საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/1748 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 13:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-6 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტისკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1748) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1748 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 21 ნოემბერს. №1748 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1748 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი სამედიცინო ცნობა“. „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, სამედიცინო შემოწმების წინ ექიმმა უნდა მიიღოს პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, ხოლო თანხმობის არარსებობის შემთხვევაში შემოწმება ამ წესის შესაბამისად არ უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდგომ ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას შესაბამისი აღრიცხვის ფორმის მიხედვით, დოკუმენტურად ასახავს შემოწმების შედეგებს და, პაციენტის თანხმობით, დაუყოვნებლივ ახდენს დაზიანების ფერად ფოტოგადაღებას ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენიშვნის გრაფაში და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს", ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეტყობინების განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, რომ თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს მისი იურისდიქციის ფარგლებში. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში ნაგულისხმევი პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნას, რომლის ფარგლებშიც, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფრთხეების პრევენცია, ყველა იმგვარი ქმედების იდენტიფიცირება და სამართალდარღვევად გამოცხადება, რომლებიც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ასევე არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე დაუყოვნებლივი და სათანადო რეაგირება, ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევის კონტექსტში.
6. №1748 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის პრევენციას, რაც გამოწვეულია არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და დოკუმენტირების არსებული წესით. მოსარჩელე მხარის მითითებით, პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის სავალდებულო შემოწმებას მისი გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი წესით ვერ ხდება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, იგი არ არის უფლებამოსილი, შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა, განახორციელოს დაზიანებების ფოტოგადაღება, ექიმი, ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, პატიმრის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს აღნიშნული დაზიანებების შესახებ. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პატიმარი თანხმობას არ აცხადებს შემოწმებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ სხეულზე აღენიშნება არასათანადო მოპყრობის კვალი.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პატიმრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს არასათანადო მოპყრობის გამოვლენის გარანტიები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის, როგორც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, შეიძლება თავად ვერ აცხადებდეს აღნიშნულის შესახებ და იძულებული იყოს, უარი თქვას სამედიცინო შემოწმებაზეც, განმეორებითი ძალადობის, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სამედიცინო პერსონალი არის ის ერთადერთი რგოლი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად იმოქმედოს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირებისას, იმ დროს, როდესაც როგორც ციხის ადმინისტრაცია, ისე პატიმარი თავად არ აცხადებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. თავის მხრივ, მოსარჩელის მითითებით, რეაგირების დროულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის იდენტიფიცირებისათვის, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად რთულდება დაზიანებების არსებობის დადასტურება და, ამავდროულად, იზრდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკები. შესაბამისად, ექიმს, როგორც თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირს, უნდა ჰქონდეს კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტები პაციენტის ჯანმრთელობის ეფექტიანი დაცვისათვის, რაც გულისხმობს ექიმის ვალდებულებას, პაციენტის თანხმობის მიუხედავად, ჩაატაროს სამედიცინო შემოწმება და, დაზიანებების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მათი დოკუმენტირება და საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინება.
8. საქართველოს სახალხო დამცველი, დამატებით, განმარტავს, რომ პატიმრის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიზნით აუცილებელია ექიმს ჰქონდეს უფლება, მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პაციენტის უარის შემთხვევაში ექიმი გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება, ქმედითი ბერკეტებით აღჭუროს სამედიცინო პერსონალი, გულისხმობს პაციენტის თანხმობის გარეშე გარეგნული დათვალიერების შედეგების საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინებას. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც პატიმრის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ ექიმის ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების წინაპირობად განსაზღვრავს პატიმრის თანხმობით განხორციელებულ სამედიცინო შემოწმებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები არ არიან უზრუნველყოფილნი სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით, რის გამოც სადავო ნორმები ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულ პოზიტიურ ვალდებულებებს.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1748 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ბრალდებულის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას მისი პატიმრობის დაწესებულებიდან გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში, რაც აფერხებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების შესაძლებლობას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. კერძოდ, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შეუძლებელია ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმის მიერ სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების მიზნით, ბრალდებულის თანხმობის გარეშე. ამისათვის კი, მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. პატიმრობის კოდექსის 76-ე მუხლი აწესრიგებს პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის ზოგად წესს. თავის მხრივ, აღნიშნული მუხლის სადავოდ გამხდარი ნაწილი ითვალისწინებს დათქმას, პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის შემთხვევაში, პატიმრობის დაწესებულების ექიმის მიერ ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების განხორციელების თაობაზე. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის დაწესებულების ექიმის მიერ ბრალდებულის სამედიცინო შემოწმება ამავე დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის პროცედურული წესის ნაწილია, უშუალოდ სადავო ნორმა არ აწესრიგებს თავად ამგვარი სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესსა და პირობებს. უფრო მეტიც, პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის წესი, მათ შორის, ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების წესი და პირობები, სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცდება მინისტრის მიერ. ამრიგად, პატიმრობის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან შეუძლებელია ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების ხასიათის გამოვლენა. სადავო ნორმის ანალიზის საფუძველზე, ნათელი ხდება, რომ გასაჩივრებული რეგულაცია პატიმრობის დაწესებულების ექიმის მიერ სამედიცინო შემოწმების ჩატარებამდე ბრალდებულის თანხმობის მოპოვების ვალდებულებას expressis verbis არ აწესრიგებს. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უშუალოდ ტექსტიდან არ გამომდინარეობს სადავო ნორმის მოსარჩელე მხარის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმატიული შინაარსი.
5. ამგვარად, რამდენადაც ტექსტუალური განმარტების მეთოდი არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმის წაკითხვის შესაძლებლობას, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, საჭიროა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება, რომელიც დაადასტურებს ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას/პრაქტიკას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს განსახილველ საქმეზე არ წარმოუდგენია სადავო ნორმის პრაქტიკაში მის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების დამადასტურებელი სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება. იმავდროულად, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების პრაქტიკის არსებობა არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაა ცნობილი. მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ არც სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზით და არც სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით არ დასტურდება, რომ სადავო ნორმას ნამდვილად გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობის დაწესებულების ექიმს, ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანისას, სამედიცინო შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებას მხოლოდ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში ანიჭებს.სწორედ ამიტომ, აშკარაა, რომ, ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1748 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №1748 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმის ვალდებულებები შემოიფარგლება გარეგნული დათვალიერების შესახებ შესაბამისი ცნობის შედგენით და არ ეკისრება დამატებით სხვა ეფექტიანი რეაგირების ვალდებულება, პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციისა და ამგვარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის.
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი არეგულირებს ექიმის მიერ გარეგნული დათვალიერების დოკუმენტირების წესს. უფრო კონკრეტულად, პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ექიმი აკეთებს სპეციალურ ჩანაწერს და გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი რეგულირების სფეროს წარმოადგენს ქმედებათა დოკუმენტირების წესის დადგენა, ხოლო მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხი მიმართულია დოკუმენტირებულ ინფორმაციაზე რეაგირების სათანადო მექანიზმების საჭიროებისაკენ. ამგვარად, თავისთავად, სადავო დებულებას არ გააჩნია ნორმატიული რესურსი, მოაწესრიგოს უშუალოდ დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მექანიზმები. მეტიც, რეაგირების მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეული მექანიზმები გათვალისწინებულია როგორც სადავო ბრძანების სხვა ნორმებით, აგრეთვე სხვა რელევანტური აქტებით. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სადავო ნორმიდან მის მიერ მითითებული პრობლემური წესის ამოკითხვის შესაძლებლობას დაადასტურებდა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1748 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის ნაწილს. გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, პატიმრობის დაწესებულების ექიმს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებისათვის ესაჭიროება, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა. პაციენტის თანხმობის არარსებობის პირობებში სამედიცინო შემოწმება არ ტარდება. იმავდროულად, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, ექიმი ატარებს სამედიცინო შემოწმებას დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის ფორმის მიხედვით და ვალდებულია, დოკუმენტურად ასახოს შემოწმების შედეგები. დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას, სამედიცინო პერსონალი მხოლოდ პაციენტის თანხმობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, განახორციელოს ფოტოგადაღება.
11. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პატიმრობის დაწესებულების ექიმი მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში არის უფლებამოსილი, განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება და ფოტოგადაღება. ამგვარი სამართლებრივი მოწესრიგება კი, აფერხებს პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენას, დოკუმენტირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „... თავის თავში მოიაზრებს ორი სახის ვალდებულებას – ერთი მხრივ, სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანის მიმართ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში; მეორე მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს მესამე პირთა მიერ ასეთი ქმედების ჩადენის თავიდან ასაცილებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის №1/4/1330 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს პირის მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოყენებისაგან, არამედ უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა მესამე პირთა ჩარევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-182).
13. ბუნებრივია, რამდენადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი მოქცეულია სახელმწიფოს სპეციალური კონტროლის ქვეშ და იმყოფება მოწყვლად მდგომარეობაში, უპირველესად და უმთავრესად, სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, შექმნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დაცვის ეფექტიანი მექანიზმი, მათ შორის, ქმედითი სამართლებრივი ბაზისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების გონივრული ზომების გათვალისწინების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არა მხოლოდ პირთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული ქმედებების ჩადენის პრევენცია, არამედ, აგრეთვე მათზე დროული, ქმედითი და ეფექტიანი რეაგირება. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლები ღირსების ხელშეუვალობის განმამტკიცებელ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. სხვაგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლებამ პოზიტიური ვალდებულება იმგვარად უნდა შეასრულოს, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
14. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება და ფოტოგადაღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მექანიზმია პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისა და ამ დაწესებულებაში მოთავსებული პირების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის. სამედიცინო შემოწმებისა და ფოტოგადაღების ჩატარებამდე პაციენტის თანხმობის მიღების ვალდებულება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში სამედიცინო შემოწმებისა და ფოტოგადაღების დაუშვებლობის დათქმა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს იცავს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევისაგან, თვითმიზნური სამედიცინო შემოწმებების, პირადი ინფორმაციის გავრცელებისაგან და სხვ.. მაშასადამე, პაციენტის თანხმობაზე დაფუძნებული სისტემა მიმართულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ისეთი უფლებების დაცვისაკენ, როგორებიცაა პირადი ცხოვრების, ფიზიკური ხელშეუხებლობის, ღირსების ხელშეუვალობისა თუ სხვა უფლებები. ამდენად, აღნიშნული ნორმები პირს აღჭურავს შესაძლებლობით/უფლებით, მის ნებას ექვემდებარებოდეს სამედიცინო შემოწმება და ფოტოგადაღება და, შესაბამისად, დაცული იყოს მისი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
15. ამავდროულად, პაციენტის ინტერესის – დაცული იყოს მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან, სახელმწიფოს მიერ დანერგილი არასათანადო მოპყრობის პრევენციის, ასეთი ფაქტების გამოვლენის ალტერნატიული მექანიზმებისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან მიმართებით არსებული საგამოძიებო მიდგომების საპირწონედ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის ნების უგულებელყოფა და სამედიცინო შემოწმებისა თუ ფოტოგადაღების სავალდებულო ბუნება არის ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების რეალიზებისა და სხვა არსებულ მექანიზმებს არ შესწევს იდენტური ან მსგავსი შედეგის მიღწევის პოტენციალი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებელად უნდა იქნეს მიჩნეული.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1748 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1748 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1748 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1748 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების, მე-6 პუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე