ნუგზარ კირიაკიდის, ანასტასია ზაუტაშვილი და მევლუდი სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1770 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნუგზარ კირიაკიდის, ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდი სვანიძე |
თარიღი | 17 თებერვალი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ბ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება (ჩხრეკის და ამოღების ოქმი). | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის პირველი წინადადება - „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.“ |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისთვის, იმ პირობებში, როდესაც ქმედება არ მოიცავს აღნიშნული ნივთიერებების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის ფაქტს. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეცხრე პუნქტის პირველი წინადადება - „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“ |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვები: „..ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ . | საქართველოს კონსიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი - “დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება”. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძვლები, ვინაიდან:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) კონკრეტული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს, კანონს;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის მოკლე ფაქტობრივი გარემოებები
2010 წლის 03 დეკემბრის ქალაქ ფოთის საქალაქო სასამართლოსა და ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 03 ივნისის N1/ბ-25-2011 განაჩენით, საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც სარგებლობს საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქის VOTZOROSFILIDIS NOUGKZARI სახელზე გაცემული N1861179 პასპორტით, (იგივე ნუგზარი კირიაკიდისი) დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.(წარმოგიდგენთ პირველი ინსტანციის (იხ.დანართი1), სააპელაციო ინსტანციის (იხ.დანართი2) და საკასაციო ინსტანციის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს (იხ.დანართი 3 .)
ამავე განაჩენით ანასტასია ზაუტაშვილი სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
ასევე, მევლუდ იაკობის ძე სვანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
სასამართლოს განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2008 წლის დეკემბრიდან ნუგზარ ბოჭორიშვილს სხვა პირებთან ერთად (მევლუდ სვანიძე, გიორგი ჩეჩელაშვილი კახაბერ სვანაძეს, ანასტასია ზაუტაშვილი) სისტემატურად შეჰქონდათ საქართველოში და გაქონდათ ევროპის ქვეყნებში ნარკოტიკული ნივთიერება.
ნუგზარ ბოჭოორიშვილის გარდა ყველა ეს პირი იქნა დაკავებული 2010 წლის 02 ივნისს და მათ მიმართ განხორციელდა სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა დანაშაულის აღაირების მიზნით, მათი მისამართით კი მთავარი მოთხოვნა იყო მიეცათ ჩვენება ნუგზარ ბოჭორიშვილის წინააღმდეგ.
ვინაიდან ბიზნესმენი ნუგზარ ბოჭორიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ეხმარებოდა ოპოზიციას, კერძოდ იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და ოპოზიციის მხარდაჭერი, იგი ფინანსურად აქტიურად ეხმარებოდა რესპუბლიკურ პარტიას, საარჩევნო კამპანიის დროს, ამის გამო ის მოხვდა ე.წ. შავ სიაში, რის შემდეგაც მის მიმართ დაიწყო რეპრესიები. (იხ. დანართი 4)
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა სპეცოპერაცია, გაიჩხრიკა ნუგზარ ბოჭორიშვილის დედის სახლი, ამოიღეს მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც ჯერ საქმეს დაურთეს როგორც ნივთმტკიცება, ხოლო შემდეგ ეს თანხა მიითვისეს და საქმიდან გაქრა. ამის გამო დაწყებულია გამოძიება, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და დღემდე არ გაურკვევია გამოძიებას ვისი პასუხისმგებლობა იყო ნივთმტკიცებად ცნობილი თანხის გაქრობა საქმიდან თუ მითვისება . (იხ. დანართი 5)
ასევე, ჩატარა მევლუდ სვანიძის ავტქომანქანის ჩხრეკა, საიდანაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ თითქოს ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით და ამას ადასტურებს ჩრეკის შემსწრე არაერთი მოწმე. (იხ. დანართი 6)
საპროცესო მოქმედებები განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით.
დაკავებულების მიმართ განხორციელდა სასტიკი ანგარიშსწორება.
2012 წლის 11 იანვარს ანასტასია ზაუტაშვილმა საჩივრით მიმართა მთავარ პროკურორს 2011 წლის 24 თებერვალს მის მიერ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის შესახებ, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი 2010 წლის 1 ივნისს მისი დაკავებისას განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს დღემდე გამოძიება შსს თანამშრომლების შესაძლო უკანონო ქმედებების თაობაზე, გასულია 10 წელზე მეტი, მაგრამ გამოძიება არც დასრულდა და არც კონკრეტული პირები არიან მხილებულნი. (იხ.დანართი 7)
პროკურატურის 2022 წლის 20 იანვრის N13/2599 წერილის მიხედვით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე N074118060, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ანასტასია ზაუტაშვილის, მევლუდ სვანიძის, გიორგი ჩეჩელაშვილისა და სხვათა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს და ამჟამად რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. (იხ. დანართი 8)
სასამართლო სსკ 262 მუხლით განაჩენის დადგენის დროს დაეყრდნო უკანონო ქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩვენებებს რამდენიმე პირის მხრიდან, რომელიც არ დასტურდება არც ერთი ობიექტური მტკიცებულებით. არ არსებობს საზღვრის კვეთის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ან გატანის ფაქტს. რაც მთავარია, არ არსებობს მტკიცებულება საზღვრის კვეთიის დროს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების ამოღების. ასევე, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებისა, არცერთი განმცხადებელი (მოსარჩელე) არ აღიარებს წარსულში არსებულ ბრალდებას და დანაშაულს.(იხ. დანართი9)
ჩხრეკა ჩატარდა მევლუდ სვანიძის ავტო /მანქანაში სოფელ ტყაჩირში. ეს ჩხრეკაც ჩატარდა კანონის დარღვევით, რასაც არაერთი მოწმე , მეზობელი ადასტურებს.
ამდენად სსკ 262 მუხლით მსჯავრდება მოხდა ისე, რომ არ არსებობდა საზღვრის კვეთის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის შემოტანა ან გატანის არც ერთი ფაქტი.
სადავო მუხლის ნორმატიული შინაარსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ზნეობა. ამ დროს მხედველობაში მიიღება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ა) საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანაში. ბ) ამავე ნივთიერების უკანონოდ გატანაში გ) მათივე გადაზიდვაში საერთაშორისო ტრანზიტით. განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის შესრულებისთვის აუცილებელია, რომ ფიქსირდებოდეს ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ საზღვრის კვეთის (ქვეყნიდან გატანის ან შემოტანის) ფაქტი, რომელიც ხორციელდება სპეციალური ნებართვის გარეშე.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შემოტანა დამთავრებულია მაშინ, როცა პირი მოახერხებს ამ ნივთიერების შემოტანას საქართველოში, ე.ი გადმოლახავს ეკონომიკურ საზღვარს. შესაბამისად, შემოტანის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საზღვრის კვეთით ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად. ამდენად, როცა ადგილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში სხვა ქვეყნიდან ან გატანას, დანაშაული დამთავრებულია.
სწორედ ასე უნდა იქნეს გაგებული "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ყ" პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა ნიშნავს ამ ნივთიერების გადმოტანას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო ნივთიერების გატანა - მათ გადატანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
სასამართლომ რომელიმე მათგანი რომ შერაცხოს პირს ბრალად, ამისათვის მას კონსტიტუციური სტანდარტიის თანხმად, ხელთ უნდა ჰქონდეს უტყუარი მტკიცებულებები.
განსახილველ მუხლში გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, რომელიც ასევე უნდა დასტურდებოდეს ანალოგიურად ზემოაღნიშნულისა. დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ნივთიერებამ გადაკვეთა კანონით დადგენილი საზღვრები.
1. პირველი სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის პირველი წინადადების თანახმად - „დადგენილება ბრალდების სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს.“
ა. საქართველოს 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია ადამიანის თავისუფლების უფლება, რომელიც განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. აღნიშნული მუხლით დადგენილია სახელმძღვანელო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს პირის ბრალდებულად გამოცხადება და შემდგომში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. პირველ შემთხვევაში ის უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ხოლო განაჩენის გამოტანის ნაწილში მტკიცებულებათა უტყუარობისა და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ სტანდარტს, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს უდანაშაულო ადამიანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის რისკი.
ბ. შეზღუდვის იდენტიფიცირება
დაუშვებელია პირის აღნიშნულ უფლებაში რაიმე სახით ჩარევა. არ შეიძლება პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ვიდრე საქმეში არ იქნება გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებები. ნებისმიერი სახით დაშვება იმისა, რომ პირის წინააღმდეგ შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის ვერ აკმაყოფილებდეს მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს, არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების.
გ. გასაჩივრებული ნორმის გასაჩივრებული შინაარსის არაკონსტიტუციურობის დადგენა
საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის თანახმად მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ნორმის, ვიდრე ის იქნება გამოყენებული. ვიდრე ნორმა არ იქნება კარგად განჭვრეტადი კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განსაკუთრებით საყურადთებოა მაშინ, როდესაც ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე და როდესაც სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოების მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია. [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, N2/1/1289 2021 წლის 15 ივლისი ].
დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის No1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2]
განსახილველი უფლება უზრუნველყოფს სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. ასეთ დროს კი ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ყოველივე ეს ჩვენ მიერ განსახილველ საქმეს რომ მოვარგოთ, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, სწორედ რომ პირდაპირ მიემართება ზემოაღნიშნული პრინციპის დარღვევას და არა თუ უზრუნველყოფს რომ ეჭვები გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, პირიქით, აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას და ქმნის დაუსაბუთებელ საფუძველს რომ პირი გახდეს მსჯავრდებული.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" N2/2/1276, 2020 წლის 25 დეკემბერი]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი [მოქმედი 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი] მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44].
ჩვენ მიერ განსახილველ საქმეში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ აკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს და საერთო სასამართლოებს აძლევს საშუალებას, რომ ნორმის შინაარსი იმგვარად იყოს გაგებული, რომ სასამართლომ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს ისე, რომ საქმეში არ იყოს უშუალოდ ფაქტი საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის, ანუ საზღვრის კვეთის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის.
უტყუარი მტკიცებულებების არსებობის სტანდარტი იმდენად ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი ნაწილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიც ნათლად აღნიშნავს მისი გამოყენების აუცილებლობას.
კერძოდ მეორე ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. აღნიშნული დათქმის მიხედვით, არ არის დაშვებული შესაძლებლობა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნეს ისეთი მტკიცებულების გამოყენებით, რომელიც თავისი არსით არ არის უტყუარი. აღნიშნულ დათქმასთან დაკავშირებით იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება N1/1/548-ში [„საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2015 წლის 22 იანვარი].
სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას. [„საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548].
საქმეში „მიურეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეჭვის სამართლიანობა და „bona fides“ მისი გონივრულობის განუყოფელ ელემენტებს შეადგენს, მაგრამ ეჭვი გონივრულად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა პირის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან ობიექტურად მაკავშირებელ ფაქტებსა და ინფორმაციას ეფუძნება, რაც ჩვენ მიერ განსახილველ საქმეში ნამდვილად არ ჩანს. საჭიროა, არსებობდეს ქმედების დამამტკიცებელი გარემოებები, რომლებიც უშუალოდ შესაბამის პირს ამხელს დანაშაულის ჩადენაში, ან დოკუმენტაცია თუ ექსპერტის დასკვნები, რომლებსაც ანალოგიურ შედეგამდე მივყავართ. ასე რომ, თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ეფუძნებოდეს გრძნობებს, ინტუიციას თუ წინასწარ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს.
ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს არა მარტო გარკვეული კავშირის დადგენა თავისუფლებააღკვეთილ პირსა და იმ ქმედებას შორის, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს დანაშაულს, არამედ საკმარისი საფუძველიც უნდა არსებობდეს იმის მტკიცებისათვის, რომ ეს ქმედება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს.
მტკიცებულების უტყუარობა უნდა შეფასდეს მრავალი ფორმალური, თუ შინაარსობრივი კუთხით, რათა გამოირიცხოს მისი არასანდოობის, საეჭვოობის ყოველგვარი რისკი. სასამართლო უნდა ფლობდეს რელევანტური ინფორმაციის მაქსიმალურად ფართო სპექტრს და სწორედ ფაქტების და დასაბუთებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მოახდინოს საბოლოოდ ჭეშმარიტი გარემოებების დადგენა და საეჭვო მტკიცებულებების გამორიცხვა საქმიდან, რათა ბრალის დადგენილება და გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. [საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017]
რა შეიძლება უტყუარ მტკიცებულებად პირველ რიგში შეფასდეს ჩვენ მიერ განსახილველ საქმეში თუ არა საზღვრის კვეთის ფაქტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებასთან ერთად გადმოკვეთა პირმა საზღვარი, ანუ ნათელი იყოს ფაქტი იმისა, რომ სახეზეა 262-ე მუხლით გათვალისწინებული, აკრძალული ქმედება და არა სხვა დანაშაულის ნიშნები. სამწუხაროდ, სწორედ აღნიშნული სახის მტკიცებულებების არსებობის გარეშე იძლევა 262-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი საშუალებას, რომ პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
აუცილებელია, რომ 262-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისას საქმეში არსებობდეს ნარკოტიკული ნივთიერების საზღვრის კვეთის ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსად ჩვენ მიერ განსახილველი საქმისა, შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ორგანოთა თუ კერძო პირთა ინტერესების მიხედვით, გახორციელდესმამხილებელი ჩვენებების იძულებითი მიღება მოწმეების მხრიდან, ძალადობის, შანტაჟის, დაშინების გზით. ასეთი საშუალებით შესაძლებელი გახდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ ვითარებაშიც, როდესაც არ არსებობს ფაქტი ნარკოტიკული ნივთიერებების საზღვარზე უკანონო შემოტანის ან გატანის.
როდესაც საქმეში არსებობს საზღვრის კვეთის და სწორედ ამ დროს ამოღებული უკანონო ნოვთიერებების დადასტურებული ფაქტი, ვიდეოკამერების ჩანაწერები და სხვა უტყუარი მტკიცებულებები უშუალოდ სასაზღვრო პუნქტიდან, უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტი სახეზეა და სასამართლოს განაჩენი ნაკლებ ეჭვებს ბადებს.
ეს საქმე სამწუხაროდ საპირისპირო მაგალითია .
მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტის არსებობა კანონმდებლობაში უზრუნველყოფს, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ, გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. მათ შორის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეიცავს ჩვენებებს და სხვა სახით გადმოცემულ ინფორმაციებს, რომლებიც არის დაშინებითა და მუქარის შედეგად მიღებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული საქმე "გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (გადაწყვეტილება N 2/1/1289) არის ნათელი მაგალითი და უკვე დადგენილი პრაქტიკა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ განაჩენისათვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებები და ობიექტური პირის ჩვენებები. აღნიშნულ სტანდარტს კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენ მიერ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წამებით, ძალადობითა და მოწმეებზე ზეგავლენის განხორციელების გზით არის „შექმნილი“.
იმავდროულად, როდესაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ არაერთგზის ხდებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ტრანზიტი, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საქართველოს საზღვრის კვეთის დროს ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა ან გატანის თაობაზე. არც ერთი დოკუმენტი, ჩხრეკის ოქმი, ან ვიდეო მასალა არ არის საქმეში წარმოდგენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გაცილებით ფართო ხასიათისაა, ვიდრე საკანონმდებლო საპროცესო ცნება და მოიცავს მტკიცებულებათა შეფასების სხვადასხვა საპროცესო კრიტერიუმებს, რომელთა მხოლოდ კუმულატიური არსებობის შემთხვევაში იქმნება განაჩენის გამოტანის საფუძველი.“ [საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017]
გარდა ამისა, თუ გადავხედავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ვინაიდან, კონვენცია მიზნად ისახავს უფლებები დაიცვას კონკრეტულად და ეფექტურად და არა თეორიულად და ილუზორულად, ეს უფლება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ეს არგუმენტები ნამდვილად იქნა ”მოსმენილი” ე.ი. ჯეროვნად განხილული სასამართლოს მიერ. სხვაგვარად რომ ვთქვათ და განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზეც, მე-6 მუხლი სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას ეფექტურად განიხილოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, სამხილები და სხვა საშუალებები [CEDH, Wagner et J.M.L.V. c. Luxembourg, 28/06/2007, Requête no 76240/01, § 89,]. თუ 262-ე მუხლით განსახილველ საქმეებში ბრალდების მხარეს ერთ-ერთ მთავარ და უტყარ მტკიცებულებად არ ექნება წარმოდგენილი საზღვარზე განვითარებული მოვლენები, ვიდეო ჩანაწერები, საზღვრის კვეთის ფაქტები და სხვა, ამის გარდა მტკიცებულებები ვერ შეფასდება უტყუარ მტკიცებულებებად, რომლებიც დაადასტურებენ 262-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს.
ჩვენ მიერ განსახილველ საქმეში ბრალდებულებს არათუ უჩნდებათ რწმენა იმისა, რომ სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს მტკიცებულებებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რაც გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტსა და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის პრეზუმციას, არამედ მათ უჩნდებათ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რეალური გრძნობა და დგებიან იმ რეალობის წინაშე, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებს ერთმანეთთან დაუკავშირებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გამოუტანეს გამამტუნებელი განაჩენი. გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსი იძლევა საშუალებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი და ასეთ დროს სასამართლოს მთავარი და უტყუარი მტკიცებულება რჩება მხედველობის გარეთ.
2. მეორე სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეცხრე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეცხრე პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით - „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“
ა. საქართველოს 31-ე მუხლის მეცხრე პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო
პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს მხოლოდ იმ ქმედების ჩადენისათვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტისათვის ითვლება სამართალდარღვევად და საქართველოში არსებული დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით, აკმაყოფილებს მის თითოეულ კრიტერიუმს - ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს.
აღნიშნული განამტკიცებს კანონიერების უმნიშვნელოვანეს პრინციპს “nulla porna sine lege”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“. შესაბამისად, ის უზრუნველყოს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად.
კანონიერების პრინციპის მიხედვით, სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით. [კონსტანტინე კუბლაშვილი, „ძირითადი უფლებები“, იურიდიული სახელმძღვანელო, თბილისი, 2008 წ]
ბ. შეზღუდვის იდენტიფიცირება
დაუშვებელია პირის აღნიშნულ უფლებაში რაიმე სახით ჩარევა. არ შეიძლება პირის დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი სახის შეზღუდვა არის გაუმართლებელი და წარმოადგენს ადამიანის უფლების პირდაპირ და უხეშ დარღვევას.
ასეთ დროს სახეზე გვაქვს ურთიერთდაპირისპირება პირის უფლებისა, რომ არ იყოს „დასჯილი“ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც არ არის მკაცრად და იმპერატიულად განსაზღვრული კანონმდებლობით და მეორე მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებას რომ უზრუნველყოს პირთა დასჯა მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რომელიც არის კანონმდებლობით დასჯადი.
გ. გასაჩივრებული ნორმის გასაჩივრებული შინაარსის არაკონსტიტუციურობის დადგენა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი რომლის ჩადენისთვისაც პირი შეიძლება გახდეს მსჯავრდებული უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი კანონით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2011 წლის 11 ივლისის N 3/2/416 „გადაწყვეტილებაში საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე“, II-38 განმარტავს რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“.
თითოეული ნორმა კი უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ის აღიქმებოდეს ისე, როგორც მისი აღქმა კანონმდებელს სურდა. ნორმა უნდა აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის იმ კრიტერიუმს, რომლითაც განსაზღვრადი იქნება შინაარსი და გასაგები დასჯადი ქმედება.
„კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წინასწარგანჭვრეტადი და ზუსტად განსაზღვრული“ (საქართველოს მოქალაქეები — ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006), სწორედ განსაზღვრულობის კრიტერიუმს ანიჭებს უპირატესობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მაშინ, როდესაც ნორმა არ არის განსაზღვრადი და რთულია გაიგო რა შეიძლება ჩაითვალოს დასჯად ქმედებად და რამდენად ფართო შეიძლება იყოს კონკრეტული დანაშაულის შემცველი ქმედების განმარტება. დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი მდგომარეობა ქმნის საფრთხეს, რომ კანონშემფარდებელმა შესაძლოა ბრალდებულისათვის თუ მსჯავრებულისათვის საზიანოდ განმარტოს ის და ერთგვარად შეითავსოს კანონმდებლის როლიც კი.
იმისათვის კი რომ ასეთი დაშვებაც კი გამორიცხული იყოს ან მინიმუმამდე დაყვანილი, აუცილებელია, რომ თითოეული ნორმა და მათ შორის ჩვენ მიერ განსახილველიც იყოს ზუსტი, წინასწარგანჭვრეტადი და მკაცრად, იმპერატიულად განსაზღვრული.
„იმისათვის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება განჭვრეტადი იყოს, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად გასაგებად დაადგინოს შესაბამისი განსაზღვრებები კანონში. (საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007). მართალია, რომ ხშირად შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლის მიერ ნორმის განმარტების თავისებურებაზე და უკმაყოფილებაც კი გამოვხატოთ, თუმცა ინდივიდუალურ პირთა მიერ ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება გახდეს მხოლოდ მოსამართლეთა განსჯის საგანი, რადგან ირიბად მოსამართლეთა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ფართო და სუბიექტური განმარტება შესძინოს კონკრეტულ ნორმას, არის კანონმდებლის „ბრალი“. თუ ყოველი ნორმა იქნება კანონმდებლის მიერ მკაცრად განსაზღვრული და რაც მთავარია განჭვრეტადი, მოსამართლეც შეძლებს რომ საკუთარ გადაწყვეტილებებში იყოს მეტად უშუალო და არ სჭირდებოდეს ნორმის ფარგლებს გარეთ გასვლა განმარტების გაკეთების მიზნით.
„სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ არანაკლები დატვირთვა მიენიჭოთ, რადგანაც მათ გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ამგვარ ელემენტს წარმოადგენს ე.წ. „განჭვრეტადობის პრინციპი“ (საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008). შესაბამისად, ნორმის განჭვრეტადობა არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის არის სასარგებლო და აუცილებელი, არამედ ის ქმნის საფუძველს კანონიერი მართლმსაჯულების და ბერკეტს სამართლებრივი სახელმწიფოსი, სადაც საზოგადოების მონაწილეები თავს გრძნობენ დაცულად.
რაც შეეხება ნორმის განჭვრეტადობის საკითხს სისხლის სამართლის კომპონენტთან მიმართებით, „დანაშაულის დამდგენი სისხლის სამართლის კანონის განჭვრეტადობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს მისი თითოეული ელემენტის ნამდვილი შინაარსისა და ფარგლების დადგენა, რათა ადრესატმა სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ამასთან, დაცული იყოს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან.“ (საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013).
შესაბამისად, ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის კრიტერიუმის დაკმაყოფილება არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ მსგავსად ჩვენ მიერ განხილული საქმისა, უდანაშაულო ადამიანების მსჯავრდება არ მოხდეს იმის გამო, რომ კონკრეტული მოსამართლე ნორმას განმარტავს არასწორად, ანუ არა იმგვარად როგორც ეს კანონმდებელს სურდა ნორმათშემოქმედებითი პროცესის განხორციელებისას.
სადავო ნორმის შესახებ თამამად შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს და მაშინაც კი როცა ნარკოტიკული ნივთიერება არ არის აღმოჩენილი საზღვარზე და შეგახსენებთ, რომ ის საქმის გარემოებების მიხედვით ამოღებულია სოფელ ტყაჩირში, რომელიც არა თუ საზღვარი არ არის, არამედ ახლოსაც კი არ არის საზღვართან. მოსამართლეს მაინც აქვს საშუალება, სადავო ნორმა ისე განმარტოს, რომ თითქოს ის შეიცავს სსსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემადგენლობას.
შეუძლებელია პირი იყოს დამნაშავედ ცნობილი იმ ქმედებისთვის, რომელიც არ არის დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსითა და სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობით. არსებული ჩანაწერი და იძლევა სწორედ ასეთის შესაძლებლობას.
3. მესამე სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით - „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცრირებელი სასჯელის გამოყენება“
ა. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, რიგ შემთხვევებში, ითვლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არის შეუსაბამო იმ დანაშაულთან, რომელიც შესაძლოა პირს ჰქონდეს ჩადენილი.
ყოველი დანაშაულისთვის უნდა იყოს განკუთვნილი სასჯელი, რომელიც იქნება პროპორციული იმ დანაშაულისა, რომელსაც მიემართება სასჯელის ესა თუ ის ფორმა ან ხანგძლივობა.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციული სასჯელის დაწესება/გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს არაჰუმანურ, სასტიკ, ადამიანის ღირსების შემლახველ სასჯელად.
ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მიმართ არის მთავარი მოთხოვნა: შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო საკმარისი ბერკეტებით, რათა მან შეძლოს, უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება. კანონმა უნდა აღჭუროს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე – მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია [საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება №1/4/592].
ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა [საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება №1/4/592].
თუ სასამართლოს განაჩენით მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა „აშკარად უსამართლო და უხეშად დისპროპორციულია” ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, ეს წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. [Soering v United kingdom, (1987) 10 EHRR 293, para 47]
ბ. შეზღუდვის იდენტიფიცირება
დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. შეუძლებელია აღნიშნულ უფლებაში ჩარევა და ნებისმიერი მსგავსი ქმედება არის უხეში და პირდაპირი დარღვევა ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციის.
ასეთ დროს სახეზე გვაქვს პირის უფლება რომ არ მიესაჯოს ისეთი სასჯელი, რომელიც თავის მხრივ მას შეულახავს კიდეც ღირსებას და იქნება ობიექტურად შეფასებული როგორც არაადამიანური და მეორე მხრივ ვალდებულება სახელმწიფოსი, რომ განახორციელოს კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.
გ. გასაჩივრებული ნორმის გასაჩივრებული შინაარსის არაკონსტიტუციურობის დადგენა
საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა...სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1. აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმისა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის. 2. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის გაუთვალისწინებლობა. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება. სამოტივაციო ნაწილი]
ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისას პირისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის დაწესების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა იმ პირის სამართლიანად დასჯის მეშვეობით, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამით საფრთხე შეუქმნა საზოგადოებას, წესრიგს და გაზარდა რისკი სხვა დანაშაულის ჩადენის.
პირისათვის სასჯელის სახით უვადოდ თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარად ხორციელდება დამნაშავე პირის მიმართ საზოგადოებისგან განრიდების მექანიზმი, რომლის დროსაც დამნაშავეს აქვს შესაძლებლობა უკეთ გაანალიზოს საკუთარი დანაშაული, ამით გამოწვეული საფრთხე საზოგადოების წინაშე და გაიაროს მისთვის აუცილებელი მომზადების პროგრამები, რათა შემდგომში მარტივად განხორციელდეს რესოციალიზაცია. შესაბამისად, პირისათვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ყოველივე ზემოაღნიშნულს უზრუნველყოფს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სხვა რომელიმე ვადიანი სასჯელი. ის უზრუნველყოფს დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირებულად ყოფნას მანამ, ვიდრე მიიჩნევა, რომ ის საფრთხეს უქმნის და მომეტებულ რისკს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
მართალია, კანონმდებელს გააჩნია კონკრეტული მიზანი, ასევე გამოსადეგად მიიჩნევს პირისათვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთას როგორც ამ მიზნის მიღწევის საშუალებას, მაგრამ რამდენად არის ის პროპორციული და ხომ არ არის შესაძლებელი შედარებით მსუბუქი და პროპორციული გზით მიზნის მიღწევა. ანუ, სასჯელის სახე ხომ არ არის მეტი ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელის პროპორციულობის საკითხზე იმსჯელა საქმეში „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ შეაფასა, კონკრეტული ქმედებისათვის დადგენილი კონკრეტული სასჯელი შეიძლებოდა თუ არა ჩათვლილიყო ღირსების შემლახველ მოპყრობად. მოცემულმა საქმემ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა და კარი გახსნა შემდგომი დებატებისთვის სასჯელების პროპორციულობასა და ჰუმანურობაზე.
უვადო თავისუფლების აღკვეთა არის განუსაზღვრელი ხანგრძლივობის სასჯელი. მას სასამართლო აკისრებს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის და მოითხოვს დამნაშავის პატიმრობას მისი ბუნებრივი სიცოცხლის ბოლომდე ან გათავისუფლებამდე სასამართლო, კვაზისასამართლო, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული პროცესის გზით, რომელიც დაადგენს, რომ პატიმარი აღარ უქმნის რისკს საზოგადოებას (წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი, ამონარიდი 25-ე საერთო ანგარიშიდან, 2016 წელი). არაერთხელ არის გაკრიტიკებული ამგვარი სასჯელის ზოგადი პრინციპი. არსებობს შეხედულება რომლის მიხედვითაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი ყველაზე საშიშ პირად ითვლება. უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების შესაბამისობაზე დემოკრატიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჯერჯერობით, უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც განსაკუთრებითმძიმედანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან შესაბამისად რჩება. ამის მიუხედავად, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მიუთითებს უვადო თავისუფლების, როგორც სასჯელის სახის, თანდათანობით გაუქმების ტენდენციაზე, როგორც ეს მოხდა ევროპის რეგიონში სიკვდილით დასჯის ეტაპობრივი გაუქმებით. მთელ რიგ სახელმწიფოებში, როგორც ევროპაში, ისე უნივერსალურად, უვადო თავისუფლების აღკვეთა საერთოდ გაუქმებულია, ან თანდათანობით უქმდება სხვადასხვა კატეგორიის პირთა წრის მიმართ. ამ დროს სახელმწიფოები ხელმძღვანელობენ სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპებით.
მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, მრავალ სახელმწიფოში დაიწყო კანონმდებლობის გადასინჯვა უვადო თავისუფლების აღკვეთის, როგორც ერთ-ერთი სასჯელის სახის გაუქმებასთან დაკავშირებით. შეზღუდვებით დაწყებული ცვლილებები ბევრ ქვეყანაში სასჯელის აღნიშნული ფორმის გაუქმების საფუძველი გახდა.
გარდა ამისა, უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა პირისთვის იმ დანაშაულისათვის, რომელიც თავის არსში არ არის ძალადობრივი ქმედების გამომხატველი, არის აშკარად არაპროპორციული. ქმედება, რომელიც ხორციელდება გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, არ მოაზრებს იძულებას სხვა პირის მისამართით, არ ითვალისწინებს ვინმეს მიმართ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სხვა პირებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი ასპექტი კონვენციასთან შეუსაბამოდ აქვს გამოცხადებული. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ეროვნული კანონმდებლობა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლის სტანდარტებს, როცა არ უშვებს სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვას. (ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. the United Kingdom), განაცხადი nos. 66069/09 et al, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტი 121.) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამან ევროპაში უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შეზღუდა. (ხამტოხუ და აკსენჩიკი რუსეთის წინააღმდეგ (Khamtokhu and Aksenchik v. Russia), განაცხადი nos. 60367/08 და 961/11, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 86.)
იმის ფონზე, რომ მსოფლიოში ქვეყნების უდიდესი ნაწილი ცდილობს მაქსიმალურად შეღუდოს და შემდგომ გააუქმოს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი არის აშკარად არაპროპორციული და მეტი ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“
სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალებაა, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა