ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1743 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 16:01 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - კოლეგიის წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - კოლეგიის წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - კოლეგიის წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1743) მომართა ა. დ.-მ. №1743 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1743 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი: ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასასურველი კომუნიკაციის დამყარება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კი, ადამიანის თავისუფლება დაცულია. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს პირის საპროცესო უფლებებს, მათ შორის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის, დაცვისა და მტკიცებულებების მოპოვებისა და ჯეროვანი გამოკვლევის უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1743 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი საფუძვლით. შემაკავებელი ორდერი ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების მიხედვით, მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა მის მიერ დარღვევის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს გამოძიება.
6. №1743 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებსა და, საკუთრივ, კონსტიტუციურ სარჩელში მისი და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე, მათ შორის, მოსარჩელე ითხოვს, რომ დაიფაროს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების (ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების) ნომრები და კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საქმის გარემოებები. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, იგი ითხოვს დაიფაროს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსარჩელის პროფესიული რეპუტაციის შელახვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს - პლენუმი, კოლეგიის აქტებზე - შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
2. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს როგორც №1743 კონსტიტუციურ სარჩელში არსებული, ასევე შემდგომში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში მისი და მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნება ემსახურება საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
4. საქართველოს კონსტიტუცია, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის შესაძლებლობას იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, მოსარჩელის ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).
5. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).
6. №1743 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი საფუძვლით. შემაკავებელი ორდერი ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აგრეთვე, ცნობილია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა მის მიერ დარღვევის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს გამოძიება.
7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოსაქვეყნებელ აქტებში, მათ შორის, კონსტიტუციურ სარჩელში მისი და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე, ეფუძნება მტკიცებას, რომ არ შეილახოს მისი პროფესიული რეპუტაცია, რადგან იგი არის მოქმედი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები კი შეეხება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის, ადევნების ცალკეული ნორმატიული შინაარსისა თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარკვეული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მთელ რიგ დებულებებთან მიმართებით.
8. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამდენად, №1743 კონსტიტუციური სარჩელი ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული ნორმატიული შინაარსის მქონე საკითხებს, რის გამოც პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა თუ გასაჯაროება სასამართლოს მხრიდან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამასთანავე, ხაზგასასმელია ის, რომ მოსარჩელე თავად არის მოქმედი ადვოკატი, რომელიც ბრალდებულია ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის საქმეზე. შესაბამისად, №1743 კონსტიტუციური სარჩელი შეიცავს ისეთი სენსიტიური ხასიათის პირად ინფორმაციას მოსარჩელესა და მესამე პირზე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით.
9. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ცნება ფართო კონცეფციაა. „...ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
10. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიზანია პირის პირადი სივრცის და კომუნიკაციის ანონიმურობის/პრივატულობის უზრუნველყოფა, ანუ ადამიანის პირადი ცხოვრების იმ სფეროების გამჟღავნებისგან დაცვა, სადაც ან/და რომლის მიმართაც ამ უკანასკნელს პრივატულობის ობიექტური მოლოდინი გააჩნია (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/3/1444 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14 ).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში პირის ინტერესი, დაიფაროს მისი პერსონალური მონაცემები, უპირატესია გადაწყვეტილებისა თუ სასამართლოს აქტების საჯაროობის პრინციპთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ №1743 კონსტიტუციურ სარჩელსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში უნდა დაიფაროს მოსარჩელის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის იდენტიფიცირების შესაძლო შემთხვევები.
12. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე, მათ შორის, ითხოვს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემების დაფარვას. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი მოითხოვოს მესამე პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, ამასთანავე, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით არ დასტურდება მესამე პირის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე კი, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პირის პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები, მათ შორის, განიხილოს საკუთარი ინიციატივით. შესაბამისად, სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აუცილებელია დაიფაროს მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემებიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსარჩელის არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირების შესაძლო შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მესამე პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებამ შესაძლოა მოახდინოს მისი და მოსარჩელის ვინაობის იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უგულებელყოფა.
13. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე უკვე წარმოდგენილი ოქმებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილებების ნუმერაციის დაფარვასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება გახდეს მისი პიროვნება იდენტიფიცირებადი მარტოოდენ ოქმისა ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების ნუმერაციით მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ამ დოკუმენტების პროაქტიულად გამოქვეყნების პირობებშიც კი, მისი მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები ისედაც დაფარულია. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის გარემოებებისა თუ კონსტიტუციურ სარჩელში ასახული ინფორმაციის (ისტორიის) დაფარვა არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ უნდა ემსახურებოდეს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირება კი დაკავშირებულია მხოლოდ პროფესიული რეპუტაციის შელახვის თაობაზე მოსარჩელის სუბიექტურ წარმოდგენებთან/შიშებთან. აშკარაა, რომ მოსარჩელის ამგვარი დამოკიდებულება ვერ შექმნის კონსტიტუციურ სარჩელსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვის საფუძველს. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №1743 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ოქმებისა ან/და სასამართლო გადაწყვეტილებების ნუმერაციის დაფარვას, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1743 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა.
2. №1743 კონსტიტუციურ სარჩელსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ აქტებში მოსარჩელის სახელი და გვარი ჩანაცვლდეს ინიციალებით „ა. დ.“, აგრეთვე, დაიფაროს/ჩანაცვლდეს ინიციალებით იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც იძლევა მოსარჩელის ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
3. №1743 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა. დ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №1743 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ, მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ოქმებისა ან/და საერთო სასამართლო გადაწყვეტილებების ნუმერაციის დაფარვას.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე