საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1676 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 7 თებერვალი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება“
ბ. „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, როგორც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესს, განსაზღვრავს მსჯავრდებულის ერთ ადგილიან საკანში მოთავსებას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, როგორც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესს, განსაზღვრავს მსჯავრდებულის ერთ ადგილიან საკანში მოთავსებას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის საგანი
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიგვაჩნია, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში - №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება) მე-14 მუხლისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ (შემდგომში - №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება) მე-15 მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებული დებულებების ის ნაწილები, რომლებიც, როგორც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესს, განსაზღვრავენ მსჯავრდებულის ერთ ადგილიან საკანში მოთავსებას. ვთვლით, რომ აღნიშნული ზოგადი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“
№3 და №6 პენიტენციური დაწესებულებათა დებულებების მე-14 და მე-15 მუხლები აბსულუტურად იდენტურნი არიან და განსაზღვრავენ მსჯავრდებულის საკანში განთავსების წესს. მათი პირველი პუნქტების შესაბამისად, „მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სადავოდ მიგვაჩნია დასახელებული პუნქტების მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, როგორც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესს - განსაზღვრავენ მისი ერთ ადგილიან საკანში მოთავსების შესაძლებლობას.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ როგორც №3, ისე №6 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორია, მათივე დებულებების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იყოფიან პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. შესაბამისად, სადავო ნორმები შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც განთავსებულნი არიან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.
ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის დარღვევა
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ ამგვარად, კონსტიტუციით „...დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ზემოაღნიშნული დებულების მიზნებისთვის, მოპყრობა რომ ჩაითვალოს არაჰუმანურად, სასტიკად ან პატივისა და ღირსების შემლახველად, ის უნდა აღწევდეს სიმწვავის განსაზღვრულ დონეს. „არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს ... ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -185).“[1]
უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოპყრობის სიმწვავის დონის შეფასება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე. „[მოპყრობის] შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532/533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -180).“[2]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები არ უნდა დაექვემდებარონ იმგვარ წნეხს, რომელიც აშკარად აჭარბებს თავისუფლების შეზღუდვის თანმდევ ლეგიტიმურ მოპყრობასა და თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკულ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული და მისი თანმდევი ყველა სხვა ზომა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის განკუთვნილი, თანაზომიერი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპყრობა თვითმიზნურად ჩაითვლება და შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის [კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი] მოთხოვნებს.“[3]
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს იქ მოთავსებული პირების უფლებებს, არ უნდა იწვევდეს ტკივილის, დისკომფორტის, ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღონისძიება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს [კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-9 მუხლი] და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება.“[4]
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, „...რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი [კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი] აბსოლუტურად კრძალავს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით [კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).“[5]
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გამოყენება და სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების, გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება ემსახურება იმის იდენტიფიცირებას, ხომ არ ხდება ღონისძიების გამოყენება ობიექტური საფუძვლის გარეშე (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ობიექტური საფუძვლის გარეშე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უფლებაშემზღუდველი ღონისძიების გამოყენება, რომელიც გულისხმობს დაწესებულებაში მოთავსებული პირის გაშიშვლებას, დაკვალიფიცირდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით უპირობოდ აკრძალული მოპყრობა.[6]
ერთადგილიან (სამარტოო) საკანში მოთავსების საერთაშორისო სტანდარტები
ყოველივე ზემოაღნიშნულის თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ასევე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზება. ასე, მაგალითად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (შემდგომში: CPT) 21-ე ზოგადი მოხსენების თანახმად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მოთავსება სამარტოო საკნებში, ამა თუ იმ ფორმით, ნებისმიერ სასჯელაღსრულების სისტემაში გვხდება. CPT ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმრებს, რადგან ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს აღნიშნული პირების ფსიქიკურ, სომატურ და სოციალურ ჯანმრთელობას.[7]
აღნიშნული ზიანი შესაძლოა მყისიერი იყოს და რაც უფრო ხანგრძლივი და გაურკვეველია სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდი, მით უფრო იზრდება მიყენებული ზიანი. ამ ზიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმართა შორის თვითმკვლელობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დაწესებულების სხვა პატიმართა შორის. აქედან გამომდინარე, ცხადია, სამარტოო საკანში მოთავსება თავისთავად წამოჭრის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, სამარტოო საკანში მოთავსებამ შესაძლოა შექმნას პირობები არასათანადო მოპყრობის კუთხით, სხვა თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და თანამშრომლების ყურადღების მიღმა.[8]
ნიშანდობლივია, რომ CPT-ს განმარტებით, ტერმინი „სამარტოო საკანში მოთავსება“ ნიშნავს ღონისძიებას, რომლის დროს პატიმარს აცალკევებენ სხვა პატიმრებისგან, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების ან დაწესებულებაში დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველზე, ასევე პრევენციული ადმინისტრაციული ღონისძიების განხორციელების ან თვით პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმარი, როგორც წესი, იმყოფება მარტო.[9]
მხედველობაშია მისაღები, რომ სამარტოო საკანში მოთავსება კიდევ უფრო მეტად ზღუდავს თავისუფლებააღკვეთილი პირების თავისთავად შეზღუდულ უფლებებს. ეს დამატებითი შეზღუდვები არ არის უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის ზომის შემადგენელი ნაწილი და მათი გამოყენება მოითხოვს ცალკე დასაბუთებას. იმისათვის, რომ შემოწმდეს, რამდენად გამართლებულია ამ ზომის გამოყენება, მიზანშეწონილია ტრადიციული ტესტის სახით იმ პრინციპების გამოყენება, რომლებიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. კერძოდ კი - პროპორციულობა, კანონიერება, აღრიცხვიანობა, აუცილებლობა, არადისკრიმინაციულობა.[10]
CPT-ს განმარტებით, პროპორციულობის პრინციპის თანახმად, პატიმრის უფლებებზე ყოველი დამატებითი შეზღუდვის დაწესება უნდა გამომდინარეობდეს არსებული ან პოტენციური ზიანისაგან, რომელიც პატიმარმა უკვე გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს თავისი ქმედებით (ან იმ პოტენციური საფრთხიდან, რომელიც მას ემუქრება) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იქიდან გამომდინარე, რომ სამარტოო საკანში მოთავსება მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს, რაც თავისთავად გულისხმობს პატიმრისათვის გარკვეული რისკის არსებობას, პოტენციური ზიანის/საფრთხის მოცულობა უნდა იყოს თანაბრად სერიოზული, ხოლო გამოყენებული ზომა კი - ამ ზიანის/საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი საშულება. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია გამოყენებული ზომა, მით უფრო დასაბუთებული უნდა იყოს იგი და ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს.[11]
რაც შეეხება კანონიერების პრინციპს, CPT აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დებულებებს თითოეული შემთხვევისათვის, რომლის დროსაც დაშვებულია სამარტოო საკანში მოთავსება და ეს დებულებები გონივრული უნდა იყოს. მათ შესახებ, ამომწურავად უნდა ეცნობოს ყველა პირს, ვის მიმართაც ისინი გამოიყენება. კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა ის შემთხვევა, რომელთა დროს შესაძლებელია სამარტოო საკანში მოთავსების ღონისძიების გამოყენება, გადაწყვეტილების მიმღები პირები, პროცედურები, რომლებიც უნდა დაიცვან გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და რომლებშიც, ასევე, გაწერილი იქნება შესაბამისი პატიმრების უფლებები. გასათვალისწინებელია, რომ პატიმარს რაც შეიძლება სრულად უნდა ეცნობოს სამარტოო საკანში მოთავსების მიზეზები (მხედველობაშია მისაღები, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი მიზეზი, რათა არ იქნას გამჟღავნებული კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების ან მესამე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე), ისევე, როგორც გასაჩივრებისა და გადაწყვეტილების გადახედვის სიხშირისა და პროცედურების შესახებ.[12]
CPT-ს განცხადებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი აღრიცხვიანობა, რაც სამარტოო საკანში მოთავსების გადაწყვეტილებისა და მისი გადახედვის შესახებ ინფორმაციის სრულ წერილობით დაფიქსირებაში გამოიხატება. შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოიცავდნენ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებულ ყველა ფაქტორს და ინფორმაციას, საიდანაც ეს ფაქტორები გამომდინარეობს. ჩანაწერები ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში პატიმრის წვლილისა, ან მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. გარდა ამისა, დეტალურად უნდა აღირიცხოს სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში, პატიმრისა და ციხის პერსონალის ურთიერთობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, პატიმართან თანამშრომლების კონტაქტში შესვლის ნებისმიერი მცდელობის და პატიმრის რეაგირების ჩათვლით.[13]
წამების პრევენციის კომიტეტის განცხადებით, აუცილებლობა წარმოადგენს პრინციპს, რომლის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ან უსაფრთხო და სათანადო პატიმრობის უზრუნველსაყოფად.[14]
არადისკრიმინაციულობის პრინციპის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია არა მხოლოდ რელევანტური საკითხების გათვალისწინება, არამედ, იმის უზრუნველყოფა, რომ მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი საკითხები, რომლებიც არ არის დაკავშირებული შესაბამისი პრობლემის გადაწყვეტასთან. CPT აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს სამარტოო საკანში მოთავსების თითოეული ფორმის გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იქნას, გამოყენებული მზღუდავი ღონისძიების პროპორციულად, მიზანმიმართულად და საფუძვლიანად გამოყენება, კონკრეტული პატიმრის თუ პატიმართა ჯგუფის მიმართ.[15]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად გავაანალიზო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების - მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმური მიზნები, მისი გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.
ლეგიტიმური მიზანი და გამოსადეგობა
როგორც უკვე ითქვა, №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების სადავო ნორმებით გათვალისწინებულია ზოგადი წესი, რომლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მსჯავრდებული შესაძლებელია განთავსდეს ერთადგილიან (CPT ანგარიშის მიზნებისათვის, შესაბამისად, სამარტოო) საკანში.
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების ლეგიტიმური მიზნები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უფრო დეტალურად გავაანალიზოთ, შესაბამისი დებულებების სადავო ნორმებთან უშუალო კავშირში მყოფი, სხვა ნორმები. №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-15 და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-16 მუხლები განსაზღვრავენ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურებს. კერძოდ, დასახელებული მუხლების 22-ე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის იმავე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, თავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა. მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება მსჯავრდებულის საკნის ბარათში. შიდა კლასიფიკაციის საკანში ხდება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის სპეციალურ საკანში/საკანში განაწილების მიზნით.
იგივე მუხლების 25 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაწესებულების დირექტორის მიერ, სწორედ განხილული ნორმის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი მსჯავრდებულის ერთ ან ორადგილიან საკანში განთავსების შესახებ.
ამავე ნორმების საფუძველზე, შეგვიძლია ასევე განვსაზღვროთ, შესაბამისი პირის ერთადგილიან საკანში მოთავსების ლეგიტიმური მიზანი, ვიწრო გაგებით. კერძოდ, ესაა, მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებთან შეუთავსებლობა, რისი დადგენის დროსაც, მხედველობაში მიიღება, მისი პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. ფართო გაგებით კი, ერთადგილიან საკანში მოთავსების ლეგიტიმურ მიზანს, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენს სხვა პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პატიმრის სხვა მსჯავრდებულებთან შეუთავსებლობა და აქედან გამომდინარე, მათი უსაფრთოხებისთვის რეალური საფრთხე, რომელიც ეყრდნობა სანდო და დასაბუთებულ მონაცემებს, შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდებულის გონივრული დროით იზოლაცია, უდავოდ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
აუცილებლობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[16] ამასთან ერთად, სასამართლოს განცხადებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.“[17]
როგორც უკვე აღინიშნა, №3 და №6 პენიტენციური დაწესებულებები წარმოადგენენ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებს, რომლებშიც საქართველოს პატიმრობის კოდექსის 662 მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.
მსჯავრდებულის რისკის დადგენა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ (შემდგომში: საშიშროების რისკის განსაზღვრის წესი) საფუძველზე.
აღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მე-4 მუხლით დადგენილია მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისაგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქო-აქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; მსჯავრდებულის ასაკი; ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
ამავე წესით განსაზღვრულია, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასება ხორციელდება 2 ეტაპად, ჯერ მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის, ხოლო, შემდგომ კი, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ.
საშიშროების რისკის განსაზღვრის წესის მე-13 მუხლი ითვალისწინებს საშიშროების რისკის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლითაც ხელმძღვანელობს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით. მხედველობაშია მისაღები, რომ მე-2 პუნქტის შესაბამისად, გუნდის სხდომა დახურულია და იმართება არანაკლებ კვირაში ორჯერ. ასევე, გათვალისწინებულია რიგგარეშე სხდომის მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ.
გუნდის სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც მიეთითება ინფორმაცია თითოეული წევრის პოზიციისა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.[18]
უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ ხდება მსჯავრდებულის ყოვლისმომცველი შესწავლა, როგორც უშუალოდ, ისე სხვადასხვა დაწესებულებებიდან გამოთხოვილი, მათ შორის, გასაიდუმლოებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, გუნდი სწავლობს: ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულისა და სასჯელის შესახებ; სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურებულ ფაქტებს; მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს; გაქცევის ფაქტების არსებობას; დისციპლინური დარღვევების ფაქტებს მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში; დისციპლინური დარღვევების არსებობას, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/დისციპლინური პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად; დისციპლინური სახდელების ისტორიას; წახალისების ფორმების არსებობას მიმდინარე სასჯელის პერიოდში; თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტებს; ჩართულობას სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში; ჩართულობას სასწავლო პროგრამებში; ჩართულობას დასაქმების პროგრამებში; მსჯავრდებულის ანტისოციალურ ურთიერთობებს; ცვლილებების მოტივაციას (მზობას ცვლილებებისთვის, რაც უკავშირდება დანაშაულებრივ ქცევას; იმის გააზრებას, თუ კონკრეტულად რისი ცვლილებაა საჭირო; კონსტრუქციული/რეალისტური გეგმების არსებობას მომავლისთვის); აზროვნებას და ქცევის კონტროლს (საკუთარი აზრის გამოხატვას აგრესიის გარეშე; კონტროლს ემოციებსა და ქცევებზე; აგრესიულობას სხვების მიმართ, განსაკუთრებით მათი კონტროლის მიზნით; კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებულ სირთულეებს; წარსული გამოცდილების/შეცდომების გათვალისწინების უნარს; პრობლემასთან გამკლავების საჭირო უნარების არსებობას; საკუთარი ქმედებების და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების უნარს); დამოკიდებულებას კრიმინალურ სუბკულტურასთან ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან/ორგანიზაციასთან; ტატუირებას (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრობაზე, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრობაზე); ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალის არსებობას (კერძოდ, მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან); გამოკვეთილ კავშირებს (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან); ფინანსური მხარდაჭერის არსებობას (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში); დაწესებულებაში მიღებულ ან/და შემოსულ ინფორმაციას (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ); ინფორმაციას პრესიდან/ტელევიზიიდან/რადიომაუწყებლობიდან/სოციალური ქსელებიდან (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) ან/და ორგანიზებული ჯგუფის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ); მონაწილეობას, ან ასეთის მცდელობას კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში; მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს, რაც დგინდება, მათ შორის, თვითაღიარებთ (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს) და სხვა ზემოაღნიშნულის მსგავსი მონაცემებით; დაწესებულებაში მიღებულ ან/და შემოსულ ინფორმაციას (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას ან პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას ან/და უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი); აგრესიის გამოვლენის ფაქტებს სხვა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართ; დამოკიდებულებას დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან; დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენის/მცდელობის არსებობის შემთხვევებს, დამატებითი პრივილეგიის მიღების მიზნით თავისთვის ან/და სხვისთვის; აგრესიის გამოვლენის ფაქტებს დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულებაში დროებით შესულ პირთა მიმართ; დამოკიდებულებას ალკოჰოლისადმი (მათ შორის, დამზადებას), ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე, ან დანიშნულების დარღვევით), ნარკოტიკული საშუალებებისადმი, ახალი ფსიქოატიური ნივთიერებებისადმი, აზარტული თამაშებისადმი; აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტებს; მსჯავრდებულის მიერ იმგვარი ქმედება ჩადენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილ დანაშაულს.[19]
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საშიშროების რისკის განსაზღვრის წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება, საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.
გარდა ამისა, წესის მე-18 მუხლის შესაბამისად, გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება მსჯავრდებულის მიერ ერთჯერადად გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე გენერალური დირექტორის ბრძანებასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში, გენერალური დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
ამგვარად, მსჯავრდებულის რისკის დადგენის მიზნით, ხორციელდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეფასება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია არსებული საფრთხეების რეალური განსაზღვრა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის, რომ მსჯავრდებულის რისკის გადაფასება ხდება 12 თვიანი ინტერვალით, ასევე, უზრუნველყოფილია შესაბამისი სასამართლო კონტროლი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეფასების მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულისაგან მოდინარე საფრთხეების შეფასება, მისი მხოლოდ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების ან გადაყვანის და არა, მისი, მათ შორის, ერთადგილიან საკანში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
როგორც უკვე აღინიშნა, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-15 და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-16 მუხლები განსაზღვრავენ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურებს. კერძოდ, დასახელებული მუხლების 22-ე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, თავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა. შიდა კლასიფიკაციის საკანში ხდება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის სპეციალურ საკანში/საკანში განაწილების მიზნით.
იგივე მუხლების 25 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის ერთ ან ორადგილიან საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
შეიძლება ითქვას, რომ დებულებების ზემოაღნიშნული მუხლები, თავისი შინაარსით, წარმოადგენენ თვითკმარ ნორმებს, საიდანაც პირდაპირი კავშირი არ იკვეთება საშიშროების რისკის განსაზღვრის წესით გათვალისწინებულ პროცედურებთან. უფრო მეტიც, საერთოდ არ ჩანს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ვალდებულება გაითვალისწინოს რისკების განმსაზღვრელი ჯგუფის, ან გუნდის შესაბამისი დასკვნები. მართალია, შეიძლება მსჯავრდებული, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დროს, ჯერ არ იყოს სათანადოდ შეფასებული, თუმცა, დებულებების ნორმებიდან არც ის ჩანს ცალსახად, თუ რა გავლენას მოახდენს, ან საერთოდ ახდენს თუ არა მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში მოთავსების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფისა და საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ გაკეთებული დასკვნები.
უნდა ითქვას, რომ თავისთავად განსაკუთრებული რისკის დაწესებულება ისედაც განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ ამგვარი რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება სამარტოო საკანში 23 საათის განმავლობაში მოთავსებით, მსჯავრდებულის სათანადოდ კვალიფიციური შეფასების, შესაბამისი საპროცესო გარანტიებისა და ეფექტური სასამართლო კონტროლის არსებობის გარეშე, შეიცავს თვითნებობის საკმაოდ მაღალ რისკს.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დებულებები, შეიცავენ უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, №3 და №6 პენიტენციური დაწესებულებათა დებულებების 25-ე და 26-ე მუხლები ითვალისწინებენ მსჯავრდებულის განცალკევებით განთავსების შესაძლებლობას. ასე, მაგალითად, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 25-ე მუხლი განსაზღვრავს „ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევების“ წესს და ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევების საფუძვლად, მითითებას აკეთებს ამავე დებულების 24-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში არსებულ გარემოებებზე. დებულების 24-ე მუხლი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამის უსაფრთხოების ღონისძიებებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტით, შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილება, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თავდასხმის მოგერიება, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთა. მხედველობაშია ასევე მისაღები, იგივე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის შესაბამისად, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დებულების 24-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება არაუმეტეს 30 დღისა. ამასთან ეს ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს გონივრული დროით, იგივე 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. მართალია, განცალკევება, როგორც ასეთი, არ გულისხმობს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის აუცილებლად ერთ ადგილიან საკანში განთავსებას, თუმცა, როგორც ამ ნორმის შინაარსი, ისე, მისი გამოყენების პრაქტიკა აჩვენებს, რომ განცალკევება, ხშირად, ნიშნავს ერთ ადგილიან ან სამარტოო საკანში მოთავსებას.[20] ზუსტად იგივე შინაარსის ნორმებს შეიცავს, №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 26-ე მუხლი.
ამდენად, შესაბამისი საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების ხელშია მსჯავრდებულის 30 დღემდე და კიდევ უფრო დიდი ხნით იზოლაციის შესაძლებლობა, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მეტად შეესაბამება იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც მდგომარეობს დაწესებულებისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილი ვადით ხორციელდება და არა აქვს მუდმივი ხასიათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ზოგადი წესი, რომლის თანახმად, დაწესებულების დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის ერთადგილიან, მაშასადამე, სამარტოო საკანში მოთავსების თაობაზე, შეიცავს თვითნებობის მაღალ რისკს. კერძოდ, ერთმნიშვნელოვნად, ნორმატიულ დონეზე არ არის დადგენილი დაწესებულების დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება,[21] არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი საპროცესო გარანტიები და საკმაოდ ბუნდოვანია ეფექტური სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში, მსჯავრდებულის განუსაზღვრელი ვადით მოთავსება ერთადგილიან საკანში, პრაქტიკულად წარმოადგენს ყველაზე მკაცრი რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმებას, თანაც ხანგრძლივი პერიოდით, იმგვარად, რომ ამას საფუძვლად არ უდევს შესაბამისი გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების ვალდებულება. აღნიშნული კი, ჩვენი აზრით, ერთმნიშვნელოვნად ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ზოგადი წესი, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული თავსდება ერთადგილიან საკანში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე გავაცნოთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ანგარიშები, რომლებიც შეეხება უშუალოდ #3 და #6 პენიტენციურ დაწესებულებებს. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის 2-3 აპრილს, #6 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, როგორც წესი, პატიმრები თავსდებიან ერთ ან ორადგილიან საკნებში. პატიმრის ერთ ან ორადგილიან საკანში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს დირექტორის დისკრეციას და ამ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ნორმატიულად განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული დებულება, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს შესაძლებლობას აძლევს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე პატიმარი ხანგრძლივი დროით მოათავსოს ერთადგილიან საკანში და შეუზღუდოს სხვა პატიმართან კონტაქტის შესაძლებლობა ხანგრძლივი ვადით, რაც შეიძლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს.[22]
წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, განცალკევებით მოთავსებას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პატიმარი ფიზიკურად და სოციალურად იზოლირებულია საკანში, დღე-ღამის განმავლობაში 22 საათიდან 24 საათამდე დროით. იგი ხანგრძლივ განცალკევებად მოიაზრებს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც ასეთი განცალკევების ხანგრძლივობა 15 დღეს აღემატება, ვინაიდან, როგორც ეს ლიტერატურაშია მითითებული, ამ პერიოდის შემდეგ პატიმრისათვის მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება შეუქცევადი გახდეს. ასევე, მიიჩნევს, რომ რაც უფრო ხანგრძლივია განცალკევებით მოთავსება ან რაც უფრო გაურკვეველია, თუ რამდენი ხნით მოუწევს პატიმარს განცალკევებით ყოფნა, მით უფრო დიდია პატიმრისათვის სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკი, რაც წარმოადგენს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, წამებასაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, პატიმრების განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა მოხდეს სავალდებულო წესით, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით, თუმცა მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.[23]
სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები შევიდეს N6 დაწესებულების დებულებაში, რათა პატიმრის ერთადგილიან საკანში მოთავსება ხდებოდეს მხოლოდ პატიმრისგან მომავალი იმწუთიერი რისკის ინდივიდუალური შეფასებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების 14 დღიანი ინტერვალებით გადახედვა და განცალკევების მოთავსების ზომა უნდა შეწყდეს პატიმრისაგან მომავალი რისკის აღმოფხვრისთანავე.[24]
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2019 წლის 16-17 სექტემბერს, #3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები, თავისუფლების აღკვეთის მკაცრ რეჟიმში ყოფნის გამო, კომპენსაციის სახით უნდა სარგებლობდნენ შედარებით მსუბუქი დღის რეჟიმით, თავიანთი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებში. კერძოდ, მათ უნდა მიეცეთ დაწესებულების სხვა პატიმრებთან შეხვედრისა და სხვადასხვა საქმიანობით დაკავების დიდი არჩევანი. განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო მაღალი რისკის დაწესებულებებში ნორმალური შიდა ატმოსფეროს შესაქმნელად. მიზნად უნდა იქნეს დასახული პერსონალსა და პატიმარებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს უნდა შედიოდეს ადმინისტრაციის ინტერესში არა მხოლოდ პატიმართა მიმართ ადამიანური მოპყრობის კუთხით, არამედ დაწესებულებაში ეფექტური კონტროლისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.[25]
სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი წლებია, რაც ხაზგასმით მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ 2016, 2017 და 2018 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტების მსგავსად, 2019 წელსაც არ შეცვლილა N3 დაწესებულებაში არსებული გარემო და რეჟიმი. N3 დაწესებულების მართვა ისევ ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს და გულისხმობს მაქსიმალურ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და უპირობოდ მკაცრ რეჟიმს, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას. 2016, 2017 და 2018 წლების მსგავსად, 2019 წელსაც, N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები 23 საათს უსაქმურად ატარებენ საკნებში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში, სადაც, გარდა ერთი ოთახისა, არ არის შექმნილი სეირნობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის აუცილებელი გარემო. გარდა ამისა, დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ნახევარი (27 პატიმარი), თვეებისა და წლების განმავლობაში იმყოფება დე ფაქტო იზოლაციის პირობებში, რაც სახალხო დამცველის შეფასებით პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას.[26]
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მიეცათ სრული ინფორმაცია დაწესებულებაში იზოლირებულად მოთავსებული 27-ივე პატიმრის შესახებ. ჯგუფის მიერ შესწავლილი 18 შემთხვევიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში ადგილი აქვს პატიმრების 1, 2, 3 და 5 თვეზე მეტი ხნით იზოლირებას. მათ შორის, ერთ შემთხვევაში პატიმარი საკანში მარტო იყო განთავსებული 2018 წლის 3 ოქტომბრიდან მოყოლებული და მისი იზოლირებულად ყოფნა გრძელდებოდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის პერიოდშიც.[27]
დებულების ანალიზი ცხადყოფს, რომ პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით, პატიმრები მოათავსოს განუსაზღვრელი ვადით და შეუზღუდონ სხვა პატიმრებთან კონტაქტის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ პატიმრის დიდი ხნით იზოლაცია შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. შესაბამისად, დირექტორისთვის მინიჭებული დისკრეცია განუსაზღვრელი ვადით მოათავსოს პატიმარი განცალკევებით, ზრდის პატიმრის მიმართ აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისა და იზოლაციის თანმდევი არასათანადო მოპყრობის რისკებს.[28]
როგორც უკვე ითქვა, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იზოლაციის საკითხს, რადგანაც ამ ღონისძიებას შეუძლია უკიდურესად დააზიანოს ადამიანის ფსიქიკური, სომატური და სოციალური კეთილდღეობა. ეს ზიანი შეიძლება დადგეს დაუყონებლივ და გაიზარდოს, რაც უფრო ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით არის პატიმარი იზოლირებული. კომიტეტი მიიჩნევს, რომ იზოლაციის მაქსიმალური ვადა 14 დღეს არ უნდა აღემატებოდეს და სასურველია უფრო ნაკლები ხანგრძლივობის იყოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და მოუწოდებდა პატიმრის განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების 14 დღიანი ინტერვალებით გადასინჯვის სავალდებულო წესის შემოღებას. სამწუხაროდ, მითითებული რეკომენდაცია არ შესრულებულა.[29]
პატიმრების შემზღუდველ რეჟიმში ყოფნას ემატება ისიც, რომ განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებს კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან ურთიერთობა. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია იმ პატიმრებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობენ და შორი მანძილის და დამატებითი ხარჯების გამო უჭირთ პატიმართა მონახულება.[30]
დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა იზოლაციის, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ნაკლებობის და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობის ფონზე, სპეციალური პრევენციულ ჯგუფის წევრებთან გასაუბრებაზე მყოფი ყველა პატიმარი ცდილობდა მეტი დრო გაეტარებინა მათთან და ამ მიზნით ესაუბრათ, თუნდაც არარელევანტურ საკითხებზე, რაც აჩენს იმის განცდას, რომ პატიმრებს საუბრის და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ. ეს ყოველივე აისახება პატიმართა მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან, ნებისმიერ, თუნდაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხზე. ასე მაგალითად, ტელეფონოგრამების შესწავლიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების მიზეზი გახდა ის, რომ ულუფაში არ იყო ჩაი. ერთ-ერთი მსჯავრდებულის შიმშილობის მიზეზად კი მითითებულია დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან პატიმრის კუთვნილი ოთახის ფეხსაცმლის დაზიანება, რასაც ის ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევდა.[31]
ზემოთ აღნიშნულ პირობებში პატიმრების ყოფნა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ნორმალიზაციის პრინციპს, არამედ უარყოფით გავლენას ახდენს პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ხშირ შემთხვევაში პატიმართა პროტესტის, თვითდაზიანებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მაპროვიცირებელი ფაქტორი ხდება. დაწესებულებაში პატიმრების მცირე (საშუალოდ 50 პატიმარი) რაოდენობის მიუხედავად, ხშირია სხვადასხვა ინციდენტები. აღნიშნულზე მიუთითებს 2019 წლის იანვრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირებული და სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ვიზიტის დროს ამოწერილი 100-ზე მეტი შემთხვევა: სუიციდის მცდელობა - 6; თვითდაზიანება - 33; შიმშილობა - 36; შიმშილობა და თვითდაზიანება - 2; თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა - 15; თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა - 3; თანამშრომლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - 1; თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა და ინვენტარის დაზიანება - 2; საკნის ინვენტარის დაზიანება - 3. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში სისტემატიურად მიმდინარეობდეს თითოეული ინციდენტების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მათი პრევენციის კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს პატიმართა ქცევის პოზიტიურ ცვლილებებს და ხორციელდებოდეს კომუნიკაციისა და ზრუნვის ატმოსფეროში.[32]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები, რომელიც, როგორც მსჯავრდებულის საკანში განთავსების ზოგად წესს, განსაზღვრავენ მსჯავრდებულის ერთ ადგილიან საკანში მოთავსებას, შეიცავს თვითნებობის საფრთხეს და ამავე დროს, იმაზე მეტად ზღუდავს პატიმართა უფლებებს, ვიდრე ეს საჭირო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება, II. პ. 13;
[2] იქვე, II. პ. 14;
[3] იქვე, II. პ. 19;
[4] იქვე, II. პ. 20;
[5] იქვე, II. პ. 21;
[6] იქვე;
[7] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 21-ე ზოგადი მოხსენება, პარ. 53, (CPT/Inf (2011) 28). ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/1680696a88 > (ბოლოს ნანახია: 13.12.2020);
[8] იქვე;
[9] იქვე, პარ. 54;
[10] იქვე, პარ. 55;
[11] იქვე, პუნქტი „a“;
[12] იქვე, პუნქტი „b“;
[13] იქვე, პუნქტი „c“;
[14] იქვე, პუნქტი „d“;
[15] იქვე, პუნქტი „e“;
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება, II-60;
[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 41;
[18] საშიშროების რისკის განსაზღვრის წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი;
[19] იხ.: საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ დანართები;
[20] საქართველოს სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმი N3 დაწესებულების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2019 წლის 16-17 სექტემბერი). გვ. 11-13. ხელმისაწვდომია: < https://ombudsman.ge/res/docs/2020032321170591389.pdf > (ბოლოს ნანახია: 12.12.2020);
[21] პრევენციის ეროვნული მექანიზმი - ანგარიში N6 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ (2018 წლის 2-3 აპრილი), გვ. 9. ხელმისაწვდომია: < https://www.ombudsman.ge/res/docs/2019040410062929010.pdf > (ბოლოს ნანახია: 13.12.2020).
[22] პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში N6 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შესახებ (2018 წლის 2-3 აპრილი), გვ. 9; იხ.: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019040410062929010.pdf ;
[23] იქვე;
[24] იხ. იქვე, გვ. 9-10;
[25] პრევენციის ეროვნული მექანიზმის N3 დაწესებულების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში (2019 წლის 16-17 სექტემბერი), გვ. 11. ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2020032321170591389.pdf ;
[26] იხ. იქვე, გვ. 11-12;
[27] იხ. იქვე;
[28] იხ. იქვე, გვ. 13;
[29] იხ. იქვე;
[30] იხ. იქვე;
[31] იხ. იქვე, გვ. 13-14;
[32] იხ. იქვე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა