საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მელაძე და აკაკი საღაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | NN/2/155 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 1 აპრილი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი
სხდომის მდივანი
დარეჯან ჩალიგავა
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე აკაკი საღირაშვილი და მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი შორენა ჯანხოთელი, სპეციალისტი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების გამგე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გერონტი შუშანაშვილი,
განიხილა საქმე – „საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2001 წლის 26 მარტს. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი გადმოეცა 2002 წლის 12 სექტემბერს. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2002 წლის 25 სექტემბრის საოქმო ჩანაწერით მოქალაქე აკაკი საღირაშვილის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი „ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო“ არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
სადავო მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ; თუ ჩუქება გაუქმდა, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილი იქნეს მჩუქებლის მიერ; ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
მოსარჩელის აზრით, მას შემდეგ, რაც მჩუქებელი დასაჩუქრებელს გადასცემს ქონებას, დასაჩუქრებული ხდება ამ ქონების მესაკუთრე და მხარეებს შორის ყველანაირი ურთიერთობა წყდება. სადავო მუხლი კი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრების ჩამორთმევა ყოველთვის განპირობებული უნდა იყოს „საზოგადოებრივი საჭიროებით“. რაც შეეხება „მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას“, ეს პირადი ურთიერთობის სფეროა და მას არა აქვს კავშირი საზოგადოებრივ საჭიროებასთან. ამიტომაც ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
მოპასუხის წარმომადგენელმა შორენა ჯანხოთელმა აღნიშნა, რომ დასაჩუქრებულს ქონება საკუთრებაში გადაეცემა მისი თანხმობით, შესაბამისად ყველა თანამდევ შედეგზე დასაჩუქრებული თავისი ნებით გამოთქვამს თანხმობას. ამდენად, იგი წინასწარვე აცნობიერებს, რომ შესაძლებელია კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას მოხდეს ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ამ ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი, რაც განპირობებულია მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით. სწორედ ეს წარმოადგენს კიდეც ჩუქების მოტივს. ჩუქების გაუქმების შემთხვევები, კერძოდ კი, დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, სპობს იმ საფუძველს, რამაც ჩუქება წარმოშვა და ამდენად გამართლებულია. დასაჩუქრებულის მხრიდან ზნეობრივი ვალდებულების იგნორირება სავსებით სამართლიანად იწვევს მჩუქებლის მხრიდან ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას.
მოპასუხის აზრით კი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მხარეთა ნების საწინააღმდეგოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას შეიძლება მოხდეს საკუთრების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. სადავო ურთიერთობა კი არის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა და საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მით უფრო, რომ მსგავს დანაწესებს შეიცავს სხვა ქვეყნების სამოქალაქო კანონმდებლობაც.
სპეციალისტის აზრით, სამართალი ყოველთვის დაკავშირებული იყო ზნეობასთან. ზნეობა სამართლის ფუნდამენტია და უზნეო სამართალი თავის თავს აუქმებს. ჩუქება ქონების უსასყიდლო გადაცემას გულისხმობს, რაც ზნეობრივი მხარეა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო მუხლის სახით, სამართალი ზნეობის მხარდამჭერად გვევლინება, რადგან უმადურობა არის სიკეთეზე ბოროტებით პასუხის გაცემა. უმადურობა ზნეობრივი მოთხოვნების დარღვევაა. სპეციალისტის დასკვნით სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის გაუქმება სრულიად მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, სპეციალისტის დასკვნისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის სადავო ნორმა ნაჩუქრობის შინაარსის ერთერთ გამოვლინებას წარმოადგენს. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. როგორც თავის დასკვნაში კიდეც აღნიშნა საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტმა, „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“. ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეთიკურზნეობრივი იმპერატივებითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ ენასკვება დასაჩუქრებულის მხრიდან მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირსპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს. ნაჩუქრობის ეს იდეალურსამართლებრივი ნიშანთვისება აუცილებლად გასათვალისწინებელია 529-ე მუხლის კონსტიტუციურობის შეფასებისას.
მხედველობაშია მისაღები ის თავისებურებანი, რაც დამახასიათებელია უსასყიდლობის ნიადაგზე წარმოშობილი საკუთრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრების უფლება როგორც წესი, სახეზეა ყველა მისი ნიშანთვისებით, ზოგჯერ იგი ნაკლები მოუდევრობითა და სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას. ამიტომაცაა, რომ ისტორიულად ერთერთ ყველაზე მტკიცე და მოუშლელ საკუთრებად „ნასყიდი“ ითვლებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 529-ე მუხლის გარდა, იცნობს სხვა შემთხვევებსაც, როცა უსასყიდლოდ შეძენილი ქონება გარკვეული საფუძვლით მისი თავდაპირველი მესაკუთრის ხელში ბრუნდება. კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით „პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს“. 1455-ე მუხლის ძალით კი, მამკვიდრებლისაგან საჩუქრის სახით მიღებული ქონება მემკვიდრეს თავის სამკვიდრო წილში ეთვლება, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს ქონება მისი საკუთრება არც კი ყოფილიყოს. ამიტომაცაა, რომ კოდექსის 529-ე მუხლი საზოგადოდ უსასყიდლობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების მოშლის ერთერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ.
II. მხედველობაშია მისაღები ის განსხვავება, რაც შეიძლება არსებობდეს საკუთრების წარმოშობის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს შორის. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ თითქოს სანივთო უფლებებზე არ შეიძლება გავლენას ახდენდეს ვალდებულებითი, იგივე შეფარდებითი უფლებები. როგორც ნაჩუქრობის შემთხვევიდან გამოჩნდა, საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული (მიბმული) იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობისას. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშანთვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.
III. 529-ე მუხლის შინაარსიდან ჩანს, რომ იგი ეხება მხარეთა შორის არსებული ნაჩუქრობის ურთიერთობის გაუქმებას, რაზედაც მეტყველებს გამოთქმები - „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს“, „თუ ჩუქება გაუქმდება“. ჩუქების ფაქტის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა დამთავრებული რომ ყოფილიყო, მაშინ არც ჩუქების გაუქმებაზე იქნებოდა საუბარი, ვინაიდან შეუძლებელია გაუქმდეს ის, რაც არ არსებობს. საჩუქრის დაბრუნება სწორედ რომ ნაჩუქრობის გაუქმების შედეგია. 529-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ“. აქედან ჩანს, რომ ნაჩუქარზე საკუთრების უფლების შეწყვეტა ჩუქების გაუქმებას მოსდევს და ნაჩუქრობის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ამიტომაცაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელშერკულებო ურთიერთობის ერთი მხარის მიერ თავისი უფლების განხორციელება, რასაც დასაჩუქრებულისაგან საკუთრების დაბრუნება მოსდევს შედეგად, არ შეიძლება განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დარღვევად. მხედველობაშია მისაღები ის, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით უნდა იყოს განპირობებული. 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ საკუთრების ჩამორთმევაზე. არ შეიძლება საკუთრების ჩამორთმევად განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც ქონების უკან დაბრუნებას სახელშეკრულებო ურთიერთობა განაპირობებს.
IV. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. ამიტომაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც საკუთრება როგორც სიკეთე მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე ზნეობრივი ქცევა როგორც ღირებულება. უნდა დავეთანხმოთ სპეციალისტის პოზიციას, რომ ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება ერთობ მიღებული წესია სამართლის სხვადასხვა სისტემებში. ის, თუ კონკრეტულად რითი გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
V. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ვინაიდან ნაჩუქრობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, დასაჩუქრებულისათვის წინასწარვეა ცნობილი 529-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები. რადგანაც დასაჩუქრებული თანახმაა მიიღოს საჩუქარი, ივარაუდება, რომ ჩუქების გაუქმების შედეგებიც მისთვის მოულოდნელი არაა. მისი ნება ფორმალურად თანხმობაშია ხელშეკრულების შინაარსთან. ამიტომაც, ულოგიკო და უსაფუძვლოა იმისი მტკიცება, რომ 529-ე მუხლით ილახება დასაჩუქრებულის, როგორც მესაკუთრის ინტერესები.
VI. სასამართლო კოლეგია მიუთითებს სადავო მუხლის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც დასაჩუქრებულის უმადურობის გამო ჩუქების გაუქმებისა და, აქედან გამომდინარე, გაჩუქებული ქონების მჩუქებლის მიერ გამოთხოვის შესაძლებლობა (უფლება) არ არის შემოფარგლული ჩუქების აქტის განხორციელების დროიდან გასული განსაზღვრული ვადით. კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს და, შესაბამისად, მოპასუხე მხარის წარმომადგენელსაც, აგრეთვე სპეციალისტს არსებითად არ უმსჯელიათ და სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ სათანადო არგუმენტები აღნიშნული დებულების კონსტიტუციურობის თაობაზე. ამიტომ ამ კერძო საკითხს სასამართლო კოლეგია ვერ გადაწყვეტს განსახილველი საქმის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის აკაკი საღირაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
III. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
IV. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
V. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.