საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N645 |
ავტორ(ებ)ი | გერონტი აშორდია |
თარიღი | 21 აპრილი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი წარმოდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაძლებელია დაირღვეს ჩემი უფლებები შემდეგ გარემოებათა გამო: ვარ საქართველოს მოქალაქე, ასევე ფიზიკურ პირი (ინდმეწარმე გერონტი აშორდია ს.კ.115114553) მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად და, როგორც სხვები, ასევე არც მე ვარ გარანტირებული, რომ სამეწარმეო პროფილით საქმიანობის პროცესში, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, არ შეიქმნება გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემები, არ წარმოიშობა საგადასახდო დავალიანება და არ გავხდები გასაჩივრებული ნორმის გამოყენების მსხვერპლი. შესაბამისად, არ ვარ გარანტირებული და დაცული, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არ მოხდება ჩემს საკუთრებაში არსებული ყველა ნივთის, ანუ რეალური დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული და დავალიანების მოცულობაზე რამოდენიმეჯერ მეტი ღირებულების საკუთრების დაყადაღება და დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული და გადახდევინებას არდაქვემდებარებული საკუთრების ნაწილში კონსტიტუციით დაცული უფლებების ხელყოფა. -- -დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვა, - -საკუთრების ამ ნაწილის დათმობის იძულება, მასზე საკუთრების უფლების გაუქმება და უსასყიდლოდ ჩამორთმევა. -საკუთრების ამ ნაწილის პირადი შეხედულებისამებრ, სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენების უფლების ხელყოფა. არათუ შესაძლებელია დაირღვეს ჩემი უფლებები, არამედ ირღვევა კიდეც იმ გარემოებათა გამო, რომ გასაჩივრებული ნორმის ობიექტად გახდომის, შესაბამისად დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული ქონების/საკუთრების ნაწილში კონსტიტუციით დაცული უფლებების ხელყოფის, 1. განმარტებები სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით საკუთრების ამ ნაწილის დაუსაბუთებლად დაკარგვის, უსასყიდლოდ ჩამორთმევის შიშით იძულებული ვარ თავი შევიკავო სამეწარმეო პროფილით საქმიანობის განხორციელებისაგან და უარი ვთქვა სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში პირადი და ქონებრივი შესაძლებლობების გამოყენებაზე. შესაბამისად, ჩემი შეხედულებისამებრ შრომის პროფილის არჩევაზე და ჩემთვის სასურველ სფეროში პიროვნული განვითარების შესაძლებლობაზე. წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნელი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და მასზე სასამართლოს არასოდეს უმსჯელია. სარჩელი წარმოდგენილია ფორმის დაცვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 და მე-16 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობაში. სარჩელში მითითებული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვითხოვ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნას ცნობილი "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა "ყველა"-ს ნაწილში. აღნიშნულით სახელმწიფომ დაიკანონა თანაზომიერების პრინციპის აბსოლუტური იგნორის და კერძო პირის უფლებებში დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ჩარევის მექანიზმი, რომლისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა გამორიცხულია. მისი შედეგები სცდება საჯარო ინტერესების ფარგლებს და ხელყოფს კონსტიტუციის II თავის მე-16, 21-ე და 30-ე მუხლებით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რამეთუ ადგილი აქვს: კერძო პირის საკუთრების უფლების შეზღუდვას და კერძო საკუთრების უფლების გაუქმებას დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული ქონების ნაწილში; მის იძულებას, თავისი ნების წინააღმდეგ დათმოს/გაასხვისოს დავალიანების მოცულობის ფარგლებს ზევით არსებული საკუთრება, ხშირ შემთხვევაში სამართლიანი ანაზღაურების გარეშე; საკუთრების ამ ნაწილში ერთმევა თავისი ქონებრივი და პიროვნული შესაძლებლობების გამოყენების, საქმიანობის პროფილის შერჩევის/განხორციელების და შრის და პიროვნული განვითარების თავისუფლებები; არ არის უზრუნველყოფილი თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარება. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი (იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)“. ამ ნორმაში აღნიშნული სიტყვა „ყველა“ აპრიორი გამორიცხავს დავალიანების მოცულობის ფარგლებს და წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსით დადგენილ ნორმებთან და კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გირავნობა/იპოთეკა ვრცელდება მხოლოდ საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. 241-ე მუხლების პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანება დაყადაღებული ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას. აღსანიშნავია, რომ 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა, ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის მე-40 და 63-ე „1“ მუხლებით, ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. შესაბამისად უდავოა, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების 2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება გადახდევინების უზრუნველყოფა და კერძო საკუთრებაზე უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს დავალიანების მოცულობის ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპების სრული დაცვით ისე, რომ გამოირიცხოს დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული კერძო საკუთრების და მასზე მიბმულ უფლებებში დაუსაბუთებელი ჩარევა. მაგრამ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 1“1“ ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოსა და ეროვნული ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლითაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიურო, „ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი (იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)“. უდავოა, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერმინი „ყველა“-ს საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეძლევა უფლებამოსილება, გასცდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მიზნებს და დაყადაღება მოახდინოს დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული, მთელი ქონების ნაწილში, მიუხედავად მოვალის დავალიანებისა და მის საკუთრებაში არსებული ქონების მოცულობების პროპორციისა. შესაბამისად, მოახდინოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა, საკუთრების უფლების ხელყოფა დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული დანარჩენი ქონების ნაწილშიც, რაც დაუშვებელია საგადასახადო კოდექსით და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუ გავითვალისწინებთ იძულებითი აუქციუნის წესების შესახებ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N 21 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილს, რომლის საფუძველზე, დაყადაღებული ქონება პირველ აუქციონზე გადის შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ად, პირველ განმეორებით აუქციონზე - 50%-ად, ხოლო მეორე განმეორებით აუქციონზე კი ნულ ლარად, მივიღებთ რეალობას, რომ ადგილი აქვს დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული საკუთრების რალიზაციას მესაკუთრის ნების წინააღმდეგ, კერძო საკუთრების უფლების გაუქმებას და ამ ქონების გასხვისებას სამართლიანი ანაზღაურების გარეშე. შესაბამისად უდავოა, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან მიზნის მისაღწევად არათანაზომიერი საშუალების გამოყენების და მესაკუთრის უფლებაში ჩარევის ფაქტებთან. აღსრულების წესების შესახებ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით ან სხვა ნორმებით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოადგენს საზოგადოებრივ საჭიროებას ან გადაუდებელ აუცილებლობას დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული საკუთრების ნაწილის დაყადაღება და მასზე კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა და ხელყოფა.
1. დარღვეულია კონსტიტუციის 21-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მე-2 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. მე-3 ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი 2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. საკუთრება ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია პირადი თავისუფლებისა. საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს, ფლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. ამ უფლების გარანტირებულობა ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს კანონმდებლობაში საკუთრების შინაარსის კონსტიტუციის შესაბამის რეგლამენტირებას. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით სარგებლობა, მან უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 44-ე მუხლით, ხდება: დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული კერძო საკუთრების ხელყოფა; მესაკუთრის იძულება, დათმოს/გაასხვისოს დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული საკუთრება მისი ნების წინააღმდეგ; საკუთრების უფლების გაუქმება, მისი ჩამორთმევა დავალიანების ფარგლებს ზევით არსებულის ნაწილში და სამართლიანი ანაზღაურების გარეშე. ამ ნორმით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ წარმოადგენს საზოგადოებრივ საჭიროებას ან გადაუდებელ აუცილებლობას დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული საკუთრების ნაწილის დაყადაღება, მასზე უფლებების შეზღუდვა და მესაკუთრის იძულება, თავისი ნების წინააღმდეგ, ხშირ შემთხვევებში უსასყიდლოდ დათმოს საკუთრების ეს ნაწილი, წაერთვას ქონების ამ ნაწილის გამოყენების უფლება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეული სამეწარმეო პროფილით და მოახდინოს თავისი პიროვნული განვითარება სამეწარმეო საქმიანობაში. 2. დარღვეულია კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, 1. შრომა თავისუფალია. მე-2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანებს დაუსაბუთებლად, თანაზომიერების პრინციპის იგნორით მოესპოთ დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის პარალელურად. საკუთრების უფლების ხელყოფა და რიგ შემთხვევებში კი მისი ანაზღაურების გარეშე ჩამორთმევა, იწვევს ნეგატიურ შედეგებს კონსტიტუციით დაცული ზემოაღნიშნული კონკრეტული უფლებების და თავისუფლებების ხელყოფის თვალსაზრისით, რამეთუ საკუთრების უფლების არსი მდგომარეოს მასში, რომ გარდა საკუთრების ქონებრივი ღირებულების დაცვისა, მოიცავს გარანტიას, რითაც ადამიანს ეძლევა ქონებრივ სფეროში თავისუფლება და ამით საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა. შრომის თავისუფლება მეწარმეობით დაინტერესებული პირებისათვის კავშირშია კერძო საკუთრების უფლებასთან, ის თავის თავში მოიცავს მეწარმეობის და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს საქმიანობის პროფილი, რაც შეიძლება იყოს სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის სფერო და მასში გამოიყენოს თავისი ქონებრივი შესაძლებლობები. რათქმაუნდა, რომ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებაზე ირიბად იძულება ხელს უშლის კონკურენციის განვითარებას. 3. დარღვეულია კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, რომლის ძალითაც თითოეულ პიროვნებას საშუალება უნდა მიეცეს მონაწილეობა მიიღოს, თავისი წვლილი 2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება შეიტანოს და ისარგებლოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური განვითარებით. იგი მოიცავს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის პროფესიისა და საქმიანობის არჩევის თავისუფლებას. პიროვნების თავისუფალი განვითარება უკავშირდება სამეწარმეო/ეკონომიკურ საქმიანობის პროფილის შერჩევის, ამ სფეროში დასაქმების, ამ მიზნებისათვის თავისი კუთვნილი ქონებრივი და პიროვნული შესაძლებლობის გამოყენების თავისუფლებას. იმ გარემოებათა გამო, რომ ადამიანები დაისაჯნენ დავალიანების ფარგლებს ზევით არსებული ქონების ნაწილში უფლებების შეზღუდვის, საკუთრების ამ ნაწილის იძულებით დათმობის ან უსასყიდლოდ ჩამორთმევის მეთოდებით, მათ წაერთვათ თავიანთი კერძო საკუთრების ამ ნაწილში სამეწარმეო პროფილით საქმიანობის განხორციელების და შრომის უფლება. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი სამეწარმეო საქმიანობაში განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, ვერ რისკავენ ამ სფეროში მოღვაწეობას იმის შიშით, რომ მიზერული ოდენობის დავალიანების წარმოშობის და გადაუხდელობის გამო შესაძლებელია, უსამართლოდ დაკარგონ დავალიანების მოცულობაზე რამდენიმეჯერ მეტი ღირებულების საკუთრება და გაღატაკდნენ. შესაბამისად, ადამიანები იძულებულები ხდებიან უარი თქვან სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობაზე, ამ პროფილით მოღვაწეობაზე და ამ სფეროში პიროვნულ განვითარებაზე. არავინაა წინააღმდეგი, სახელმწიფომ ან სხვა კრედიტორმა აინაზღაუროს თავისი კუთვნილი, მაგრამ უდავოა, რომ ეს არ უნდა მოხდეს მოვალე კერძო პირის კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფის ხარჯზე, თანაზომიერების პრინციპების აბსოლუტური იგნორის და უფლებებში დაუსაბუთებელი ან გაუმართლებელი ჩარევის მეთოდებით მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მოვალეთა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფის ხარჯზე უადვილდება კრედიტორის ინტერესების დაცვა და პროცესების „დარეგულირება“. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა