ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/8/1444 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 22 ნოემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2023 15:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების და 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, ნიკოლოზ აკოფოვის წარმომადგენლები - სალომე კალაიჯიშვილი და ვახტანგი კოჭატაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1444) მომართა ნიკოლოზ აკოფოვმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/3/1444 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1444 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 31 მარტს.
2. №1444 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს შესაძლოა, შეეზღუდოს მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2019 წლის 15 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 17 მაისს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, შეეზღუდა პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული ხანმოკლე პაემნისა და ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილობის საფუძველზე, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი წესები და კრიტერიუმები, რომლებიც შემოსაზღვრავდა აღნიშნულ დისკრეციას და ამით დააზღვევდა პროკურორის/გამომძიებლის მხრიდან თვითნებობის რისკებს.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე ბრალდებულისათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ინტენსიურ ჩარევას, შესაბამისად, მსგავსი შეზღუდვა უნდა ატარებდეს საგამონაკლისო ხასიათს და განპირობებული უნდა იყოს ობიექტური აუცილებლობით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმების საფუძველზე, გამომძიებელს/პროკურორს აქვს იმდენად ფართო დისკრეცია, რომ მას შეუძლია, ზოგად და შაბლონურ საფუძვლებზე მითითებით, ბრალდებულს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებთან მიმართებით, არამედ სრულად შეუზღუდოს ჩამოთვლილი უფლებები ისე, რომ არ შეაფასოს კონკრეტული საქმის გარემოებები და კონკრეტული პირისგან მომდინარე საფრთხეები.
8. ამასთან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე დამატებით მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გამომძიებლის/პროკურორის მიერ დასახელებული უფლებების მზღუდავი გადაწყვეტილების (დადგენილების) მიღების შემდეგ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების სავალდებულო, პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს, ისევე, როგორც იმ წინაპირობების ჩამონათვალს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, გამომძიებელი/პროკურორი ვალდებული იქნებოდა, შეეწყვიტა შემზღუდველი ზომების გამოყენება. შედეგად, არსებული მოწესრიგება ქმნის შესაძლებლობას, რომ ბრალდებულს, ბრალდების საწყის ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები შეუნარჩუნდეს და, შესაბამისად, გარე სამყაროსგან სრულად იყოს მოწყვეტილი პატიმრობის მთელი პერიოდის (9 თვის) განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა და რეალური საფუძველი აღარ არსებობს.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმების არსებული ფორმულირება იწვევს მანკიერ პრაქტიკას. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისას, გამომძიებელი/პროკურორი, თვითნებურად, ზოგად საფუძვლებზე მითითებით, ავტომატურად უზღუდავს პირს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებას პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი მიდგომა საგრძნობლად აფერხებს ბრალდებულთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას პატიმრობის დაწესებულების დატოვების შემდეგ.
10. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების არსებული ფორმულირება, ვერ აზღვევს ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებების თვითნებურად შეზღუდვის რისკებს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
12. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, იზღუდება ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, თუმცა ეს შეზღუდვა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა.
13. ამავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების არსებობისა, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს, კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებს იმ კრიტერიუმთა დეტალურ ჩამონათვალს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს გამომძიებელმა/პროკურორმა ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას. შედეგად, სადავო ნორმა გამომძიებელს/პროკურორს ანიჭებს აღნიშნული მექანიზმის გამოყენების გაუმართლებლად ფართო დისკრეციას, რითაც აჩენს ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაუსაბუთებელი და არაგონივრულად ხანგრძლივი დროით შეზღუდვის რისკებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ სრულად ცნო №1444 კონსტიტუციური სარჩელი.
14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ არსებობს გენერალური პროკურორის ბრძანება, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს გარკვეულ სახელმძღვანელო პრინციპებს და იმ საფუძვლების ჩამონათვალს, რომლებსაც გამომძიებელი/პროკურორი უნდა დაეყრდნოს სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებისას, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს ამ შეზღუდვების დამდგენი დადგენილების პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს, თუმცა პარლამენტის პოზიციით, აღნიშნული ბრძანება, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვერ აღმოფხვრის გასაჩივრებული კანონის ხარვეზებს, სათანადო სიმყარით ვერ დაიცავს ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და, შესაბამისად, ვერ აქცევს სადავო ნორმებს კონსტიტუციურად.
15. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ, მართალია, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამომძიებელს/პროკურორს ბრალდებულისთვის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა შეუძლია მხოლოდ მოტივირებული გადაწყვეტილებით, თუმცა გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული საფუძვლების არარსებობის პირობებში, ეს მოთხოვნა ვერ დააზღვევს ბრალდების მხარის თვითნებობის რისკებს, ვინაიდან არსებული მოწესრიგების პირობებში, გადაწყვეტილება შესაძლოა, მოტივირებულად ჩაითვალოს და, შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა გამართლდეს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირი არის ბრალდებული.
16. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. წინამდებარე საქმეში სადავოა პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისმე-2 წინადადებისდა 79-ემუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტმა ცნო №1444 კონსტიტუციური სარჩელი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ... საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის პოზიციის მიუხედავად შეაფასებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას.
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა პირადი ცხოვრების უფლების, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების უმთავრესი საფუძვლის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ კავშირზე დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების კონცეფციებთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული უფლება „სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
5. პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა და გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი პირად ცხოვრებასთან ერთად, სახელდებით გამოყოფს და იცავს აგრეთვე ოჯახური ცხოვრების უფლებას, რომელიც პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ინდივიდის პირადი ცხოვრება „მოიცავს კავშირსა და ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მის „ახლო წრესთან“. ოჯახური ცხოვრება გულისხმობს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას, განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ,“ II-6). ამგვარად, ოჯახური ცხოვრება გულისხმობს პირთა ცალკეულ წრესთან დამყარებულ კერძო ურთიერთობებს და მოიცავს განსაკუთრებით „ახლო წრეში“ არსებულ კავშირებს, რომლებიც ძლიერი ემოციური ან/და ბიოლოგიური კავშირით ხასიათდება.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „ოჯახური ცხოვრებისა და მის ფარგლებში არსებული ურთიერთობების, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტის, დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა კონსტიტუციაში ხაზგასმულია არა მხოლოდ როგორც ძირითადი უფლების დაცვის კუთხით, არამედ ასევე სამართლებრივი პრინციპების დონეზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომ იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დასაცავად. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით გამოყოფს ოჯახური ცხოვრების უფლებას როგორც პირის პირადი ცხოვრების განსაკუთრებულ უფლებრივ კომპონენტს, რომლის დაცვის მნიშვნელობა სცდება მკაცრად ინდივიდუალურ ჩარჩოებს და ეხება როგორც ამგვარი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს, ასევე მთლიანად საზოგადოებას და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტები პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მიმართებით
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ამა თუ იმ უფლების ფარგლების განმარტების და მისი დაცვის კონსტიტუციური სტანდარტების დადგენისას, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფლების სუბიექტის სამართლებრივ სტატუსს, ასევე შესაფასებელი სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათსა და თავისებურებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
9. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ხორციელდება ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და, შესაბამისად, იმყოფება პატიმრობის დაწესებულებაში. ინდივიდის ამგვარი სტატუსი ქმნის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის მიერ იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობის ხარისხზე, რომელთა სრულყოფილი რეალიზაცია გარდაუვლად დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებებისა, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს, თუმცა, როგორც წესი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის ხარისხი განსხვავებულია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-10).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება მიეკუთვნება იმ უფლებათა კატეგორიას, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს უნარჩუნდებათ, თუმცა იმ პირებთან შედარებით ნაკლები ხარისხით, რომლებიც ამგვარ დაწესებულებაში არ იმყოფებიან (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია მიეკუთვნებიან ... პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101). პირადი ცხოვრების უფლების მსგავსად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირს „... აქვს prima facie უფლება, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობები, კავშირი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან პირადად თუ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებებით. ამავდროულად, ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი, უწყვეტი ხასიათი, ისევე, როგორც კომუნიკაციის პროცესი ვერ დაექვემდებარება პრივატულობის ისეთ ხარისხს, როგორც ეს შესაძლებელია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
11. მაშასადამე, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს, ამ დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან, ისევე, როგორც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვერ ექნება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს აქვს თავისუფლებაში მყოფ პირს. თუმცა, ამავდროულად, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსება ავტომატურად არ გულისხმობს ოჯახის წევრებისგან პირის აბსოლუტურ იზოლირებას და მისთვის გარე სამყაროსთან კონტაქტის სრულ აკრძალვას. პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს უნარჩუნდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული მთელი რიგი უფლებრივი გარანტიები, რომლებმაც უნდა დააბალანსოს ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის ნეგატიური შედეგები, ხელი შეუწყოს ბრალდებულის ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის დასრულების შემდგომ, მის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში მოქცეული უფლებრივი კომპონენტების ნებისმიერი შეზღუდვა, გადამოწმებადია ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან.
3. სადავო ნორმების შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
12. სადავო ნორმები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ისევე, როგორც პატიმრობის კოდექსის სხვა ნორმებისაგან დამოუკიდებლად, ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, შეუზღუდოს პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს შესაძლოა, შეეზღუდოს მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლება. გამომძიებლის/პროკურორის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისთვის, კანონმდებლობა გამომძიებელს/პროკურორს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს თითოეული მათგანის შეზღუდვის პროპორციულობა, ყურადღება გაამახვილოს კონკრეტული საქმიდან მომდინარე საფრთხეებზე, ამ საფრთხის ინტენსივობასა და რეალისტურობაზე, ისევე, როგორც შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების ხანგრძლივობის გონივრულობაზე.
13. ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა, ის ძირითადი და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომელთა მეშვეობითაც პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული, გარკვეული დოზით, ინარჩუნებს კავშირს მის ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და, ზოგადად, გარე სამყაროსთან. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი ექცევა აღნიშნული სტატუსის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში. ამასთან, მართალია, აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში, ბრალდებული არ ექცევა სრულ სოციალურ იზოლაციაში, ვინაიდან პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს აქვს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, მხატვრულ და სხვა ლიტერატურაზე წვდომის უფლება და სხვა. გარდა ამისა, ბრალდებულს შესაძლოა, ჰქონდეს სხვა ბრალდებულებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული შესაძლებლობების არსებობა პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით, ვერ ჩაანაცვლებს კომუნიკაციის ისეთ მექანიზმებს, როგორიც ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა ან/და სატელეფონო საუბარია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მათი ერთობლივი შეზღუდვის შემთხვევაში, ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს.
14. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევას.
15. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე გასაჩივრებულია პატიმრობის კოდექსის ორი ნორმა, რომელთაგან ერთი მიემართება ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნით სარგებლობის, ხოლო მეორე ამ უკანასკნელისთვის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმებთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა წარიმართება ერთიან კონტექსტში.
4. უფლების შეზღუდვის გამართლება, შეფასების ტესტი
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნები, ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ამრიგად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
4.1. სადავო ნორმების შესაბამისობა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ფორმალურ სტანდარტებთან
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი expressis verbis მიუთითებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს პატიმრობის კოდექსის ნორმები. პატიმრობის კოდექსი საქართველოს კანონია და მიეკუთვნება საკანონმდებლო აქტებს. შესაბამისად, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას პირადი და ოჯახური ცხოვრების კანონით შეზღუდვის თაობაზე.
4.2. სადავო ნორმების შესაბამისობა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის მატერიალურ სტანდარტებთან
4.2.1. ლეგიტიმური მიზანი
19. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ სადავო ნორმით დადგენილი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა, მატერიალური თვალსაზრისით, კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის უპირველესი მოთხოვნაა, რომ გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მიღწევისათვის დასაშვებია პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. ესენია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან სხვათა უფლებების დაცვა.
21. მოპასუხე მხარემ, მართალია, ცნო კონსტიტუციური სარჩელი, თუმცა განმარტა, რომ, ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულმა ბრალდებულმა შესაძლოა, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, შეეცადოს და განახორციელოს დაზარალებულზე ან საქმეში არსებულ მოწმეებზე ზემოქმედება, გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ან დაგეგმოს ახალი დანაშაული.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზნებს, ვინაიდან უკავშირდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვათა უფლებების, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაშვებია, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების, კერძოდ, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა.
4.2.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
24. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საჭიროა, არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
25. სადავო ნორმების საფუძველზე, გამომძიებელს/პროკურორს აქვს უფლებამოსილება, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები შეუზღუდოს ბრალდებულს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული, ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან სატელეფონო საუბრის მეშვეობით, შეეცდება, გავლენა მოახდინოს დაზარალებულზე/მოწმეებზე ან/და გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და ამით ხელი შეუშალოს გამოძიების და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების საჯარო ინტერესებს ან დაგეგმოს ახალი დანაშაული და საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ისევე როგორც სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს. ბუნებრივია, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ბრალდებულის შესაძლებლობას, განახორციელოს ზემოაღნიშნული ქმედებები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს საქმეში გამოკვეთილი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
26. როგორც უკვე აღინიშნა, გამოსადეგობასთან ერთად, სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის იმავე ეფექტურობის უფლების ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი.
27. ზოგადად, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და გამოძიების მიმდინარეობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომლის განმავლობაშიც გამოძიების ინტერესების დაცვა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. გამოძიების ინტერესებსა და სათანადოდ წარმართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულისთვის იმ შესაძლებლობის აღკვეთა, რომ მან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გზით, ხელი შეუშალოს გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩატარებას ისევე, როგორც სასამართლო განხილვის სათანადოდ განხორციელებას.
28. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ სადავო ნორმებით პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება ეზღუდება პატიმრობის დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, ხელს შეუშლის მის მოპოვებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ამავდროულად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პირს სასამართლო უფარდებს. ყოველივე ეს იმის პრეზუმფციას გულისხმობს, რომ ვინაიდან ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშასადამე, სასამართლოს მხრიდან დანახული იქნა ამ პირის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გარკვეული რისკი. მაშასადამე, პატიმრობაში ყოფნის ფაქტი, უკვე არის ობიექტური მიმანიშნებელი, რომ გამოძიების ინტერესების დამაზიანებელი საფრთხე, ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით უკვე არსებობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულების „გარე სამყაროსთან ... ნებისმიერი კომუნიკაცია მომეტებულ რისკებს შეიცავს გამოძიების ინტერესებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). მაშასადამე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებების პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებზე გაუვრცელებლობა ლოგიკურად უკავშირდება ლეგიტიმურ მიზანს, ამცირებს პოტენციურ საფრთხეს და ამ გზით ხელს უწყობს გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებს.
29. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში არ გამოკვეთილა უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორც ეს არსებული მოწესრიგების პირობებშია შესაძლებელი. ამდენად, სადავო რეგულირება, გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმსაც.
4.2.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
30. ვინაიდან სადავო ნორმები აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
31. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შენარჩუნებისთვის. სწორედ აღნიშნული უფლებრივი კომპონენტების გამოყენებით ამყარებს პატიმრობაში მყოფი ბრალდებული შედარებით ეფექტიან კონტაქტს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და გარე სამყაროსთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ფიზიკური და განსაკუთრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და პატიმრობის შემდგომ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციისათვის. შესაბამისად, ბრალდებულისათვის ამ უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მათი ერთობლივი შეზღუდვის შემთხვევაში, წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ინტენსიურ ჩარევას, რის გამოც, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ღონისძიების გამოყენებით დაცული კერძო და საჯარო ინტერესები გადაწონის ამ ღონისძიებით ბრალდებულის მიმართ გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს. აღნიშნულ ინტერესთა დაბალანსებაში, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკანონმდებლო დონეზე ისეთი ქმედითი გარანტიებისა და ბერკეტების არსებობას, რომელიც დააზღვევს ან მინიმუმამდე დაიყვანს სადავო ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლების არაპროპორციულად შეზღუდვის ალბათობას.
32. ამდენად, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ უშვებდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. დაუშვებელია, ამ ღონისძიების გამოყენება მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ლეგიტიმური მიზნის დაცვის საჭიროება ისეთი მცირეა, რომ ვერ გაამართლებს, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების საფუძველზე, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-73, 79).
33. ზოგადად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას ემსახურება და ისეთი საფრთხეების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლოა, ნამდვილად დადგეს ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის ცალ-ცალკე ან ერთობლივად შეზღუდვის საჭიროება. ამავე დროს, აღნიშნული საფრთხეები ყოველთვის იდენტური არ არის. შესაბამისად, ყოველთვის ერთი და იგივე მნიშვნელობის ვერ იქნება ის სიკეთე, რომლის დასაცავადაც ხორციელდება ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებების შეზღუდვა. მაგალითისთვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ამით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლის საფრთხე, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობაში არსებობს, თუმცა ეს საფრთხე, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით და ამ საქმის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, როგორც წესი, განსხვავებული სიმძაფრისაა. ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის ხარისხი, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს სადავო შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენებას, შესაძლოა, განსხვავებული იყოს ამ მოწმეების სასამართლოს წინაშე დაკითხვამდე და მას შემდეგ. როდესაც საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე რეალისტურია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გამართლებული იყოს ბრალდებულისათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა სადავო ნორმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ასეთი საფრთხეების არსებობა მხოლოდ ზედაპირულ ვარაუდებსა და იმ დაშვებას ემყარება, რომ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენებას არ ექნება გამართლება.
34. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ კანონმდებლობა, თითოეული სადავო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებისთვის, ითვალისწინებდეს მკაფიო კრიტერიუმებს, რათა შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებამდე მოხდეს ბრალდებულის ინტერესებისა და დასაცავი სიკეთეების შეპირისპირება და მხოლოდ ამ ინტერესების ურთიერთშეჯერებისა და დაბალანსების, კონკრეტულ საქმეში გამოკვეთილი ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღების შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სადავო ნორმებით გათვალისწინებული გარე სამყაროსთან კომუნიკაციის რომელიმე საშუალების ან ყველა მათგანის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
35. აღნიშნულის საპირისპიროდ, არც სადავო ნორმები და არც პატიმრობის კოდექსის სხვა დებულებები, ისევე, როგორც მომიჯნავე კანონმდებლობა არ შემოსაზღვრავს გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მკაფიო კრიტერიუმებითა და მიზნებით. არ ავალდებულებს მათ შეზღუდვის კონკრეტული პერიოდის განსაზღვრას. კანონმდებლობით ასევე არ არის დადგენილი, თუ რა ტიპის საფრთხეების შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი ბრალდებულის მიმართ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენება და არც ის, თუ რა სტანდარტით, სერიოზულობის რა ხარისხით უნდა საბუთდებოდეს აღნიშნული საფრთხეების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული კანონმდებლობა ვერ აზღვევს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს და წარმოქმნის ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს, კერძოდ, უშვებს მისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას მაშინ, როდესაც მსგავსი შეზღუდვით მიღწევადი მიზნები და პრევენცირებადი საფრთხეები ვერ გადაწონის ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებისაგან მისი სრული იზოლაციის/გარიყვის აკრძალვის ინტერესს.
36. სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას საყურადღებოა ისიც, რომ არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის სავალდებულო პერიოდული გადასინჯვის მექანიზმს და არც გამომძიებელს/პროკურორს ავალდებულებს შემზღუდველი ღონისძიების გაუქმებას მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანის გამოყენების ინტერესი შეიცვალა, საჭიროებამ მნიშვნელოვნად იკლო. შედეგად, არ გამოირიცხება შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს შესაძლოა, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა გაუგრძელდეს შეზღუდვის გამამართლებელი კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრის/მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგაც. მაგალითად, როდესაც მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელთა განადგურების თავიდან აცილებასაც ემსახურებოდა შეზღუდვების გამოყენება ან სასამართლოს წინაშე დაკითხული არიან მოწმეები, რომლებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნითაც შეეზღუდა ბრალდებულს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებები. იმ პირობებში, როდესაც პირი მოთავსებულია პატიმრობის დაწესებულებაში და, ამავდროულად, შეზღუდული აქვს ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება, იგი იმყოფება განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა, თავად იზრუნოს იმაზე, რომ შეზღუდვის დაწესების მიზნებისათვის საფრთხის შეცვლის შემთხვევაში, პირს აღუდგინოს ხანმოკლე პაემნით, მიმოწერით ან/და სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება.
37. აღსანიშნავია, რომ ხანმოკლე პაემნის შეზღუდვის შემთხვევაში, გამომძიებელს/პროკურორს არ ევალება დადგენილების დასაბუთება. ხოლო მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის შეზღუდვის შემთხვევაში, გამომძიებელს/პროკურორს მოეთხოვება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ განხილული კრიტერიუმებისა და გარანტიების არარსებობის პირობებში, გამომძიებლის/პროკურორის ვალდებულება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ვერ გამოდგება გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან არასათანადო გადაწყვეტილების მიღების შემაკავებელ მექანიზმად და ვერ აღმოფხვრის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც კანონმდებლობა გადაწყვეტილების მიმღებს განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების მიღების სურვილზე მითითებას უთანაბრდება.
38. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გენერალური პროკურორის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების საფუძვლები და შეზღუდვის პერიოდული გადასინჯვის ვალდებულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ბრძანება, რომელიც საქართველოს პროკურატურის შიდა მოხმარების დოკუმენტს წარმოადგენს და მიღებულია გენერალური პროკურორის კეთილი ნებით, ვერ გამოდგება პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმებიდან მომდინარე საფრთხეების დამაბალანსებელ საშუალებად, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში, კანონმდებლობა თავად უნდა ადგენდეს ინდივიდის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში თვითნებური და დაუსაბუთებელი ჩარევისგან დაცვის გარანტიებს და არ უნდა იყოს მინდობილი ბრალდების მხარის კეთილსინდისიერ ქცევაზე.
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, საყურადღებო შეიძლება იყოს რისკები, რომლებიც თან ახლავს სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების მინიჭებას. თუმცა მოსარჩელე მხარემ, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ცალსახად მიუთითა, რომ მისთვის პრობლემას წარმოადგენს არა ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნისა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის თაობაზე, არამედ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდება სათანადო კრიტერიუმებისა და გარანტიების არარსებობის პირობებში, რაც წარმოშობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეუზღუდავი დისკრეციის ბოროტად გამოყენებისა და, შედეგად, ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებულად შეზღუდვის საფრთხეს.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობას, სათანადოდ ვერ იცავს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და წარმოშობს აღნიშნული უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტების არაპროპორციულად შეზღუდვის რეალურ რისკებს. პატიმრობის კოდექსი გამომძიებლისათვის/პროკურორისათვის არ ადგენს რაიმე ტიპის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტით უნდა საბუთდებოდეს შეზღუდვის გამამართლებელი საფრთხის არსებობა (მაგ., ალბათობის მაღალი ხარისხი, დასაბუთებული ვარაუდი და ა.შ.), ისევე, როგორც არ ადგენს ვალდებულებას არსებული საფრთხის პროპორციული შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, გამომძიებელს/პროკურორს ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის შეზღუდვისას არ მოეთხოვება შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადის განსაზღვრა, ისევე, როგორც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ შეზღუდვის მართებულობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების მექანიზმის არსებობას. ხანმოკლე პაემნის შეზღუდვის შემთხვევაში, გამომძიებელს/პროკურორს არ ევალება დადგენილების დასაბუთება, ხოლო მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შეზღუდვისას, კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ გამომძიებლის/პროკურორის გადაწყვეტილება იყოს მოტივირებული, რაც, რეალურად, არ გულისხმობს ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ საფრთხეებთან მიმართებით დასაბუთების ვალდებულებას. მაშასადამე, კანონმდებლობაში არ არსებობს გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დამცავი მექანიზმები და კრიტერიუმები, რომელიც, ბრალდების მხარეს არ მისცემს შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც პირის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი აღემატება იმ პოტენციური საფრთხეების პრევენციის ინტერესს, რომელსაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების მინიჭება წარმოშობს.
41. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ... სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად“. ბუნებრივია, „ნებისმიერ სხვა ღონისძიება“ ასევე გულისხმობს ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვის შესაძლებლობასაც. შესაბამისად, ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, ბრალდებულისთვის დასახელებული უფლებების მოსამართლის გადაწყვეტილებით შეზღუდვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით და აქედან გამომდინარე, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების საჭიროება. ამდენად, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1444 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ემუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში