სს "ტრანსერვისი" საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | 2/17/1342 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 12:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში − სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი − წევრი;
მანანა კობახიძე − წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „სს ტრანსსერვისი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლისა და ამავე ბრძანების №1 დანართის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1342) მომართა „სს ტრანსსერვისმა“. №1342 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 20 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1342 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლი მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ამავე დებულების №1 დანართით. თავად №1 დანართი არეგულირებს აკრედიტაციის დამატებით პირობებს, მათ შორის, ადგენს შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, განსაზღვრავს აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურსა და სხვა საკითხებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 მუხლები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდნენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის წესებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იცავდა შრომის თავისუფლების უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა შრომითი უფლებების დაცვას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სს ტრანსსერვისი“ არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მქონე პირი, რომელმაც 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა დამატებით სფეროში აკრედიტაციის მოპოვების მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოსარჩელეს უარი უთხრა არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვაზე, რამდენადაც განცხადება წარდგენილ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით განსაზღვრული ვადების დარღვევით.
7. მოსარჩელის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, ერთმანეთისაგან გამიჯნულია საქართველოს მთავრობისა და აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები. საქართველოს კანონმდებლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებენ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული მეწარმე სუბიექტები, ხოლო აკრედიტაციის სისტემის წესების, პროცედურების და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა არის აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება. საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების დადგენა.
8. მოსარჩელის პოზიციით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის აკრედიტაციის მოსაპოვებელი მოთხოვნები და წესი უნდა განესაზღვრა აკრედიტაციის ცენტრს და სხვა არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო კანონქვემდებარე აქტით საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები და აკრედიტაციის დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლება მიანიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს მთავრობას კანონმდებლობით არ გააჩნდა აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, ამ საკითხის მოწესრიგების უფლების დელეგირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის, თავისთავად, კანონის დარღვევაა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო კანონქვემდებარე აქტები ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტებით კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლების (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე, დამატებით, მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სადავო ბრძანებით, დროში შეიზღუდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მოპოვებისა და არსებული ხაზების გაფართოების მიზნით აკრედიტაციის მიღების უფლება. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით ახალ კომპანიებს არ ეძლევათ აკრედიტაციის მიღების, ხოლო არსებულ ცენტრებს ახალი აკრედიტაციის მოპოვების ან აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, აკრედიტაცია ნებაყოფლობითი პროცესია და მისი მოპოვება, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით დაუსაბუთებლად იზღუდება საკუთრებისა და მეწარმეობის უფლებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. 2019 წლის 21 მაისს მოსარჩელე „სს ტრანსსერვისმა“ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1342 კონსტიტუციურ სარჩელზე („„სს ტრანსსერვისი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი