რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1429 |
ავტორ(ებ)ი | რევაზ სულწაძე |
თარიღი | 20 ივნისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ საქართველოს კანონი
ბ. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი
გ. „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი და მე-12 მუხლი | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, |
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, |
„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 59, 60-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი,30-ე, 311 მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის (შემდგომში „სარჩელი“) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (შემდგომში „სასამართლო“) არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის - ფიზიკური პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’ კანონის’, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების - ნორმების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტებთან (კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან) მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტის ნორმატიული შინაარსი ექცევა კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში. ამასთან, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია კონსტიტუციით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, არ არსებობს “საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2018 წლის 13 მარტს განცხადებით მივმართე იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოვითხოვე შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით: სავალდებულო სამხედრო სამსახური (სტაჟი შეადგენს 01 წელი, 11 თვე და 19 დღეს) შინაგან საქმეთა სამინისტროში (სტაჟი შეადგენს 11 წელი, 01 თვე და 28 დღე) საქართველოს პროკურატურაში (სტაჟი შეადგენს 03 წელს, 06 თვეს და 14 დღეს) მოსამართლის თანამდებობაზე (სტაჟი შეადგენს 7 წელს, 11 თვეს და 15 დღეს), სულ 24 წელი, 7 თვე და 16 დღე. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნა, არ ჩამეთვალა მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, ხოლო დარჩენილი 16 წელი, 8 თვე და 1 დღე საკმარისი არ იყო კომპენსაციის დასანიშნად. აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით 2018 წლის 26 ივნისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო გადაწყვეტილებები, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ასევე ეწინააღმდეგებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებს და დებულებებს, გავასაჩივრე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამივე შემთხვევაში კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველია შემდეგი: 1. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ საქართველოს კანონში (მე-8 მუხლის პირველი პუნქტი) 2. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში (მე-11 და მე-16 მუხლი პირველი პუნქტი) 3, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში (მუხლი მე-7 პუნქტი პირველი) -არაა მითითებული, რომ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს, შრომის საერთო სტაჟში ეთვლება, სასამართლო ორგანოებში, მოსამართლედ ან თანაშემწედ მუშაობის სტაჟიც.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, შემდეგი „სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 პუნქტებში და მე-9 მუხლში საუბარია არა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებზე, არამედ სხვა სამსახურიდან დათხოვნილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე და მათი სამართლებრივი შედეგი ვრცელდება მხოლოდ ამავე მუხლებში მითითებულ თანამდებობებზე, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, (თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი), საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან....
ამასთან სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის წელთა ნამსახურობაში მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი არ ჩაითვლება.
ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ რევაზ სულწაძეს არ გააჩნია შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის საკმარისი სტაჟი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, შეესაბამება ზემოაღნიშნულ კანონით დადგენილ მოწესრიგებას.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ისე სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ჩემი უფლებები და უნდა მოხდეს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დაცვა, როგორ ჩემს კონსტიტუციურ უფლებებთან, ისე ჩემს კანონიერ უფლებებთან მიმართებაში.
სადავო ნორმის არსი.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თავდაპირველი რედაქცია 2006 წლი მარტის მდგომარეობით იყო შემდეგნაირი :
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“
1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის......
2. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება ფინანსური პოლიციის მოსამსახურეებზე, თუ მათ აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი (მათ შორის, არანაკლებ 4 წელი ფინანსურ პოლიციაში)".
აღნიშნული მუხლის პირველიპუნქტი ბლანკეტურია, იგი მიუთითებს . „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, ხოლო აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ უწყებების ჩამონათვალს,რომელშიდაც სამსახური ითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის კომპენსაციის დასანიშნ სავალდებულო სტაჟში. მითითებულ ჩამონათვალში არაა მოსამართლედ მუშაობის სტაჟი.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველო კანონი მე-8 მუხლის მესამე პუნქტში 2011 წლის მარტიდან შევიდა ცვლილება,რომლოს თანახმად პირველად გაჩნდა ჩანაწერი „მოსამართლედ ან მის თანაშემწედ“ სამუშაო სტაჟის შესახებ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ამ სტაჟის, საერთო სტაჟში ჩათვლის შესახებ. მითითებული კანონის მე-8 მუხლს 2014-2018 წლებში დაემატა მე-5 და მე-8 პუნქტები სადაც იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ სასამართლო ორგანოებში ასევე მოსამართლედ ან თანაშემწედ მუშაობის სტაჟიც. ასევე აღსანიშნავია, რომ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პროკურატურის თანამშრომლებისათვის კომპენსაციის დანიშვნის წესს, იგი ითვალისწინებს საერთო სტაჟში სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობის სტაჟის ჩათვლას.
,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი დღემდე უცვლელია, ხოლი მე-8 მუხლში შემდგომში შეტანილი 5 შესწორება ზოგი უწყების მოსამსახურეს საერთო სტაჟში უთვლის სასამართლო ხელისუფლების, მოსამართლედ ან თანაშემწედ მუშაობის სტაჟს,ზოგს კი არა. ეს დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას, უფრო მეტიც სამართლებრივი ნორმა დისკრიმინაციულია.
ამასთანავე მე-8 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებში გამოყენებულია ტერმინი „მოსამართლედ ან მის თანაშემწედ“ ხოლო მე-5 ნაწილში „სასამართლო ხელისუფლების ორგანოები“ რაც მიუთითეს,რომ იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის მოსამსახურეს საერთო სტაჟში ჩაეთვლება სასამართლო ხელისულების ორგანოებში ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი,ხოლო ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, მხოლოდ მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობის სტაჟი. რაც სახელმწიფოს მხრიდან დაუსაბუთებელი განსხვავებული მოპყრობის აშარაკარა მაგალითია.
კონსტიტუციით დაცულ სფეროში შეჭრა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე, მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება no. 2/7/219, § 1. მიუთითა: “კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.
კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება როგორც მიზანშეუწონელი და სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე კი, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას“.
საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება no. 2/1-392. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა,რომ მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რადგანაც “მისი მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით.“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ “კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნის დარღვევის დადგენისას არ არის სავალდებულო, რომ უთანასწორო სამართლებრივი მდგომარეობის შექმნა წარმოადგენდეს შესაბამისი ნორმის მიმღები ორგანოს მიზანს. ამ შემთხვევაში, მთავარია არა კანონმდებლის განზრახვა, არამედ რეალური შედეგი.”
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად,“ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანი ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად,“ 1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. 2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.”ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის საერთო აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია როგორც კონვენციის მე-14 მუხლით, ისე მე-12 ოქმის პირველი მუხლით.
პირდაპირი დისკრიმინაცია შემდეგი ელემენტებისგან შედგება: არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. (იხ.ვილისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Willis v. the United Kingdom), განაცხადი no. 36042/97, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, § 48.) უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია.( იხ კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ (Konstantin Markin v. Russia), განაცხადი no.30078/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, § 125.) განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. ( იხ.იხ., inter alia, პეტროვიჩი ავსტრიის წინააღმდეგ (Petrovic v. Austria), განაცხადი no.20458/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1998 წლის 27 მარტის გადაწუვეტილება § 30)განსხვავებული მოპყრობის საფუძველი ან მიზეზი უნდა იყოს პიროვნული მახასიათებელი (სტატუსი), რომლითაც პირები, პირთა ჯგუფები გამოირჩევიან. (იხ. კიელდსენი, ბუსკ მადსენი და პედერსენი დანიის წინააღმდეგ (Kjeldsen, Busk Madsen and Pedersen v. Denmark), განაცხადი nos. 5095/71; 5920/72; 5926/72, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1976 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 56.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდომარეობაში მყოფი პირების მიმართ ( იხ., inter alia, კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ (Konstantin Markin v. Russia),განაცხადი no. 30078/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, § 125) სასამართლო აღნიშნავს, რომ “ანალოგიური მდგომარეობა” არ გულისხმობს, რომ შესადარებელი ჯგუფები იდენტური უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მდგომარეობა სრულად ანალოგიური არ არის სხვა პირებთან მიმართებაში და ადგილი აქვს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ხელს არ უშლის ამ შემთხვევაზე მე-14 მუხლის გავრცელებას. (იხ.კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. the United Kingdom), განაცხადიno. 7205/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 13 წლის ივლისის გადაწყვეტილება § 66
საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი de facto დისკრიმინაცია. (იხ.საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის) საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: „განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოყრობას ზოგადად არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებერ განსხვავებას.. (იხ.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება no. 1/1/493.)
დასაბუთება განსხვავებული მოპყრობისა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებზე , როცა ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია , რომ ჩემს მიმართ ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისაგან და ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ და არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია.
ჩემი სამუშაო სტაჟი მოიცავს: სავალდებულო სამხედრო სამსახურის სტაჟს (01 წელი, 11 თვე და 19 დღეს), შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო სამსახურში და გამომძიებლად მუშაობის სტაჟს (11 წელი, 01 თვე და 28 დღე), საქართველოს პროკურატურაში გამომძიებლად და პროკურორის თანაშემწედ მუშაობის სტაჟს ( 03 წელს, 06 თვეს და 14 დღეს) და მოსამართლის თანამდებობაზე (სტაჟი შეადგენს 7 წელს, 11 თვეს და 15 დღეს), სულ 24 წელი, 7 თვე და 16 დღე.
მოქმედი საკანონდებლო რეგულიაციით გამოდის, რომ თუ პროკურატურაში ვიმუშავებდი 4 წელს, მაშინ მოსამართლედ მუშაობის სტაჟი ჩამეთვლებოდა 20 წლის საერთო სტაჟში. თუ ვიმუშავებდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებში გამომძიებლად, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლად და არა შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლად, მაშინაც მოსამართლედ მუშაობის სტაჟი ჩამეთვლებოდა 20 წლის საერთო სტაჟში.
მიმაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელები არიან შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებელთან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები. მათი სამსახურეობრივი ვალდებულება და უფლებამოსილება რეგულირდება ერთი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, ხოლო კონკრეტული საქმის გამოძიების სირთულე სულაც არაა დამოკიდებული უწყებრივ ქვემდებარეობაზე
ასეთ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება,რადგან განსხვავების საფუძვლად მიჩნეულია უწყებრივი ქვემდებარეობა, მაშინ როცა ობიექტურად, შესასრულებელი სამუშაოს საკანონმდებლო ბაზა, კანონით დადგენილი ულებამოსილება და პასუხისმგებლობა განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და იგი გამომძიებელს განიხილავს, როგორც ერთ პროცესუალურ პირს და არა როგორც უწყებრივ გამომძიებელს. ასევე შეუძლებელია რაიმე გონივრული გამართლება მოუძებნო დებულებას, რატომ ეთვლება რამდენიმე ძალოვანი სამინისტროს თუ დეპირტამენტის მოსამსახურეს, მოსამართლედ მუშაობის სტაჟი საერთო სტაჟში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს ასეთი უფლება არა აქვთ და ეს დისკრიმინაცია დადგენილია ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტის და ამ აქტების სამი მუხლის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელებს თუ სხვა თანამშრომელს უკეთესად ეპყრობიან, მათ ეძლევა ულება სამუშაო სტაჟში მოსამართლედ მუშობის სტაჟის ჩათვლისა და შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეუძლიათ , ხოლო შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებელს თუ სხვა თანამშრომელს ასეთი უფლება არა აქვს, რაც დადასტუდა ჩემს მიმართ სოციალური სამსახურის და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმით.
საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 21 ივლისის მოქმედი რედაქციის 11-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას და პირდაპირი დისკრიმინაციას ადგილი არ ექნებოდა, კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-12 მუხლის ნორმატიული შინაარსიც, რომ დისკრიმინაციული არ იყოს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-12 მუხლის ნორმატიული შინაარსში ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისაგან და ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ და არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს განსხვავებულად ეპყრობა და ადგენს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს - ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარულ წელში, რაც იძლევა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას 65 წლის ასაკამდე, ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის დროც. მაშინ, როცა თუ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა 65 წლის ასაკამდე – მოსამართლისთვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლება არა აქვს, მიუხედავად იმის, რომ აქვს ზემოდ მითითებულ ორგანოებში საეთო ჯამში არანაკლებ 20 კალენდარულ წელი ნამსახური და აქვს ამ ორგანოთა თანამშრომლებისათვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლებაც.
ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება რადგან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-12 მუხლით დადგენილი შეზღუდვა ეწინააღმდეგება ამავე კანონით დადგენილ ძირითად პრინციპებს და დებულებებს კერძოდ: კანონის პირველი მუხლის, პირველი პუნქტის, პირველ წინადადებას „ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის ... გამო“; კანონოს მე–3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებს „ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სამართლიანობა ბ) კანონის წინაშე თანასწორობა“; კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტს „ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა“ კანონის მე–6 მუხლის პირველ ნაწილს „კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.“,
ამდენად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ზოგადი დებულებების ნორმები აშკარა წინააღმდეგობაშია – განსაკუთრებულ ნორმასთან. კანონის მე–12 მუხლის მოქმედი რედაქცია უგულვებელყოფს სამართლიანობის და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და უკრძალავს მოსამართლეს 65 წლის ასაკამდე მოსამართლისათვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლებას. მე–12 მუხლის მოქმედ რედაქციაში იგულისხმება, რომ მოსამართლეს სახელმწიფოს წინაშე არ გაუვლია განსაკუთრებული სამსახური, რადგან უზრუნველყოფა ეძლევა საყოველთაოდ დადგენილი საპენსიო ასაკის 65 წლის მიღწევის შემდეგ. მე–12 მუხლის მოქმედი რედაქცია მოსამართლისთვის გამორიცხავს, როგორც კომპენსაციის სახის, ისე კომპენსაციის საფუძვლის არჩევის უფლებას, მაშინ როცა სხვა ორგანოებში სამსახურის საკმაო სტაჟი აქვს. ყველა სხვა ორგანოს თანამშრომელისთვის კი ეს უფლებები გარანტირებულია.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართლებრივ აქტებში აღარ იარსებებს დისკრიმინაცია, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელსაც უფლება ექნება სერთო სტაჟში ჩაითვალოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟი, ხოლო უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლეს მიეცემა შესაძლებლობა – თუ აქვს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ’’ კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლება - აირჩიოს და მიიღოს მოსამართლისათვის დადგენილი კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მით უფრო, როცა კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა ნებისმიერი საფუძვლით არ შეიძლება აღემატებოდეს 560 ლარს. ამასთანავე ნორმატიული აქტების მითითებული მუხლების კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობა უნდა მოხდეს 2018 წლის 13 მარტიდან, როც მე მივმართე სოციალური დაცვის სამსახურს.
პირველი სასარჩლო მოთხოვნა - ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, როდესაც შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას საერო სტაჟში არ ეთვლება მოსამართლედ მუშაობის სტაჟი.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა - ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-12 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლისთვის 65 წლის ასაკამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, იმ პირთა მიმართ ვისაც სახელმწიფო კომპენსაციის მიღება სხვა საფუძვლებითაც შეუძლია და სავალდებულო სტაჟში, ეთვლება მოსამართლედ მუშაობის სტაჟიც.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა