მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/1757 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2024 14:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1757) მომართა მარიამ ბერიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის №2/14/1757 საოქმო ჩანაწერით, №1757 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1757 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საგამოცდო კითხვების კრებული წარმოადგენს ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას და მისი რაიმე ფორმით დაკოპირება აკრძალულია. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტის საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება და დაეწერება შეფასება 0“. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მითითებული გადაწყვეტილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრების წესს, რომლის თანახმადაც, „აპლიკანტს, რომელიც ვერ დააგროვებს გამსვლელ ქულათა საკმარის რაოდენობას, უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდის შედეგი, გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.
5. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის პირი, რომელმაც უმაღლესი იურიდიული განათლების დასრულების შემდეგ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მიიღო წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო მინიმალურ ქულაზე მეტი რაოდენობა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ იყო კმაყოფილი დაფიქსირებული შედეგით, რადგან მიიჩნევდა, რომ ტესტებში დაშვებულმა შინაარსობრივმა და ტექნიკურმა ხარვეზებმა/შეცდომებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გამოცდის საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, მან განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ და მოითხოვა გამოცდაზე მის მიერ პასუხგაცემული ტესტების ნახვა, რათა შემდგომში, მას შესძლებოდა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ არ დააკმაყოფილა, განცხადებაზე პასუხში კი მიუთითა სწორედ „ელექტრონულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ქცევისა და გასაჩივრების წესების“ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების სადავოდ გამხდარ ნორმებზე.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მას უარი ეთქვა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და მის მიერ გაცემული პასუხების მიწოდებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განეკუთვნება სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკუთრებას“ და მისი რაიმე ფორმით კოპირება აკრძალულია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლების შეზღუდვის ზოგად საფუძვლებს, შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც თვითონ შექმნიდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და აპლიკანტების მიერ ტესტებზე გაცემული პასუხების გასაიდუმლოების სხვა საფუძველს. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შეეძლო, შედარებით ნაკლებად მზღუდავი ალტერნატიული საშუალების თუნდაც იმ სახით შემოთავაზება, რომ შემდგომ, საკვალიფიკაციო გამოცდებზე უზრუნველეყო განსხვავებული ფორმულირებისა და შინაარსის მქონე ტესტების შექმნა, რაც არ არის დაკავშირებული რთულად შესასრულებელ ან შესასრულებლად შეუძლებელ ქმედებებთან.
7. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე, სადავოდ ხდის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნორმას, რომელიც ადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრების წესს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მითითებული ნორმა გასაჩივრების უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ვერ დააგროვეს გამსვლელ ქულათა საკმარისი რაოდენობა, ხოლო მათ, ვინც გადალახეს აღნიშნული ზღვარი, გამოცდა ჩაბარებულად ეთვლებათ და არ აქვთ გამოცდის შედეგების გასაჩივრების უფლება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გამოცდაჩაბარებულ პირებს უნარჩუნდებათ ინტერესი, ისარგებლონ გასაჩივრების უფლებით. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. მითითებული პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან, სამთვიანი თეორიული კურსი და ცხრათვიანი სტაჟირება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სტაჟირების პრაქტიკული კომპონენტის გავლისათვის, კონკრეტული სტაჟიორის შერჩევისას, სტაჟიორთა ხელმძღვანელი ყურადღებას აქცევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებულ ქულას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულა გავლენას ახდენს ადვოკატობის მსურველი პირის ინტერესზე, სტაჟირება გაიაროს სასურველ მენტორთან. ამ მხრივ, მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოცდის გასაჩივრების შესაძლებლობა ქმნის უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს სისტემის მიერ დაშვებული შესაძლო შეცდომების თავიდან არიდებას. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, გასაჩივრების უფლების არარსებობა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის უფლებას, რამდენადაც მას აქვს სამართლებრივად დაცვის ღირსი ინტერესი, რომელსაც იგი სადავო მოწესრიგების პირობებში სათანადოდ ვერ ახორციელებს.
8. №1757 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდოს გამოცდაჩაბარებული აპლიკანტების გასაჩივრების უფლება, შესაძლოა, გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი ეკონომიურობის, ადმინისტრაციული, ადამიანური და მატერიალური ხარჯების დაზოგვის სახით. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირებით, მიღწევადია დასახელებული ლეგიტიმური მიზნები. თუმცა მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული წესით, არათანაზომიერად იზღუდება აპლიკანტთა ინტერესები, მიიღონ მაღალი შეფასება და, ამ გზით, გაუწიონ კონკურენცია სხვა პოტენციურ ადვოკატებს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. 2024 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მარიამ ბერიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, მას აღარ გააჩნია სამართალწარმოების გაგრძელების იურიდიული ინტერესი და უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1757 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1757 კონსტიტუციურ სარჩელზე („მარიამ ბერიძე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში