მარიამ ბერიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1757 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მარიამ ბერიძე |
თარიღი | 21 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“-ს 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი „აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“, მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“ და მე-12 მუხლი „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“-ს მე-16 მუხლის 16.3 პუნქტი „საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“ და მე-12 მუხლი „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-60 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტის ა ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ე ქვეპუნქტი, 31-ე და 31 (პრიმა) მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად უნდა იქნეს მიღებული, რადგან იგი ფორმალურად და შინაარსობრივად აკმაყოფილებს საქართველოს საკონქტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31 (პრიმა) მუხლის მოთხოვნებს, იგი შეტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, სადავო ნორმის ადრესატის მიერ, რომელსაც მიადგა უშუალო, პირდაპირი და რეალური ზიანი, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი განსჯადია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და მისი განხილვა არ განეკუთვნება სხვა უწყების უფლებამოსილებას, მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი გადაწყვეტილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-18 მუხლების 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებებით, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს არ გააჩნია კანონით დადგენილი ვადა, სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციორობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2022 წელს კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა დაამთავრა შპს „საქართველოს უნივერისტეტის“ სამარლის სკოლა. ამავე წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელე მხარეს მისივე განცხადების საფუძველზე, როგორც აპლიკანტს, ჩაუტარდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. გამოცდების დასრულების შემდგომ მან მიიღო გამოცდების ჩაბარებისათვის დამაკმაყოფილებელი ქულა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ადვოკატთა ასოციაციისაგან მოითხოვა გამოცდის შედეგების ნახვა და გასაჩივრება, რაზეც უარი ეთქვა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“ ითვალისწინებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესებს, რომლის 22-ე და მე-16 მუხლები განსაზღვარვენ გასაჩივრების უფლების მქონე პირის მიერ გასაჩივრებისა და საგამოცდო კითხვების ელექტრონული კრებულის დამუშავების წესს. ამავე გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მიხედვით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური 100, ამასთან თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით. აპლიკანტს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება მხოლოდ 75 ან მეტი ქულის მიღების შემთხვევაში. გადაწყვეტილების 22-ე მუხლის 22-ე (პრიმა) პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმატიული შინაარსის მიხედვით, გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გამოცდაზე მიიღებენ 74 ან ნაკლებ ქულას, ხოლო მათ ვინც გამოცდაზე მიიღეს 75 ან მეტი ქულა გამოცდა ჩაბარებულად ეთვლებათ და არ აქვთ გამოცდის შედეგის გასაჩივრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი იცავს თანასწორობის უფლებას. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია მიუხედავად განმასხვავებელი ერთი ან რამდენიმე ნიშნისა, მათ შორის იმ ნიშნებისა, რომელებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული (ეწ. Open end, „ღია დასასრული“). „აღნიშნული უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსპირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/7/580 საქმეზე |საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძესაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „სადავო ნორმის (ნორმატიული შინაარსის) კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. ამასთან, მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/7/580 საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“II-8). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების 22-ე მუხლის 22-ე (პრიმა) პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტებს შორის განსხვავების საფუძველს წარმოადგენს გამოცდაზე მიღებული შეფასება, რომელიც ერთ შემთხვევაში არის გამოცდაზე ჩაჭრილი აპლიკანტების, ხოლო მეორე შემთხვევაში გამოცდაჩაბარებული აპლიკანტების. გადაწყვეტილების სადავო დებულების ნორმატიული შინაარსი ზღუდავს გასაჩივრების უფლებას იმ პირთათვის, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, ხოლო მათ ვინც ვერ ჩააბარა გამოცდა, აძლევს შესაძლებლობას ადვოკატთა ასოციაციაში წარადგინოს საჩივარი იმ საფუძვლით, რომ აპლიკანტის მიერ გამოცდაზე გაცემული პასუხი იყო სწორი. აღნიშნული დებულება თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ მან ვინც გამოცდაზე მიიღო 75 ან მეტი ქულა და ჩააბარა გამოცდა, არ გაუცია პასუხი სწორად, რომელიც გასაჩივრების შემდგომ ქულის მომატების საფუძველი იქნებოდა. სადავო დებულება მხოლოდ გამოცდაჩაბარებული აპლიკანტებისთვის ზღუდავს გასაჩივრებისა და ქულის მომატების შესაძლებლობას. გამოცდაზე გასული ყველა აპლიკანტი თანასწორია იმდენად, რამდენადაც მათ გააჩნიათ ერთი მიზანი, მიიღონ უმაღლესი შეფასება და არა მხოლოდ ჩააბარონ გამოცდა, რადგან მათთვის მიღებული შეფასება არის კონკურენტუნარიანობის დე ფაქტო გამოვლინებაც. შესაბამისად,შესადარებელი ჯგუფები (აპლიკანტები) წარმოადგენენარსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლება თავისთავში არ მოიაზრებს აბსოლუტური თანასწორობის მიღწევის სახლმწიფოსეულ პოზიტიურ მოვალეობას, მისი მიზანი მხოლოდ უფლებებით იმდაგვარად სარგებლობის უზრნველყოფაა, რომ ერთ პირს არ ჰქონდეს საფუძველი ჩამორჩეს სხვას, ვერ შეძლოს უფლებით სარგებლობა ან შეეზღუდოს ის, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში შეძლებდა, რომ არა უფლებით სარგებლობის შემზღუდველი/გამომრიცხველი ნორმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უთანასწორო მოპყრობა იმთავითვე დისკრიმინაციას არ გულისხმობს, ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ჩარევა - დარღვევას. დისკრიმინაცია სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უთანასწორო მოპყრობას არ აქვს გონივრული და სამართლიანი (ობიექტური) გამართლება. „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებისსტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლითაც დადგენილი დიფერენცირება უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის” ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. ამ ტესტის ფარგლებში „ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი’’’’. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010 წელი).
იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან მომდინარე. დიფერენცირება არ არის დაკავშირებული ზემოთ ხსენებულ ნიშნებთან ან ჩარევა არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტის“ ფარგლებში, რომლის მიხედვითაც:
„ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება;
ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010 წელი)შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, რომელ ნიშანს უკავშირდება ნორმიდან მომდინარე დიფერენცირება და როგორია უფლებაში ჩარევის ინტენსივობა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება N2/1/473 2011 წელი,II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილების მიხედვით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან”. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დიფერენციაციის ნიშანი არ განეკუთვნება კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშანს (ე.წ. „კლასიკური ნიშანი“), სადავო ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს გასაჩივრების უფლებას იმ პირთათვის, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით, რადგან ჩარევა არის ინტენსიური ხასიათის და მისი რაციონალურობის ტესტით შემოწმების შემთხვევაში კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედებით დასახული მიზანი, ყველა პირი იყოს დაცული ყველა სახის დისკრიმინაციისაგან და განსხვავებას ჰქონდეს ობიექტური, ადეკვატური და გონივრული გამართლება, ვერ მიიღწევოდა. ჩარევის ინტენსიურობა ჩანს იქიდანაც, რომ მაღალი შეფასების არსებობა ხელს უწყობს პირის ცოდნის, შესაძლებლობებისა და უნარების ირაციონალურად გამოვლენას და კონკურენტუნარიანობის წარმოჩენას. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის გ ქვეპუნქტი წარმოადგენს პოტენციური ადვოკატისადმი წაყენებულ მოთხოვნას, რომლის სხვა პირობებთან ერთად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი იძენს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულება განსაზღვრავს ადვოკატობის მსურველ პირთა მიერ 3 თვიანი თეორიული კურსისა და 9 თვიანი პრაქტიკული კომპონენტის, სტაჟირების გავლის წესს, რომლის მიხედვითაც, სტაჟირების მსურველი იურისტის მიერ ხელმძვანელი ადვოკატის შერჩევის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხელმძღვანელი ადვოკატი ვალდებულია შეარჩიოს სტაჟირების მსურველი პირი, რომელმაც მას მიმართა. ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-9 (ტერცია) პუნქტის შესაბამისად, სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი, რომელსაც მიმართავს სტაჟიორი, განიხილავს სტაჟირების მსურველი პირის სამოტივაციო წერილსა და ბიოგრაფიას (CV), რის საფუძველზეც წყვეტს მის მიღებას ან მიღებაზე უარს, თუმცა აღნიშნული არ ართმევს უფლებას სტაჟიორს, მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ასოციაციის იურიდიული კლინიკით სარგებლობისათვის. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულა არის სხვა სტაჟიორებისაგან ერთ-ერთი განმასვავებელი ინფორმაცია სტაჟიორის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე, მიიღოს პირი მისი მენტორობის ქვეშ. შესაბამისად, ქულა ახდენს გავლენას სტაჟიორზე გაიაროს სტაჟირება მის მიერ შერჩეულ მენტორთან, რომელთანაც სტაჟირების გავლა და პრაქტიკული უნარჩვევების შესწავლა მის ინტერესს/სურვილს წარმოადგენდა. გამოცდაზე მიღებულმა არაადეკვატურმა და დაუმსახურებელმა ქულამ შესაძლოა უხერხულობა მაშინაც წარმოშვას, როცა მისი შეფასება რაოდენობრივად ჩამოუვარდება იმ პირის შეფასებას, რომელსაც საუნივერსიტეტო სწავლების თუ სხვაგვარი პრაქტიკის ფარგლებში კონკურენტად აღიქმებოდა მისთვის ან მასზე მაღალი ქულის მიმღების აკადემიური მოსწრება საუნივერსიტეტო სწავლების დროს მის შეფასებებს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა. აღნიშნული შეფასება კი, თავისთავად ივარაუდება, რომ ადეკვატური და სამართლიანია მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ გამოცდაზე აპლიკანტის მიერ მიღებული შეფასება, რომლის გადასინჯვის უფლებას სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი არ განსაზღვრავს, საკუთარი პიროვნების თავისუფალ და ირაციონალურ გამოვლენას მაღალი ინტენსივობით უსაფუძვლოდ ხელყოფს, შესაბამისად, იგი უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტით. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს შეფასების მკაცრ ტესტს, იგი მსჯელობს სადავო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე თანაზომიერების პრინციპის დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმების სახელმწიფოს მიერ დაცვაზე, კერძოდ, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსით დასახული ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს ადვოკატთა ასოციაციის უსაფუძვლო საჩივრებისაგან განტვირთვა, ეკონომიურობა და ადმინისტრაციული, მატერიალური თუ ადამიანური რესურსების დაზოგვა, რაც თავისთავად განხორციელებადია თუ იგი საჩივრების მიღებას აკრძალავდა იმ აპლიკანტთა ნაწილისაგან, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, თუმცა რაც შეეხება აუცილებლობისა და პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) მოთხოვნილებებს, ადვოკატთა ასოციაციამ ვერ შეარჩია ამ მიზნის მიღწევის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფდა უფლებით დაცული სიკეთის თანასწორად რეალიზებას, იმგვარად, რომ გამორიცხულიყო ნაკლებად მზღუდველი ალტერნატივის მოძიება და გამოყენება, რადგან რა თქმა უნდა, არც ერთი პოტენციური ადვოკატის ინტერესებში არ შედის, ქმნიდეს და აერთიანებდეს იმ ასოციაციას, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიურობას მათი ამგვარი შეზღუდვის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაციამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების თანასწორად სარგებლობა და სადავო ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების, „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“-ს 22-ე მუხლის 22-ე (პრიმა) პუნქტის სიტყვები „რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსმეორე კოლეგიისგადაწყვეტილება № 2/4/570 2016 წელი, II-3). ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, „საკონსტიტუციო სასამართლოსგანმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3)“(იქვ. II-11). აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს პოტენციური ადვოკატის, აპლიკანტის თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში, ისე როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ, ისევე როგორც პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციის აუცილებელი მოქმედებებების თავისუფლებას. სხვა შემთხვევაში, პირი დაკარგავდა ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების შეგრძნებას, რაც კონსტიტუციური დებულების ნორმატიულ შინაარსს გახდიდა ფორმალურს, მარტივად ხელყოფადს და უმნიშვნელოს.
ამავე საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, „...სასამართლო მე-16 მუხლზე მსჯელობისას გამოყოფს ადამიანის თავისუფლების ორ სასიცოხლო კომპონენტს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის, როგორც რაციონალური და თავისუფალი ინდივიდის განვითარება. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას, ადამიანთა გარკვეულ წრესთან პერსონალურ კავშირებს იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია მისი პიროვნული სრულყოფისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55)“ (იქვ., II-4). თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სპეციალურ და ზოგად ნორმას შორის კოლიზიისას, იგი იყენებს სპეციალურ კონსტიტუციურ ნორმას სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მაშინ, როცა კონსტიტუციური ნორმა უფლებრივი დაცვის არეალით ამომწურავად არ მოიცავს განსახილველ შინაარსს, იგი დამატებით შეიძლება შეფასდეს კონსტიტუციის მე-12 მუხლით („უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში გვხდება ჩამონათვალი ურთიერთობების, მოვლენების ან ქმედებების, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. განსხვავებულია აღნიშნული მუხლებით დაცულ უფლებაში ჩარევის საფუძვლები და პირობები. საქმეზე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრების შემადგენელი ცალკეული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა : 41 ; 16 ; 17.... – მორალური ხელშეუხებლობა; სიტყვისა და აზრის თავისუფლება (მუხ.24;), ოჯახის შექმნის უფლება და სხვა.” (II-12) „საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „...მე-20 მუხლის პირველ პუნქტში პირადი ცხოვრების მთელ რიგ უფლებრივ კომპონენტებთან ერთად თავშივე მოხსენიებულია ზოგადად «პირადი ცხოვრება», რაც თითქოს იმის ვარაუდს ქმნის, რომ ეს ცნება გულისხმობს პირადი ცხოვრების მთელ სფეროს ამომწურავად, შესაბამისად, მე-20 მუხლი მოიცავს პირადი ცხოვრების ყველა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის იმათაც, რომელთა დასაცავადაც კონსტიტუციაში არის სხვა სპეციალური ნორმები.ბუნებრივია, იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ პირადი ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტის ხელყოფისას ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ზოგადად, თუმცა, ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა მე-20 მუხლი. ამ დროს გასათვალისწინებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების კონსტიტუციაში მოცემული კონსტრუქცია. ამის გათვალისწინების გარეშე მაღალია პირადი ცხოვრების ცალკეული უფლებრივი კომპონენტის შინაარსის, მათში დასაშვები ჩარევის ფარგლების არასწორი განმარტების საფრთხე“. („საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).“ (II-13) „...ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმაში ხედავს“.(II-15) „...ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი არ მოიცავს პირადი ცხოვრების უფლების ყველა ასპექტს, და მათ შორის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საკითხს. ოჯახურ ურთიერთობებს, ისვე როგორც სხვა პერსონალურ კავშირებს ადამიანთა გარკვეულ წრესთან, განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარების უზრუნვესაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი საგანგებოდ ითავლისწინებს თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო 36–ე მუხლი განამტკიცებს სახლემწიფოს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. აღნიშნული მუხლების შინაარსისა და ფარგლების დადგენა საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკის განვითარების კვალდაკვალ მოხდება.“ ყოველივე აღნიშნული მსჯელობა განვითარდა საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, განჩინება №1/2/458 2009 წელი).
აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსები უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით იმდენად, რამდენადაც მე-18 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები უშვებენ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსების კონსტიტუციასთან შემოწმებას, ხოლო მე-18 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებთან ჩვენს მიერ განვითარებული მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეიძლება განხილულ იქნეს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებითაც.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. მოცემული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, რომელიც განამტკიცებს ძირითად უფლებას, უფლების სუბიექტს განეკუთვნება ყველა. ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის ინტერესი წარმოეშობა ყველა იმ პირს, რომელსაც განსახილველი საქმე უკავშირდება, შესაბამისად, კონსტიტუციური დებულება იცავს ყველა იმ პირს, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე აქვს სამართლებრივად დაცვის ღირსი ინტერესი და თეორიულად თუ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე მოიაზრებს კანონმდებელი განურჩევლად რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების თუ სხვა ნიშნის მქონე პირისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს№2/2-389 გადაწყვეტილება, 2007 წელი, II-3).
„საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. აღნიშნული გარანტია არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №3/6/1502 2020 წლის 20 მაისი II-15). საკონსტიტუციო სასამართლო ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, იყენებს კონსტიტუციური შეფასების ტესტს, რომელიც კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გამოვლინებაა თანაზომიერების პრინციპის სახით (ე.წ. „პროპორციულობა ფართო გაგებით“). კონსტიტუციური მოსარჩელის აზრით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველი კონსტიტუციური სარჩელი პოზიტიური ვალდებულების ჭრილში უნდა განიხილოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად გამოსაყენებელი პრინციპები ერთმანეთის მსგავსია (მაგ., „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ NOS. 57864/17 და 79087/7; პარაგრაფი 70).
თანაზომიერების პრინციპის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, სადავო ნორმატიულმა შინაარსმა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ნორმატიულ შინაარსს უნდა გააჩნდეს შეზღუდვის არათვითნებური ხასიათი და ლეგიტიმური მიზანი, გამოყენებული საშუალოება უნდა იყოს დაკავშირებული დასახულ მიზანთან და უნდა მიიღწეოდეს იგი, ამასთან იგი უნდა იყოს ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალება, რომელიც აღემატება უფლების საგნობრივად დაცულ სიკეთეს. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდოს გამოცდაჩაბარებული აპლიკანტების გასაჩივრების უფლება შესაძლოა, გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი ეკონომიურობის, ადმინისტრაციული, ადამიანური და კაპიტალური ხარჯების დაზოგვის სახით, რომლებიც შესაძლოა მოხმარდეს აპლიკანტთა საჩივრების განხილვას. გამოყენებული შეზღუდვის ფორმაც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას, თუმცა კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, იგი არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) პრინციპებს შემდეგ გარემოებათა გამო, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების არსებობის მიზანი ადვოკატობის მსურველ პირთა ცოდნის შეფასება და კაზუსის ან კითხვის სწორად აღქმისა და სუბსუმფციის გამოყენების უნარის ქონის გამოცდაა, რომლებმაც მომავალში უნდა დაიცვან პირთა (კლიენტთა) ინტერესები, რაც თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ მათი გამოცდა ასოციაციის თვითმიზანს წარმოადგენს. სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის არარსებობა და გამოცდაჩაბარებული აპლიკანტებისთვის გასაჩივრების უფლების მინიჭება თავისთავად არ გულისხმობს მისით სარგებლობის ვალდებულებას. სარგებლობის გარანტიების მინიჭება დააკმაყოფილებდა კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით მოაზრებულ დაცვის საგანს. პირს, რომელმაც ჩააბარა გამოცდები, მიუხედავად გამოცდების ჩაბარებისა, შესაძლოა ფაქტობრივად ჰქონდეს გამოცდაზე მიღებული შედეგების გადასინჯვის ინტერესი, რასაც სადავო დებულება წინასწარ ვერ განსაზღვრავს და ვერ უკარნახებს პირს, ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მიღებული შედეგის შეცვლის სურვილი, რადგან ის არსებობს ან არ არსებობს მიუხედავად სადავო დებულების ამგვარი ფორმულირებისა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა აპლიკანტთა ინტერესების უგულებელყოფით ადგენს იმგვარ რეალობას, რომ გამოცდაჩაბარებულ აპლიკანტებს უზღუდავს უფლებას მიიღონ ბევრად უფრო მეტი შეფასება, ვიდრე მათ მიიღეს, მაშინ, როცა მათ შეეძლოთ მიეღოთ კიდეც. ერთ შემთხვევაში, აპლიკანტს, რომელმაც გასაჩივრების შედეგად ვერ მიიღო გამოცდის ჩაბარებისათვის დამაკმაყოფილებელი ქულა აქვს გასაჩივრების უფლება, მაშინ, როცა, მეორე შემთხვევაში, იმ აპლიკანტს, რომელმაც გამოცდები ჩააბარა და აქვს საფუძველი გამოცდების შედეგების გასაჩივრებისთვის, ქულის მომატების საფუძველიც აქვს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში გვყავს აპლიკანტები, რომელთა მიერ გასაჩივრების შემთხვევაში ქულა ერთსა და იმავე სისტემის მიერ დაფიქსირებულ შეცდომაში და რეალურად სწორ პასუხში შეიძლება მოემატოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადვოკატთა ასოციაცია აპლიკანტებს ხელოვნურად განასხვავებს. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტს, რომელმაც მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება და გამოცდები ჩაბარებულად ჩაეთვალა, აქვს ინტერესი მიიღოს მაღალი შეფასება და ამ გზით გაუწიოს კონკურენცია სხვა პოტენციურ ადვოკატებს, რომლებმაც გამოცდაზე მიიღეს მასზე მეტი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, მაშინ, როცა გამოცდაჩაბარებული პირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გასაჩივრების უფლების გამოყენებას, სადავო ნორმა აბრკოლებს პირის უფლებას მიიღოს მაღალი შეფასება დამსახურებულად, რაც უსაფუძვლოდ არღვევს მის უფლებებს. გამოცდის გასაჩივრების შესაძლებლობა ქმნის უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს სისტემის მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომების თავიდან არიდებას, ხოლო ის საფუძველი, რომ ადვოკატთა ასოციაცია შესაძლოა გადაიტვირთოს უსაფუძვლო საჩივრებისაგან ვერ იქნება გამოცდაჩაბარებული აპლიკანტების მიერ მიღებული უსამართლო შედეგების საპირწონე. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მიერ გამოცდაჩაბარებული აპლიკანტებისთვის შედეგების გასაჩივრების უფლების მინიჭება ასოციაციას არ შეზღუდავს იმგვარად, რომ ალტერნატიული საშუალების გამოყენება, კერძოდ, მაგალითად, ერთი აპლიკანტის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში, ერთი და იგივე შეცდომის გამოვლენისას, ერთი და იგივე ტესტები ავტომატურად გადაისინჯებოდეს პროგრამის მიერ, რაც შეამცირებდა სხვა აპლიკანტების მიერ შემდგომში საჩივრების წარდგენას, ნორმით დასახული მიზნის მიღწევას არ უტოლდებოდეს. ადვოკატთა ასოციაციამ ლეგიტიმურ მიზნის მიღწევა უნდა შეძლოს იმდენად ნაკლებად მზღუდველი საშუალებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია (მაგ., „საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანების 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, გამოსაცდელი უფლებამოსილია 2 სამუშაო დღის ვადაში საპრეტენზიო განცხადებით მიმართოს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს და ამ სახით გაასაჩივროს გამოცდაზე მიღებული შედეგები მიუხედავად იმისა, ჩააბარა თუ არა მან იგი. ამასთან, მას აქვს უფლება ორი სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს მის მიერ გაცემულ პასუხებს მიუხედავად იმისა, ასაჩივრებს თუ არა შედეგებს). სხვა შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიზანი, გამოცდაზე მიღებულ იქნეს უმაღლესი შეფასება და გამოვლენილ იქნენ ადვოკატის საქმიანობის უფლების მინიჭებაზე დამსახურებული პირები, რომელთა შეფასება ინახება მათ საქმეში და შემდგომში სტაჟირების პრაქტიკული კომპონენტის გავლისთვის სტაჟიორთა ხელმძღვანელ ადვოკატთა მიერ შერჩევის დროს გამოიყენება, თავისთავს ეწინააღმდეგება, მაშინ, როცა თვითონ აღმასრულებელი საბჭო გამოცდაჩაბარებულ აპლიკანტებს არ აძლევს თავიანთი შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადვოკატის პროფესია განსაკუთრებით და მომეტებულად კონკურენტუნარიანი პროფესიაა და მსგავსი შემზღუდველი დებულებების შემოღებამდე ადვოკატთა ასოციაციამ, რომელიც ადვოკატთა პროფესიის მქონე პირებს აერთიანებს, განსაკუთრებული ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს, რათა არ მოხდეს კონკრეტული პირის უსაფუძვლოდ და უსამართლოდ „უკანა პლანზე გადაწევა“.
ყველა პოტენციურ ადვოკატს უნდა ჰქონდეს პროფესიაში დამკვიდრების სრულფასოვანი და ღირსეული გარანტია, რათა მომავალში მან თავი იგრძნოს, როგორც ღირსეულმა ადვოკატმა. ადვოკატის პროფესიის ღირსებაზე საუბროს გაეროს ძირითადი პრინციპებიც ადვოკატთა როლის შესახებ (1990 წ.), რომელიც ითვალისწინებს ადვოკატთა საქმიანობის პრინციპებს, კერძოდ 24-ე პარაგრაფის მიხედვით, ადვოკატთა გაერთიანების უფლებასა და პროფესიული ღირსების დაცვაზე შემდეგი ფორმულირებით „ადვოკატებს უფლება აქვთ შექმნან თვითმართვადი პროფესიული გაერთიანება საკუთარი ინტერესების წარმოდგენის, განათლებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობისა და მათი პროფესიული ღირსების დაცვის მიზნით. პროფესიული გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო არჩეულ უნდა იქნას მისი წევრების მიერ და მოქმედებდეს ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე“.
საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის პროფესიაზე და როლზე საქმეზე “ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (გადაწყვეტილება №1/6/1424,1490 2022 წელი, II-180 და განმარტა, რომ „საადვოკატო საქმიანობა რომ რეგულირებადი პროფესიაა და უპირატესად მართლმსაჯულების საჯარო ინტერესითაა შემოსაზღვრული, ამაზე მეტყველებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი დებულებები. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონით მინიჭებული გარანტიების გარდა, საადვოკატო საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა: კანონიერება; სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; პროფესიული კომპეტენტურობა; ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. შესაბამისად, სრულიად აშკარაა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, უწინარესად და უმთავრესად, სწორედ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ, საჯარო ინტერესს ემსახურება და არა, პროფესიული საქმიანობის საფუძველზე, ინდივიდუალური ადვოკატის მხრიდან შემოსავლის მიღების კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას“. ადვოკატი, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს, თავიდანვე არ უნდა გახდეს იმ ასოციაციის უსამართლობის მსხვერპლი, რომელსაც თვითონ აერთიანებს და წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციური მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციამ ვერ უზრუნველყო დაეცვა ბალანსი უფლების შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის იმგვარად, რომ არ მომხდარიყო გამოცდაჩაბარებულ აპლიკანტთა ინტერესების შეზღუდვა და უფლებების დარღვევა, მაშინ, როცა თანამედროვე სამყაროში ნაკლებად მზღუდველი ალტერნატიული საშუალების მოძიებაც შეიძლება.
შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების, „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“-ს 22-ე მუხლის 22-ე (პრიმა) პუნქტის სიტყვები „რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების, „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესები“-ის მე-16 მუხლის მე-16 (ტერცია) პუნქტის მიხედვით, „საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0.“ ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოსარჩელისათვის ითქვა უარი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და მის მიერ გაცემული პასუხების (სწორი, არასწორი) მიწოდებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განეკუთვნება ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას. შედეგად მან ვერ შეძლო მის მიერ გაცემული სწორი და არასწორი პასუხების ნახვა, რამაც გამოიწვია გაუგებრობა მის მიერ გაცემული პასუხების შესახებ. იმ აპლიკანტებისთვისაც კი, რომლებმაც გამოცდაზე ვერ აიღეს დამაკმაყოფილებელი ქულები, არ გახდა ხელმისაწვდომი საგამოცდო ტესტები და პასუხები. გამოცდების ტესტებისა და პასუხების ნახვა შეძლეს მხოლოდ იმ პირებმა, რომლებმაც გამოცდების შედეგები გაასაჩივრეს და ისიც იმ სახით, რომ მათ მოეთხოვათ მისვლა იმ დარბაზში, სადაც ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდები და მიეცათ დრო, ენახათ საგამოცდო ტესტები და მათ მიერ არასწორად გაცემული პასუხები, რის საფუძველზეც უნდა დაეწერათ დასაბუთება, თუ რატომ მიიჩნევდნენ, რომ მათი პასუხები იყო სწორი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა, რომლებიც შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებული ანალოგიური ტერმინების განმარტებებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება N1/3/1312 2020 წელი, II-7). ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის შინაარსი კანონმდებლობაზე დამოკიდებული გახდებოდა და ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნებოდა თვითნებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-15)“ (იქვ.).
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს გააჩნია შიდა კონსტიტუციური ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პუნქტი თვითონ განსაზღვრავს ძირითადი უფლების შეზღუდვის ზოგად საფუძვლებს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ შეზღუდვა დასაშვებია თუ ინფორმაცია განეკუთვნება კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან მისი შეზღუდვა გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად, კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. აქედან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს არ შეეძლო მიეღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც თვითონ შექმნიდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და აპლიკანტების მიერ ტესტებზე გაცემული პასუხების გასაიდუმლოების საფუძვლებს, რა შემთხვევაშიც, იგი დე იურე შეეცდებოდა ხელოვნურად შეექმნა გასაიდუმლოების საფუძვლები და რომელებითაც კონსტიტუციურ საფუძვლებს ვერ ჩაანაცვლებდა, რადგან მათ ავტონომიური მნიშვნელობა აქვთ და განმარტება მხოლოდ კონსტიტუციური დებულებებისა და პრინციპების შესაბამისად არის შესაძლებელი.
საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმატიულ შინაარსს ამოწმებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, რომლის დაკმაყოფილებისათვის, აუცილებელია, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი, აუცილებელი და მიზნისთვის პროპორციული საშუალება. სადავო ნორმატიულ შინაარს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების გავრცელების პრევენციის სახით ჰქონდეს, რისთვისაც აღნიშნული შემზღუდველი საშუალება გამოსადეგია და შეიძლება ითქვას, რომ უზრუნველყოფს მას, თუმცა იგი ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის (ვიწრო გაგებით) მოთხოვნილებებს.
სადავო დებულების მიხედვით, „საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0.“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო აღნიშნული ნორმით იცავს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების გავრცელებას, რათა არ მოხდეს გამოცდაზე აპლიკანტთა არაკეთილსინდისიერი ქმედებებით გამოცდების ჩაბარება. ერთი შეხედვით, ადვოკატთა ასოციაცია არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც კია, რომ ყველა აპლიკანტი თანასწორ პირობებში ჩააყენოს იმგვარად, რომ ყველა პირს ჰქონდეს გამოცდაზე საკუთარი უნარების კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად და თანასწორად რეალიზების შესაძლებლობა, რაც შემდგომში, თავისთავად, ადვოკატობის მსურველ პირთა სწორად შერჩევასაც უზრუნველყოფს და რაც მომავალში მათი მომსახურების ხარისხზეც აისახება. თუმცა, კონსტიტუციური მოსარჩელის აზრით, აღნიშნული იწვევს აპლიკანთა უფლებებისა და ინტერესების მომეტებულ შეზღუდვას, რადგან მათ ფაქტიურად ერთმევათ უფლება გაიგონ თუ რა შეცდომები დაუშვეს გამოცდაზე, იყო თუ არა მათი პასუხები შეცდომები და რა სახით უნდა გაცემულიყო სწორი პასუხი ტესტისათვის. სადავო დებულების ნორმატიული შინაარსის მოქმედება შედეგად, პოტენციურ ადვოკატთა თვითშეფასებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას და იწვევს უსამართლო და უსაფუძვლო გაუგებრობას, რომლის აღმოფხვრა შემდგომში არც ერთი ალტერნატიული საშუალებით არ ხდება. ყველა პირმა, რომელიც თავის პროფესიაში დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს, აუცილებელია ჰქონდეს თავის ცოდნასთან, უნარებთან და კვალიფიკაციასთან ადეკვატური თვითშეფასება, რაც უზრუნველყოფს მათთვის შემდგომში, პროფესიაში სრულფასოვნად თვითრეალიზებას და პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, რაც ამ პროფესიის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით აღსანიშნავი და რელევანტურია.
ადვოკატთა ასოციაციას შეეძლო ბევრად უფრო ნაკლებად მზღუდველი ალტერნატიული საშუალების, თუნდაც იმ სახით შემოთავაზება, რომ აპლიკანტებისთვის საგამოცდო ტესტებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების ვიზირება მომხდარიყო, ისე რომ შემდგომ გამოცდებზე არ მოსულიყო იდენტური ან მსგავსი ფორმულირების თუ შინაარსის მატარებელი ტესტები, რაც არ არის დაკავშირებული რთულად შესარულებელ ან შესასრულებლად შეუძლებელ ქმედებებთან. ადვოკატთა ასოციაცია არ არის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც გამოცდებს ტესტური სახით ატარებს, თუმცა აპლიკანტებისთვის მათი გაცნობა და მიღება დაბრკოლების გარეშე შესაძლებელია. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ გამოცდების ჩატარებისა და ამ სახით აპლიკანტების შეზღუდვის უსამართლო და მომეტებულად მზღუდველი საშუალება შეარჩია.
იმ შემთხვევაშიც, კი თუ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების 22-ე მუხლის 22-ე (პრიმა) პუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდებოდა, რა დროსაც გამოცდაჩაბარებული აპლიკანტები მხოლოდ გასაჩივრების შემდგომ და ისიცცაიტნოტურ ვითარებაში შეძლებდნენ საგამოცდო ტესტებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების ნახვას ან თუ მათთვის გამოცდების შედეგების ნახვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იქნებოდა შესაძლებელი, იგი არ დააკმაყოფილებდა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,, „...ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის, ასლის სახით, მიღების მიზანი სწორედ მისი სათანადოდ გაცნობა და გამოყენებაა. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ადამიანის უფლების - გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას - მიზანს არ წარმოადგენს ინფორმაციის მარტოოდენ წაკითხვა ან შესაბამისი დოკუმენტების ვიზუალური დათვალიერება. მისი დანიშნულება იმგვარი მექანიზმის შექმნაა, რომელიც დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სათანადოდ, გულდასმით შეისწავლოს ინფორმაცია, გამოიკვლიოს მისი სისწორე, გააანალიზოს, გააკეთოს დასკვნები, გაავრცელოს ან/და გამოიყენოს იგი სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით. ამდენად, ბუნებრივია, რომ ცაიტნოტურ ვითარებაში, მით უმეტეს, სხვისი თანდასწრებით წერილობითი ინფორმაციის წაკითხვა, დოკუმენტების ზეპირი გაცნობა თუ ვიზუალური დათვალიერება, თუნდაც ამონაწერების გაკეთების შესაძლებლობა, ცალკეულ შემთხვევაში არათუ ვერ უზრუნველყოფს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას, არამედ, პრაქტიკულად, შინაარსს უკარგავს მას და სრულიად არარეალიზებადს ხდის. ამგვარად, ინფორმაციის სათანადო ფორმით გაცნობა წარმოადგენს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალური განხორციელების sine qua non პირობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/1312 2020 წელი, საქმეზე საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე გამსახურიდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება და ადვოკატთა ასოციაციამ უნდა უზრუნველყოს უფლების ნაკლებად შემღუდველი ალტერნატიული საშუალების მოძიება. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური მოსარჩელის მოთხოვნა „საგამოცდო კითხვების კრებული, წარმოადგენს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0“, იმ ნორმატიული შინაარსის ნაწილში, რომელიც გამორიცხავს აპლიკანტთა მიერ საგამოცდო ტესტებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების გაცნობის, მათ შორის, ასლის გადაცემის შესაძლებლობას კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა