დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1756 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | დავით მალანია |
თარიღი | 21 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის “ჰ18” პუნქტი „ჰ18“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის “ტ” პუნქტი „ტ“ მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები: 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე დავით მალანია არის ქალაქ ზუგდიდში, კუბის ქუჩა 18-ში მდებარე უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამჟამად, საცხოვრებელ სახლში ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოქალაქე თამაზ ყურაშვილი, რომელიც არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს ქონებით და ხელს უშლის ქონების ერთადერთ რეალურ და კეთილსინდისიერ მესაკუთრეს მის ფლობას, სარგებლობასა და განკარგვაში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად თამაზ ყურაშვილი ვალდებულია უძრავი ქონება გადასცეს დავით მალანიას, რასაც თამაზ ყურაშვილი ნებაყოფლობით არ ასრულებს. მოსარჩელე დავით მალანიამ არაერთგზის მიმართა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიმწოდებელ კომპანიას შეეწყვიტათ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის შესაბამისი კომუნალური სერვისის მიწოდება, თუმცა ყოველი რეაგირების შემდეგ მოქალაქე თამაზ ყურაშვილი მიმართავდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც თავისი 2022 წლის 01 სექტემბრის N 2/02-23-8978 გადაწყვეტილებით დაავალა კომპანიებს აღუდგინონ მოქალაქე თამაზ ყურაშვილს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში კომუნალური სერვისების მიწოდება და გადაწყვეტილებაშივე მოიხმობს მის მიერ აქამდე შექმნილ პრაქტიკას მსგავსი სიტუაციების რეგულირებისათვის, რაც იმთავითვე არასწორი და უსამართლოა კეთილსინდისიერი მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების პრაქტიკაში რეალიზებასთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა, კერძოდ სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონმდებლობა უკანონოდ ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს არამართლზომიერ მფლობელს დაიკავოს ქონება და წლების მანძილზე ფლობდეს მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომლის აღმოფხვრასა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას წლები სჭირდება, ამას გარდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია მის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტებითა და გადაწყვეტილებებით ქმნის სტაბილური სამოქალაქო ბრუნვისათვის საშიშ პრაქტიკას და ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ერევა მესაკუთრის საკუთრების უფლებაში რაც წინააღმდეგობშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან. შესაბამისად, ვასაჩივრებთ საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მესამე მუხლის „ჰ18“ პუნქტისა და საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და წყლის მომხმარებლის ტერმინს განმარტავს ფართოდ და მის ქვეშ მოიაზრებს არამარტო მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს, არამედ არამართლზომიერ მფლობელსაც და არამართლზომიერ მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს მის მიერ არამართლზომიერად დაკავებულ ქონებაში სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
აშკარაა, რომ სადავო ნორმების - საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მესამე მუხლის ჰ18 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას თვითნებურად დაკავებულ უძრავ ქონებაში მიიღოს კომუნალური მომსახურება უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელე დავით მალანიას საკუთრების უფლებას და უხეშად ერევა მისი უფლების რეალიზაციაში, განკარგოს ( გადაწყვიტოს) მის უძრავ ქონებაში კომუნალური სერვისის მიწოდება-არმიწოდების საკითხი.
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა: საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად ჩვენ უფლებამოსილნი ვართ სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
4 ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩვენი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩვენს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადავო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მისი მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული გვაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2. კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3. სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის 1 და 3-ე პუნქტთან.
4. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან
საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მესამე მუხლის ჰ18 პუნქტის და საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და წყლის მომხმარებლის ტერმინს განმარტავს ფართოდ და მის ქვეშ მოიაზრებს არამარტო მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს, არამედ არამართლზომიერ მფლობელსაც და არამართლზომიერ მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს მის მიერ არამართლზომიერად დაკავებულ ქონებაში სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მესამე მუხლის ჰ18 პუნქტის და საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლის და წყლის მომხმარებლის ტერმინს განმარტავს ფართოდ და მის ქვეშ მოიაზრებს არამარტო მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს, არამედ არამართლზომიერ მფლობელსაც და არამართლზომიერ მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს მის მიერ არამართლზომიერად დაკავებულ ქონებაში სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურება მესაკუთრის თანხმობის გარეშე, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია საკუთრების უფლება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
„საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას”. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის № 1/2/384 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნქტი)
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების პრაქტიკულ რეალიზებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N3/1/512 გადაწყვეტილება, პარ, II-33). სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დავით მალანიას გააჩნია საკუთრების უფლება ქალაქ ზუგდიდში, კუბის ქუჩა N 18-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც ამჟამად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად აქვს დაკავებული მოქალაქე თამაზ ყურაშვილს. მოსარჩელე დავით მალანიამ გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული კანონიერი საშუალება მისი უძრავი ქონებიდან მოქალაქე თამაზ ყურაშვილის გამოსახლების მიზნით, კერძოდ დაკმაყოფილდა მისი სავინდიკაციო სარჩელი და გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, მათ შორის ჩაინიშნა აღსრულების თარიღი, თუმცა მოქალაქე თამაზ ყურაშვილი არც ნებით, არც აღსრულების პოლიციის მიერ კანონისმიერი ძალის გამოყენებით არ ტოვებს მოსარჩელე დავით მალანიას კერძო საკუთრებას. მოსარჩელე დავით მალანიამ მიმართა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა წყალმომარაგების მიმწოდებელ კომპანიებს და მოითხოვა მისი უძრავი ქონებისათვის კომუნალური სერვისების მიწოდება, კომპანიებმა მოახდინეს რეაგირება, თუმცა მოქალაქე თამაზ ყურაშვილმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც 2022 წლის 01 სექტემბრის N 2/02-23-8978 გადაწყვეტილებით აცნობა მოსარჩელე დავით მალანიას, რომ კომისიის მიერ გაცემულია მითითება მოქალაქე თამაზ ყურაშვილს აღუდგეს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიწოდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა წესით გამოსახლების აღსრულების განხორციელებამდე. სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი ზღუდავს მოსარჩელე დავით მალანიას საკუთრების უფლებას, კერძოდ განკარგავდეს მის უძრავ ქონებას, რაც საკუთრების უფლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ყოველგვარ აზრს დაკარგავს თუ მესაკუთრეს არ შეეძლება მისი სურვილისამებრ განკარგვა. ამდენად, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს, უშუალოდ შეეხება თავად ამ საკუთრების შეზღუდვის ფუნდამენტურ არსს, რომ მესაკუთრემ თავად განკარგოს თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში თავისი საკუთრება და ამ საკუთრების უფლებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა.
სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს ფორმალური მოთხოვნის დაცვის ვალდებულებას, რომლის დაუცველობაც სადავო რეგულირების შინაარსისგან დამოუკიდებლად, უფლების შემზღუდველი ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას იწვევს.
სადავო ნორმები წარმოადგენს საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მესამე მუხლის ჰ18 პუნქტის და საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ“ პუნქტის ნორმატიულ შინაარსს, შესაბამისად ეს კანონი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე.
სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებთან მიმართებით:
საკუთრების შეძენის კონსტიტუციური გარანტია იცავს საკუთრების მართლზომიერად შეძენის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი (ამჟამინდელი მე-19 მუხლი), რომელიც საკუთრების უფლების რეგლამენტაციას ახდენს, იცავს კანონიერ საკუთრებას, რომლის კანონიერებასაც საფუძველშივე განსაზღვრავს მისი მართლზომიერად შეძენის ფაქტი. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური გარანტია თავის თავში მოიაზრებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, საკანონმდებლო რეგულირებას დაუქვემდებაროს საკუთრების შეძენის წესი, რომელიც, თავის მხრივ, მატერიალური შინაარსით, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის № 1/2/384 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნქტი)
საკუთრების უფლება განამტკიცებს მისი შეძენისა და გასხვისების საყოველთაო უფლებას (mutatis mutandis, ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარ.32). „ იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარ.33).
საკუთრების ძირითადი სიკეთე არის ის, რომ ადამიანმა კეთილდღეობა და სარგებელი მიიღოს თავისი საკუთრებისგან. საკუთრების ფლობაც აზრს დაკარგავს თუ მის მესაკუთრეს არ ექნება მისი თავისუფლად, საჭირო დროს, საჭირო ფასად გაქირავებისა თუ გაყიდვის შესაძლებლობა. ილუზორული გახდება საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია თუ მას არა მხოლოდ ფლობის, როგორც სტატიკურ მდგომარეობაში მყოფის, არამედ სამოქალაქო ბრუნვაში მოძრავი, გასხვისების ელემენტის გარეშე განიხილავს. საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ მესაკუთრემ განკარგოს ნივთი ისე, როგორც ის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების უფლება აზრს დაკარგავს, მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - განკარგვის გარეშე. სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური ვალდებულება, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიით, თავისუფლად განკარგოს მისი საკუთრება. თუკი დაწესებული რეგულირება, შეზღუდვებით გამოაცლის ღირებულებას საკუთრებას და მესაკუთრეს არ ექნება მისი საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, მათ შორის შევზღუდავთ გადაწყვეტილების მიღებას - გასცეს თუ არა თანხმობა მის უძრავ ქონებაში კომუნალური სერვისების მიწოდებისათვის, ამით დაირღვევა საკუთრების ძირითადი არსი. თავად საკუთრება შინაარსს დაკარგავს თუ მას ისეთი ფორმებით შევზღუდავთ, რომ მესაკუთრე ვერ განახორციელებს მისი უძრავი ქონების განკარგვას, მისი ქონების შენახვისა თუ მოვლისათვის აუცილებელ მოქმედებებს, ვერ მოახერხებს მისი საკუთრების სათანადოდ დაცვას არამართლზომიერი მფლობელებისაგან. თუკი უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს ექნება უფლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და ამ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სერვისით, მათ შორის კომუნალური მომსახურებით, ეს კი არათუ ახეირებს არამედ ზიანს მიაყენებს იმთავითვე მესაკუთრის უფლებებსა და ინტერესებს, შეზღუდავს სამოქალაქო ბრუნვას, აზრს დაუკარგავს თავად ამ უძრავი ქონების საკუთრებაში ქონას, რაც თავისთავად წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.
ამასთან, საკუთრების უფლების კონსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიას, კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებიც განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთია ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის შემადგენელი ნაწილია. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით ეკონომიკური თავისუფლება აღირებული და უზრუნველყოფილია. ამდენად, აღნიშნულ პრინციპს საქართველოს კონსტიტუციის არაერთ ნაწილში ვხვდებით, რაც მისი დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ეკონომიკური განვითარება თავად ქვეყნის განვითარებას განამტკიცებს და მოქალაქეების კეთილდღეობის ხელშემწყობია. ეკონომიკური თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკუთრებითი ურთიერთობების სფეროში ინდივიდის მოქმედების თავისუფლების გამოვლენის გარეშე წარმოუდგენელია (mutatis mutandis, ქრონქვისტი, 3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 54). ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება ვერ მიიღწევა კერძო ურთიერთობებში ადამიანების თავისუფალი მოქმედების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე დავით მალანია, როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, რომლის კეთილსინდისიერების ფაქტი არ არის სადაო. ნათელია, რომ მესაკუთრეს ქონების შეძენისას აქვს თავისი მიზნები ფლობდეს თუ ისარგებლოს შეძენილი ქონებით, მიიღოს სარგებელი. სხვაგვარ შემთხვევაში იგი ამ ქონებას არ შეიძენდა. როდესაც სადავო ნორმა უპირატესობას ანიჭებს არამართლზომიერ მფლობელს და უგულებელყოფს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებას, იმთავითვე არღვევს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას, მესაკუთრეებს უსპობს ყველა კანონიერ გზასა და საშუალებას ისარგებლონ მათი ქონებით თავისუფლად. გარდა ამისა, საკუთრების უფლებას ზღუდავს სარგებლობის იმ ნაწილშიც, რომ მსგავსი სადავო ნორმებისა და პრაქტიკების შექმნით, მესაკუთრეს იმ შიშით, რომ შესაძლებელია დამქირავებელმა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არ დატოვოს ქონება (რის შემდეგაც ფლობა და სარგებლობა არამართლზომიერი ხდება) და კანონმაც ხელი შეუწყოს ამგვარ თვითნებობას, აიძულებს თვითშეზღუდვას არ გააქირავოს ქონება და ფინანსური სარგებელი მიიღოს საკუთარი ქონებიდან. ამგვარი რეგულაციით სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას საფრთხე ექმნება, ვინაიდან პირველ რიგში, ზიანს აყენებს და აზრს უკარგავს „კეთილსინდისიერი შემძენის, მესაკუთრის“ ინსტიტუტს და ფაქტობრივად, ამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პირებს შეუძლიათ ფლობდნენ და სარგებლობდნენ სხვისი საკუთრებით, თვითნებურად დაიკავონ სხვისი ქონება, ისარგებლონ მისით, მიიღონ ამ ქონებაში კომუნალური მომსახურება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ფაქტიურად იქმნება ვითარება, რომ არამართლზომიერი მფლობელი უფრო მეტ სარგებელს იღებს უძრავი ქონებიდან ვიდრე თავად მესაკუთრე, გარდა ამისა, მესაკუთრე ვერ იყენებს ქონებას, როგორც შემოსავლის წყაროს, ამით ზიანი მიადგება როგორც მესაკუთრეს, ასევე ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება ის გადასახადები, რომელიც ამ ქონების გაქირავებით შეიძლებოდა მიეღო.
“უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას…” (ქრონქვისტი,3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 38).
„საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტია პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ მოქმედ ნეგატიურ აკრძალვას გულისხმობდა (საკუთრების უფლების ნეგატიური ასპექტი). მოქალაქეს აქვს გარანტია, რომ სახელმწიფო მის კერძო საკუთრებას არ ხელყოფს და ამისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით სარგებლობს. ამავდროულად ეს გარანტია სახელმწიფოს ავალდებულებს მოახდინოს უფლების პოზიტიური იმპლემენტაცია კანონმდებლობაში (საკუთრების უფლების პოზიტიური ასპექტი), კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.7;)
„კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. საკუთრების უფლების დასახელებული ფუნქციების გარდა, 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, (ფირცხალაშვილი, სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, მისი ასახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, მართლმსაჯულება და კანონი 1/12 გვ. 49) რომელიც სახელმწიფოს გარკვეული ქმედებების შესრულებას ავალდებულებს. სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება ირღვევა მისი უმოქმედობისას. ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის დადგენა დამოკიდებულია შემდეგზე: როდესაც ნათელია, რომ საკუთრების ძირითადი უფლების დასაცავად კანონმდებლის მიერ შერჩეული საშუალება სრულად გამოუსადეგი და აშკარად არასაკმარისია მიზნის მისაღწევად, ასეთ შემთხვევებში, განსხვავებით დარღვევის კლასიკური შემოწმებისაგან, საუბარია არა უფლების დაცულ სფეროში ჩარევაზე და ზომაზე მეტად ჩარევის აკრძალვის მოთხოვნაზე (თანაზომიერების პრინციპი), როგორც ეს ნეგატიური ფუნქციის მქონე ძირითად უფლებებთან გვხვდება, არამედ, სახელმწიფოს მიერ ძირითადი უფლებების დაცვის ვალდებულების ზომაზე, აუცილებელზე ნაკლებად შესრულებაზე“ („საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი” გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.)
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით საკუთრების უფლება ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „…ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.5)
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში საკუთრების უფლება უკვე დიდი ხანია ბუნებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, № 2/1-370,382,390,402, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნქტი.) უფლებად აღიარა. იგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მის ფუნდამენტურ მნიშვნელობასა და აღიარებს მას არსებობის ელემენტარულ საფუძვლად. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნქტი.) ამავე დროს სასამართლო საკუთრების ორმაგ ფუნქციაზეც საუბრობს. კერძოდ კი, აღნიშნავს, რომ საკუთრება წარმოადგენს სუბიექტურ უფლებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის ღირებულებათა კონსტიტუციურ წესრიგს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ივნისის 2012 წლის გადაწყვეტილება № 512, სამოტივაციო ნაწილი, 41-ე პუნქტი.) ამასთან, „სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება № 1/2/384).
საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების, გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის სუბიექტურ უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში. კერძოდ კი, ეს უფლება გამოიხატება პირის უფლებაში, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ამ უფლების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის იმავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს კანონმდებლობაში საკუთრების შინაარსის კონსტიტუციის შესაბამის რეგლამენტირებას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება № 1/2/384)
„იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას”. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება № 512 სამოტივაციო ნაწილი, 33-ე პუნქტი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (ქრონქვისტი,3/1/512 გადაწყვეტილება, პარა. 60).
სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიჩნევს არამართლზომიერი მფლობელების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას და აღნიშნავს, რომ „მსგავს შემთხვევებში კომუნალური მომსახურების მიღების ინტერესი აღემატება საკუთრების დაცვის ინტერესს...მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება მაღალი სტანდარტის სამართლებრივი ინსტიტუტი და სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი ბაზისია, კომისია მიიჩნევს, რომ გარდა საკუთრების უფლებისა, ადამიანის სხვა უფლებებსაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, რადგან რაც უფრო ფართო, გარანტირებული და დაცულია ეს უფლებები სახელმწიფოს მხრიდან, მით უფრო მეტად იკვეთება ადამიანის ფასეულობა შესაბამისი ქვეყნისთვის...ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, და სწორედ, ადამიანის ძირითად უფლებებს შორის სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა, რომელიც თავის თავში მოიცავს არა უბრალოდ ცხოვრების არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებას, ხოლო ღირსეული ცხოვრების საფუძვლების დაცულობის გარეშე საკუთრების უფლება მარტივად კარგავს თავის ღირებულებას...კომისიას ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ უძრავ ქონებაზე უძრავ ქონებაზე დავის შემთხვევაში სადავო ბინაში მცხოვრები პირის გამოსახლების დასრულებამდე დაუშვებელია კომუნალური მომსახურების შეწყვეტა. მსგავს საკითხებზე კომისიაში დამკვიდრებულია ერთიანი მიდგომა და სამართლებრივი პრაქტიკა (მაგალითად, 2012წ. 7 ნოემბრის N30/9 და 2014 წლის 17 ივლისის N26/18 გადაწყვეტილებები).“(საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის N 18/16 გადაწყვეტილება).
„კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულება, საპროცესო წესრიგს დაუქვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია, თუმცა ამ პროცესში უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები აუცილებლობის პროპორციულად უნდა იქნეს გამოყენებული. კანონმდებელი ვალდებულია, საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმების შემოღებით უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ, მომეტებულად არ შეზღუდოს უფლება.“ (ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014)
„საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს კი ევალება, რომ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონფლიქტის დროს, გაავლოს ზღვარი, რომელიც ამ ინტერესებს შორის კონსტიტუციურ ბალანსს ასახავს.“ (საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/569, 11 აპრილი, 2014)
„საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი და დანიშნულებაა კონსტიტუციურ უფლებათა ისეთი განმარტება, რომელიც კონსტიტუციის მიზნების, კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების და თავად ძირითადი უფლების არსის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს უფლების პრაქტიკულად, რეალურად და ეფექტურად სარგებლობას და არ გამოფიტავს მას თეორიულ და ილუზორულ უფლებამდე.“ (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/477, 22 დეკემბერი, 2011)
საინტერესოა, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანია არამართლზომიერი მფლობელის ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფა ისე, რომ არც კი განიხილავს მესაკუთრის საკუთრების უფლებას და თავად მესაკუთრის ღირსეული ცხოვრების უფლებას. ნათელია, რომ აღნიშნული რეგულაცია ვერ ახდენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ვერ უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს მესაკუთრეთა უფლებებისა და არამართლზომიერი მფლობელების უფლებებს შორის. თუკი სახელმწიფოს გააჩნია ბერკეტი, მექანიზმი, სათანადო საკანონმდებლო რეგულირება და რესურსი უსახლკაროთა სათანადო საცხოვრებლითა და მინიმალური საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფისათვის, მაშინ რატომ აჭიანურებს დროში ამ პროცესს და რატომ ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს უკანონოდ? სახელმწიფო ვალდებულებას აკისრებს მესაკუთრეს გამოსახლებამდე პერიოდში უზრუნველყოს არამართლზომიერი მფლობელი საბაზისო საჭიროებებით, მაშინ როდესაც პირთა წინაშე სახელმწიფოს ამის ვალდებულება და რესურსიც ნებისმიერი კერძო მესაკუთრისაგან დამოუკიდებლად გააჩნია პოზიტიური ვალდებულების სახით.
როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლშია განმტკიცებული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოქალაქეები და უზრუნველყოს მათი სოციალური კეთილდღეობა, მათ შორის სათანადო საცხოვრისით და საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა, მაგრამ არა სხვა მოქალაქის უფლებების შეზღუდვისა და უგულებელყოფის ფონზე, მესაკუთრის ინტერესების შელახვის საპირწონედ. როცა ვსაუბრობთ საკუთრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურობაზე და ერთმანეთს ვუპირისპირებთ კერძო მესაკუთრის ინტერესსა და საჯარო ინტერესს, საინტერესოა რამდენად ექცევა საჯარო ინტერესში არამართლზომიერი მფლობელის უფლებები, და რატომ არ ექცევა ამ საჯარო ინტერესში კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე?
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ არათუ სათანადოდ არამედ, საერთოდ არ ხდება იმის მოკვლევა და გათვალისწინება აქვს თუ არა არამართლზომიერ მფლობელს სხვა ქონება, სადაც შეუძლია იმ სიკეთეებით სარგებლობა, რა სიკეთეებითაც ის სარგებლობს სხვისი საკუთრების დაკავებისას, ხომ არ იყენებს სოციალური კეთილდღეობის უფლებას ბოროტად კერძო მესაკუთრის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო არ იკვლევს არამარტო არამართლზომიერი მფლობელის არამედ, თავად მესაკუთრის მდგომარეობას, იქნებ ეს კონკრეტული საკუთრება, წარმოადგენს მესაკუთრის ერთადერთ უძრავ ქონებას, რომელიც აუცილებელია მის საცხოვრებლად გამოყენებისათვის, ან იქნებ ამ ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს მესაკუთრისათვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს და ამ უფლების შეზღუდვით, მესაკუთრეს არ ეძლევა ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება, ცხოვრების ისეთი დონის უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია მესაკუთრისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. რით განსხვავდებიან ასეთ შემთხვევაში ერთმანეთისგან არამართლზომიერი მფლობელი და მესაკუთრე? კანონი ყოველგვარი გამართლების გარეშე ასხვავებს მათ და უგულებელყოფს მესაკუთრის უფლებებს, უპირატესობას ანიჭებს არამართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე დავით მალანიამ გამოიყენა ყველა შესაძლო კანონიერი საშუალება არამართლზომიერი მფლობელის მისი საკუთრებიდან გამოსახლების მიზნით, თუმცა მოქალაქე თამაზ ყურაშვილი არც ნებით, არც კანონისმიერი ძალით არ ტოვებს სხვის საკუთრებას. მოსარჩელე დავით მალანიას აღარ რჩება არცერთი კანონიერი საშუალება და მექანიზმი მისი საკუთრების გათავისუფლებისათვის, გარდა იმისა, რომ მიმართოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიებს შეუწყვიტონ მის საკუთრებას შესაბამისი კომუნალური მომსახურების მიწოდება. სახელმწიფო მესაკუთრის მიერ ამგვარი კანონიერი მექანიზმისათვის მიმართვას უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს და ამგვარი რეგულაცით ჰქმნის მახინჯ პრაქტიკას - ბოროტად გამოიყენონ არამართლზომიერმა მფლობელებმა არაკონსტიტუციური ნორმები და მათი განმარტებები უკანონო მიზნების მისაღწევად.
თუკი მესაკუთრე მიმართავს ყველა კანონიერ საშუალებას გამოსახლებისათვის, მათ შორის სურს შეწყვიტოს მის უძრავი ქონებისათვის კომუნალური მომსახურების მიწოდება, მაგრამ ამ კანონიერი საშუალების საპირისპიროდ, როგორც არამართლზომიერი მფლობელისაგან, ასევე სახელმწიფოსაგან იღებს არაერთგზის ხელშეშლას, ყოველგვარ აზრს კარგავს საკუთრების უფლება. იგი მხოლოდ ჩანაწერის სახით იქნება კონსტიტუციასა თუ არაერთ კანონში, მაგრამ პრაქტიკულად ვერ მოხდება ამ უფლების რეალიზაცია. ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში, ვერც თავად მესაკუთრე შეძლებს ქონების ფლობას, ვერც მისით სარგებლობას და შესაბამისად შემოსავლის მიღებას, ვერც მის განკარგვას - გასხვისებას, ვინაიდან ასეთ უძრავ ქონებას არავინ შეიძენს. მესაკუთრე მხოლოდ სამართლებრივ დოკუმენტებსა და კანონში მოიხსენიება, როგორც მესაკუთრე - აღჭურვილი საკუთრების უფლების ყველა კომპონენტით, მაგრამ პრაქტიკაში ვერ შეძლებს ვერცერთი კომპონენტის გამოყენებას. კანონი ამ რეგულაციით თავად უსახლკაროდ მყოფ მესაკუთრესაც უბიძგებს, თუკი ვერ შეძლებს საკუთარი ქონების ფლობასა და სარგებლობას, დაიკავოს სხვისი უძრავი ქონება და ისე გამოიყენოს, როგორც ამას მის ქონებაში არამართლზომიერად მყოფი პირი ახდენს. თანაც ფაქტია, რომ სახელმწიფო კანონის დონეზე არამართლზომიერ მფლობელს უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს, ვიდრე მესაკუთრეს და გარანტიები თავისთავად მას უფრო მეტი აქვს. კანონის ამგვარი რეგულაცია ფაქტობრივად, ადამიანებს უბიძგებს არაკანონიერი, ძალმომრეობითი ხერხებით დაიკავონ სხვისი ქონება და ხელს უწყობს მათი ბოროტი მიზნების მიღწევას, თავის მხრივ, უგულებელყოფს ყველა კანონიერ საშუალებას. შედეგად ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ კანონიერი საშუალებების გამოყენებით საკუთრების უფლების პრაქტიკაში რეალიზაცია შეუძლებელია, თავის მხრივ, არამართლზომიერი მფლობელი კი სხვისი საკუთრების უფლებას მესაკუთრის თანხმობის გარეშე თავისუფლად იყენებს მისი მიზნების მისაღწევად, ისე რომ თავის დროზე ამ უფლებების შესაძენად არცერთი სამართლებრივი საშუალება არ გამოუყენებია.
ყოველივე ზემოთ განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, ნათელია, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ, არამართლზომიერი მფლობელის უფლებები და მეორეს მხრივ, კეთილსინდისიერი შემძენის, მესაკუთრის უფლებები, თუმცა კანონი ყოველგვარი გამართლების გარეშე უპირატესობას ანიჭებს არამართლზომიერ მფლობელს, ისე რომ არც კი ითვალისწინებს მხარეების რეალურ მდგომარეობას, მათ შესაძლებლობებს, გარდა ამისა, სახელმწიფო კერძო პირზე, ქონების მესაკუთრეზე ფაქტობრივად ახდენს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დელეგირებას და აკისრებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, ღირსებული საცხოვრებლითა და მინიმალური საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფაზე, ნაცვლად იმისა, რომ თავად უზრუნველყოს, როგორც მესაკუთრის უფლებების დაცვა, ასევე უსახლკაროთა ღირსეული საცხოვრებლით და საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ რეგულაციით მხოლოდ კერძო მესაკუთრეების უფლებები იზღუდება, სხვაგავარ მიდგომას იყენებს იგი სახელმწიფო ქონების მფლობელობისას, კერძოდ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, სახელმწიფო ქონებით მართლზომიერად მოსარგებლე პირებსაც კი კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვაზე ესაჭიროებათ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობა შესაბამისი კომუნალური სერვისების მისაღებად.[1] სადავო ნორმები კი მესაკუთრის თანხმობის გარეშე ანიჭებს უფლებას არამართლზომიერ მფლობელს დარეგისტრირდეს აბონენტად და მიიღოს შესაბამისი კომუნალური მომსახურება. სახელმწიფო განსხვავებულ მიდგომას იყენებს სახელმწიფო ქონებისა და კერძო ქონებით სარგებლობის ნაწილში. სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დროსაც კი სახელმწიფო საკუთრების დაცულობის გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებს ვიდრე კერძო მესაკუთრისათვის. სახელმწიფო ქონებით სარგებლობისას შესაბამისმა ორგანომ დამატებით თანხმობა უნდა გასცეს ობიექტისათვის კომუნალური მომსახურების მისაწოდებლად, მაშინ როდესაც სადავო ნორმა კერძო მესაკუთრის თანხმობის გარეშე თვითნებურად აძლევს უფლებას არამართლზომიერ მფლობელსაც კი ისარგებლოს მესაკუთრის უძრავი ქონებით შეუზღუდავად და მიიღოს კომუნალური მომსახურება.
ამდენად, აშკარაა, რომ სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. გარდა იმისა, რომ მხედველობაში არ იღებს თავად უძრავი ქონების მესაკუთრის ღირსეული ცხოვრების უფლებას, არამართლზომიერი მფლობელის შემთხვევაშიც მხოლოდ დროებით, გამოსახლებისათვის საჭირო კანონისმიერი საშუალებების გამოყენების ვადით, ისიც კერძო მესაკუთრის უფლებათა შეზღუდვის ხარჯზე ხდება მათი უფლებების დაცვა, ხოლო გამოსახლების შემდეგ ეს პირები ისევ „ღირსეული ცხოვრების უფლების“ უზრუნველყოფის მოლოდინის რეჟიმში გადადიან.
ამასთან, სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება. სახელმწიფო ვალდებულია და შეუძლია კიდეც გადადგას სხვა პოზიტიური ნაბიჯები სოციალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით მოახდინოს უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრისითა და მინიმალური საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა.
სადავო რეგულირებით მნიშვნელოვნად ზარალდება მესაკუთრე, რომელსაც არ შეუძლია თავისი საკუთრების ღირებულების შესაბამისი კეთილდღეობა მიიღოს. ამდენად. სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული, თანაზომიერი საშუალება, რადგან იგი მესაკუთრის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე ხორციელდება.
მხედველობაში მისაღებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ უმსჯელია საკითხზე, როდესაც მოქალაქის მიერ მოთხოვნილია ნორმატიულ აქტში მოცემული „ტერმინის განმარტების“ არაკონსტიტუციურად ცნობა. არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიულ აქტში გამოყენებულ „ტერმინთა განმარტებაში“ არ კითხულობს უფლების შემზღუდველ წესს; შესაბამისად, მას არ იღებს არსებითად განსახილველად.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები ნამდვილად წარმოადგენს ტერმინის განმარტებას და არ მოიცავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ან მომხმარებლის აბონენტად რეგისტრაციის კონკრეტულ წესსა და რეგულირებას, თუმცა აღნიშნულ ნორმებს, ფართოდ განმარტავს და იყენებს ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს ლიცენზიატსა და მომხარებელს შორის დავებს და ეროვნულ დონეზე ჰქმნის პრაქტიკას, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია მათ შორის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობისა თუ არადომინირებული მდგომარეობის მქონე ლიცენზიატისათვის. კომისია დეფინიციის ფარგლებში მოიაზრებს არამართლზომიერ მფლობელსაც, რომელსაც აბონენტად რეგისტრაციისა თუ შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის მესაკუთრის მხრიდან არ აქვს თანხმობა. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა თუ ენერგეტიკის მიწოდების კონკრეტული საკანონმდებლო აქტები, რომელიც საცალო ბაზრის წესებს არეგულირებს აუცილებლად წარსადგენ დოკუმენტად მოითხოვს მესაკუთრეობის ან მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მესაკუთრის თანხმობას. კომისია მის მიერ შექმნილი პრაქტიკით (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012წ. 7 ნოემბრის N30/9; 2014 წლის 17 ივლისის N26/18 და 2016 წლის 18 მარტის N 18/16 გადაწყვეტილება) წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ პრაქტიკის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს მოქალაქეებს, თავის მხრივ კი ზიანს აყენებს კონკრეტული უძრავი ქონების მესაკუთრეს, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანსაც კი.
სადავო ნორმებში მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოიაზრებს და განმარტავს არამართლზომიერ მფლობელსაც მესაკუთრის თანხმობის გარეშე და შესაბამის მიმწოდებელს უთითებს აღუდგინოს მომსახურების მიწოდება ასეთ პირს, მიუხედავად მესაკუთრის პოზიციისა, ასეთი მითითება კი მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულოა. ნორმის ასეთი განმარტება პრაქტიკაში იწვევს მესაკუთრისათვის უფლების შეზღუდვას.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკა, რომლითაც „ტერმინთა განმარტებაში“ არ კითხულობს უფლების შემზღუდველ წესს და შესაბამისად, მას არ იღებს არსებითად განსახილველად, განსხვავებულია მოცემული დავისგან და აშკარაა, რომ აღნიშნული ტერმინის განმარტებიდან შექმნილი პრაქტიკის საფუძველზე იკითხება უფლების შემზღუდველი წესი.
ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
[1] იხ. კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვაზე თანხმობა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Edr9sy
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა