერებს (კუმულაციურად) ეს ფაქტორები შეზღუდვის ინტენსიურობას და მასთან დაკავშირებულ უარყოფით ეფექტებს, რის გამოც, პრინციპულად, არ არის გამორიცხული, რომ ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის პირობები „არაადამიანურ მოპყრობად“ იქნეს მიჩნეული.
5. ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის ხანგრძლივობა სადავო ნორმის საფუძველზე
24. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი მხოლოდ იმას ადგენს, რომ მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. შესაბამისად, ნორმები განსაზღვრავს მხოლოდ იმას, თუ რა ტიპის საკანში არის შესაძლებელი პატიმართა განთავსება და ფორმულირებულია ზოგადი წესის სახით. საკუთრივ, რეგულაცია არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადას, თუ მაქსიმუმ რა ვადით არის შესაძლებელი ერთადგილიან საკანში პატიმრის მოთავსება სასჯელის მოსახდელად. დამატებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არც უშუალოდ სადავო ნორმატიული აქტის მიხედვით და არ სხვა, მომიჯნავე კანონმდებლობის საფუძველზე არ იკვეთება დროის ის მაქსიმალური პერიოდი, რა ვადაშიც შესაძლებელია იზოლირებული პატიმრობა გაგრძელდეს.
25. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, პრაქტიკულად, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პატიმარმა, რომელიც სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მისთვის შეფარდებული სასჯელი, მიუხედავად თავისუფლების აღკვეთის ვადისა, მთლიანად მოიხადოს იზოლირებული პატიმრობის პირობებში. შესაბამისად, რაიმე მაქსიმალური ვადა, რომელიც გარკვეული დროით შემოსაზღვრავდა იზოლირებული პატიმრობის გამოყენებას, ნორმატიულ დონეზე არ არის დადგენილი.
26. მოპასუხე მხარემ დამატებით ასევე მიუთითა, რომ, როდესაც პატიმრის მოთავსება ხდება ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს არის განუსაზღვრელი ან მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადით მიღებული გადაწყვეტილება და რომ იგი არ ექვემდებარება გადახედვას. კერძოდ, შესაძლებელია, რომ მსჯავრდებულს შეეცვალოს სტატუსი და იგი აღარ იყოს განსაკუთრებული რისკის ქვემდებარე, რაც წარმოადგენს არამხოლოდ ერთადგილიანი საკნის დატოვების, არამედ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლის საფუძველსაც. მისივე განმარტებით, მხედველობაშია მისაღები, რომ მსჯავრდებულის ორადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად გადაყვანა შეიძლება განხორციელდეს როგორც პენიტენციური დაწესებულების მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისე ერთადგილიან საკანში მოთავსების თაობაზე პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების წარმატებული გასაჩივრების შედეგად.
27. ზემოთქმულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო ადასტურებს, რომ არსებული რეგულაციები ნამდვილად ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულმა დატოვოს ერთადგილიანი საკანი, განთავსდეს ორადგილიანში ან საერთოდ შეიცვალოს პენიტენციური დაწესებულება რისკის სტატუსის შეცვლის კვალობაზე და რომ ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში იშვიათობას არ წარმოადგენს. სასამართლო ასევე ადასტურებს, რომ მართლაც შეიძლება, იყოს არაერთი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში ხანგრძლივი თუ განუსაზღვრელი ვადით მოთავსება და შემდგომ მისი აქ დატოვება, თუნდაც თავისუფლების აღკვეთის მთელი სასჯელის ვადით, იყოს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ერთადერთი სწორი, მიზანშეწონილი და გამართლებული გადაწყვეტილება ან ამ მსჯავრდებულის სხვა პატიმრების თავდასხმებისაგან დასაცავად, ან მისგან სხვა პატიმრებისა თუ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ანდა დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა სასამართლო იმ ამოცანის წინაშე კი არ დგას, რომ კონკრეტული მსჯავრდებულისადმი მოპყრობა კონსტიტუციის ჭრილში შეაფასოს, არამედ იმ ამოცანის წინაშე, რომ სადავო ნორმით მოცული ყველა სავარაუდო, ჰიპოთეტური შემთხვევა განიხილოს კონსტიტუციის პრიზმაში და დაადგინოს, ქმნის თუ არა სადავო ნორმები საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ მსჯავრდებულის მიერ ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდამ არაადამიანური მოპყრობის შინაარსი არ შეიძინოს. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, თუ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, რა ვადის ფარგლებშია შესაძლებელი პატიმრის დატოვება ერთადგილიან საკანში და არსებობს თუ არა ნორმატიული მოთხოვნა, რომ იგი - როგორც პირველადი გადაწყვეტილება, ისე ვადის შემდგომი გახანგრძლივება - ყოველთვის რელევანტური საფუძვლებით იყოს გამყარებული.
28. საკონსტიტუციო სასამართლო ცალკე აღებულ იმ გარემოებასაც პრობლემურად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე, წინდაწინვე მიიღება განუსაზღვრელი ვადით. კიდევაც რომ არ გაგრძელდეს პრაქტიკაში ამა თუ იმ კონკრეტული მსჯავრდებულის იზოლირებული პატიმრობა ხანგრძლივად და ის მალე შეიცვალოს მსჯავრდებულის მოთხოვნის, გადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ პატიმრის რისკის სტატუსის შეცვლის შედეგად, საკუთრივ გადაწყვეტილება, განუსაზღვრელი ვადით ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე, განსაკუთრებით არის დამთრგუნველი მსჯავრდებულისათვის, რომელსაც მისჯილი აქვს მრავალი წლით პატიმრობა და იქნებ უვადო თავისუფლების აღკვეთა. ცხადია, პატიმრის მხრიდან იმ სავსებით რეალური მოსალოდნელობისათვის თვალის გასწორება, რომ მას მრავალი წლის განმავლობაში სიმარტოვეში ყოფნა შეიძლება მოუწიოს, განსაკუთრებით, მყარი პროცესუალური გარანტიების არარსებობის პირობებში, ყველასაგან გარიყულობის განცდა, ნამდვილად, მძიმე სულიერი სატანჯველია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც არავითარი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი და გამართლებული ვერ იქნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერ გარემოებაში, ადამიანისათვის მორალურად ნაკლებ დამთრგუნველია ვითარება, როდესაც სამარტოო საკანში სასჯელის მოხდის გადაწყვეტილება მის მიმართ განსაზღვრული ვადით მიიღება, თუმცა მისი გაგრძელების რისკით, ვიდრე შემთხვევა, როდესაც ვადა თავიდანვე განუსაზღვრელია, მაგრამ დაშვებულია მისი შეცვლის შესაძლებლობა., საკონსტიტუციო სასამართლო მყარად ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ იზოლირებული პატიმრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ განსაზღვრული ვადით და შეზღუდული ხანგრძლივობით, კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით. ამასთან, იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და როგორც საგამონაკლისო წესი, არა როგორც თავისუფლების აღკვეთის, სასჯელის მოხდის ერთ-ერთი ორდინარული ფორმა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება განსაზღვრული და შეზღუდული ვადით ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე უნდა მიიღებოდეს არსებითი პროცედურული გარანტიების დაცვით, რომელთა დაუცველობა ასევე უნდა განიხილებოდეს როგორც სერიოზული საფრთხე არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობასთან მიმართებაში. სასამართლო მით უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს პროცედურულ გარანტიებს მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც საქმე შეეხება ერთადგილიან საკანში პატიმრის განუსაზღვრელი ვადით შესახლების თაობაზე გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან თავსებადობას.
29. რაც შეხება საკუთრივ ერთადგილიან საკანში გატარებული ვადის ხანგრძლივობას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: სადავო ნორმები და შესაბამისი პრაქტიკა, რაც სასამართლო პროცესზეც დადასტურდა, მოწმობს, რომ არ ითვალისწინებს ერთადგილიან საკანში გასატარებელი ვადის მაქსიმალურ ხანგრძლივობას. ის, ფაქტობრივად, ძალიან დიდხანს, წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის მთელი სასჯელი ერთადგილიან საკანში გატარებით მოიხადოს, თუკი დაწესებულების ხელმძღვანელი სხვაგვარად არ გადაწყვეტს ანდა მსჯავრდებულს არ მოეხსნება მაღალრისკიანობის სტატუსი და საერთოდ არ დატოვებს №3 ან №6 დაწესებულებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ, საზოგადოდ, იგი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც საქმე შეეხება განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს, ტერორისტს ან ფსიქიკური პრობლემების მქონეს, თუ მათგან წარმოდგება მუდმივი საფრთხე გარშემომყოფთათვის, მათი მუდმივი იზოლირება აუცილებელი იყოს. სახელმწიფოს ეკისრება ძლიერი პოზიტიური ვალდებულებები, დაიცვას პატიმრების, რომლებიც მთლიანად მის განკარგულებაში არიან, სიცოცხლე და ჯანმრთელობა და აარიდოს მათ ყოველგვარი საფრთხე, რომელიც, მათ შორის, სხვა პატიმრებისგან ემუქრებათ. მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას პატიმარი საკუთარი თავიდან მომდინარე საფრთხისგანაც კი, მაგალითად, სუიციდური მიდრეკილების დროს და ამყოფოს იგი ფსიქოლოგის პერმანენტული ზედამხედველობის ქვეშ. შესაბამისად, სახელმწიფო, ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ მაშინ დაარღვევს პატიმართა სიცოცხლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, თუ არ მოახდენს საფრთხის განეიტრალებას და იმ პირის იზოლირებას, ვისგანაც საფრთხე წარმოდგება. იზოლირების საჭიროება კი შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს. ასეთივე აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც, მაგალითად, პატიმარი შეიძლება გახდეს სხვა პატიმრების მხრიდან შურისძიებისა თუ ანგარიშსწორების ობიექტი, ასევე, ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც განმარტოებული პატიმრობა, შესაბამის გარემოებებში, საკუთრივ მსჯავრდებულის ინტერესს შეესაბამება და მის არჩევანს წარმოადგენს. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი განმარტოებული პატიმრობა, რომელსაც სადავო ნორმები უშვებს, არ წარმოადგენს per se არაადამიანურ მოპყრობას. თუმცა ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხანგრძლივი განმარტოებული პატიმრობა შეიძლება არ წარმოადგენდეს არაადამიანურ მოპყრობას, ავტომატურად არ გულისხმობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას სწორედ არაადამიანური მოპყრობის აკრძალვასთან მიმართებაში. გასაჩივრებული ნორმები, კერძოდ, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაშვებულია, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდიდეს ერთადგილიან საკანში და ეს გრძელდებოდეს წლების განმავლობაში, მხოლოდ მაშინ იქნება კონსტიტუციის შესაბამისი, თუ ის გამორიცხავს ან მინიმუმამდე ამცირებს ყოველგვარი თვითნებობის შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან და უზრუნველყოფს სხვადასხვა პროცედურულ გარანტიას იმისათვის, რათა გადაწყვეტილებები ერთადგილიან საკანში შესახლებისა თუ პატიმრის იქ დატოვების თაობაზე, ყოველთვის ადეკვატურ საფუძველზე ხორციელდებოდეს და რეალური საჭიროებით იყოს ნაკარნახევი.
6. უზრუნველყოფს თუ არა სადავო ნორმები მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განთავსებას საკმარისი პროცედურული გარანტიებით
30. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, რომ, მართალია, საკუთრივ მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად განთავსების ფაქტი და მათი იზოლაცია სხვა პატიმრებისგან, მათ შორის, ზოგიერთ შესატყვის შემთხვევაში ხანგრძლივი ვადითაც, per se არ გულისხმობს არაადამიანურ მოპყრობას, მაგრამ სადავო ნორმა მაინც არაკონსტიტუციური იქნებოდა, თუკი იგი საკმარის პროცედურულ გარანტიებს არ გაითვალისწინებდა. სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება ერთადგილიან საკანში პატიმრის განუსაზღვრელი ვადით შესახლების თაობაზე, სწორედ ვადის განუსაზღვრელობის გამო, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხსენებულ მუხლთან წინააღმდეგობის ცალკე საფუძველი შეიძლება შექმნას აუცილებელი პროცედურული გარანტიების არარსებობამ, რომლებიც თან უნდა ახლდეს გადაწყვეტილებას ერთადგილიან საკანში პატიმრის განთავსების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლო ამჯერად სწორედ იმ ამოცანის წინაშეა, შეაფასოს ამ გარანტიების არსებობა/არარსებობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს პროცედურული გარანტიების დაცვის მნიშვნელობას მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც საქმე შეეხება, ერთი მხრივ, ერთადგილიან საკანში პატიმრის განუსაზღვრელი ვადით შესახლების თაობაზე გადაწყვეტილებას, ხოლო, მეორე მხრივ - მოცემულობას, რომელშიც დროის ხანგრძლივობა, რაც პატიმარმა რეალურად შეიძლება გაატაროს იზოლირებული პატიმრობის პირობებში, არაფრით არ არის შემოფარგლული და პრაქტიკულადაც განუსაზღვრელია.
31. თავისთავად ცხადია, რომ პატიმრის ერთადგილიან საკანში განთავსება მისი ნების საწინააღმდეგოდ და, მით უფრო, იქ მისი ხანგრძლივად, წლების განმავლობაში დატოვება გულისხმობს ისედაც თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებების და თავისუფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას და ვინაიდან კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევაში იგი არაადამიანურ მოპყრობასაც გაუტოლდეს, აუცილებელია ამ ტიპის იზოლაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მარტივად, ზედაპირული შეფასების საფუძველზე და რუტინულად კი არ ხორციელდებოდეს, არამედ სერიოზული ინდივიდუალური გამოკვლევის შედეგად, პატიმრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების, შესაბამის პატიმართან გასაუბრებისა და მისი ინფორმირების, ფსიქოლოგის აუცილებელი ჩართულობის, გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე უფლებების განმარტების, სასამართლო კონტროლის ხელმისაწვდომობის და სხვა პირობების დაცულობით.
32. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა დეტალურად უნდა არეგულირებდეს პროცედურას, რომელიც აუცილებელია მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში მოთავსებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, კერძოდ, აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება წერილობითი სახით იყოს მიღებული და დოკუმენტურად აღრიცხული (იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული დეტალები შეიძლება არ იყოს მითითებული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე), გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული; იგი უნდა ასახავდეს მხედველობაში მიღებულ ყველა ფაქტორს და ინფორმაციას, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის მოთავსების შესახებ, შესაბამისად, ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის საგანი უნდა იყოს; გადაწყვეტილება უნდა ასახავდეს პატიმრის სეგრეგაციის ძირითად მიზეზებს, ასევე, მსჯავრდებულის თანხმობასა თუ უარს ერთადგილიან საკანში მისი განთავსების საკითხზე, ისევე როგორც მის ნებისმიერ კომენტარს ამ საკითხის ირგვლივ; გათვალისწინებული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის პერიოდულობა (მიუხედავად იმისა, თვითონ მსჯავრდებული ითხოვს თუ არა მას) და გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები. გარდა ამისა, კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სწორედ ასეთი პროცედურული გარანტიების არსებობის შემთხვევაში შეიძლება, იზოლაციის პირობებში, მსჯავრდებულის მიერ ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდამ დააკმაყოფილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, სამარტოო პატიმრობა, თუნდაც იგი მხოლოდ ნაწილობრივ, რელატიურ იზოლაციას გულისხმობდეს, არ შეიძლება პირს დაეკისროს განუსაზღვრელი ვადით და იგი უნდა ემყარებოდეს სერიოზულ მიზეზებს, გამოიყენებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, აუცილებელი პროცედურული გარანტიების დაცვით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიფრთხილის ყველა ზომა იქნება გამოყენებული (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის №70465/14 გადაწყვეტილება საქმეზე: A.T. v. Estonia (no. 2), §73).
33. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორიც სადავო ნორმების წინააღმდეგობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებაში ხედავს, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ გასაჩივრებული წესის საფუძველზე, მსჯავრდებულები არ არიან საკმარისი პროცედურული გარანტიებით უზრუნველყოფილი მათ მიმართ უსაფრთხოების ამ კონკრეტული ღონისძიების (მხედველობაშია პრევენციული ადმინისტრაციული ზომის საფუძველზე მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსება სასჯელის მოსახდელად) გამოყენებისა და აღსრულების პროცესში. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულთა განთავსება არ ხორციელდება ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე; პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად; ჩვეულებრივ, პირადად არ ხვდება ღონისძიების ადრესატ პატიმრებს, არ აწარმოებს მათთან გასაუბრებას და ეყრდნობა მხოლოდ პატიმრის თაობაზე მოწოდებულ ინფორმაციას; გარდა ამისა გადაწყვეტილება მიიღება ზეპირად, შესაბამისი დასაბუთების გარეშე და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმგვარად, რომ არ არსებობს სათანადო ნორმატიული ბაზა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მისი მიხედულობის ფართო ფარგლებს სავალდებულო წესით შეზღუდავდა.
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესი expresis verbis არ მიუთითებს ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილების ფორმაზე უშუალოდ. გასაჩივრებული ნორმები ადგენს მხოლოდ იმას, რომ მსჯავრდებული, „როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში“. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიიღება ზეპირად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, მოპასუხე მხარე გადაწყვეტილების მიღების ზეპირ ფორმას ხსნის იმ გარემოებით, რომ ეს ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია, რის გამოც, არ გამოიცემა არანაირი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა ეს არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებლად მიიღება. კერძოდ, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს მსჯავრდებულის ინდივიდუალური რისკის განსაზღვრის პროცედურაზე, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი და უსაფრთხოების რეჟიმის განყოფილების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლაზე. მოპასუხის მითითებით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი უდევს საფუძვლად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებას. მისი განმარტებით, ვინაიდან გარემოებები, რომელთაც ეფუძნება სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ხშირად იცვლება. ეს ქმნის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საჭიროებას. გადაწყვეტილების მიღების ზეპირი ფორმა კი პერმანენტულად ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში უფრო მოქნილს და პრაქტიკულს ხდის ადმინისტრაციულ საქმიანობას. მოპასუხის აზრით, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება ხშირად ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება, მისი გასაჯაროებაც ვერ მოხდება წერილობით გამოცემულ დოკუმენტში. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების ზეპირი ფორმით მიღება აუცილებლობით არ წარმოშობს პრინციპულ პრობლემას ღონისძიების ადრესატისათვის, ვინაიდან მსჯავრდებულს გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროს გაასაჩივროს ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ღონისძიება და მოითხოვოს მისი გადაყვანა სხვა ტიპის საკანში. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე მას წერილობით ეცნობება, რაც ცალკე გასაჩივრების საგანი შეიძლება გახდეს როგორც ზემდგომ ორგანოში, ასევე სასამართლოში. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პატიმრის ინდივიდუალური რისკის ყოველწლიურად გადასინჯვის პრაქტიკაზე, რისკის შეფასების პროცედურაზე, რაც პენიტენციური დაწესებულების თვითინიციატივით და სავალდებულო წესით ხორციელდება. მათი განმარტებით, ხსენებული მექანიზმი აღჭურავს მსჯავრდებულს იმ პროცედურული გარანტიით, რომ მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული რისკის სტატუსი პერიოდული გადასინჯვის საგანი იყოს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, მიღებული შედეგი კი შეიძლება არამხოლოდ ერთადგილიანი საკნის დატოვების, არამედ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შეცვლის საფუძველიც გახდეს.
35. მოპასუხე მხარის ზემოხსენებულ არგუმენტებზე საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გაამართლებს თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ერთადგილიან საკანში მოხდის თაობაზე წერილობითი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუღებლობას. ამ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში მოთავსება, მით უფრო ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც თავისუფლებააღკვეთილი პირის თავისთავად შეზღუდული უფლებების კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა. ერთადგილიან საკანში პირის მოთავსება ვერ იქნება თავისუფლების აღკვეთის თანამდევი ეფექტი და თავისუფლების აღკვეთისთვის იმანენტური გარემოება. ეს დამატებითი შეზღუდვები არ წარმოადგენს უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის შემადგენელ კომპონენტს და მისი გამოყენება მოითხოვს შესატყვისი საფუძვლების არსებობის ცალკე დასაბუთებას. გადაწყვეტილება ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის შესახლების თაობაზე, მომეტებულად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ამიტომაც წარმოიშობა ასევე მომეტებული საჭიროება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს საფუძველშივე ჯეროვნად დასაბუთებული წერილობით და დოკუმენტურად აღრიცხული. მსჯავრდებულებს, რაც შეიძლება, სრულად უნდა ეცნობოთ ერთადგილიან საკანში მოთავსების მიზეზები, ისევე როგორც ინფორმაცია გასაჩივრებისა და გადაწყვეტილების გადახედვის სიხშირისა და გამოსაყენებელი პროცედურების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევაც რომ გაიზიაროს მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებათა მიღება მსჯავრდებულთა ერთადგილიან თუ ორადგილიან საკნებში განთავსების საკითხზე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ყოველდღიური, რუტინული საქმიანობის ნაწილია, ეს მაინც ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების მიღების ზეპირ ფორმას. ჯერ ერთი, ყოველ ჯერზე მიღებული გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება არ არის დაკავშირებული აუწეველ ადმინისტრაციულ ტვირთთან, გარდა ამისა, წერილობით დასაბუთება პირდაპირ კავშირშია ღონისძიების ადრესატის უფლებების ადეკვატურ დაცვასთან. სწორედ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთებისა და კონკრეტული, წონადი და რელევანტური არგუმენტების დასახელების ვალდებულება ამცირებს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების ალბათობას, ხოლო ეს უკანასკნელი კი - არასათანადო მოპყრობის კონკრეტულ რისკებს პირდაპირპროპორციულად. მოპყრობის არასათანადო ბუნება სწორედ იმით ვლინდება, რომ დაუსაბუთებელი ზეპირი გადაწყვეტილებით, შეიძლება მიღებულ იქნეს ადამიანის ბედთან დაკავშირებული ეგზომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მისი თავისუფლების, ნებისმიერი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი სოციალური კავშირების უკიდურეს შეზღუდვას გულისხმობს და რომელიც, სადავო ნორმის საფუძველზე, შეიძლება ძალიან დიდხანს, მისჯილი თავისუფლების აღკვეთის მთელი ვადის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
36. მოპასუხის მიერ დასახელებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საქმე შეეხება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, სადაც სასჯელის მოსახდელად იგზავნებიან მხოლოდ განსაკუთრებული რისკის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები და რომ ამ სტატუსის მინიჭება უამრავი კრიტერიუმის გამოყენების საფუძველზე დგინდება და, ამასთან, ყოველწლიურად ექვემდებარება გადამოწმებას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქმეზე გამოკვლეული რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ცალსახად ირკვევა, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური რისკის დადგენა ხორციელდება იმ პენიტენციური დაწესებულების განსაზღვრის მიზნით, სადაც მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სასჯელი უნდა მოიხადოს. შესაბამისად, თუ პირს განსაკუთრებული რისკის სტატუსი მიენიჭა, იგი გადაიგზავნება განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში (იგულისხმება №3 და №6 პენიტენციური დაწესებულებები). კიდევაც რომ ეჭვის ქვეშ არ დავაყენოთ ის გარემოება, რომ რისკის განსაზღვრა ყოველთვის ჯეროვნად გამოკვლეული ფაქტების სწორი ანალიზის საფუძველზე ხდება, მაინც ვერ დავეთანხმებოდით იმას, თითქოს საკუთრივ განსაკუთრებული რისკის სტატუსის მინიჭება მსჯავრდებულისათვის წარმოადგენს საკმარის ლეგიტიმაციას სახელმწიფოს გადაწყვეტილებისა, მის მიერ სასჯელის ერთადგილიან საკანში მოხდის თაობაზე. განსაკუთრებული რისკის სტატუსის მინიჭება ავტომატურად არ გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ მსჯავრდებულმა სასჯელი ერთადგილიან საკანში მოიხადოს. როგორც საქმის არსებით სხდომაზე სასამართლომ გამოარკვია, განსაკუთრებული რისკის სტატუსის მინიჭებისას მხედველობაში მიიღება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: ჩადენილი დანაშაულის კატეგორია, ხასიათი და მოტივები, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, თვითდაზიანების რისკი, ქურდულ სამყაროსთან შესაძლო კავშირი და სხვა. ასე რომ, თუ ერთი რომელიმე გარემოების ანდა გარემოებათა ერთობლიობის გამო პირს განსაკუთრებული რისკის სტატუსი მიეკუთვნა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ერთადგილიანი საკანში სასჯელის მოხდის გამართლება უკვე არსებობს და რომ შესაბამისი საფუძვლები უკვე სახეზეა. სასამართლოს მყარი მოსაზრებაა, რომ ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალკე სერიოზული გამოკვლევისა და დასაბუთების საგანი უნდა იყოს, ხოლო ამის სავალდებულოობა და შეფასების კრიტერიუმები ნორმატიულად უნდა იყოს ზედმიწევნით გაწერილი. მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული რისკის ჯგუფისადმი მსჯავრდებულის მიკუთვნება არ უნდა წარმოადგენდეს საკმარის საფუძველსა და გამართლებას სოციალურად იზოლირებული პატიმრობისათვის. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პატიმრობა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებს უნდა უკავშირდებოდეს. სასამართლო არ არის იმაში დარწმუნებული, რომ ის საფრთხეები, რომელთა აღკვეთაც არის სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებად დასახელებული, მხოლოდ ერთადგილიან და ორადგილიან საკნებში პატიმრების განთავსებით შეიძლება აღმოიფხვრას ან განეიტრალდეს. როგორც ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, ძალიან სასურველი იქნება (ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა), გამონახონ სამარტოო საკნის ალტერნატიული საშუალებები საშიში პირებისათვის, რომელთა ყოფნა ორდინარულ ციხეში და ორდინარული რეჟიმის პირობებში არ არის შესატყვისად მიჩნეული“ (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის №59450/00 გადაწყვეტილება საქმეზე: Ramirez Sanchez v. France [GC], §§139 და 145-146).
37. საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლების მიერ სასამართლოსთვის მოწოდებულ ინფორმაციას, რომ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილება ახორციელებს მსჯავრდებულთა ერთმანეთთან თავსებადობის საკითხის შესწავლას, რომლის შედეგებსაც ეფუძნება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში შესახლების შესახებ, თანაც იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ადგენს ამ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხზე განყოფილების დასკვნების სავალდებულოდ გათვალისწინების მოთხოვნას. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კეთილსინდისიერი ადმინისტრაციული პრაქტიკის პირობებში, ყოველთვის ხდებოდეს ზემოხსენებული შეფასების შედეგების გათვალისწინება, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი მის საფუძველზე ერთგვარ თვითბოჭვას ახორციელებდეს და სავალდებულოდ ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო მიესალმება ამგვარ პრაქტიკას, თუმცა სასამართლოს აზრით, გადაწყვეტილების მიმღებთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციას ვერ დაეფუძნება იმ მოლოდინის ლეგიტიმურობა, რომ მათი გადაწყვეტილება მართლაც ყოველთვის ეფუძნება კონკრეტულ დასკვნებს მსჯავრდებულთა თავსებადობის თაობაზე, მით უმეტეს, მათი გათვალისწინების ვალდებულების არარსებობის პირობებში.
38. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინაპირობების არარსებობა, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას სავალდებულო წესით დაუქვემდებარებდა ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს, სხვა მხრივაც იწვევს კონსტიტუციურსამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, იმის ფონზე, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც დაწესებულების დირექტორის მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებას გარკვეულ სავალდებულო მოთხოვნებს დაუწესებდა, ფართო და განუსაზღვრელია მისი მიხედულების ფარგლები. აღნიშნული გარემოება, ცალკე აღებული, თავისთავად, თვითნებური გადაწყვეტილების მომეტებულ რისკებს წარმოშობს. ასეთი რისკის დაზღვევის ქმედითი მექანიზმები და ბერკეტები კი მოპასუხე მხარის მხრიდან ვერ იქნა სასამართლო პროცესზე ნაჩვენები.
39. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ააშკარავებს პრინციპულ წინააღმდეგობას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურულ გარანტიებთან, არის ის, რომ მოქმედი ნორმატიული წესრიგის პირობებში არ არსებობს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის საკანონმდებლო ვალდებულება ანდა პრაქტიკა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის. მოპასუხემ არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ ყოველწლიურად, პენიტენციური დაწესებულება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების საფუძველზე, ვალდებულია, მოახდინოს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასება და იმსჯელოს ყველა პატიმრის რისკის ხარისხზე, რის საფუძველზეც, მიღებული ინფორმაცია, შემდგომი შეფასების მიზნებისთვის, აკუმულირდება მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების ჯგუფში. სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული ვერ გაანეიტრალებს ერთადგილიან საკანში პირის დატოვების აუცილებლობის პერიოდული გადამოწმების საჭიროებას. საქმე ისაა, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების ყოველწლიური გადაფასება არ გულისხმობს, ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას. ზემოხსენებული შეფასება მხოლოდ იმის განსაზღვრას ემსახურება, კვლავ მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის კონკრეტული მსჯავრდებული განსაკუთრებული რისკის მქონე პირთა კატეგორიას. თუ ასეთი რისკი აღარ დადასტურდა, პატიმარი საერთოდ დატოვებს ამ პენიტენციურ დაწესებულებას და, შესაბამისად, ერთადგილიან საკანს, მაგრამ თუ რისკი კვლავ დადასტურდა, ცალკე აღარ ხდება იმის განსაზღვრა, ერთადგილიან საკანში უნდა დარჩეს იგი თუ ორადგილიან საკანში უნდა იქნეს გადაყვანილი. ჰიპოთეტურად, სავსებით შესაძლებელია, ისეთ ვითარება არსებობდეს, როდესაც განსაკუთრებული რისკის მიუხედავად, არ არსებობდეს პირის ერთადგილიან საკანში დატოვების გამამართლებელი საფუძვლები.
40. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი, ისევე როგორც უსაფრთხოების თანამშრომლები, მსჯავრდებულებთან მუდმივი კონტაქტის საფუძველზე აკვირდებიან მათ და არსებული საფრთხის ამოწურვისთანავე აწვდიან ინფორმაციას ციხის დირექტორს იზოლირებული პატიმრობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადასასინჯად. სასამართლო პოზიტიურად აფასებს ამგვარ პრაქტიკას, თუმცა აღნიშნავს, რომ პატიმრებზე ამგვარი დაკვირვებისა და დაწესებულების ადმინისტრაციისათვის შეგროვებული ინფორმაციის მიწოდება არ არის, ვალდებულების სახით, ნორმატიულად დადგენილი და მისი უზრუნველყოფა მხოლოდ კეთილსინდისიერი ადმინისტრაციული პრაქტიკის საფუძველზე არის შესაძლებელი. თავის მხრივ, არც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს გააჩნია ნორმატიული ვალდებულება, მხედველობაში მიიღოს და სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ადმინისტრაციის მიერ მისთვის მოწოდებული ინფორმაცია და შესაბამის შემთხვევაში, შეცვალოს ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
41. დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთების საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობის პირობებში, რთული და ძნელად მისაღწევი ხდება გასაჩივრების მექანიზმით ეფექტიანად სარგებლობა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დასაბუთების სავალდებულო კომპონენტების გარეშე, გადაწყვეტილება ვერ დაექვემდებარება ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას. თავის მხრივ, თუ გადაწყვეტილება ვერ იქნება შეფასებადი, ცხადია, ასეთ პირობებში მისი საფუძვლიანობის გადამოწმებაც გაჭირდება და, შესაბამისად, გასაჩივრებასაც დაეკარგება ეფექტიანობა. ასეთ ვითარებაში გასაჩივრების შესაძლებლობა ფორმალურ ხასიათს იძენს და მოკლებულია იმგვარ ქმედითობასა და ეფექტიანობას, რომელსაც ძალუძს მსჯავრდებულის უფლებებისა და ინტერესების რეალური დაცვა და ვითარების გამოსწორება.
42. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოდ, ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმ მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში განთავსებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფთ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ან სხვა მსჯავრდებულებს, თუკი, რა თქმა უნდა, საფრთხის განეიტრალების სხვა გზა და საშუალება არ არსებობს. ცხადია, ასეთ დროს, სხვათა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უფლება გადაწონის იმ მსჯავრდებულთა უფლებებს, რომლებიც საფრთხის წყაროს წარმოადგენენ. ერთადგილიან საკანში გადაყვანის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას საკუთრივ ამ პირის დაცვის მოსაზრებებითაც, თუკი გარკვეულ მიზეზთა გამო, აუცილებელია მისი განრიდება სხვა მსჯავრდებულებისაგან. თუმცა ამგვარი საფრთხეების არსებობის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ეს განსაკუთრებული ღონისძიება - ერთადგილიან საკანში სასჯელის მოხდა - გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი, ადეკვატური და საკმარისი გარანტიებით, თავდაპირველი შემოწმებითა და შესატყვისი საფუძვლების დადგენით, წერილობით დასაბუთებით, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან შემდგომი პერიოდული სავალდებულო შეფასებით, თვითნებური გადაწყვეტილების შესაძლო რისკების დაზღვევით, ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით, რასაც გასაჩივრებული სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ზემოაღნიშნული პროცედურული გარანტიების არარსებობის გამო, სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცულობამ გარანტია უნდა შეუქმნას მსჯავრდებულებს, რომ თვითნებურად, ადეკვატური საფუძვლების გარეშე არ დაექვემდებარებიან სასჯელის მოხდას განმარტოებული პატიმრობის პირობებში, მცირე თუ ხანგრძლივი ვადით. ამგვარი დაზღვევის გარეშე განმარტოებული პატიმრობის ღონისძიების გამოყენება, რომელსაც ისედაც ძლიერად შემზღუდველი ბუნება აქვს, არ პასუხობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს, რომლებიც მას ეკისრება არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის დაუშვებლობის სფეროში. ამ მიზეზის გამო, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
7. სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის გადავადება
44. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სადავოდ გამხდარ ნორმებს გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განუსაზღვრელი ვადით განთავსების თაობაზე და უშვებს ამ საკანში მის ხანგრძლივად და განუსაზღვრელი ვადით დატოვებას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - ზეპირი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც სავალდებულო წესით არ ეფუძნება ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს; არ ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებასა და არ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული პირის სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში განთავსება per se საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს არ არღვევს, თუმცა სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განთავსებას ზემოხსენებული საკმარისი პროცედურული გარანტიებით, რაც იწვევს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ჭრილში.
45. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს უნდა მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში განთავსებისთვის აუცილებელი პროცედურული გარანტიების უზრუნველმყოფი რეგულირების ნორმატიულ დონეზე შემუშავებას და შემოღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2023 წლის 1 მაისიდან, რათა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1676 („საქართველლოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში განუსაზღვრელი ვადით განთავსებას თაობაზე და უშვებს ამ საკანში მის ხანგრძლივად და განუსაზღვრელი ვადით დატოვებას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - ზეპირი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც სავალდებულო წესით არ ეფუძნება ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს; არ ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებას და არ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2023 წლის 1 მაისიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე