დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/22/1696 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 დეკემბერი 2022 11:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის, 246-ე და 251-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1696) მომართა დავით ნებიერიძემ. №1696 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 25 აპრილს. №1696 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1696 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება. ასეთი მიზნებია – ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები; ბ) პიროვნების დადგენა; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოთვლის იმ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც აქვს ადმინისტრაციული დაკავების უფლება, ხოლო ამავე კოდექსის 251-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
5. №1696 კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლელა ცაგარეიშვილის 2021 წლის 12 ნოემბრის №46990-21 დადგენილება დავით ნებიერიძის საქმეზე. აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ დავით ნებიერიძე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ხუთი დღის ვადით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის. მოსარჩელე აღნიშნული ქმედებების ჩადენისათვის დააკავა პოლიციამ. დაკავებიდან 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დავით ნებიერიძეს გაუგრძელდა დაკავების ვადა 24 საათის განმავლობაში. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს პოლიციამ არც კი დაურთო წერილობითი დასაბუთება, რა მტკიცებულების მოსაპოვებლად გახანგრძლივდა ადმინისტრაციული დაკავება 48 საათამდე ვადით.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი, ერთი შეხედვით, არის აღმჭურველი ხასიათის, ითვალისწინებს ადამიანის შესაძლებლობას, მიმართოს დამკავებლის ზემდგომ ორგანოს, ან თანამდებობის პირს, ან პროკურორს და მოითხოვოს დაკავების კანონიერების შემოწმება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის საქმეზე არსებული, №1696 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული სხდომის ოქმი ადასტურებს იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავო ნორმა გამოიყენა იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ 72 საათის განმავლობაში შეისწავლოს პირის დაკავების კანონიერების საკითხი.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ორგანოების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებსაც აქვთ ადამიანის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლება, ესენი არიან შინაგან საქმეთა ორგანოები, გასამხედროებული დაცვის უფროსი თანამდებობის პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები, აღსრულების პოლიციელი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები. მოსარჩელის მოსაზრებით, ცხადია, რომ სასამართლო არც ერთი ამ ზემოხსენებული ორგანოების თანამდებობის პირთა ზემდგომი ორგანო არ არის. იგი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ როდესაც ადამიანის დაკავებას ახდენს აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მონაწილეობის გარეშე, ამგვარი დაკავების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ არა დამკავებლის ზემდგომი ორგანოები - შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს ზემდგომი თანამდებობის პირები ან თუნდაც მინისტრები, არამედ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება. ამავდროულად, სასამართლო ამგვარ კონტროლს უნდა ახორციელებდეს 72 საათის განმავლობაში, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ხდება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად შემზღუდველი ხასიათისაა. ეს უკანასკნელი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს ანიჭებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადამიანის დაკავების უფლებამოსილებას. მისი აზრით, სადავო ნორმა პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს განსაზღვრულ შემთხვევებში ანიჭებს, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ადამიანის 48 საათის განმავლობაში დაკავების შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ დაკავების კანონიერების სწრაფი შესწავლის გარანტიის არარსებობის პირობებში. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლს, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა ასევე არის უფლებაშემზღუდველი. ეს უკანასკნელი ჩამოთვლის იმ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც აქვთ დაკავების უფლებამოსილება. ამ ორგანოების და თანამდებობის პირთა მიერ დაკავების განხორციელების უფლებამოსილება კი არ არის შეზღუდული სწრაფი სასამართლო კონტროლით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დავით ნებიერიძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით, ირღვევა მისი კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლება. შესაბამისად, მოითხოვს, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი, 246-ე და 251-ე მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
10. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს განსაზღვრულ შემთხვევებში გაუმართლებლად ანიჭებს, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ადამიანის 48 საათის განმავლობაში დაკავების შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ დაკავების კანონიერების სწრაფი შესწავლის გარანტიის არარსებობის პირობებში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „...სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6).
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება. ასეთი მიზნებია – ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები; ბ) პიროვნების დადგენა; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მიზნები პირის ადმინისტრაციულ დაკავებას ლეგიტიმურობას სძენს არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ თავისუფლების შეზღუდვის სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმისთვის, რათა პირის ადმინისტრაციულმა დაკავებამ უპასუხოს კანონიერების მოთხოვნას, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონით გათვალისწინებული მიზანი არსებობდეს პირის დაკავების მომენტიდან მის გათავისუფლებამდე. დასახელებული მიზნის მიღწევის შემდეგ პირის თავისუფლების შეზღუდვა, ადმინისტრაციული დაკავებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე, თვითმიზნურ ხასიათს ატარებს.
6. ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ზოგად ვადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს საგამონაკლისო წესს, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
7. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ვალდებულია, დაასაბუთოს, რატომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით სადავოდ გამხდარი შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სტანდარტებს. მოცემული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების მიზნებისა და მისი საფუძვლებისა, რა შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს სადავო ნორმის მოქმედების შედეგების თავისუფლების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამობის საკითხი.
8. საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ დაკავების მიზნებს. ამასთანავე, სადავო ნორმის საფუძველზე არსებული ერთ-ერთი მიზნით პირის ადმინისტრაციული დაკავების ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 24 საათს (საგამონაკლისო შემთხვევაში 48 საათს) მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული დაკავების მიზანი. ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის ამოწურვისთანავე პირის თავისუფლების შეზღუდვა ატარებს უკანონო ხასიათს და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად, იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდეს ზემოხსენებული სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ დასახელებული თავისუფლების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ გარანტიებთან მიმართების არსებობაში, მოსარჩელეს უნდა დაესაბუთებინა, თუ სადავო ნორმის ძალით, კონკრეტულად რა გარემოება იწვევდა თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის, თუნდაც დაკავების კანონიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას კონსტიტუციის გაგებით. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის შესაბამისი დასაბუთება, თუ კონკრეტული ადმინისტრაციული დაკავების ხასიათიდან გამომდინარე, უშუალოდ რატომ მოითხოვდა ამ დაკავების მიზანი/საფუძველი მის განმარტებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის გაგებით, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობას.
9. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, მისი ნივთების გასინჯვისა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის საფუძვლებსა და მიზნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით კი დადგენილია თავისუფლების აღკვეთის, თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისა და დაკავების შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტები. №1696 კონსტიტუციური სარჩელიდან არ ირკვევა, ცალკე აღებული, ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლებისა და მიზნების კონსტიტუციურ გარანტიებთან შეუსაბამობის სავარაუდო არგუმენტებიც კი. მოსარჩელისთვის პრობლემურია მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობას.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1696 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა კანონის მიზნებისათვის ჩამოთვლის ადმინისტრაციული დაკავების უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს). კერძოდ, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს). ესენია: ა) შინაგან საქმეთა ორგანოები – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ბ) გასამხედროებული დაცვის უფროსი თანამდებობის პირი დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ვ) აღსრულების პოლიციელი – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და; ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები – ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი გულისხმობს პირის „ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის მიზანია, არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
13. განსახილველ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული დაკავების უფლებამოსილების მქონე ორგანოების (თანამდებობის პირების) კანონმდებლობით განსაზღვრა ემსახურება თავისუფლების უფლების განმტკიცებას იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს ადამიანის თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა საზოგადოების რომელიმე წევრის მიერ. კანონმდებელი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, როდის, რა შემთხვევაში და ვის მიერ არის შესაძლებელი პირის ადმინისტრაციული დაკავება. შესაბამისად, სადავო ნორმის მიზანია, განსაზღვროს უფლებამოსილ პირთა კონკრეტული წრე. ამდენად, სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ ადგენს რაიმე წესს, სამართლებრივ შედეგს მოსარჩელე მხარისთვის და, შესაბამისად, არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის თვითმყოფად საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი, კერძოდ ის, რომ ამ ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიერ დაკავების განხორციელების უფლებამოსილება არ არის შეზღუდული სასამართლო კონტროლით, არ გამომდინარეობს დასახელებული ნორმიდან. შესაბამისად, №1696 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
14. №1696 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანია, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმა შესაძლოა იყოს უფლებააღმჭურველი, მას ასევე გააჩნია ისეთი შემზღუდველი ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ 72 საათის განმავლობაში შეისწავლოს პირის დაკავების კანონიერების საკითხი.
15. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ამ კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან გასაჩივრების საპროცესო წესრიგს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა ადამიანის ხელში მისი უფლებების დასაცავად არსებული ცოცხალი მექანიზმია. სადავო ნორმის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების პროცესში [ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან)] სასამართლო არ მონაწილეობს. თავის მხრივ, ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ პროცესში მონაწილეობს არა როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, არამედ როგორც სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. №1696 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის, აუცილებელია, მოსარჩელემ დაასაბუთოს თავისი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, კონკრეტული ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება უნდა მოიაზრებოდეს მხოლოდ საქათველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, თუ ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ან ორივეში ერთად. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის გაგებით დაკავების კანონიერების შემოწმებისთვის დადგენილია შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიები. სადავო ნორმის ამ გარანტიებთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემაში კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. ფაქტი ისაა, რომ მოსარჩელე აღიარებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის უფლებააღმჭურველ ხასიათს, თუმცა კონკრეტულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით შესაბამისი არგუმენტაციით ვერ ასაბუთებს მის შემზღუდველ შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზემდგომი ორგანოსთვის მიმართვა ემსახურება უფლებამოსილი პირის მიერ დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას. ამდენად, საკუთრივ სადავო ნორმით დგინდება შესაბამისი უკანონო გადაწყვეტილებისგან დაცვის ადმინისტრაციული საპროცესო წესრიგი.
16. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა ზემოხსენებული სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა შეფასებადი იყოს თავისუფლების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ უგულებელყოფს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებული სადავო ღონისძიება თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაბამის კონსტიტუციურ სტანდარტებს, რატომ არის აუცილებელი პირდაპირ სასამართლო კონტროლი და რა თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებს ზემდგომი თანამდებობის პირის ან პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1696 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1696 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე