დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/30/1756 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 დეკემბერი 2023 13:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ და „ჰ18“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1756) მომართა დავით მალანიამ. №1756 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. №1756 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს.
2. №1756 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ და „ჰ18“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს მითითებული კანონის მიზნებისთვის „მომხმარებელი“ და „საყოფაცხოვრებო მომხმარებელი“. კერძოდ, მომხმარებელი არის საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებელია საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. №1756 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არამართლზომიერად ცხოვრობს მოქალაქე თამაზ ყურაშვილი, რაც,მოსარჩელის მითითებით, დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, თამაზ ყურაშვილი ვალდებულია, უძრავი ქონება გადასცეს დავით მალანიას, თუმცა იგი ამას ნებაყოფლობით არ ასრულებს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა უფლებამოსილ ორგანოს, შეეწყვიტათ მის საკუთრებაში კომუნალური მომსახურების მიწოდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 01 სექტემბრის N2/02-23-8978 გადაწყვეტილებით, მოქალაქე თამაზ ყურაშვილს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში აღუდგა კომუნალური მომსახურების მიწოდება.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ და „ჰ18“ ქვეპუნქტები განმარტა ფართოდ და საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და წყლის მომხმარებლის ტერმინებში მოიაზრა არა მარტო მესაკუთრე ან ქონების მართლზომიერი მფლობელი, არამედ ქონების არამართლზომიერი მფლობელიც. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების ამგვარი განმარტება ქონების არამართლზომიერ მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, წლების მანძილზე ცხოვრობდეს კერძო საკუთრებაში და ისარგებლოს კომუნალური მომსახურებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც, თავისთავად, არღვევს მესაკუთრის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკუთრების ფლობა აზრს დაკარგავს, თუ მის მესაკუთრეს არ ექნება ქონების თავისუფლად, საჭირო დროს განკარგვის უფლება. მოსარჩელის განმარტებით, ქონების არამართლზომიერად ფლობის შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ შეძლებს მის გაყიდვასა თუ გაქირავებას ან ქონების სხვაგვარად განკარგვას, რაც ფაქტობრივად, აზრს უკარგავს საკუთრების ფლობას. ამგვარი ხელშეშლის აღმოფხვრის გზას კი მოსარჩელე მხარე ქონების არამართლზომიერი მფლობელისთვის კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტაში ხედავს. ამდენად, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია რეგულაცია, რომელიც ქონების არამართლზომიერი მფლობელისთვის კომუნალური მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნად კომისია მიიჩნევს არამართლზომიერი მფლობელის სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას და აღნიშნავს, რომ სიცოცხლის უფლება, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს, თავის თავში მოიცავს არა უბრალოდ ცხოვრების, არამედ ღირსეული ცხოვრების უფლებას. ამდენად, კომისიას ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ უძრავ ქონებაზე დავის შემთხვევაში, პირის გამოსახლების დასრულებამდე, დაუშვებელია კომუნალური მომსახურების შეწყვეტა.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს მესაკუთრისა და არამართლზომიერი მფლობელის უფლებების დაცვას შორის. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ არათუ სათანადოდ, არამედ საერთოდ არ ხდება იმის მოკვლევა, აქვს თუ არა არამართლზომიერ მფლობელს სხვა ქონება, სადაც შეუძლია იმ სიკეთეებით სარგებლობა, რა სიკეთითაც ის სარგებლობს სხვისი საკუთრების დაკავებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო არ იკვლევს თავად მესაკუთრის მდგომარეობას, წარმოადგენს თუ არა ქონება მესაკუთრის ერთადერთ უძრავ ქონებას, რომელიც აუცილებელია მის საცხოვრებლად გამოყენებისათვის ან ამ ქონებისგან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს თუ არა მესაკუთრისათვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს. ამდენად, სახელმწიფო ზრუნავს არამართლზომიერი მფლობელისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის, თუმცა ამგვარ უფლებას ართმევს ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული, თანაზომიერი საშუალება, რადგან იგი მესაკუთრის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე ხორციელდება. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა საკუთრების უფლების სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც შეიძლება. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია და ვალდებულიც არის, სოციალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით მოახდინოს უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრისითა და მინიმალური საბაზისო საჭიროებებით უზრუნველყოფა.
10. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონებით მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დროს სახელმწიფოს საკუთრების დაცულობის გაცილებით მაღალი სტანდარტია დადგენილი, ვიდრე კერძო მესაკუთრისათვის. კერძოდ, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისას შესაბამისმა ორგანომ დამატებით თანხმობა უნდა გასცეს კომუნალური მომსახურების მიწოდებისთვის მაშინ, როდესაც სადავო ნორმები კერძო მესაკუთრის თანხმობის გარეშე, არამართლზომიერ მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მესაკუთრის უძრავი ქონებით შეუზღუდავად და მიიღოს კომუნალური მომსახურება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის შინაარსს.
2. №1756 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ“ და „ჰ18“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, მისი ნებართვის გარეშე, ქონების არამართლზომიერი მფლობელისთვის კომუნალური მომსახურების მიწოდება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესის არაზუსტ აღქმას. №1756 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი ნორმებით განისაზღვრება ტერმინ „მომხმარებელის“ და „საყოფაცხოვრებო მომხმარებელის“ შინაარსი. კერძოდ, მომხმარებელი არის საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებელია საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ქონების არამართლზომიერი მფლობელისთვის კომუნალური მომსახურების მიწოდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები შემოიფარგლება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის „მომხმარებელის“ და „საყოფაცხოვრებო მომხმარებელის“ შინაარსის განსაზღვრით. საკუთრივ ეს ნორმები არ ასახელებს, თუ ვინ შეიძლება იყოს სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელი და როგორ უნდა მოხდეს მათი აბონენტად რეგისტრაცია. სადავო ნორმები საერთოდ არ განსაზღვრავს, თუ რა პროცედურული წესებისა და პირობების უზრუნველყოფით, დაცვით უნდა მოხდეს კომუნალური მომსახურების მიწოდება ქონების დროებითი მფლობელისათვის. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა - ქონების დროებითი მფლობელისთვის კომუნალური მომსახურების მიწოდებაზე თანხმობა გასცეს ქონების მესაკუთრემ, არ მომდინარეობს სადავო ნორმებიდან. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი განმარტებები ემსახურება საკანონმდებლო აქტში გამოყენებული შესაბამისი ტერმინების განსაზღვრებას და დამოუკიდებლად არ ქმნის უფლებაში ჩარევის რაიმე ავტონომიურ, თვითმყოფად საფუძველს.
4. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1756 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1756 კონსტიტუციური სარჩელი („დავით მალანია სქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე