საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1748 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 17 ნოემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“
ბ. „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის სავალდებულო შემოწმებას მისი გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში. | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი:„დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ 1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი: „სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.“ 2) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის („პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდგომ ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ფორმის (შემდგომ – დაზიანების აღრიცხვის ფორმა) (დანართი №1) მიხედვით და ვალდებულია, დოკუმენტურად ასახოს შემოწმების შედეგები.“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამედიცინო შემოწმებისა და დაზიანების აღრიცხვის ფორმის მიხედვით შემოწმების შედეგების დოკუმენტურად ასახვის წინაპირობად პატიმრის თანხმობას განსაზღვრავს. 3) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება: „პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება ამ წესის შესაბამისად არ უნდა ჩატარდეს.“ 4) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის („პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს.“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არანაირი რეაგირების ვალდებულებას არ აკისრებს ექიმს. 5) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის („დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით.“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაზიანების ფოტოგადაღების წინაპირობად, პაციენტის თანხმობას განსაზღვრავს. 6) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის („პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი დაუყოვნებლივ, სატელეფონო გზით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეტყობინების განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ ექიმის ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების წინაპირობად განსაზღვრულია პატიმრის თანხმობით განხორციელებული სამედიცინო შემოწმება. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი:„დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სარჩელის დასაბუთება:
გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველი ასევე განიხილავს საჩივრებს დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისგან.
გასული წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის მიმართულებით, 2021 წელსაც სერიოზულ გამოწვევად დარჩა დაწესებულებებში არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებაში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.[1]
2021 წელს სახალხო დამცველის აპარატში 36 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, სადაც განმცხადებლები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზეც მიუთითებდნენ. განცხადებებში/საჩივრებში პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ საჩივრების დაწერის და, მათ შორის, სახალხო დამცველისთვის მიმართვის გამო, №2, №3, №6, №10 და №12 პენიტენციურ დაწესებულებებში მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ანგარიშსწორების ფაქტებს. პატიმართა განცხადებით, ძალადობა ჩადენილია სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა წყლის ბოთლით თავის არეში ცემა, სახის და ტანის არეში ხელებითა და ფეხებით ცემა. მათივე გადმოცემით, ადგილი ჰქონდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ სხვა პატიმრების წაქეზებას, და შედეგად, პატიმრების მიერ, საკნიდან გადაძახილებით, სხვა პატიმრების სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას. პატიმრების განცხადებით, ასევე ჰქონდა ადგილი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების და, ზოგ შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების მხრიდან, უხეშ და ცინიკურ საუბარს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, პირობების გაუარესების და სასჯელის დამატების მუქარას.[2]
2021 წელს კვლავ პრობლემური იყო პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევებიც. ვითარების ერთიანი ანალიზიდან იკვეთება, რომ პენიტენციური დაწესებულებები სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამ კუთხით არსებულ პრობლემებს. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობით და არაფორმალური მმართველობით არის განპირობებული. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ძალადობის მსხვერპლი პატიმრები, ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, გაურბიან დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან დაზიანებასა და მათი წარმოშობის რეალურ მიზეზებზე საუბარს.[3]
არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზეც და პრაქტიკაშიც თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით. ამ გარანტიების ნორმატიულ დონეზე არსებობა და მათი ეფექტიანი აღსრულება ამცირებს არასათანადო მოპყრობის რისკებს, რადგან შესაძლებელი ხდება უკანონო ქმედების გამოვლენა და მასზე რეაგირება.
ერთ-ერთ ფაქტორს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის პრევენციას და ქმნის არასათანადო მოპყრობის საფრთხეს წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და დოკუმენტირების არსებული წესი. არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდეს როგორც ამგვარი მოპყრობის გამოვლენის, ისე დოკუმენტირების პროცესი.
2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების[4] მიუხედავად, პრობლემად რჩება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, არსებული რეგულაციის პირობებში, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, მას არ აქვს უფლება შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა. ამგვარი რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, გამოვლენის, დოკუმენტირებისა და შეტყობინების მიღმა დარჩეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ის თანხმობას არ აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა, შესაძლოა, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას.[5]
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და მიუკერძოებელი გამოძიება.[6] ამისათვის, სახელმწიფო ვალდებულია დანერგოს ძალადობის შემთხვევების გამოვლენის ქმედითი მექანიზმი, რათა დაუსჯელი არ დარჩეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის ფაქტები.[7]
პენიტენციურ სისტემაში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისთვის მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდნენ დაწესებულების ექიმები, რომელთაც უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებები აღრიცხონ „სტამბოლის პროტოკოლის“[8] შესაბამისად. პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევების დოკუმენტირების მექანიზმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის №663 ბრძანებით რეგულირდება,[9] რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი ექიმს განუცხადებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ან თუ თავად ექიმს გაუჩნდება ეჭვი ამის თაობაზე, პატიმრის თანხმობით, მის სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა დააფიქსიროს ამ ბრძანებით დამტკიცებულ სპეციალურ ფორმაში, ამას უნდა მოჰყვეს დაზიანებების ფოტოგადაღება და დოკუმენტირებული ფაქტის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გასული წლების მსგავსად, სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენის და დოკუმენტირების ხარვეზიან პრაქტიკას ძირითადად განაპირობებს სამედიცინო შემოწმებაზე პატიმრის თანხმობის ვალდებულება, კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, ექიმების პატიმართან არაკონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის პრაქტიკა, სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობის და მათ მიმართ პატიმრების ნდობის დაბალი ხარისხი.[10]
იუსტიციის მინისტრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, პენიტენციური დაწესებულებების ექიმებმა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მხოლოდ 35 შემთხვევა აღრიცხეს. გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც შენარჩუნებულია ტენდენცია, რომ პენიტენციური დაწესებულებების ექიმები, №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, დოკუმენტირებას ახდენენ მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაწესებულებაში შესახლებისას, ბრალდებული სავარაუდო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მიუთითებს. საგულისხმოა, რომ 2020 წლის მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმებს ამ წესის შესაბამისად, არც 2021 წელს მოუხდენიათ არცერთი შემთხვევის დოკუმენტირება, სადაც სავარაუდო მოძალადე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი იქნებოდა.[11]
პატიმრები დაწესებულებებიდან გასვლის და შესვლის დროს, ყველა შემთხვევაში გადიან სრულ შემოწმებას და ხვდებიან მორიგე ექიმს, თუმცა პრაქტიკაში არ ყოფილა არასათანადო მოპყრობის იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისი ფორმის შევსების შემთხვევა. პრაქტიკაში, მხოლოდ პოლიციის მიერ დაკავებული პირების შემთხვევაში ავსებენ აღნიშნულ ფორმას.
მართალია, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო 2020 წელს მიღებული ცვლილება, რომელიც ექიმს შესაძლებლობას აძლევს, სამედიცინო შემოწმებაზე ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, შეტყობინება გაუგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორს, ისეთ შემთხვევებზეც კი, როდესაც პატიმარი არ საუბრობს ძალადობაზე და ექიმს ეჭვი მაინც წარმოეშობა. მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პატიმრის ინფორმირებული თანხმობა, რომელიც უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით. ამავე წესის თანახმად, პაციენტის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, შემოწმება ამ წესის მიხედვით არ უნდა ჩატარდეს.[12] შესაბამისად, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, მას არ აქვს უფლება შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა. შესაბამისად, ექიმი ვერ გაუგზავნის შეტყობინებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მიუხედავად იმისა, სამედიცინო შემოწმების გარეშეც აღენიშნება თუ არა დაზიანება და ექიმს გაუჩნდება თუ არა ეჭვი სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე, რადგან ეს წესი სახელმწიფო ინსპექტორისთვის შეტყობინების გაგზავნას ითვალისწინებს მხოლოდ დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმის შევსების შემთხვევაში.[13] პატიმრის მიერ სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევებში, მითითებული წესი არ ადგენს სახელმწიფო ინსპექტორისთვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას.[14]
ექიმების მიერ ძალადობის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენის და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების სავალდებულოობის თაობაზე საუბრობს ასევე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი საქართველოში 2018 წელს განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიშში. წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას, არსებულ რეგულაციებში ცვლილების შეტანისკენ მოუწოდა. კერძოდ, როდესაც ექიმს წარმოეშობა ეჭვი პატიმრის მიმართ ან პატიმართა შორის შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, სხეულის დათვალიერების გრაფების შევსებით და ფოტოგრაფირებით, ექიმმა უნდა მოახდინოს დაზიანებების დოკუმენტირება და გადაუგზავნოს საგამოძიებო ორგანოს, მიუხედავად იმისა, თანახმაა თუ არა სავარაუდო მსხვერპლი დოკუმენტირებასა და შეტყობინებაზე.[15]
ზემოაღნიშნული რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, გამოვლენის, დოკუმენტირებისა და შეტყობინების მიღმა დარჩეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში პატიმრის მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ის თანხმობას არ აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა, შესაძლოა, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას. სწორედ ასეთი შემთხვევებია ყველაზე საყურადღებო, რადგან პატიმარი იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების/პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშიდან გამომდინარე ან სამედიცინო პერსონალის მიმართ უნდობლობის გამო, შესაძლოა, თავი შეიკავოს სამედიცინო შემოწმებისგან.[16]
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს, პატიმარი უარს განაცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა მის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების ან მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმს გაუჩნდება ძალადობაზე ეჭვი, მან უნდა აღწეროს ხილული დაზიანებები და შეტყობინება გაუგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო თუ ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში დაზიანება არ აღენიშნება და არც სხვა ფაქტორები გაუჩენს ექიმს ეჭვს ძალადობაზე, მან უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობის მისაღებად და არაუგვიანეს 24 საათისა, პატიმარს განმეორებით შესთავაზოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება.[17]
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის განმარტებით, აქსიომად მიიჩნევა, რომ დაწესებულებაში პირის მიღებისთანავე, მან უმოკლეს დროში უნდა გაიაროს გასაუბრება და ფიზიკური დათვალიერება ჯანდაცვის სპეციალისტთან. კომიტეტს მიაჩნია, რომ პირის შემოწმება/დათვალიერება უნდა ჩატარდეს დაწესებულებაში მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს, როდესაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაყვანილი პირი დაწესებულებაში ბრუნდება. სამწუხაროდ, გადაყვანის მსგავსი პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ვიზიტით იმყოფებოდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, რაც არასათანადო მოპყრობის უდიდეს რისკს შეიცავს.[18]
კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. კერძოდ, ადამიანის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების კონსტიტუციური აკრძალვა თავისი შინაარსით აბსოლუტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის უფლება, დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისაგან, აბსოლუტური უფლებაა. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ყოველგვარ ჩარევას. ნებისმიერი ჩარევა შეუთავსებელია აკრძალვის აბსოლუტურობასთან და, ამდენად, არღვევს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება თუ სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება.[19]
ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობა, რომელიც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით არის აკრძალული, იმის მიუხედავად, „ადამიანის წამებას“, როგორც ყველაზე მძიმე ქმედებას შეეხება საქმე თუ გაცილებით ნაკლებად მძიმე „დამამცირებელ მოპყრობას“, ყველაზე უფრო პირდაპირ და უხეშად ლახავს ადამიანის ღირსებას, რომელიც სამართლიანად განიხილება როგორც ადამიანის ყველა უფლების საფუძველთა საფუძველი და რომლის პატივისცემის იდეასაც ეფუძნება ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია.[20] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების პატივისცემის პრინციპით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს.[21]
დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის საფუძველი და მიზანი თავისუფალი ადამიანია, შეუძლებელია, არსებობდეს ვინმეს წამების, მისდამი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საჭიროება და რაიმე გამართლება. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ვითარება, სადაც ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობას შეიძლება, თუნდაც ნაწილობრივი გამართლება მოეძებნოს დემოკრატიის ინტერესების დაცვის მიზნით, რამდენადაც სწორედ ადამიანის ღირსების დაცვაა დემოკრატიული ღირებულებების ქვაკუთხედი და ამ ფუნდამენტისგან ყოველი უკანდახევა პრინციპულად შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან.[22] როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახველი სასჯელებით.“[23]
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ ადამიანის ღირსების შემლახავია, მათ შორის, იმგვარი მოპყრობა, „რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ.“[24]
კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მათ შორის, ვალდებულებებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციის, ასევე მათზე დროული და ქმედითი რეაგირების თვალსაზრისით. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიებთან ერთად, აწესებს შესაბამის პრევენციულ თუ პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობას ილუზორული ხასიათი კი არ გააჩნდეს, არამედ მან შეიძინიოს რეალური და პრაქტიკული მნიშვნელობა. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში ნაგულისხმები პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფრთხეების პრევენცია, ყველა იმგვარი ქმედების იდენტიფიცირება და სამართალდარღვევად გამოცხადება, რომლებიც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივი და სათანადო რეაგირება, ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ ვალდებულებათა განუხრელი შესრულების შემთხვევაში არის შესაძლებელი იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანებმა რეალურად ისარგებლონ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული დაცვით.[25]
სადავო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ ხდება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, არსებული რეგულაციის პირობებში, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, მას არ აქვს უფლება შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა, დაზიანებების ფოტოგადაღება და საგამოძიებო სამსახურის შეტყობინება. ამგვარი რეგულაციის პირობებში, შესაძლოა, გამოვლენის, დოკუმენტირებისა და შეტყობინების მიღმა დარჩეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას ან დაწესებულებიდან მისი გაყვანისა და დაბრუნების დროს, ის თანხმობას არ აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა, შესაძლოა, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა არასათანადო მოპყრობას.
სადავო ნორმები არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან იმ ნეგატიური ვალდებულების დარღვევას, რაც წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვიდან წარმოდგება. შესაბამისად, საკითხი არ არის შესაფასებელი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებების ჭრილში.
განსახილველი საქმის ფარგლებში, სასამართლოს წინაშე დგას საკითხი, შეაფასოს, წარმოეშობა თუ არა სახელმწიფოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს იმ პატიმრების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის გამოძიება რომლებიც არ საუბრობენ არასათანადო მოპყრობაზე და უარს აცხადებენ სამედიცინო შემოწმებაზე. მოითხოვს თუ არა არასათანადო მოპყრობისაგან პატიმრის დაცვა იმის უზრუნველყოფის საჭიროებას, რომ ექიმმა მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ შემთხვევაშიც როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. წარმოადგენს თუ არა ექიმის მიერ დაზიანებების დოკუმენტირება ისეთ ეფექტიან საშუალებას საპატიმრო ადგილებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების თუ მათზე მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით, რომელთა გარეშეც დაკმაყოფილებული ვერ იქნება მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რათა სრულყოფილად იქნეს დაცული არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
ამასთან, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ პაციენტის უარის შემთხვევაში ექიმი გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანი განვმარტოთ წარმოშობს თუ არა, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, ისევე როგორც, შესაბამისი დარღვევების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზანი, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ექიმის მიერ პატიმრის დაზიანებების დოკუმენტირება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინება იმ შემთხვევაშიც როდესაც პატიმარი აღნიშნულის შესახებ არ უთითებს და უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, და ეწინააღმდეგება თუ არა ექიმის ამგვარი ვალდებულების არარსებობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
ლეგიტიმური მიზანი
საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, გასაჩივრებული წესით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმების და საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების, ხოლო, მეორე მხრივ, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობის გათვალისწინებით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში. შესაბამისად, საკითხის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო ნორმების მოქმედების პირობებში ექიმის მიერ სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინების შეზღუდვა.
სადავო ნორმების საფუძველზე დაწესებული აკრძალვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პატიმრის, როგორც პაციენტის უფლების[26] დაცვა მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე არ გაიაროს სამედიცინო შემოწმება, დამატებითი ადამიანური/ფინანსური რესურსის ხარჯის თავიდან არიდება, რასაც მოითხოვს სამედიცინო შემოწმება, დაზიანებების დოკუმენტირების პროცედურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინება.
აუცილებელია, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში შეფასდეს გასაჩივრებული წესის სამართლებრივი ბუნება, ამავე წესის მოქმედებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გათვალისწინებით. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით თუ რა პოზიტიური ვალდებულებები წარმოეშობა სახელმწიფოს იმ პირების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, არ აცხადებენ (ან ობიექტურად არ შეუძლიათ განაცხადონ) მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ და ასევე უარს აცხადებენ სამედიცინო შემოწმებაზე, თუმცა მათი ქცევა ან გარეგნული ჩვენებები უჩენს ექიმს ეჭვს შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ.
სადავო ნორმები ადგენს ექიმის მიერ დაზიანებების დოკუმენტირებისა და სპეციალური საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების უფლებამოსილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პატიმარი განაცხადებს ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო შემოწმებაზე.
გასაჩივრებული სადავო ნორმები მიემართება ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ზოგადად პატიმრებს. „ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის პირობებში, პატიმრები, რომლებიც იხდიან სასჯელს ან სხვა საფუძვლით რჩებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, რამდენადაც მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში არიან. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული მათი უფლებების დაცულობის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც განსაკუთრებულია, როგორც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე დროული და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების, ასევე მათი პრევენციის სფეროში.“[27] ამგვარად, სადავო ნორმებით მოწესრიგებულ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, სახელმწიფოს, გასაჩივრებული წესის მოქმედების პირობებში, წარმოეშობა პოზიტიურ ვალდებულებათა ფართო სპექტრი. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, რამდენად ადეკვატურად ასრულებს სახელმწიფო კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მისთვის დაწესებულ პოზიტიურ ვალდებულებას ამავე კონსტიტუციური დებულებით განსაზღვრული უფლებრივი სფეროს დასაცავად და ხომ არ არღვევს მას იმ პატიმრების მიმართ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან ან სხვა პატიმრებისგან მოსალოდნელი ძალადობის შიშით, შეიძლება უარი განაცხადონ სამედიცინო შემოწმებაზე.
პენიტენციური დაწესებულების ექიმი წარმოადგენს პირს რომელიც პასუხისმგებელია პატიმრის ჯანმრთელობაზე, რომელსაც კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებები დასახელებული სიკეთის დასაცავად. პატიმრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს არასათანადო მოპყრობის გამოვლენის გარანტიებით, იმ შემთხვევაშიც როდესაც ის, როგორც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება თავად ვერ აცხადებდეს და იძულებული იყოს სამედიცინო შემოწმებაზეც თქვას უარი, განმეორებითი ძალადობის თავიდან არიდების მიზნით. ასეთ ვითარებაში, სამედიცინო პერსონალი არის ის ერთადერთი რგოლი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იმოქმედოს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირებისას, იმ დროს როცა როგორც ციხის ადმინისტრაცია, ისე პატიმარი თავად არ აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ.
სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლოა არასათანადო მოპყრობის ფაქტები საერთო გამოირიცხოს რეაგირებისგან და შეუძლებელი გახდეს არასათანადო მოპყრობის ეფექტიან პრევენცია, გამოვლენა ან/და მასზე ადეკვატურ რეაგირება. მაშინ როდესაც კონსტიტუციის მე-9 მუხლი მე-2 პუნქტიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ქმედითი ბერკეტებით აღჭურვოს განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი, დროულად და ეფექტიანად შეამოწმოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოახდინოს დაზიანებების დოკუმენტირება და შეატყობინოს საგამოძიებო სამსახურს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები პროცედურული და პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულება, რომელიც ეკისრება საგამოძიებო ორგანოებს, ვერ განხორციელდება თუ ექიმის მიერ არ მოხდება დაზიანებების დროული დოკუმენტირება და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინება, რის საფუძველზეც უნდა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს მტკიცებულებების წარდგენა.
როგორც სასამართლომ განმარტა „სავარაუდოდ, ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მყისიერი და ქმედითი ღონისძიებების განხორციელება უშუალოდ საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოების პირდაპირი კომპეტენცია და მოვალეობაა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დასახელებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოიაზრება, უწინარესად, როგორც არასათანადო მოპყრობაზე post factum, რეპრესიული ღონისძიების გატარების ფარგლებში უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოსთვის დადგენილი პროცედურული ვალდებულების შესრულება - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები.“[28] თუმცა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების ხელყოფის და ამგვარი ფაქტების გამოვლენის ნაწილში, როდესაც პატიმარი თავად არ აცხადებს, სწორედ სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს იმგვარ მექანიზმს, რომელსაც შეუძლია შეასრულოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული გამოვლენის ფუნქცია. ამდენად, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაითვალოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოვლენის ეფექტიან მექანიზმად, როდესაც პატიმარი თავად არ საუბრობს ამგვარ მოპყრობაზე. შესაბამისად, ამ მექანიზმის შეზღუდვა ზიანს აყენებს, ან საერთოდ გამორიცხავს არასათანადო მოპყრობის გამოვლენას და მასზე დროული რეაგირებას.
თუმცა თანხმობის გარეშე სამედიცინო შემოწმების, დაზიანებების დოკუმენტირების და საგამოძიებო სამსახურის შეტყობინების შეზღუდვა, თავისთავად, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმ დასკვნისათვის, რომ ამ შეზღუდვის დაწესებით, სახელმწიფომ დაარღვია კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებები. ასევე უნდა შემოწმდეს, როდესაც თავად პატიმარი არ ან ვერ აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, არსებობს თუ არა საპატიმრო ადგილებში, სადავო ნორმების მიღმა, არასათანადო მოპყრობის გამოვლენის და საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინების სხვა მექანიზმი/მექანიზმები, რომლებიც ცალ-ცალკე თუ ერთობლიობაში, შეიძლება ჩაითვალოს ეფექტიანად და საკმარისად არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებისა და პრევენციის მიზნებისათვის.
აღსანიშნავია, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს უფლება აქვთ, ცხელი ხაზისა თუ წერილობითი საჩივრის საშუალებით მიმართონ სახალხო დამცველს. გარდა აღნიშნულისა სახალხო დამცველს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან გააჩნია სრული, შეუზღუდავი წვდომა. მას ნებისმიერ დროსა და ვითარებაში აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით, ადგილზე შეხვდეს და მოინახულოს ნებისმიერი ბრალდებული/მსჯავრდებული. სასამართლოს განმარტებით, „ეს, უდავოდ, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ სახალხო დამცველისათვის წინასწარ ცნობილი არ არის ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტული პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების თაობაზე, ცხადია, ვერ იარსებებს ვერავითარი მოლოდინი და გარანტია, რომ იგი, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ პატიმარს მოინახულებს, ვისაც არასათანადოდ მოეპყრნენ და, თანაც, მოინახულებს არასათანადო მოპყრობის შემთხვევიდან მოკლე ხანში, როდესაც ჯერ კიდევ დაკარგული არ არის მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. მოვლენათა ასეთი დამთხვევა მხოლოდ შემთხვევითობას შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომ აუცილებელია, პატიმრები არ იყვნენ დატოვებული ამგვარი შემთხვევითობის იმედად.“[29]
ამდენად, ისეთ შემთხვევაში როდესაც პატიმარი არასათანადო მოპყრობის განმეორების შიშით ვერ აცხადებს მის მიმართ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისა თუ სხვა პატიმრების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, რეაგირების ერთადერთი მექანიზმი რჩება სამედიცინო პერსონალის მიერ დაზიანებების აღრიცხვა და საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე როდესაც თავად პატიმარი ვერ აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ექიმს ჰქონდეს ვალდებულება პატიმრის თანხმობის მიუხედავად ჩაატაროს სამედიცინო შემოწმება, დაზიანებების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მათი დოკუმენტირება და შეატყობინოს საგამოძიებო სამსახურს.
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების მიზნებისთვის აუცილებელია, რომ მიუხედავად პატიმრის თანხმობისა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი სამედიცინო შემოწმება და დაზიანებების დოკუმენტირება, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად სავსებით შესაძლებელია, ვერ მოესწროს და შეუძლებელი გახდეს სავარაუდო დაზიანებათა დადასტურება ან, უფრო მეტიც, მათი კვალი საერთოდ გაქრეს პატიმრის სხეულიდან. თავის მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ სამედიცინო შემოწმებაზე უარის გამო გაუარესდეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ამდენად, სადავო ნორმები, თანხმობის გარეშე პატიმრის სამედიცინო შემოწმების აკრძალვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ართულებს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების პრაქტიკულ და ეფექტიან დაცვას. ამასთან არ არსებობს სამედიცინო შემოწმების, ექიმის მიერ დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო სამსახურისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების სხვა ალტერნატიული საშუალება, როდესაც პატიმარი თავად ვერ აცხადებს არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
შესაბამისად, როდესაც პატიმარი თავად ვერ აცხადებს არასათანადო მოპყრობის შესახებ, დროული, მყისიერი და ეფექტური რეაგირების ნაწილში სახალხო დამცველის ხელთ არსებულ უფლებამოსილებათა ფართო სპექტრი ვერ ჩაანაცვლებს და ვერ უზრუნველყოფს სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციასა თუ მათზე დროულ რეაგირებას, იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ადეკვატურად შესრულების სტანდარტი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პატიმარი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს, უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე არ შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომელიც შეასუსტებდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს არასათანადო მოპყრობისაგან პატიმართა დაცვის სფეროში. პატიმრის თანხმობა ან უარი სამედიცინო შემოწმებასა და გამოძიებაზე არ შეიძლება გულისხმობდეს რაიმე უკანდახევას არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანის დაცვის ვალდებულებებიდან. ეს იქნებოდა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობიდან გადახვევა და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით ნაგულისხმები პოზიტიური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა.
ამდენად, პატიმრები რომლებიც არ აცხადებენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ, არ უნდა კარგავდნენ არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ეფექტიან გარანტიებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არ პასუხობს იმ პოზიტიურ ვალდებულებებს, რასაც კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი განაპირობებს.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 36, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3eX2Mq4 >;
[2] იქვე, გვ. 37;
[3] იქვე, გვ. 40;
[4] 2020 წელს განხორციელებული ცვლილება ექიმს შესაძლებლობას აძლევს, სამედიცინო შემოწმებაზე ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, შეტყობინება გაუგზავნოს სახელმწიფო ინსპექტორს ისეთ შემთხვევებზეც კი, როდესაც პატიმარი არ საუბრობს ძალადობაზე და ექიმს ეჭვი მაინც წარმოეშობა;
[5] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 49, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3eX2Mq4 >;
[6] წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის მე-12 მუხლი;
[7] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ქინანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Keenan v. United Kingdom), N 27229/95, პ. 122. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Ln2Vit >;
[8] წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო - სტამბოლის პროტოკოლი, (Istanbul Protocol) / გაერო, 2004, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3RUREZd >;
[9] „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“;
[10] პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიში, გვ. 54, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Sc7Rch >;
[11] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №309513/01 და 2022 წლის 18 იანვრის №15420/01 წერილები;
[12] „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები;
[13] იქვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
[14] იქვე, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი;
[15] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პ. 80, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dicvqB >;
[16] პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიში, გვ. 57, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3Sc7Rch >;
[17] იქვე;
[18] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი(CPT), არასათანადო მოპყრობის სამედიცინო მტკიცებულებათა დოკუმენტირება და ანგარიშგება, ამონარიდი 23-ე საერთო ანგარიშიდან, პ. 73, [CPT/Inf (2013)29];
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19;
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-2;
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19;
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-3;
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20;
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -181;
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-5;
[26] „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი;
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-16;
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-17;
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-26;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა