რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1429 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1429) მომართა საქართველოს მოქალაქე რევაზ სულწაძემ. №1429 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 21 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1429 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 30-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებისათვის კომპენსაციის დანიშვნის პირობებსა და ოდენობას. ამავე კანონის მე-12 მუხლი კი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
4. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ადგენს სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ პირობებს, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტი კი მიუთითებს იმ ორგანოებზე, სადაც სამსახური ითვლება პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში.
5. „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
7. №1429 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2018 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის (სტაჟი შეადგენს 1 წელს, 11 თვეს და 19 დღეს), შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის (სტაჟი შეადგენს 11 წელს, 1 თვეს და 28 დღეს), საქართველოს პროკურატურაში სამსახურის (სტაჟი შეადგენს 3 წელს, 6 თვეს და 14 დღეს) და მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის (სტაჟი შეადგენს 7 წელს, 11 თვეს და 15 დღეს) წლების გათვალისწინებით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, მას უარი უთხრა სახელმწიფო კომპენსციის დანიშვნაზე, ვინაიდან მუშაობის სტაჟში არ ჩაუთვალა მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი, ხოლო აღნიშნულის გარეშე მისი ნამსახურობის წლები შეადგენდა 16 წელს, 8 თვესა და 1 დღეს, რაც არ იყო საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. მოსარჩელემ ხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სადავო გადაწყვეტილებები ასევე ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
8. მოსარჩელის მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ უწყებებს, სადაც სამსახური ითვლება შინაგან საქმეთა ორგანოების მოსამსახურისათვის კომპენსაციის დასანიშნ სავალდებულო ნამსახურობის წლებში. მითითებული ჩამონათვლის შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს შრომის საერთო სტაჟში არ ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის სტაჟი. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 პუნქტებზე, ასევე მე-9 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლებს ნამსახურობაში ეთვლებათ მოსამართლედ ან თანაშემწედ მუშაობაც.
9. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პროკურატურის გამომძიებლები არიან შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლების არსებითად თანასწორი პირები. კერძოდ, მათი სამსახურებრივი ვალდებულებები და უფლებამოსილებები, ერთმანეთის მსგავსად, რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ხოლო კონკრეტული საქმის გამოძიების სირთულე სულაც არ არის დამოკიდებული უწყებრივ ქვემდებარეობაზე. მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულირებით დადგენილ დიფერენცირებას არ აქვს გონივრული გამართლება, იგი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
10. მოსარჩელე ასევე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს არ აქვთ უფლებამოსილება, მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მოსარჩელის პოზიციით, ამ თვალსაზრისით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კანონი აქცევს უფრო ცუდ სამართლებრივ მდომარეობაში მათთან არსებითად თანასწორ პირთა წრესთან შედარებით და, ამ თვალსაზრისით, არღვევს თანასწორობის უფლებას.
11. კერძოდ, მოსარჩელე მხარე შესადარებელ პირებად გამოყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს და აღნიშნავს, რომ დასახელებულ პირებს მუშაობის სტაჟში ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის დროც და კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება, ნამსახურობის არანაკლებ 20 წლის სტაჟის არსებობის შემთხვევაში, წარმოეშობათ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მაშინ, როდესაც, თუ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდა ან უფლებამოსილება შეუწყდა 65 წლის ასაკამდე – მოსამართლისთვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ზემოთ მითითებულ ორგანოებში, საერთო ჯამში, მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი და, ასევე, აქვს ამ ორგანოთა თანამშრომლებისათვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლებაც.
12. მოსარჩელის პოზიციით, თუ მოსამართლეს უფლებამოსილება დაუმთავრდება ან შეუწყდება 65 წლის ასაკის მიღწევამდე, აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლება და სავალდებულო სტაჟში ეთვლება მოსამართლედ მუშაობის სტაჟიც, მას უნდა შეეძლოს, აირჩიოს და მიიღოს მოსამართლისათვის დადგენილი კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევამდე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი. თუმცა მათ წელთა ნამსახურობაში არ ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის პერიოდი, რაც განაპირობებს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და პროკურატურის სამსახურიდან დათხოვნილ პირებთან მიმართებით, რომლებსაც შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის დროის პერიოდიც.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დადგენილი მოპყრობა თანასწორი უნდა იყოს არსებითად თანასწორ პირებს შორის და უთანასწორო - არსებითად უთანასწორო პირების მიმართ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის დარღვევაზე იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის საფუძველზე იგი ჩაყენებულია განსხვავებულ, უარეს რეჟიმში არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის N2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაფასებელია, რამდენად ხდება სადავო ნორმების საფუძველზე თანასწორობის უფლების შეზღუდვა.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათი წოდებების შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესს. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრის ნამსახურობის წლების გაანგარიშების საკითხს. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირებისათვის, სხვა, არსებითად თანასწორი პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლედ მუშაობის წლების სავალდებულო სტაჟში ჩაუთვლელობა. სადავო ნორმა კი საერთოდ არ შეეხება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ დასახელებულ პირობას, არამედ აწესრიგებს სხვა სამართლებრივი აქტით („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი) უკვე დადგენილ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების საკითხებს. მაშასადამე, სადავო ნორმა არ გამორიცხავს მოსარჩელისათვის ნამსახურობის წლებში მოსამართლედ მუშაობის დროის პერიოდის ჩათვლის შესაძლებლობას და არც სხვებს აღჭურავს ამ შესაძლებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება მის მიერ დასახელებული სადავო ნორმის შინაარსს.
5. ამასთან, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე და მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა ასევე ქმნის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი თანამშრომლებისათვის წელთა ნამსახურობის ვადაში მოსამართლედ მუშაობის პერიოდის ჩაუთვლელობის სამართლებრივ საფუძველს. განსახილველი სადავო ნორმის თანახმად, დადგენილია სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები. კერძოდ, იგი ჩამოთვლის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება და თითოეული მათგანისათვის განსაზღვრავს კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელი ნამსახურობის წლების ოდენობას. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და მათთვის წაყენებული წელთა ნამსახურობის ხანგრძლივობა, არამედ უშუალოდ ნამსახურობის წლების გაანგარიშების წესი. სადავო ნორმა კი ადგენს სხვადასხვა სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელ წელთა ნამსახურობის ხანგრძლივობას, თუმცა არ შეეხება ნამსახურობის წლებში ჩასათვლელ სამუშაოებს. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირებისათვის მოსამართლედ მუშაობის სტაჟის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის შესაძლებლობას და არც მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფებისათვის ადგენს ამგვარ უფლებრივ უპირატესობას. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული დიფერენცირება არ მომდინარეობს არც ხსენებული სადავო ნორმიდან.
6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1429 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს, ფუნქციურად მსგავსი თანამდებობის მქონე პირებისაგან განსხვავებით, წელთა ნამსახურობაში არ ეთვლებათ მოსამართლედ მუშაობის პერიოდი, რაც განაპირობებს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
8. აღსანიშნავია, რომ არც ხსენებულ ნორმას გააჩნია მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი და, ამ თვალსაზრისით, თანასწორობის უფლების შემზღუდავი ეფექტი. მართალია, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ ნორმაში მოცემულია სამხედრო მოსამსახურეებისათვის ნამსახურობის წლებში ჩასათვლელი სამსახურების ჩამონათვალი, თუმცა ეს ნორმა არ ზღუდავს სხვა სამსახურებში მუშაობის პერიოდის წელთა ნამსახურობის ვადაში ჩათვლის შესაძლებლობას. ამ ნორმით გათვალისწინებული შემთხვევები რომ ამომწურავი არ არის, ამ გარემოებაზე ისიც მიუთითებს, რომ ამავე მუხლის შემდეგი პუნქტებით დადგენილია იმ სამსახურების ჩამონათვალი, სადაც მსახურობა ასევე ითვლება შრომის სავალდებულო სტაჟში. ამდენად, ის გარემოება, რომ ხსენებულ ნორმაში არ არის მითითება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირებისათვის მოსამართლედ მუშაობის წელთა ნამსახურობის ვადებში ჩათვლის შესახებ, შეუძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც ამ ნორმის საფუძველზე მათი თანასწორობის უფლების შეზღუდვა (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის №2/4/642 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). სადავო ნორმა ჩამოთვლის ორგანოებს, სადაც მსახურობა ითვლება წელთა ნამსახურობის ვადებში, თუმცა ხსენებული ნორმა არ არის ამომწურავი და არ გამორიცხავს სხვა ორგანოებში მსახურობის პერიოდის სავალდებულო სტაჟში ჩათვლის შესაძლებლობას. მაშასადამე, სადავო ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ საკითხის არმოწესრიგება, თავისთავად, არ გამოდგება ამ ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის ფაქტის სამტკიცებლად.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1429 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული სადავო ნორმა განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს და კომპენსაციის გაანგარიშების წესს. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ 65 წლის ასაკამდე, რის გამოც, იგი საერთო სასამართლოების მოსამართლეებს აქცევს უფრო ცუდ სამართლებრივ მდომარეობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლებთან მიმართებით და, ამ თვალსაზრისით, არღვევს თანასწორობის უფლებას.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
12. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთან მიმართებით, რადგან დასახელებულ პირთა ჯგუფისაგან განსხვავებით, მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენენ ხსენებული პირები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ასაკის მიზნებისათვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს. აღსანიშნავია, რომ თვისობრივად განსხვავებულია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის სამუშაოს სპეციფიკა და თანამდებობის ფარგლებში განსახორციელებელი ფუნქციები, რის გამოც, კანონმდებლობით ცალ-ცალკე და განსხვავებულად არის მოწესრიგებული როგორც კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები, ისე ნამსახურობის წლებში ჩასათვლელი სამსახურების ჩამონათვალი. ამდენად, არგუმენტაციის არარსებობის პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხოლოდ ზოგად მითითებას მის მიერ დასახელებული პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის დანიშვნის ასაკის იდენტურად მოწესრიგების ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული არსებითად თანასწორი სუბიექტების დიფერენცირებული მოპყრობა და არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1429 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
14. მოსარჩელე ასევე ითხოვს „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ნორმის თანახმად, „პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე“.
15. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის შესაბამის დებულებასთან მიმართებით.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1429 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1429 კონსტიტუციური სარჩელი („რევაზ სულწაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი