ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1444 |
ავტორ(ებ)ი | ნიკოლოზ აკოფოვი |
თარიღი | 16 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
პატიმრობის კოდექსის 77–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მეორე წინადადება: „აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“ |
მე–15 მუხლის 1–ლი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ მე–15 მუხლის მე–2 პუნქტი: „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.“ 31–ე მუხლის 1–ლი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
პატიმრობის კოდექსის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილი: „ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.” |
მე–15 მუხლის 1–ლი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ მე–15 მუხლის მე–2 პუნქტი: „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.“ 31–ე მუხლის 1–ლი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის 1–ლი პუნქტი და მე–60 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1–ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311–ე მუხლის მოთხოვნებს. სახელდობრ:
ა) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ამასთან, არგუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოდგენილია შესაბამის ველში – მოთხოვნის არსი და დასაბუთება;
ბ) სარჩელის სუბიექტი უფლებამოსილი ფიზიკური პირია, რაც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე–60 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნორმებს;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას;
დ) განსახილველ მოთხოვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აქვს მიღებული;
ე) სარჩელში დასმული ყველა სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლის 1–ლი–მე–2 პუნქტებითა და 31–ე მუხლის 1–ლი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთა წრეს განეკუთვნება;
ვ) წინამდებარე სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა კანონმდებლობით არ არის დადგენილი;
ზ) სახეზე არ გვაქვს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, შესაბამისად, არ დგას საკითხი ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის თაობაზე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №004010519001 ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ნიკოლოზ აკოფოვის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 1261–1, 126–1, 1261–2, ბ, 111–151–1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით ბ–ნ ნიკოლოზს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა და იგი შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.
საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი–სამგორის სამმართველოს XI განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელ გიორგი მაზიაშვილის 2019 წლის 17 მაისის დადგენილებით, ბრალდებულ ნიკოლოზ აკოფოვს შეეზღუდა პატიმრობის კოდექსის 77–ე მუხლის 1–ლი პუნქტითა და 79–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა „მართლმსაჯულების განხორციელებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მან შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს დაზარალებულებზე თამარ ცაავაზე და სოფიო ჯოჯუაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს გააჩნია საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის ან პაემნის გზით იგი ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბრალდებულ ნიკოლოზ აკოფოვს დაბადებული 28.12.1978 წელს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
1.სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის 1–ლ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი - „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ... აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“
„დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უფლება იმდენად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ ის არ შეიძლება მსხვერპლად შეეწიროს მიზანშეწონილობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდვა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოადგინა შესაბამისი შეზღუდვის საფუძვლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის გათვალისწინებით“[1], რომელიც გამოიყენება ხსენებული მუხლის მიზნებისთვის:
„სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგლამენტაციას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის, საზოგადოებისა და პირის მოთხოვნილებებისა და რესურსების მიხედვით. ამასთან, inter alia, 1985 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე “აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები: შეზღუდვები შეესაბამება მე-6 მუხლს იმ შემთხვევაში, თუ ა) ემსახურება კანონიერ მიზანს, ბ) დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის (57-ე პუნქტი). ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.“[2]
„როგორც აღინიშნა, უფლების შეზღუდვის თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რამდენად სწორად არის შერჩეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.“[3]
„სამართლიანი სასამართლოს უფლება უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიად ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას თვლის. უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის არსებობის გარეშე, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.“[4]
„შესაბამისად, უფლება–თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული).“[5]
მოცემულ საქმესთან მიმართებით, ბრალდებულ ნიკოლოზ აკოფოვს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე შეეზღუდა ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება. როგორც აღინიშნა, დადგენილების მოტივაციას წარმოადგენდა დაზარალებულად ცნობილ პირებზე ჩვენების შეცვლის მიზნით პირდაპირი ზემოქმედების რისკის არსებობა. შესაბამისად, ბ–ნ ნიკოლოზს გარესამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი აეკრძალა, გარდა ჩემთან, როგორც თავის ადვოკატთან შეხვედრისა.
საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 77–ე მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 79–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. მითითებული მუხლებისთვის მოქმედებს დათქმა – აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პატიმრობის კოდექსი არ ითვალისწინებს შეზღუდვის შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, სასამართლო კონტროლის მექანიზმიც კი სრულიად უგულებელყოფილია და ხსენებული უფლებების რეალიზაცია მხოლოდ ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს.
პატიმარს უწევს მთელი 9 თვის განმავლობაში ასეთ შეზღუდულ ვითარებაში ყოფნა. ამ შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია მხოლოდ პროკურორის გადაწყვეტილებაზე. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუ რა შემთხვევაში ხდება ამ შეზღუდვების მოხსნა, რაც პროკურორს აძლევს შესაძლებლობას, რომ მთელი პატიმრობის განმავლობაში (9 თვე) ბრალდებული ჰყავდეს იზოლაციაში და შეზღუდოს მისი კონტაქტი გარე სამყაროსთან. როდესაც საწყის ეტაპზე აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეული საფრთხეების არსებობით, მაგრამ დროთა განმავლობაში აღნიშნული საფრთხის დონე მცირდება და აღარ არსებობს ამ შეზღუდვების მოქმედების საჭიროება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, სადავო ნორმის მზღუდავი ხასიათის კონსტიტუციურობა დგინდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.”[6]
განსახილველ საქმეში დაცვის მხარეს სრულიად ერთმევა გონივრული შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს პატიმრობის კოდექსის 77–ე და 79–ე მუხლებით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვის თაობაზე გამოტანილ დადგენილებაზე. შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე აგებულ სისტემაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელება არ შეიძლება ერთპიროვნულად დამოკიდებული იყოს პროცესუალური მოწინააღმდეგის კეთილ ნებაზე. იმ ფონზე, როდესაც აღკვეთის ღონისძიების, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება მოსამართლის მიერ და საფრთხეთა ინტენსივობის მიხედვით, პერიოდულად გადაისინჯება მხარეთა ან საკუთარი ინიციატივით, პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა მარტოოდენ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ცალსახად არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს უფლება ბრალდების მხარის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, ნეიტრალური არბიტრის წინაშე იმსჯელოს შეზღუდვის კანონიერებაზე და მხარის ინიციატივითვე დროდადრო გადაისინჯოს რამდენად რელევანტურია ხსენებული შეზღუდვების მოქმედება.
აღნიშნული პრობლემა თავს იჩენს ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ხდება წინასასამართლო სხდომის რამდენჯერმე გადადება ბრალდების მხარის ინიციატივით და ამ დროს, ბრალდებულს გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლება, მიმოწერისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით. პროკურორი ამ უფლებების შეზღუდვის მიზეზად ასახელებს პატიმრობის საფუძვლებს და ამ დროს არ არსებობს არანაირი დასაბუთება, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების გამო წესდება აღნიშნული შეზღუდვები. ხშირად ასეთი შეზღუდვები ატარებს შაბლონურ, დაუსაბუთებელ და არარელევანტურ ხასიათს. ბრალდებულმა შეიძლება ისე გაატაროს პატიმრობის მთელი 9 თვე გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე, რომ არ არსებობდეს ამ შეზღუდვის საფუძველი. როდესაც ხდება წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის რამდენჯერმე გადადება, უნდა ხდებოდეს ამ შეზღუდვების გადასინჯვებიც, რადგან ის საფრთხეები, რომლის გამოც ბრალდებულს შეეზღუდა გარე სამყაროსთან კონტაქტი, მცირდება და აღარ ატარებს რეალისტურ ხასიათს. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარკვეულ წესს, რომლითაც პროკურორი ვალდებული იქნებოდა, გადაესინჯა ამ უფლებების შეზღუდვის ძალაში დატოვების საკითხი. პირიქით, პროკურორს აქვს უფლება პატიმრობის ბოლომდე ძალაში დატოვოს აღნიშნული შეზღუდვები ან შეცვალოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ. კერძოდ, მას შეუძლია განსაზღვროს ამ უფლებების გამოყენების ხანგრძლივობა ან ვისთან შეუძლია იქონიოს ბრალდებულმა კონტაქტი ამ უფლებებით სარგებლობისას. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, პროკურორმა დადგინა, რომ პატიმრობის მეშვიდე თვეს ბრალდებულს შეუძლია ერთჯერადად გამოიყენოს პაემნის უფლება მხოლოდ მამასთან შესახვედრად.
სასამართლოში გასაჩივრების უფლების არ არსებობა პროკურორს/გამომძიებელს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება თვითნებურად გამოიყენოს, რადგან არ არსებობს მისი დადგენილების კანონიერების შესამოწმებლად ქმედითი მექანიზმი. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ახდენს ნიკოლოზ აკოფოვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას სამართლიან სასამართლოზე და საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის 1–ლ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი:
პატიმრობის კოდექსის 77–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მეორე წინადადება: „აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.“ პატიმრობის კოდექსის 79–ე მუხლის მე–2 ნაწილი: „ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.”
„უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება ... უფლების არსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით.“[7]
2.სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლის 1–ლ და მე–2 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ ამავე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით: „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.”
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე. “სასამართლო არ თვლის შესაძლებლად ან აუცილებლად, ამომწურავად განსაზღვროს “პირადი ცხოვრების” კონცეფცია“ (ნიმიცი გერმანიის წინააღმდეგ, 1992 წლის 16 დეკემბერი, 29-ე პუნქტი).”[8]
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს … დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა, მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან“.[9]
„ნებისმიერი კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს უფლებაში ჩარევის ფორმასა და ფარგლებს. ყველა უფლებაში ჩარევა ვერ იქნება ერთნაირი, რაც ერთმნიშვნელოვნად იკითხება კიდეც კონსტიტუციის მეორე თავიდან. ბუნებრივია, ცალკეულ უფლებებში ჩარევის განსხვავებული ფარგლები არ მიუთითებს ამა თუ იმ უფლების უფრო მეტ მნიშვნელობაზე სხვებთან შედარებით. უფლებაში ჩარევის განსხვავებული ფორმა, შინაარსი თუ ინტენსივობა მიუთითებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ საჯარო ინტერესზე, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია უფლებაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა.”[10]
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები – სახეზე უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
უფლების „შესაზღუდად სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობის კონსტიტუციური პირობა ემსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევის საჭიროების არსებობის ნეიტრალური პირის მიერ შეფასებას ... ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას.”[11]
„უფლების შეზღუდვისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ალტერნატივად კონსტიტუცია მიიჩნევს კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელი აუცილებლობის არსებობას.“[12],,გადაუდებელი აუცილებლობა” გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას.“[13]
წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულ ნიკოლოზ აკოფოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, ხოლო დადგენილება პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ გამოტანილია 2019 წლის 17 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ არავითარი გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება, რაც დროის სიმცირიდან გამომდინარე მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, არ არსებობდა, რამეთუ ბ–ნ ნიკოლოზს დაპატიმრებიდან მესამე დღეს დაუწესეს შეზღუდვა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში როდესაც ხორციელდება კონკრეტული საპროცესო მოქმედება, შემდგომში აუცილებელი ხდება სასამართლოს მიერ იმის შემოწმება, თუ რამდენად კანონიერად იქნა გატარებული შესაბამისი ღონისძიება.
პატიმრობის კოდექსის 77–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მეორე წინადადება და 79–ე მუხლის მე–2 ნაწილი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ სასამართლოს კონტროლის მექანიზმი მთლიანად იგნორირებულია და ბრალდების მხარეს ფართო ლავირების შესაძლებლობას აძლევს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლით რეგლამენტირებული უფლებრივი ასპექტების შემზღუდავ ორივე პირობას – სასამართლოს გადაწყვეტილება ან მის გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლის 1–ლ და მე–2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პატიმრობის კოდექსის 77–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მეორე წინადადება და 79–ე მუხლის მე–2 ნაწილი.
[1] თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 2013 წ., თბილისი, გვ. 594.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, I პ. 1.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 52 პ.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 54 პ.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის № 1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე –საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 19.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 57 პ.
[8] თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 2013 წ., თბილისი, გვ. 188.
[9] თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 2013 წ., თბილისი, გვ. 189.
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 3.
[11] თ. ტუღუში, გ. ბურჯანაძე, გ. მშვენიერაძე, გ. გოცირიძე, ვ. მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, 2013 წ., თბილისი, გვ. 199–200.
[12]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრისN1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე – ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 25 პ.
[13]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრისN1/3/407გადაწყვეტილება საქმეზე – ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 26 პ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა