ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1712 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1712) მომართა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. №1712 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 27 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1712 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა“. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს“. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
5. №1712 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმების საფუძველზე, შეეზღუდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და, საჯარო ინფორმაციის სახით, მოითხოვა ყოფილი მთავარი პროკურორის, იმჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულების გაცემა. საჯარო სამსახურის ბიურომ ხსენებული აქტი მოსარჩელე მხარეს არ გადასცა. „შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილება ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაასაჩივრა სასამართლოში. მოსარჩელეს განემარტა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №277/განკ განკარგულება შალვა თადუმაძის მიერ გასაჩივრდა საერთო სასამართლოში და, ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, აქტის მოქმედება, მოსარჩელე შალვა თადუმაძის მოთხოვნით, შეჩერებული იყო. აქტის მოქმედების შეჩერება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ, თუ საჯარო სამსახურის ბიურო პროაქტიულად გამოაქვეყნებდა შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგს, თავისი შესაძლო სიმცდარის გამო, თანამდებობის პირს შესაძლებელია, მისდგომოდა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი, ამასთან, მონიტორინგის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი აღქმა გამოეწვია საზოგადოებაში. ამდენად, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გახდა საფუძველი იმისა, რის გამოც მოსარჩელე ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შეეზღუდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.
6. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი შალვა თადუმაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით გამოცემული საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის N277/განკ განკარგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 17 მარტის (საქმე №ბს-645(კ-21)) განჩინებაში განმარტა, რომ, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დასტურდებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შალვა თადუმაძის მიმართ დოკუმენტების კანონსაწინააღმდეგოდ შედგენის ფაქტი, მოთხოვნილი დოკუმენტები, როგორც კანონსაწინააღმდეგო, არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მას, სადავო ნორმების საფუძველზე, შეეზღუდა საქართველოს მთავარი პროკურორის (იმჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის) ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგზე წვდომის შესაძლებლობა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი საერთო სასამართლოებმა განმარტეს იმგვარად, რომ აქტის მოქმედების შეჩერება შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. მოსარჩელის პოზიციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მონაცემების დაბლოკვის სპეციალურ წესს ადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილს მიენიჭა ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ ცნობილი აქტი გამოირიცხება საჯარო ინფორმაციის კატეგორიიდან.
8. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო მოხელეთა შემოსავლებთან დაკავშირებით, საზოგადოებას გააჩნია მაღალი ლეგიტიმური ინტერესი, რათა არ მოხდეს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო შემოსავლების მიღება. ამდენად, ინფორმაცია, რომელზე წვდომაც მოსარჩელეს შეეზღუდა, ეხება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს - თანამდებობის პირის ქონებრივ მდგომარეობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, რა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო საჯარო სამსახურის ბიურომ ან სხვა საჯარო დაწესებულებამ მისი უფლებამოსილების განხორციელებისას.
9. მოსარჩელის პოზიციით, არსებობდა თანამდებობის პირის რეპუტაციის დაცვის ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი. კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიუროს შეეძლო, ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგები გაეცა, თუმცა მიეთითებინა, რომ ბიუროს მიერ მიღებული განკარგულება გასაჩივრებულია. ასეთ პირობებში, ერთი მხრივ, არ მოხდებოდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული განკარგულება არ წარმოადგენს საბოლოო მონაცემებს.
10. ამავდროულად, მოსარჩელის პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის მიმართ გამოცემული საჯარო სამსახურის ბიუროს აქტი უკანონო აღმოჩნდება, თანამდებობის პირს გააჩნია საკუთარი რეპუტაციის დაცვის საშუალება. კერძოდ, მას შეუძლია, მიუთითოს სასამართლოს იმ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ეს თანამდებობის პირი გამართლდა კანონდარღვევაში. შესაბამისად, საჯარო მოხელეს შეუძლია, საქმის დასრულების შემდეგ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გააქარწყლოს მის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები.
11. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადებასა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სადავოა აღნიშნული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დაცულია ამგვარი ინფორმაცია. მოსარჩელე ხსენებულ სადავო ნორმატიულ შინაარსს კითხულობს ტერმინში - „დაბლოკვა“ და აღნიშნავს, რომ სადავო არ არის აღნიშნული ნორმების საფუძველზე, უკანონო ინფორმაციის წაშლა/განადგურება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა“.
4. მოსარჩელის აღნიშვნით, მისთვის პრობლემურია ზემოაღნიშნული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება შესაძლოა, გულისხმობდეს შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის შეზღუდვასაც. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული სადავო ნორმის საფუძველზე შეეზღუდა მას, თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგის თაობაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს აქტზე წვდომის შესაძლებლობა. მოსარჩელის პოზიციით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, შესაბამისად, მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მიღების უფლებას.
5. აღსანიშნავია, რომ მხარის მოთხოვნით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტს აყალიბებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება. როგორც საერთო სასამართლოების განმარტებით ირკვევა, მოსარჩელე მხარეს საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულების, საჯარო ინფორმაციის სახით, მიღება სწორედ მისი მოქმედების შეჩერების გამო შეეზღუდა. ამდენად, მოსარჩელის პრობლემა, რომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერება არ უნდა გახდეს შეჩერებული აქტის, საჯარო ინფორმაციის სახით, გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება, მიემართება აქტის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტის დამდგენ ნორმას. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადება ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, თუ რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერების ვადის განსაზღვრის არაკონსტიტუციურობა. მისთვის პრობლემურია სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლო თანმდევი შედეგი და არგუმენტაცია არ მიემართება სასამართლოს მიერ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების დროის პერიოდის განსაზღვრის საკითხს.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1712 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს“. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ“.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მისთვის პრობლემურია, სადავო ნორმების საფუძველზე, მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემების დაბლოკვის უფლებამოსილება. მისი აღნიშვნით, იგი პრობლემურად არ მიიჩნევს კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემების წაშლის/განადგურების უფლებამოსილებას, ისევე, როგორც, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მიემართება, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მონაცემთა დაბლოკვის უფლებამოსილებას და არგუმენტაცია არ არის მიმართული მონაცემთა წაშლის/განადგურების, გასწორების, განახლებისა და დამატების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1712 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა ... წაიშალოს ან განადგურდეს“ და ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, ... წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1712 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1712 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვის „დაიბლოკოს“, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „დაბლოკოს“ და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1712 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა ... წაიშალოს ან განადგურდეს“ და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, ... წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში