საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ როხვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/643 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ როხვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №643) მომართა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ როხვაძემ. №643 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 20 აპრილს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 31 ივლისს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გადასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2005 წლის 1 ივლისიდან „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობის საფუძვლით. კომპენსაციის ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 1237.35 ლარი. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი პენსია შეიცვალა სახელმწიფო კომპენსაციით, კანონის მე-7 მუხლით კი სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 560 ლარი. შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია ერიცხება 560 ლარის ოდენობით.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 560 ლარამდე შემცირდა სადავო ნორმის საფუძველზე. საპენსიო თანხის მიღებაზე უფლება წარმოადგენს საკუთრების უფლების კომპონენტს. შესაბამისად, სადავო ნორმით კომპენსაციის ოდენობის შემცირება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მას შემდეგ, როდესაც ინდივიდი დააკმაყოფილებს სოციალური შეღავათის მიღებისათვის დადგენილ პირობებს და გახდება მის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, მას წარმოეშობა კანონიერი ნდობა და, შესაბამისად, მოლოდინი - მიიღოს ეს შეღავათი. აღნიშნული ნდობის საფუძველზე და მისაღები შეღავათის ოდენობის გათვალისწინებით, ბენეფიციარი გეგმავს საკუთარ ცხოვრებასა და ფინანსებს. იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს შეეძლოს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საჭიროა, არსებობდეს საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობის რეალურობის, მისი დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა. სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის კანონიერი ნდობის დარღვევად კი უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევაც, როდესაც სახელმწიფო მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ინდივიდის მიერ მისაღები სოციალური შეღავათის ოდენობას, მაშინ როდესაც უფლების წარმოშობის მომენტში ამ უკანასკნელს არ შეეძლო ევარაუდა სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ასეთი მასშტაბით ჩარევის შესაძლებლობა.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საკუთრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, რადგან საკუთრების კერძო ინტერესი შესაძლებელია შეიზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესებისათვის. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისას სახელმწიფო მიზნად უნდა ისახავდეს როგორც საზოგადოების, ასევე მისი ცალკეული ნაწილის ინტერესთა დაცვას. მოსარჩელე მხარის მითითებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცალკეულ ეტაპზე სახელმწიფო შესაძლოა დადგეს განსაზღვრული სოციალური პროგრამების შეზღუდვის საჭიროების წინაშე. ეს თავისთავად გულისხმობს აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარისათვის უარყოფით შედეგებს, თუმცა შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული და თანაზომიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საკუთრების უფლების არსს.
10. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის საფუძველზე და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა კუთვნილი კომპენსაციის სახით მისაღები შემოსავალი. აღნიშნული მოცულობით კომპენსაციის შემცირება არსებითად აუარესებს მესაკუთრის მდგომარეობას და ამიტომაც ვერ იქნება გამართლებული ბიუჯეტის დაზოგვის საზოგადოებრივი ინტერესით.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებს, შესაბამისად, სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. მოსარჩელე თეიმურაზ როხვაძე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 3 ივლისის № 3894 საქართველოს კანონის შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, სადავო ნორმამ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა, შეწყვიტა მოქმედება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის № 1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავე დროს, N643 კონსტიტუციური სარჩელი არ არის მიღებული არსებითად განსახილველად და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების გაგრძელების წინა პირობა.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N643 კონსტიტუციურ სარჩელზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს საქმე N643 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ როხვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი