საქართველოს მოქალაქე შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/230 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 27 მაისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე;
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი(მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან: 1) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულება „საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ“ 2)საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულება „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ“, 3) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფოს შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ“, 4) საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის № 258 ბრძანებულება „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო –კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, 5) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტი; 6) საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი „ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ“; 7) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილება „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.
საქმეს განიხილავს მონაწილე: მოსარჩელე შოთა მესხელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 5 მაისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის შოთა მესხელის 230-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში 178-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან (მოსარჩელე – ნანა გოგოჭური, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი) და 170-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან (მოსარჩელე – ემზარ გრიგოლია, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი) გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე სასამართლოს ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 19 მაისს.
მოქალაქე შოთა მესხელმა კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2003 წლის 29 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე შოთა მესხელი და მისი მეუღლე იყვნენ სახელმწიფო შემნახველი ბანკის მეანაბრეები, 1994 წლის მაისის თვიდან კი გახდნენ საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები. მოსარჩელის აზრით, მეანაბრეების მეპაიეებად გახდომის ფაქტს უნდა მიეცეს იურიდიული შეფასება: მეანაბრეთა „გაბითურება“ დაკავშირებულია აღნიშნულ ბრძანებულებებთან და დადგენილებებთან; ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მეანაბრეებისათვის არ მიეცათ ანაბარზე რიცხული თანხები და ამით ფაქტიურად ჩამოერთვათ მათ ქონების (თანხების) განკარგვის უფლება. მისი აზრით, სადავო ბრძანებულებები და დადგენილებები ცალსახად არღვევენ როგორც მისი ოჯახის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, რომელიც მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გმოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე შოთა მესხელის კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისათვის. სახელდობრ, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს (1) „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და (2) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მოქალაქე შოთა მესხელის კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სასარჩელო, მოთხოვნა დასაბუთებულია და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მას 2002 წლის 26 აპრილის №1/2/178 და 2003 წლის 11 თებერვლის №1/1/170 საოქმო ჩანაწერებით არსებითად განსახილველად მიღებული აქვს მოქალაქეების – ნანა გოგოჭურისა და ემზარ გრიგოლიას 178-ე და 170-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მათში დავის საგანი იგივეა, რაც მოქალაქე შ. მესხელის 230-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებ ნაწილში. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის რომ შესაძლებელია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულებას „საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ“, იგი, სასამართლო კოლეგიის აზრით, ზემოაღნიშულ აქტებთან ერთად არ უნდა იქნეს არსებითი განხილვისათვის მიღებული. მოსარჩელე შოთა მესხელმა კონსტიტუციური სარჩელი შემოიტანა ანაბრების საკითხის თაობაზე და თვითონვე მოითხოვა, რომ მისი სარჩელი გაერთიანებულიყო მოქალაქე ემზარ გრიგოლიას კონსტიტუციურ სარჩელთან მათი ერთობლივად განხილვის მიზნით. მოქალაქე ემზარ გრიგოლიას კონსტიტუციური სარჩელი კი არსებითი განხილვისათვის მიღებულია ზემოაღნიშნული ორი სადაო აქტის ნაწილში. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს იმ სადაო საკითხზე, რომელიც შეეხება საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების საკითხს.
ამასთან ერთად, მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნება მიღებული არსებითი განხილვისათვის აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებიც, რომლებიც მოსარჩელე შ. მესხელის მიერ სადავოდაა დასახელებული.
კერძოდ სამ სამართლებრივ აქტზე – (1) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულებაზე „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ“, (2) საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონზე “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ“ და (3) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილებაზე „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უკვე იმსჯელა და უარი თქვა არსებითი განხილვისათვის მათ მიღებაზე (იხ. 2003 წლის თერთმეტი თებერვლის №1/1/170 საოქმო ჩანაწერი). აღსანიშნავია, რომ მესამე სამართლებრივი აქტის არსებითი განხილვისათვის მიღებაზე უარი თქვა აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ (იხ. 2002 წლის 4 ოქტომბრის №2/14/156 განჩინება). რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულებას „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“, ამ საკითხებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2003 წლის 3 აპრილს გამოიტანა №2/4/194 გადაწყვეტილება. მაშასადამე, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-18 მუხლის „დ“ პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. მიღებულ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის შოთა მესხელის 230-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება (1) „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. დავის საგნის იგივეობის გათვალისწინებით, მოქალაქე შოთა მესხელის 230-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისთვის მიღებულ ნაწილში გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით მოქალაქე ნანა გოგოჭურის 178-ე და მოქალაქე ემზარ გრიგოლიას 170-ე ნომრებით რეგისტრირებულ და 2002 წლის 26 აპრილის №1/2/178 და 2003 წლის 11 თებერვლის №1/1/170 საოქმო ჩანაწერებით ასევე არსებითი განხილვისთვის მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ – „საქართველოს მოქალაქეები – ნანა გოგოჭური, ემზარ გრიგოლია და შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
III. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
IV. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
V. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ი.ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)