ნუგზარი კირიაკიდის, ანასტასია ზაუტაშვილი და მევლუდი სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/24/1770 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 29 ივნისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივლისი 2023 11:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნუგზარი კირიაკიდის, ანასტასია ზაუტაშვილი და მევლუდი სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; (გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „... ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1770) მომართეს ნუგზარი კირიაკიდისმა, ანასტასია ზაუტაშვილმა და მევლუდი სვანიძემ. №1770 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2023 წლის 20 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 29 ივნისს.
2. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას, ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების დამამძიმებელ გარემოებებს და თითოეული მათგანისათვის ადგენს შესაბამის სასჯელებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, 11, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1770 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეების მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზეც, მოხდა მათი დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, მოსარჩელეები მსჯავრდებულ იქნენ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, უკანონოდ მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებს. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოსარჩელეთა მსჯავრდება მოხდა ისე, რომ საქმეში, მტკიცებულების სახით, არ ყოფილა წარმოდგენილი საზღვრის კვეთის დროს ნარკოტიკული საშუალების ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების ამოღების ფაქტი.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის პირი მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს დამნაშავედ ცნობილი, როდესაც, მტკიცებულების სახით, საქმეში წარმოდგენილი იქნება მის მიერ ნარკოტიკული საშუალებით ან ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ნივთიერებებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი. მოსარჩელეთა მითითებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა, დასტურდებოდეს ვიდეოკამერის ჩანაწერებით ან უშუალოდ სასაზღვრო პუნქტიდან ამოღებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას საქმეში მსგავსი ტიპის მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
8. შედეგად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება (ჩხრეკის და ამოღების ოქმი), არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კერძოდ, სადავო რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებით განმტკიცებულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ეჭვგარეშე უნდა დასტურდებოდეს მისი ბრალეულობა.
9. ამავე არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელის პოზიციით, ნორმის ბუნდოვანება საერთო სასამართლოებს აძლევს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც საქმეში არ არსებობს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის, საზღვრის კვეთის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის უშუალოდ სასაზღვრო ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტი. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქმეში, რომელშიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზეც მოხდა მათი დამნაშავედ ცნობა, ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა არა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, არამედ საზღვრიდან დაშორებულ ერთ-ერთ სოფელში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დანაშაულად აღიარებს და, შესაბამისად, ითვალისწინებს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისთვის იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ნივთიერებების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების და საზღვრის კვეთის ფაქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს.
11. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „... ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, თანამედროვე მსოფლიოში, კონკრეტული ტიპის დანაშაულებთან მიმართებით, სახელმწიფოები ცდილობენ, სასჯელის სახით, უვადო თავისუფლების აღკვეთის თანდათანობით გაუქმებას. ამავდროულად, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაული, თავისი არსით, არ გულისხმობს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას ან სხვა პირის მიმართ რაიმეს იძულებას. შესაბამისად, მსგავსი დანაშაულის ჩადენისათვის, პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება (ჩხრეკის და ამოღების ოქმი).
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადება „წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები – ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
5. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41, 42).
6. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ დაუშვებელია პირის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, თუ საქმეში, მტკიცებულების სახით, არ ფიგურირებს ვიდეოჩანაწერი ან ჩხრეკისა და ამოღების ოქმი, რომლითაც დადასტურდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დანაშაულის საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების ან ამავე ნორმით გათვალისწინებული სხვა ნივთიერების გადაადგილების ფაქტი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, როდესაც მსგავსი ტიპის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შეუძლებელია არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, აწესებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის შეუსაბამოდ დაბალ სტანდარტს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთი მტკიცებულების არსებობამ, როგორიცაა, უშუალოდ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო ნივთიერების ამოღება ან ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცხადყოფს შესაბამისი ნივთიერების საზღვარზე გადაადგილების ფაქტს, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაამარტივოს აღნიშნული დანაშაულის დადასტურება და, პირიქით, მსგავსი ტიპის მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ნეიტრალურ არბიტრს, შესაძლოა, გაურთულდეს პირისათვის, გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვა. ამავდროულად, არც ისაა გამორიცხული, რომ ნარკოტიკული ან სხვა უკანონო ნივთიერების კონკრეტული პირის საკუთრებიდან უშუალოდ საზღვარზე ამოღების ფაქტი, თავისთავად და სხვა მტკიცებულებებისაგან დამოუკიდებლად, არ იყოს საკმარისი პირის ბრალეულობის დადასტურებისა და მსჯავრდებისათვის.
8. ბუნებრივია, წინასწარ, სიზუსტის მაღალი ხარისხით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, შეუძლებელია, სახელდებით, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებსაც დასაშვებია/დაუშვებელია, რომ ეფუძნებოდეს საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა დაკმაყოფილდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, თუმცა, საქმეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო ნივთიერების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ამოღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების (ჩხრეკის/ამოღების ოქმი, ვიდეოჩანაწერი) არარსებობა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თავისთავად, არ მიუთითებს, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პირის მსჯავრდების პრინციპის უგულებელყოფაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ტიპის მტკიცებულება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა შეუცვლელი მტკიცებულება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის დადასტურების მიზნებისათვის. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არც ისეთ შემთხვევას გამორიცხავს, სადაც მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი აღმოჩნდება გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დასადასტურებლად და, შესაბამისად, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნაა, რომ, ერთი მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდეს უტყუარ, სანდო, გაუყალბებელ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლთან მიმართებით, ზემოაღნიშნული სტანდარტი შესაძლოა, დაკმაყოფილდეს უშუალოდ საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა უკანონო ნივთიერების ჩხრეკის შედეგად ამოღების ან მსგავსი ნივთიერების საზღვრის კვეთის ფაქტის ვიდეოჩანაწერის არსებობის გარეშეც. მაგალითად, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა შესაძლოა, უტყუარად დადგინდეს და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს სხვა ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე, როგორებიცაა მოწმეთა ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, საზღვრის მიღმა ჩატარებული ჩხრეკის და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებსაც საქმის განმხილველი სასამართლო სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს და სხვა.
11. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზნებისათვის, ნარკოტიკული ან/და ამავე მუხლით აკრძალული სხვა ნივთიერების საქართველოს საზღვარზე შემოტანის ფაქტის დასადასტურებლად, ჩხრეკის/ამოღების ოქმი ან/და ვიდეოჩანაწერი არ არის შეუცვლელი მტკიცებულება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, პირის მსჯავრდების per se წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით განმტკიცებულ გარანტიებთან შინაარსობრივი შეუსაბამობის, მტკიცებულებათა თავისთავად არასაკმარისობის ან/და არასანდო ბუნების თვალსაზრისით. ამრიგად, ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში პირის მსჯავრდებისათვის, მტკიცებულების სახით a priori საზღვარზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერის ან/და ჩხრეკის და ამოღების ოქმის არსებობას, რომლითაც დადასტურდება დანაშაულის საგნის – ნარკოტიკული საშუალების ან ამავე ნორმით გათვალისწინებული სხვა ნივთიერების საზღვრის კვეთის ფაქტი, არ განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების აუცილებელ მოთხოვნად. მეტიც, მსგავსი მოცემულობის დაშვება, ერთი მხრივ, წინასწარ და გაუმართლებლად, დააკნინებდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიწვევდა პირის უდანაშაულოდ ცნობას, მაშინაც კი, როდესაც საქმეში იარსებებდა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ნეიტრალურ არბიტრს შეუქმნიდა საკმარის საფუძველს, გონივრულ ეჭვს მიღმა, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში პირის ბრალეულობის თაობაზე.
12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმატიული შინაარსი არ ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების შეზღუდვას.
13. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს ასევე იმ გარემოებით, რომ მის მიერ დასახელებული მტკიცებულების არარსებობასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები მოპოვებული იყო უკანონოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევით.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლი გამორიცხავს არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების და ამგვარი მტკიცებულებების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიულ ძალას და კრძალავს სისხლის სამართლის საქმეში მათ დასაშვებობას, როდესაც აღნიშნული მტკიცებულებები აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის დასახელებული არგუმენტი – სამართალშემფარდებლის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევაზე მითითება, ვერ გამოდგება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია, სადავო ნორმა ხომ არ უშვებს პირის ბრალდებას არასანდო ტიპის მტკიცებულებების საფუძველზე ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ხომ არ ადგენს იმაზე დაბალ სტანდარტს, ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციით არის მოთხოვნილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, რამდენად კანონიერად იქნა მოსარჩელეთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები ან/და რამდენად სრულყოფილად იქნა შესწავლილი აღნიშნული მტკიცებულების სანდოობა, რამდენადაც „მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
15. საქმეზე თანდართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2011 წლის 3 ივნისის №1/ბ-25-2011 განჩინებიდან იკვეთება, რომ, საქმის განმხილველი საერთო სასამართლოს აზრით, მოსარჩელეების საქმეზე წარმოდგენილი იყო დასაშვები, საკმარისი, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი მიზანი არ არის საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რევიზია, მათ შორის, ზემოთ დასახელებულ კონკრეტულ საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის შემოწმება. სადავო ნორმაც და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტიც სწორედ საქმის განმხილველ, დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ საერთო სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, მართებულად და სამართლიანად გადაწყვიტოს მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხი, მტკიცებულებებს შორის შესაძლო კონფლიქტი და ბრალდებულის უდანაშაულობაში ეჭვის არსებობის შემთხვევაში გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. ამდენად, მხოლოდ საერთო სასამართლოს ტვირთია, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმეზე არსებული ფაქტებისა და გარემოებების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, ისეთი გადაწყვეტილებების გამოტანა, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მოთხოვნებს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-99).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, №1770 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
18. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული დებულება, საკუთარ თავში, აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38).
20. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლი ვერ პასუხობს კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს, ვინაიდან იმგვარადაა ფორმულირებული, რომ სამართალშემფარდებელს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილად მიიჩნიოს, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამავე მუხლით განსაზღვრული უკანონო ნივთიერება აღმოჩენილია არა უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, არამედ სხვა ადგილას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე მსჯელობა მაშინ, როდესაც საქმეში არ ფიგურირებს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკული ან სხვა ნივთიერების ამოღების ფაქტი.
21. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედების შემადგენლობის დადასტურებისათვის მთავარი და აუცილებელია, რომ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. რაც შეეხება, ნარკოტიკული ან სხვა უკანონო ნივთიერების უშუალოდ საზღვარზე ამოღების ფაქტს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, მსგავსი ტიპის მტკიცებულების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა არ წარმოადგენს კონსტიტუციის აუცილებელ მოთხოვნას დანაშაულის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად და, შესაბამისად, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით დანაშაულად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ან საქართველოდან უკანონოდ გატანა, ყოველ კონკრეტულ საქმეში, შესაძლოა, დადასტურდეს სხვადასხვა ტიპის უტყუარი მტკიცებულებებით. მეტიც, იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე ამოღებისაგან დამოუკიდებლად, საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულიც კი არის ამ პირის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
22. მაშასადამე, მოსარჩელეების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული ან სხვა უკანონო ნივთიერების უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ამოღების გარეშე შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილად იქნეს მიჩნეული, მცდარია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების უშუალოდ საზღვარზე ამოღების გარეშეც უშვებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან, მათ შორის, არ ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი არ წარმოაჩენს ამ ნორმის ბუნდოვანებისა და განუსაზღვრელობის პრობლემას და არ არის თვითკმარი საფუძველი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული უფლების შეზღუდვის სამტკიცებლად.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, №1770 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
24. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „... ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
25. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებლად არის მიჩნეული ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
26. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
27. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასჯელის პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადამოწმებას ექვემდებარება საკანონმდებლო თავისუფლების გარე ზღვრის დაცვა და არა იმ საკითხების განხილვა, იპოვა თუ არა კანონმდებელმა, კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილი, გონივრული და ოპტიმალური გამოსავალი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/1/1239,1642,1674 გადაწყვეტილება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-3).
28. თავის მხრივ, სასჯელის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება, დაასაბუთოს, რომ „კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა იმდენად არაპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, პოტენციურ საფრთხეებთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებით, რომ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას განაპირობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით, დანაშაულად გამოცხადებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები კი განსაზღვრავს ზემოაღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევებს, როდესაც ამავე დანაშაულის ჩადენა ხდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის, სადავო ნორმით, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახედ, დადგენილია თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი სასჯელი, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების), საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/1/1239,1642,1674 გადაწყვეტილება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-13). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის დაწესების მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ საფრთხეების პრევენციით, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანით შეიძლება მიადგეს საზოგადოების ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აღნიშნული ქმედებისთვის სანქციის დაწესება, ასევე მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების გამოვლენასა და მათი უკანონო საქმიანობისთვის ხელის შეშლას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/1/1239,1642,1674 გადაწყვეტილება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-28). ამრიგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა ძირს უთხრის არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არამედ სრულიად ლეგალურ ეკონომიკას, სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენობას.
31. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგები, პრეკურსორები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც თავიანთი სიძლიერისა და დამოკიდებულების ეფექტის თვალსაზრისით, ასევე მათი მოხმარების შედეგად საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი რეაქციების გამოწვევის კუთხით. მაგალითისათვის, ცალკეული ნარკოტიკული საშუალებების, ანალოგების, პრეკურსორებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას, ძლიერი აბსისტენციის მდგომარეობის ჩამოყალიბებას ან/და აგრესიულ ქცევას, ანტისოციალური, არამართლზომიერი ან/და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენ მიდრეკილების ზრდას, ცალკეულისა კი – არა. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმით მოცულია ნებისმიერი სიძლიერის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში დიდი ოდენობით ანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაული, მისი დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, უკვე წარმოადგენს საზოგადოებისათვის უკიდურესად საფრთხის შემცველ ქმედებას. ამავდროულად, აღნიშნული საფრთხე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს დანაშაულის საგნის, ოდენობის, მასშტაბის და მისი განხორციელების ფორმების გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც მისი უმკაცრესი ბუნების მხედველობაში მიღებით, prima facie ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და, ამის გამო, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გადმოსახედიდან. აქედან გამომდინარე, სასჯელის არაპროპორციულობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან კონკრეტული ნორმატიული შინაარსის გამოყოფა და შესაბამისი არგუმენტების მოშველიებით იმის დასაბუთება, რომ, ამ ნორმატიული შინაარსის ფარგლებში, სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არის აშკარად არაპროპორციული.
33. №1770 კონსტიტუციურ სარჩელში მსგავსი ტიპის მსჯელობა წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკულ საშუალებასთან ან რომელ ქმედებასთან მიმართებით მიიჩნევს იგი უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას აშკარად არაპროპორციულ სასჯელად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ზოგადად, არაპროპორციულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე საკუთარ მსჯელობას ასაბუთებს იმით, რომ თანამედროვე მსოფლიოში, გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით, სახელმწიფოთა ნაწილი უარს ამბობს, სასჯელის სახედ, უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაზე, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარ კონკრეტიკას მოკლებული აღნიშნული ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, ვერ გამოდგება ცალკეულ დანაშაულთან მიმართებით, სასჯელის სახედ, უვადო თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციულობის სამტკიცებლად.
34. კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც მოსარჩელეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთას არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევენ, არის ის, რომ თავად დანაშაული არ არის ძალადობრივი ხასიათის და არ შეიცავს სხვა პირის იძულების ელემენტებს.
35. დასახელებულ არგუმენტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის სიმძიმეს არ განსაზღვრავს მხოლოდ მისი ძალადობრივი ბუნება. დანაშაულის სიმძიმის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისგან მომდინარე საფრთხეები და ნეგატიური შედეგები. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დანაშაული უკიდურესი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის. ამდენად, დანაშაულის არაძალადობრივი ხასიათი არ არის თვითკმარი არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, უვადო თავისუფლების აღკვეთა, მიუხედავად მისი უკიდურესად მკაცრი ბუნებისა, აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს.
36. სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სანქციების ფარგლები საკმაოდ ფართოა, სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ უვადოდ, არამედ თხუთმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას. აღნიშნული, თავის მხრივ, იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის გარემოებების, ქმედებით გამოწვეული ზიანის, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასჯელის არაპროპორციული შეფარდება. მსგავსი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, მოსარჩელეების საქმეშიც, სადაც სასამართლომ სამივე მოსარჩელეს, მიუხედავად მათ მიერ ერთი და იგივე, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა, შეუფარდა განსხვავებული საპატიმრო სასჯელები, კერძოდ – თავისუფლების აღკვეთა თექვსმეტი წლით, ოცი წლითა და უვადოდ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმასაც განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის არსებობა, ცხადია, არ გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული პირისადმი, ამა თუ იმ შემთხვევაში, მკაცრი და არაადეკვატური სასჯელის შეფარდების ალბათობას, მაგრამ უსამართლო, აშკარად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება ამგვარ ცალკეულ შემთხვევებში საქმის ზედა ინსტანციებში გასაჩივრების გზით უნდა გამოსწორდეს და არა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობით (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „... ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1770 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1770 კონსტიტუციური სარჩელი („ნუგზარი კირიაკიდის, ანასტასია ზაუტაშვილი და მევლუდი სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე