საქართველოს მოქალაქე ემზარ გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/1/170 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 11 თებერვალი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 თებერვალი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2, იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ნიკოლოზ შაშკინი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ემზარ გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით: 1). საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის №363 ბრძანებულება “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის “ლარის” გაშვების შესახებ”; 2). საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის№ 716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”; 3). საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №362 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”; 4). საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ”; 5). საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკენში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”; 6). საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ”; 7). საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 თებერვლის დადგენილება “რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალისა და აქტივების მიმართ სამართალმემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ემზარ გრიგოლია.
საქართველოს მოქალაქის ემზარ გრიგოლიას 170-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2001 წლის 24 დეკემბერს შემოვიდა.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 23 იანვარს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში 178-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან (მოსარჩელე _ ნანა გოგოჭური, მოპასუხე _ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი) გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა ამ საკითხზე მიმდინარე წლის 24 იანვარს გაიმართა.
სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. პრეზიდენტისა და პარლამენტის სადავო აქტები სწორედ ამ საყოველთაო უფლებას შეეხო და მოხდა მოსარჩელის, ისევე როგორც ყველა სხვა მეანაბრის საკუთრების უფლების ჩამორთმევა სახელმწიფო შემნახველ ბანკში მიბარებულ ფულზე.
მოსარჩელის სიტყვით, საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნა და 1997 წლის 8 დეკემბერს გამოსცა №716 და №717 ბრძანებულებები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან ამის თაობაზე ადრეც მიმართა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ საქმის განხილვის პროცესში პრეზიდენტმა ცვლილებები შეიტანა №716 ბრძანებულებაში. ცვლილებებმა, მოსარჩელის თქმით, გააუარესა მეანაბრეთათვის კუთვნილი თანხის დაბრუნების პირობები, თუმცა სასამართლომ მის საფუძველზე საქმე შეწყვიტა. ამის შემდეგ მოსარჩელემ განმეორებით მიმართასაკონსტიტუციო სასამართლოს. ამჯერად პრეზიდენტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გააუქმა №716 ბრძანებულება, ხოლო უცვლელად დარჩა №717 ბრძანებულება. 2001 წლის 2 ივლისს პრეზიდენტმა მიიღო №258 ბრძანებულება, რომლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: “შეიქმნას საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია”. მოსარჩელის აზრით, პრესიდენტს ამის უფლება არ გააჩნია.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ გამოიყენა “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლება და, ერთი მხრივ, სადავო აქტებიდან გამორიცხა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 ივნისის №362 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ხოლო, მეორე მხრივ, დამატებით მოითხოვა შემოწმდეს _ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით: 1). “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტი; 2). “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში 1999 წლის 19 მარტის კანონით შეტანილი ცვლილებები; 3). “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” 2000 წლის 14 ივნისის კანონის პირველი მუხლი, რომელიც ასევე პოლიტიკური რეპრესირების საკიტხებს უკავშირდება; 4). “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის (ა. ძებისაშვილის) 1999 წლის 10 თებერვლის წერილში ჩამოთვლილი ყველა ნორმატიული აქტი”; 5). “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის №1/3/136 გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის III და IV პუნქტები”; 6). საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში 2002 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილი კანონპროექტები _ (ა) “ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ” კანონში დამატების შეტანის თაობაზე და (ბ) “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე ემზარ გრიგოლიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ უნდა იქნეს მიღებული არსებითი განხილვისათვის. შახელდობრ, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს (1) “ საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მოქალაქე ე. გრიგოლიას კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში ძირითადად დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მან 2002 წლის 26 აპრილის საოქმო ჩანაწერით (№1/2/178) არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ნანა გოგოჭურის 178-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მასში დავის საგანი იგივეა, რაც მოქალაქე ე.გრიგოლიას 170-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებ ნაწილში. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ შესაძლებელია მათი ერთ საქმედ გაერთიანება და ერთობლივად განხილვა.
რაც შეეხება “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულო ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის №258 ბრძანებულების პირველ პუნქტს, იგი გამოირიცხება არსებითი განხილვიდან იმის გამო, რომ აქ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების საფუძველზე ძალადაკარგულად ჩათვალა მის მიერვე 1997 წლის 8 დეკემბერს გამოცემული №716 ბრძანებულება “მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექინიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ”. საქმე ისაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არის უფლებამოსილი განიხილოს ამ ძალადაკარგული ბრძანებულების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამასთან ერთად, მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების საკითხიდან დაკავშირებით ვერ იქნება მიღებული არსებითი განხილვისათვის აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებიც, რომლებიც მოსარჩელე ე. გრიგოლიას მიერ სადავოდაა დასახელებული.
1). “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის “ლარის” გაშვების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 16 სექტემბრის #363 ბრძანებულების მე-4 პუნქტი, რომელშიც განსაზღვრულია კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვერბის ყველა სფეროში საანგარიშსწორებო- საგადამხდელო საქმის მოწესრიგებისა და სახელმწიფო წესრიგის დამყარების მიზნით განხორციელებულ კომპლექსურ ღონისძიებათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი სადავოდ იყო მიჩნეული მოქალაქე ნ. გოგოჭურის 105-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში. ამ სარჩელსა და მოქალაქე ე. გრიგოლიას 146-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე ერთობლივად იყო მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2001 წლის ივნისში გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე. მაშინ მოსარჩელე ნ. გოგოჭურის წარმომადგენელმა ე. ყურუამ უარი თქვა ხსენებული პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხზე (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2001 წლის 28 ივნისის განჩინება №1/3/105,146 გვ.3). იმ სხდომას ესწრებოდნენ ე. გრიგოლია და მისი წარმომადგენელი ვ. სანიკიძე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოუთხოვია აღნიშნული პუნქტის კონსტიტუციურობის შემოწმება და საკითხის დასმა ახლაც, ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელია.
2). საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №717 ბრძანებულება შეეხება საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით. ეს ბრძანებულება მოქალაქე ე. გრიგოლიამ სადავო აქტად დაასახელა აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2001 წლის ივნისში გამართულ ზემოხსენებულ განმწესრიგებელ სხდომაზე. მოსარჩელე ე. გრიგოლიას არც მაშინ და არც ახლა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ აქტით მისი უფლებების დარღვევას.
3). 1998 წლის 25 ივნისის კანონით “ ლარის შემოღებამდე საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ” ძალაში რჩებოდა ანაბრების ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 ბრძანებულებით იყო განსაზღვრული. ამ ბრძანებულების გაუქმების შემდეგ, ცხადია, დასახელებული კანონი სადავო აქტად ვეღარ იქნება მიჩნეული მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის საკითხთან მიმართებით.
4). მოსახლეობის ანაბრებთან მიმართებით სადავო აქტებთან ვერ იქნება მიჩნეული: (ა) საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 16 თებერვლის სარატიფიკაციო დადგენილება, რომელიც შეეხება ყოფილ სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალსა და აქტივებს და კონსტიტუციურ სარჩელში დაუსაბუთებლად არის მითითებული; (ბ) მოსარჩელის მიერ ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე მითითებული 1999 წლის 19 მარტისა და 2000 წლის 14 ივნისის კანონების ნომრები, რომლებიც შეეხებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის საკითხებს.
5). არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია იმ მოთხოვნას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის თვალსაზრისით შეამოწმოს (ა) სასამართლოში წარუდგენელ, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სოცუზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ა. ძებისაშვილის რომელიღაც წერილში ჩამოთვლილი, თანაც მოსარჩელის მიერ საერთოდ დაუსახელებელი ნორმატიული აქტები, (ბ) თვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დებულებები და (გ) პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ემზარ გრიგოლიას 170-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაარმდეგ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება (1) “საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის #258 ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და (2) “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველი ოქმის რატიფიცირების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით;
II. დავის საგნის იგივეობის გათვალისწინებით, მოქალაქე ემზარ გრიგოლიას 170-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღებულ ნაწილში გაერთიანდეს ერთობლივად განხილვის მიზნით მოქალაქე ნანა გოგოჭურის 178-ე ნომრით რეგისტრირებულ და 2002 წლის 26 აპრილის №1/2/178 საოქმო ჩანაწერით ასევე არსებითი განხილვისთვის მიღებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ _ “საქართველოს მოქალაქეები _ ნანა გოგოჭური და ემზარ გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”;
III. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
IV. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
V. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ.შაშკინი