დურმიშხან შაინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/7/1713 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 19:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე
საქმის დასახელება: დურმიშხან შაინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1713) მომართა დურმიშხან შაინიძემ. №1713 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 30 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1713 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილია ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. №1713 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება იმ პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება ემსახურება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ითვლებოდეს არა სატრანსპორტო საშუალების მართვა საამისოდ აუცილებელი ნებართვის გარეშე, არამედ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების მიზანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, იმისაგან დამოუკიდებლად გააჩნიათ თუ არა მათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა საამისოდ აუცილებელი ნებართვის გარეშე არ უნდა ითვლებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
6. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ნათლად წარმოაჩენს, რომ შეუძლებელია იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, რომელსაც სადავო ნორმა ემსახურება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე.
4. განსახილველ შემთხვევაში, №1713 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, №1713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. აღსანიშნავია, რომ №1713 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას და ადმინისტრაციული წესით დასჯადად აცხადებს პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებას მართვას საამისოდ აუცილებელი უფლების გარეშე ან იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება პირს შეჩერებული აქვს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით იმ პირის მიმართ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია, რომელიც მიმართული იქნება როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის, აგრეთვე შესაბამისი სანქციის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
8. №1713 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს არა სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი ნებართვის გარეშე, არამედ აღნიშნულ პროცესში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. მოსარჩელე განმარტავს, რომ არაკონსტიტუციურია საამისოდ აუცილებელი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა. სწორედ ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მე-12 მუხლს, მე-14 მუხლის პირველ პუნქტს, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება სადავო ნორმის დისპოზიციიდან მომდინარე სამართალდარღვევისათვის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული რიგი უფლებების შეზღუდვას და საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „– გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, №1713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. №1713 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების შემადგენლობის არაკონსტიტუციურად ცნობა მოთხოვნილია, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
12. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულებები განსაზღვრავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/8/1470 განჩინება საქმეზე „ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). იმავდროულად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული ინდივიდუალური საქმის ფარგლებში, ყოველ ჯერზე, აფასებს კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობასა და თავად შეზღუდვის შესაბამისობას თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
14. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებით ბოჭვის ვალდებულება, თავისთავად, მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული თითოეული უფლებიდან და წარმოადგენს ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვითმყოფად საშუალებას. შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური ჩანაწერები წარმოადგენს უფლების დაცვის ძირითად მსაზღვრელ პრინციპებს და არა თავად უფლებებს, რომლებთან მიმართებითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც, უსაფუძვლოა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის,“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, №1713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ გამოკვეთოს შესადარებელ სუბიექტთა იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი წრე, წარმოაჩინოს კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით აღნიშნულ პირთა წრის არსებითად თანასწორობა, შემდგომში კი – დიფერენცირებული მოპყრობა არსებითად თანასწორი პირების მიმართ ან თანასწორი მოპყრობა ‒ არსებითად არათანასწორი პირების მიმართ, ისევე, როგორც, გარკვეული ხარისხით, მიუთითოს დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობაზე, არაკონსტიტუციურობაზე. საპირისპიროდ, №1713 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც, ზემოხსენებული ელემენტების გათვალისწინებით, გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვაზე მიუთითებდა. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელი, ამ მხრივ, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
19. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კი აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები და გათვალისწინებულია ხსენებული უფლებების შეზღუდვის საფუძველი და წესი. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს სატრანსპორტო საშუალების მართვას პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის. ამ მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა, რა კავშირი არსებობს სადავო ნორმით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის ან/და საკუთრების უფლებებს შორის და რა თვალსაზრისით ზღუდავს იგი აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებებს.
20. ამასთანავე, მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
21. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, იცავს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალება მართოს სახელმწიფოს ინტერვენციის, საამისოდ აუცილებელი წინასწარი ნებართვის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, საგზაო მოძრაობისათვის და, შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველია არა თავისთავად სატრანსპორტო საშუალების მართვა სათანადო ნებართვის გარეშე, არამედ უშუალოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება საამისოდ აუცილებელი ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხსენებული კონსტიტუციური უფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური და საქართველოს კონსტიტუცია თავადვე ითვალისწინებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას გარკვეულ შემთხვევებში, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“). ამრიგად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ხსენებული უფლების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის.
23. სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც ნათელია უფლებაშემზღუდველი სადავო რეგულაციის მიზანმიმართულება და იგი აშკარად თვითმიზნური, არაგონივრული არ არის, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, არამედ აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
24. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ მოთხოვნებს (მაგ., ასაკობრივ, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დადასტურების და სხვ.), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისათვის. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების მექანიზმი ემსახურება საგზაო მოძრაობაში მხოლოდ იმ პირების დაშვებას, რომლებსაც გააჩნიათ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პირების საგზაო მოძრაობის პროცესიდან გამორიცხვას. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა, იმ პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებას მართავენ საამისოდ აუცილებელი ნებართვის გარეშე, სახელმწიფო მიზნად ისახავს, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შექმნას.
25. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ სადავო ნორმა არაგონივრულია. ცალსახაა სადავო ნორმის მიზანმიმართულება, რომ უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და, ამგვარად, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ისევე, როგორც ხელშესახებია საგზაო მოძრაობის პროცესში მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იმ პირებისაგან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც არ გააჩნიათ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის აუცილებელი ნებართვა. სწორედ ამიტომ, რამდენადაც სადავო რეგულაცია აშკარად თვითმიზნური არაა, მოსარჩელე მხარემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია/მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადავო მოწესრიგება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციული და არაკონსტიტუციური საშუალებაა.
26. №1713 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების თავისუფლად მართვის შესაძლებლობას, ხოლო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან სატრანსპორტო საშუალების მართვის ნებართვის მოპოვებას თავისთავადი კავშირი არ გააჩნია. მოსარჩელის პოზიციით, ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტია არა იმ პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების წინასწარი შეფასება, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, არამედ უშუალოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, იმისგან დამოუკიდებლად, გააჩნია თუ არა პირს ამგვარი ნებართვა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა უშუალოდ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.
27. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მოსარჩელის არგუმენტი, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია საგზაო მოძრაობის წესების ვალდებულების დაწესებითა და მათი პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების კონტროლით. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ფლობა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულების დაწესება, მართალია ერთსა და იმავე ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, თუმცა ისინი ურთიერთჩანაცვლებადი მექანიზმები არ არის და სახელმწიფო უფლებამოსილია, ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების ეფექტიანად უზრუნველსაყოფად, აღნიშნული მექანიზმები პარალელურ რეჟიმში გამოიყენოს. ბუნებრივია, რაც უფრო მკაცრი და ზედმიწევნითი იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვის პროცესში პირთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება და საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ყოველდღიური კონტროლი, მით უფრო შემცირდება მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების ჩადენის რისკი.
28. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, ნათელია სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს სადავო ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ საშუალებად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის,“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1713 კონსტიტუციური სარჩელი („დურმიშხან შაინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე