საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ როხვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N643 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ როხვაძე |
თარიღი | 17 აპრილი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები ვინაიდან, აღნიშნული სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; არასაპატიო მიზეზით არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 8 იანვრის #04/610 წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2005 წლის 1 ივლისიდან ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობის საფუძვლით. კომპენსაცია გაანგარიშებული იქნა კანონშესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი სარგოების ჯამის 85%-ით (თანამდებობრივი სარგო 950 ლარი, წოდებრივი სარგო 12.36 ლარი, კვების ულუფა 59 ლარი და წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი 384.94 ლ.). ძირითადი კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 1195.35 ლარი. ამასთან აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძვლით კომპენსაციის ოდენობაზე თეიმურაზ როხვაძეს დაემატა 28 ლარი, როგორც ომის მონაწილეს და 41-ე მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული 14 ლარი წელთა ნამსახურობის გამო. გასაცემლის ოდენობა ჯამში განისაზღვრა 1237.35 ლარით. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, (თავი 2 მუხლი 7) დაწესდა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი. აღნიშნული ნორმით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ" და ,,ნ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდება კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისი კომპენსაცია." აღნიშნულიდან გამომდინარე, #04/610 წერილიდან ირკვევა, რომ თეიმურაზ როხვაძის (პენსია, შემდგომში კომპენსაცია) 2006 წლის 1 იანვრიდან თეიმურაზ როხვაძეს ერიცხება 560 ლარის ოდენობით ყოველთვიურად მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნულ გასაცემელთან ერთად თეიმურაზ როხვაძეს, როგორც ომის მონაწილეს, ერიცხება სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმის არსი და შეჭრა საკუთრების უფლებაშისადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს შეუმცირდა კომპენსაციის ოდენობა 1237,35 ლარიდან 560 ლარამდე. 2010 წლის 30 ივლისის განჩინებაში #1/5/489-488 საქმეზე ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული განჩინების II თავის მე-2 პარაგრაფის თანახმად: ,,უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე.” ,,მოთხოვნა” - მათ შორის ისეთიც, რაც პენსიას შეეხება - შეიძლება წარმოადგენდეს ,,საკუთრებას” პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მნიშვნელობით, თუკი არსებითად დადგინდება, რომ ეს უფლება განხორციელებადია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ 38-ე პარაგრაფი). სოციალური დახმარების საკუთრების უფლების ქოლგის ქვეშ მოქცევის კონცეფცია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუკავშირა კონტრიბუციული ტიპის სოციალური დაცვის სისტემის არსებობას. ამ მიდგომით, სოციალური შეღავათის მიღების უფლება საკუთრების უფლებითაა დაცული იმის გამო, რომ დაქირავებულმა პირმა საკუთარი შრომითი შემოსავალის გარკვეული ნაწილი საპენსიო ფონდში შეიტანა. ასეთ პირობებში პენსია სხვა არაფერია თუ არა შრომისუუნარობის შემთხვევის დადგომისას დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდიდან თავისი საკუთარი შენატანის შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა. ადამიანის მოთხოვნა, მიიღოს გადასახდელი საპენსიო შემთხვევის დადგომისას, საკუთრების უფლების ძალით ავალდებულებს სახელმწიფოს ან კერძო ორგანიზაციას გასცეს შესაბამისი ოდენობის თანხა, იმის გამო, რომ ადამიანმა საკუთარი შემოსავლიდან სათანადო კონტრიბუცია გაიღო აღნიშნული სახელმწიფო თუ კერძო საპენსიო ფონდის სასარგებლოდ. კონვენციის ორგანოების პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, საპენსიო ფონდში განხორციელებული შენატანი, განსაზღვრული გარემოების არსებობისას ქმნის საკუთრების უფლებას ... უფრო მეტიც, უფლება, რაც მომდინარეობს სოციალური დაზღვევის სისტემაში შენატანის გადახდისაგან, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლიდან გამომდინარე ფინანსურ უფლებას წარმოადგენს (კჯარტან ასმუდსონი ფინეთის წინააღმდეგ 39-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კჯარტან ასმუდსონი ფინეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 40-ე პარაგრაფში განაცხადა: როდესაც შეღავათის ოდენობა მცირდება ან საერთოდ წყდება, ეს წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას და აუცილებელია არსებობდეს სათანადო გამართლება. ამგვარად, საპენსიო თანხის მიღებაზე უფლება არის საკუთრების უფლების კომპონენტი. სადავო ნორმით ხდება მოსარჩელის კომპენსაციის ოდენობის შემცირება, რაც სხვა არაფერია, თუ არა საკუთრების უფლებაში ჩარევა. შესაბამისად, პარლამენტს მოეთხოვება აღნიშნული ჩარევის გამართლება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის" მოთხოვნის დაცვით.
2) საკუთრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანისადავო ნორმიდან არ იკვეთება თუ რა მიზანს ისახავს სადავო ნორმა. ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იქნა შემცირებული, შეიძლება იყოს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. საკუთრების კერძო ინტერესი შესაძლოა იზღუდებოდეს საზოგადოების ინტერესებით. საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დაკმაყოფილება (საჯარო ინტერესი) არის ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ნებდართულია საკუთრების უფლების შეზღუდვა. ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ივასზიკიევიჩი პოლონეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფში მიუთითა, რომ ,,საზოგადოებრივი ინტერესის” ცნება აუცილებლად ფართო უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება სოციალური საკითხების გადაწყვეტა. სასამართლო პატივს სცემს ხელისუფლების დასკვანას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლება ,,საზოგადოებრივ ინტერესად.” იგივე პოზიცია უკავია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც საქმეში დავით ჯიმშელეიშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში” (მე-11 პარაგრაფი). მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი საჭიროება არის საკმაოდ ფართო, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც მოახერხა მისი ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრა: მოქმედება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ” (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ზაურ ელაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II თავის მე-15 პარაგრაფი). საბიუჯეტო რესურსების დაზოგვისას სახელმწიფო მოქმედებს როგორც მთელი საზოგადოების, ისე მისი გარკვეული ნაწილის ინტერესების დასაცავად. ამ ეტაპზე უნდა დავადგინოთ, რამდენად დაცულია ბალანსი საბიუჯეტო რესურსების დაზოგვის ინტერესსა და საკუთრების უფლების კერძო ინტერესს შორის.
3) თანაზომიერების ტესტის მესამე ეტაპი - ბალანსის დაცვა საჯარო და კერძო ინტერესებს შორისის თუ რამდენად არის ინდივიდისათვის გადამეტებული და არაპროპორციული სახელმწიფოს მიერ გამოყენებული შეზღუდვა, ამ საკითხის გადაწყვეტა ხდება იმ დროს, როდესაც ფასდება ის თუ რამდენად დაცულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. თუკი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით ინდივიდის საკუთრების უფლება კონფლიქტში მოდის საზოგადოების ინტერესებთან, ხდება აღნიშნულ უფლებაში ჩარევა. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა შემთხვევაში ერთი ან მეორე ინტერესები პრევალირებს. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე რასმუსენი პოლონეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,მთავარია ჩარევით სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს მიღწეული საზოგადოების საერთო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის. სამართლიანი ბალანსი არ არის დაცული მაშინ, როცა დაინტერესებული პირი ატარებს ინდივიდუალურ და გადამეტებულ ტვირთს.” ცხადია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე, სახელმწიფო შესაძლოა დადგეს განსაზღვრული სოციალური სქემების შეკვეცის აუცილებლობის წინაშე. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს იმ პირისათვის უარყოფითი შედეგების დადგომას, რომელიც განსაზღვრული სახის ფულად ანაზღაურებას იღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ამგვარი შეზღუდვით ხდება დანარჩენი საზოგადოებისათვის უფრო მეტად სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 73-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,უსამართლო იქნებოდა საზოგადოებრივი სახსრებით სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება, თუკი ეს დაემსგავსება საჯარო რესურსების არასათანადო ხარჯვის სანქცირებას, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.” ამ საყურადღებო გარემოებების მიუხედავად, სასამართლო ადგენს, რომ ზემოთ ხსენებული ზოგადი პრინციპები არ არის უპირატესი იმ სიტუაციაში, როდესაც დაინტერესებულ პირებს შეღავათის ჩამორთმევის შედეგად ავალდებულებენ, ატარონ გადამეტებული ტვირთი. რა შემთხვევაში ითვლება სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის ფულადი გადახდის შეწყვეტა გადამეტებულ და არაპროპორციულ ტვირთად? ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა სადავო ნორმები განვიხილოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხილვა
4) მესაკუთრის მდგომარეობის არსებითი გაუარესებაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა საქმეზე ვიეცზოკერი პოლინეთის წინააღმდეგ. ამის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 71-ე გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,მომჩივანმა ვერ დაამტკიცა და არც დავობს იმაზე, რომ მისი პენსია იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე პენსია, რასაც მომჩივანი მანამდე იღებდა."(http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-96035) სადავო ნორმის შემთხვევაში, სახელმწიფო არა გონივრულ ფარგლებში, არამედ მნიშვნელოვნად მოახდინა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შემცირება. მაშინ როდესაც არსებობს საზოგადოებრივი, საბიუჯეტო თანხების სიმწირე, საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალურ უფლებებში იმგვარი ჩარევა, რაც აზრს არ დაუკარგავს საკუთრების უფლების არსს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასმუდსონის საქმეში განაცხადა, განმცხადებელი უნდა დაევალდებულებინათ, შეგუებოდა გონივრულად და თანაზომიერად შემცირებული გადასახდელი თანხის მიღებას. სადავო ნორმის შემთხვევაში ხდება გადასახდელის გონივრული ან თანაზომიერი შემცირება, არამედ კომპენსაციის მნიშვნელოვანი განახევრება. კჯარტან ასმუდსონი ფინეთის წინააღმდეგ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფში მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებაზე დაკისრებულ ტვირთს არ ამსუბუქებდა ის გარემოება, რომ განსაზღვრულ სამუშაოზე შრომიუუნაროდ ქცევის მიუხედავად, მომჩივანს ჰქონდა ალტერნატიული შემოსავალი. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ მომჩივანს პენსია შეუწყდა არა საკუთარი ქმედებით, არამედ კანონში შეტანილი ცვლილების გამო. პენსია, რაც მომჩივანს შეუწყვიტეს, წარმოადგენდა მისი თვიური შემოსავლის ერთ მესამედს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, არა მოსარჩელის ქმედებით, არამედ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მოსარჩელეს მნიშვნელოვნად შეუმცირდა (გაუნახევრდა) პენსიის სახით მისაღები შემოსავალი. ამ მოცულობით კომპენსაციის შემცირება ვერ იქნება გამართლებული ბიუჯეტის დაზოგვის საზოგადოებრივი ინტერესებით, ვინაიდან კანონმდებლობა არსებითად აუარესებს მესაკუთრის მდგომარეობას.
5) სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების პრინციპისაკუთრების უფლებაზე დადგენილი ტვირთის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია იმას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა ის პირი, ვის საკუთრებაშიც ხდება ჩარევა, გააჩნია თუ არა კანონიერი ნდობა ინდივიდს სახელმწიფოს მიმართ და შემზღუდველი ღონისძიება არის თუ არა იმგვარად წინასწარგანჭვრეტადი, რომ ინდივიდმა შეძლოს ფინანსური რისკების წინასწარ გათვლა და ამის გათვალისწინებით დაგეგმოს თავისი მომავალი. ინდივიდი კეთილსინდისიერების მოთხოვნას აკმაყოფილებს მაშინ, როდესაც ის სოციალურ დახმარებაზე უფლებას მოიპოვებს მაშინ, როდესაც იცავს კანონით დადგენილ ყველა პირობას (მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი). საკუთრების უფლების მოსაპოვებლად დადგენილი პირობების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს (მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი)ან სასამართლოს (ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 39-ე პარაგრაფი)მიერ. კეთილსინდისიერების პრინციპზე გავლენას არ ახდენს შემთხვევა, როდესაც პირისათვის უცნობია ის გარემოება, რაც შეუძლებელს გახდიდა მისთვის სოციალურ შემწეობაზე უფლების მოპოვებას (მოსკალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი). კეთილსინდისიერების მოთხოვნას პირი არ აკმაყოფილებს მაშინ, როდესაც საკუთრების უფლების მოსაპოვებლად ინდივიდს მოეთხოვება, განსაზღვრული პირობის დაკმაყოფილება და იგი არ ახორციელებს აღნიშნულ ქმედებას (რასმუსენი პოლონეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 71-ე პარაგრაფი). მაშინ როდესაც საკუთრების უფლებას საფუძვლად კეთილსინდისიერება უდევს, ინდივიდს წარმოეშობა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის კანონიერი მოლოდინი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაადასტურებს, რომ ინდივიდს აქვს სოციალური შეღავათის მიღების უფლება, სრულიად გამართლებულია განმცხადებელმა იმოქმედოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად. შეღავათის მიმღები პირი გეგმავს თავის ცხოვრებას აღნიშნული ფულადი დახმარების გათვალისწინებით, რაც მოიცავს განსაზღვრული ტიპის ხარჯების გაღებას და სარიკო ნაბიჯებსაც კი, რასაც ინდივიდი არ გადადგამდა, ეს ნაბიჯი სახელმწიფოსაგან ფულადი გადასახდელით რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერილი (მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი). იმისათვის რომ ინდივიდის მომავალი იყოს წინასწარგანჭვრეტადი და შესაბამისად, მან შეძლოს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საჭიროა ადამიანს ჰქონდეს მისი საკუთრებით სარგებლობის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა. ის გარემოება, რომ სახელმწიფოსაგან განსაზღვრული ქონებრივი სიკეთით სარგებლობა ინდივიდმა კეთილსინდისიერად შეიძინა, აჩენს მასში იმის კანონიერ ნდობას, რომ სახელმწიფო პერსპექტივაში სტაბილურად უზრუნველყოფს აღნიშნული უფლებით სარგებლობას. აღნიშნული კანონიერი ნდობა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მაშინაც, როდესაც ნორმატიული აქტის მიღების გზით ცვლის იმ კრიტერიუმებს, რაც სოციალური შეღავათის მიღების შესაძლებლობას იძლევა (კჯარტან ასმუდსონი ფინეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 42-ე პარაგრაფი). სახელმწიფოს მიმართ ინდივიდის კანონიერი ნდობის დარღვევად უნდა ჩაითვალოს შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო რეტროაქტიურად ახდენს ინდივიდის სოციალური შეღავათის მნიშვნელოვნად შემცირებას. ნიველირება. საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტში ინდივიდს წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მოახდენდა მისი საკუთრებითი უფლებაში მნიშვნელოვნად ჩარევას. ასეთ პირობებში ინდივიდი სრულიად დაუცველი ხდება სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან მას ეკარგება სტაბილურობის განცდა, რაც აუცილებლად თან ახლავს კეთილსინდისიერად მოპოვებულ ქონებრივ სიკეთეს. სამართლებრივი განსაზღვრულობის და სტაბილურობის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია. სწორედ სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპთან ერთ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ძირითადი უფლება, საკუთრების უფლების ჩათვლით. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების 41-ე პარაგრაფში საქმეზე პრავედნაია რუსეთის წინააღმდეგ განაცხადა: ,,მიუხედავად სახელმწიფოს შესაძლო ინტერესისა, უზრუნველყოს საპენსიო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენება, მას არა აქვს უფლება, უკუმოქმედებით შეცვალოს სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე განსაზღვრული პენსიის ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლისათვის იმ პენსიით სარგებლობის უფლების წართმევა, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, არღვევს სამართლიან ბალანსს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფ სხვადასხვა ინტერესებს შორის.” სადავო ნორმებით ინდივიდებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რაც წარმოიშვა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. უკუქცევითი ძალის შედეგად სადავო ნორმების მიღებამდე წარმოშობილი ინდივიდის საკუთრებითი უფლების შეწყვეტა ლახავს საკუთრების უფლების არსს, ვინაიდან ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არღვევენ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა