"სს ტრანსერვისი" საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1342 |
ავტორ(ებ)ი | "სს ტრანსსერვისი" |
თარიღი | 15 აგვისტო 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
ბ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N 1–1/330 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“-ს მე-12 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და 30-ე მუხლი |
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N 1–1/330 ბრძანებით („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების 2 პრიმა მუხლი. | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და 30-ე მუხლი |
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N 1–1/330 ბრძანებით („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დანართი 1, „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები“ | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და 30-ე მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89.1. „ვ“ მუხლი, 42-ე მუხლი და 45-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.
გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;
დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;
ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (21-ე და 30-ე მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნორმებით;
ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;
ზ) არ არსებობს ნორმატიული აქტების იერარქიაში გასაჩივრებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია გასაჩივრებული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა,
რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი).
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება არის სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ლიცენზირებას ან ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ჩამონათვალში. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების საქმიანობის წარმოებისთვის მეწარმე სუბიექტს შეუძლია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ განსაზღვრული, ნებაყოფლობითობის საფუძველზე სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისაგან, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებით, მიიღოს აკრედიტაცია. აკრედიტაცია კი არის, ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ხდება ინსპექტირების ორგანოს/კომპანიის კომპეტენტურობის აღიარება (მუხლი 96).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრები/მეწარმე სუბიექტები.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა უწყებების კომპეტენციებს, გახლავთ კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომლის მე-11 მუხლით განისაზღვრა საქართველოს მთავრობისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს-აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა მხოლოოდ (!) ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების განსაზღვრა, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციაა - აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება.
ანალოგიურად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (96.4., 97.1. და 99.4 მუხლები) აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაცია წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
კანონით მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის #511 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“ (რომელიც ძალაშია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის დღიდან, 2018 წლის 10 ივლისიდან. #222), რომლის პირველივე მუხლით, ასევე განსაზღვრულია რომ ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია არის აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენცია.
ანალოგიურად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის #1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „ი“, „ნ“ და „ო“ პუნქტების შესაბამისად, ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია განსაზღვრულია, როგორც აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენცია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის პირობებისა და პროცედურების განსაზღვრა, აგრეთვე აკრედიტაცია წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის კანონით (საგზაო მოძრაობის შესახებ და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი) მინიჭებულ ექსკლუზიურ/დისკრეციულ უფლებამოსილებას, არც მთავრობას და არც სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებას არ აქვს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ისე რომ ამისთვის არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი და კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენცია, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №583 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში დაპირველი მუხლის მე-12 პუნქტით აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის კომპეტენცია მიენიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რაც უხეში კანონდარღვევაა რადგან საქართველოს მთავრობას კანონით არ აქვს მინიჭებული: ა) არც აკრედიტაციის პირობების უშუალოდ განსაზღვრის უფლებამოსილება და ბ) არც ამ უფლებამოსილების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დელეგირების/მინიჭების უფლებამოსილება.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიღო გასაჩივრებული ნორმატიული აქტი/ნორმები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული ნორმებით დადგინდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები (დანართის მუხლი 1.1.), მაშინ როდესაც ეს უფლება კანონით განეკუთვნება მხოლოდ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის განსაკუთრებულ კომპეტენციას.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული ნორმებით ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობისა და ამ დებულებით (და არა კანონებით და აკრედიტაციის ცენტრის ნორმატიული აქტით) განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით (დებულების დანართის 1.3. მუხლი).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული ნორმებით ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია დროში შემოიფარგლა (2018 წლის მაისი), მაშინ როდესაც კანონით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია და დროში არ არის შემოსაზღვრული, დაინტერესებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს და თუკი დააკმაყოფილებს პირობებს, მიიღოს აკრედიტაცია სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისაგან. გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებულია, რომ ე.წ. შერჩევის პროცესში გამარჯვებულთან სამინისტრო (და არა აკრედიტაციის ცენტრი) აფორმებს ხელშეკრულებას და მხოლოდ ამ პირს ეძლევა საშუალება მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს.
გასაჩივრებული ნორმებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნა დახურული და დროით შეზღუდული სისტემა და ახალ კომპანიებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ აკრედიტაცია, აგრეთვე არსებულ ცენტრებს არ ეძლევა საშუალება მიიღონ ახალი აკრედიტაცია ან გაიფართოვონ აკრედიტაციის სფერო.
სახელმწიფო, ლეგიტიმური მიზნებისთვის ზღუდავს რიგ სამეწარმეო საქმიანობას და კონკურენციას მეწარმე სუბიექტებისათვის საქმიანობის დასაწყებად ლიცენზიის ან ნებართვის სავალდებულოდ მოპოვებით. ლიცენზიითა თუ ნებართვის მოპოვებით შეზღუდული საქმიანობა მართალია არის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, თუმცა ეს არის ლეგიტიმური („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით) და დასაბუთებული ჩარევა.
განსახილველი შემთხვევისათვის არ არსებობს კანონი, რომელიც შეზღუდვას დააწესებდა და ამასთან, შეზღუდვა არ არის დასაბუთებული.
კანონით, არც საქართველოს მთავრობას და არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს არ აქვს მინიჭებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებისა და ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება, იგი არ არის აკრედიტაციის ცენტრი. სახეზე გვაქვს არაუფლებამოსილი პირის მიერ, კომპეტენციის ფარგლების გადაცილებით გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული წესით მივმართეთ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს, რომელმაც გასაჩივრებულ ნორმებზე მითითებით უარი გვითხრა აკრედიტაციაზე. გასაჩივრებული ნორმებითა და აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებით, სახეზეა კონსტიტუციით დაცული უფლების ხელყოფა.
სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციის შეზღუდვა იწვევს საკუთრების უფლების ხელყოფას, რადგან ამცირებს შემოსავალს ან არ იძლევა შემოსავლის გაზრდის საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ნორმებით, ყოველგვარი დასაბუთების, საზოგადოებრივი საჭიროების, გადაუდებელი აუცილებლობის და საკანონმდებლო, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ხდება საკუთრების უფლების ხელყოფა. ადგილი აქვს დაცულ სფეროში შეჭრას გონივრული, ლეგიტიმური და ვარგისი დასაბუთების გარეშე.
- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით).
მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლებაში ჩარევა საკუთრების გარდა, თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციასაც ზღუდავს, კონსტიტუციის 21.1./2. და 30.2. მუხლები განიხილება ერთობლივად. საკუთრების უფლების ხელყოფა, აგრეთვე ხელყოფს თავისუფალი მეწარმეობის უფლებასაც და პირიქით.
აღნიშნულის გათვალისწინებით გასაჩივრებული ნორმებით მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 30.2. მუხლით დაცულ სფეროში არალეგიტიმური და დაუსაბუთებელი შეჭრა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა