საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/645 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 2 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „ყველა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლებთან და 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი : მოსარჩელე გერონტი აშორდია, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ზურაბ მაჭარაძე და თათია მესხია. მოწმე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტი ნუკრი მამფორია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 21აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №645) მომართა საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდიამ. №645 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 22 აპრილს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №645 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: 42-ე მუხლი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმად მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „ყველა“, თუმცა კონსტიტუციური სარჩელის იმ ველში, სადაც მოსარჩელეს მოეთხოვება სადავო ნორმისა და კონსტიტუციური უფლებების ურთიერთმიმართების იდენტიფიცირება, სადავო ნორმით მითითებულის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი სრულად. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „ყველა“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლებთან, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. მოსარჩელის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ პუნქტში („ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი...“) გამოყენებული სიტყვა „ყველა“ აღსრულების დროს მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას გამორიცხავს დავალიანების ფარგლების გათვალისწინებას, შესაბამისად, აღსრულების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ყადაღა დაადოს მოსარჩელის მთელ ქონებას, მიუხედავად სამართლებრივი ვალდებულების ფარგლებისა.
6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში“ და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა საგადასახადო მოთხოვნაზე ყადაღის დადებას ითვალისწინებს მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში, მაგრამ, თუ აღსრულების პროცედურა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულებას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო, შესაბამისად, სადავო ნორმა ვრცელდება საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებულ აღსრულების პროცედურაზეც.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ყადაღის დადების შედეგად, მას ეზღუდება ყადაღადადებული ნივთების განკარგვის უფლება. ამასთან, შესაძლებელია, ნივთი გაყიდულ იქნეს აუქციონზე მის საბაზრო ღირებულებაზე უფრო ნაკლებ ფასად, შესაბამისად, მოვალეს უწევს უფრო მეტი ხარჯის გაღება, ვიდრე რეალურად არის საჭირო მისი სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელის აზრით, ამგვარი სამართლებრივი რეგულირება არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროს.
8. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, თავისუფლად განახორციელოს ეკონომიკური/სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ზღუდავს აღნიშნულ უფლებებს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არსებობს დავალიანების წარმოშობის რისკი და, სადავო ნორმის გამო, პირმა შეიძლება თავი შეიკავოს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისგან ან/და შეზღუდოს ამგვარი საქმიანობის ფარგლები.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ქმნის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას გადაჭარბებული ვალდებულების დაკისრების შიშს. კერძოდ, შესაძლებელია მოვალეს სამართლებრივი ვალდებულების მიღმა მოუწიოს გარკვეული ხარჯების გაღება. აღნიშნულის გამო, არსებობს რისკი, რომ პირი თავს შეიკავებს ამგვარი საქმიანობის განხორციელებისგან, რაც, მოსარჩელის აზრით, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროს.
10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს მისი როგორც ფიზიკური პირის და ინდივიდუალური მეწარმის უფლებებს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლებით, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.
11. მოპასუხე აღნიშნავს, რომ დაყადაღებული ქონების სავალდებულო აუქციონზე გატანამდე პირს აქვს მისი რეალიზების შესაძლებლობა ან/და ვალდებულების სხვაგვარად შესრულების უფლება. ხოლო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში პირის ქონება თავისუფლდება ყადაღისგან. იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის გამოცხადებამდე პირმა ვერ მოახერხა დავალიანების გადახდა, ქონება იყიდება აუქციონზე და, თუ მიღებული თანხა აღმოჩნდება დავალიანების ოდენობაზე მეტი, იგი უბრუნდება მესაკუთრეს.
12. მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმა არეგულირებს მხოლოდ ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არსებულ ურთიერთობებს, ემსახურება სასამარლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის აღსრულებას და არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და 21-ე მუხლთან, ასევე 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
13. აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოწვეული მოწმის ნუკრი მამფორიას განმარტებით, სადავო ნორმა არეგულირებს მოძრავი ნივთების დაყადაღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურას. დასაყადაღებელი ქონების მოცულობას განსაზღვრავს აღმასრულებელი არსებული სამართლებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, ხოლო სადავო ნორმა ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, დააყადაღოს ყველა ნივთი, რომელიც აღმოჩნდება სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, გარდა იმ ქონებისა, რომლიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში.
14. მოწმის განმარტებით, ქონების დაყადაღების შემდგომ მოვალეს შეიძლება ჰქონდეს მისით სარგებლობის უფლება, ამასთან, საჯარო აუქციონის გამოცხადებამდე, მას აქვს უფლება, თავად მოახდინოს ყადაღა- დადებული ნივთის რეალიზაცია და ამ გზით დაფაროს დავალიანება.
15. მოწმის აზრით, იძულებით აუქციონზე გატანის შემდეგ ნივთი შეიძლება გაიყიდოს საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად, ამიტომ, როგორც წესი, აღმასრულებელის მიერ დაყადაღებული ნივთების საბაზრო ღირებულება აღემატება შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებს. მოწმე დამატებით აღნიშნავს, რომ, თუ აღმასრულებელი ნივთებს დააყადაღებს მხოლოდ აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში, საფრთხე შეექმნება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს, დააყადაღოს პირის ქონება, თუნდაც მისი საბაზრო ღირებულება აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ვრცელდება მათ შორის საგადასახადო დავალიანების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. იგი უთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს დასაყადაღებელი ქონების მოცულობასა და ფარგლებს. კერძოდ, ნორმა მოსარჩელისთვის პრობლემურია იმდენად, რამდენადაც, მისი აზრით, ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას მოვალის მთელ ქონებაზე, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ამის საჭიროება კრედიტორის მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის)“. სადავო კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილია ის ნივთები, რომლებიც არ ექვემდებარება დაყადაღებას, მიუხედავად იმისა, მოვალის სხვა ქონების ღირებულება აღემატება თუ არა აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ორი ნორმა ერთობლივად განსაზღვრავს არა ყადაღის დადების მოცულობას, არამედ იმას, თუ რომელი მოძრავი ნივთები ექვემდებარება დაყადაღებას და რომელი არა.
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს აღმასრულებლის ზოგად უფლებამოსილებას, მოახდინოს მოვალის ქონების დაყადაღება (მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი). ამავე დროს კანონი ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე (თავი IX) მოთხოვნებსა (თავი X) და უძრავ ნივთებზე (თავი XI) აღსრულებასთან დაკავშირებულ აღსრულების პროცედურებს. სადავო ნორმა შეეხება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე აღსრულებას, ის, არა თუ არ ადგენს მოსარჩელის მთელი ქონების დაყადაღების საფუძველს, არამედ მისი რეგულირების ქვეშ არც კი ექცევა უძრავ ნივთებსა და მოთხოვნებზე აღსრულების პროცესის მოწესიგება, რაც, თავისთავად, გამორიცხავს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სადავო ნორმის განმარტების სისწორეს. აშკარაა, რომ აღსასრულებელი ქონების მოცულობა არ არის შეზღუდული მხოლოდ მოძრავი ნივთებით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, სამართლებრივი ვალდებულების შესრულების მიზნით, აღმასრულებელი უფლებამოსილია, დააყადაღოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება, ასევე - მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სადავო ნორმის მიზანია იმ მოძრავი ნივთების სახეობის განსაზღვრა, რომელიც დაყადაღებას ექვემდებარება და არა მოვალის ვალდებულებისა და დასაყადაღებელი ქონების მოცულობის ურთიერთმიმართების დადგენას.
5. სადავო ნორმის გამოყენება არ მომხდარა მოსარჩელის მიმართ. მისი მოთხოვნა აბსტრაქტულია და უკავშირდება უფლების სავარაუდო დარღვევის საფრთხეს. სარჩელში შემოთავაზებული განმარტება მხოლოდ მოსარჩელის ინტერპრეტაციის შედეგია, მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმა ამ შინაარსით გამოიყენება პრაქტიკაში და ქმნის მოვალის მთელ ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმამ შეიძლება განაპირობოს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, თუმცა მას არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ნორმის მისთვის პრობლემატური შინაარსით განმარტების გონივრულობის დასასაბუთებლად. ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული განმარტება და ამ შინაარსით პრაქტიკაში გამოყენება არ დასტურედბა არც სხდომაზე აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოწვეული მოწმის ჩვენებიდან.
6. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ის შინაარსი, რომელსაც პრობლემურად მიიჩნევს მოსარჩელე მხარე. სასარჩელო არგუმენცია არ უკავშირდება სადავო ნორმის რეალური შინაარსის არაკონსიტუციურობის საკითხს, შესაბამისად, N645 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N645 (საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი