ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე, ომარ გოგიაშვილი, გიორგი კვესიტაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ ჯიბუტი, როინ მეტრეველი, რამაზ ხუროძე, რამაზ ხეცურიანი და რამაზ შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1775 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე, ომარ გოგიაშვილი, გიორგი კვესიტაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ ჯიბუტი, როინ მეტრეველი, რამაზ ხუროძე, რამაზ ხეცურიანი, რამაზ |
თარიღი | 24 მარტი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება: ,,ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ”. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; 31-ე, 31 პრიმა მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით და სრულად შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძვლები არ არსებობს.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე პრიმა მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
მოსარჩელეები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები).
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარდასდგენად;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი (სადაო ნორმა) ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: ,,აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“, აღნიშნული ნორმის ჩანაწერი - „ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“ ვთვლით, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსის (დაცული სფეროს) სრულყოფილი განმარტებისთვის თავად კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან უნდა გამოვიდეთ, ,,ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა“... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება შინაარსობრივად გააღარიბებდა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის 2/1-392 და 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილებები); ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე. თავად ,,თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება). თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს აშკარად არ შეესაბამება სადავო ნორმა, კანონის წინაშე უთანასწორობა კი გამოიხატება იმით, რომ აკადემიკოსებს შეიძლება წაერთვათ უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მიიღონ მონაწილეობა შესაბამის არჩევნებში.
კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება, ეს პრინციპი მოიცავს საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება, ცხადია ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის N1/2/213,243 გადაწყვეტილება). ,,დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს, მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება), ამ საკითხთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ სადაო ნორმის მიზანშეწონილობა და ობიექტური დასაბუთება არსად ჩანს.
აკადემიკოსისათავის აკადემიის პრეზიდენტად არჩევის უფლების ნებისმიერი ხელოვნური შეზღუდვა და ამის გამო არჩევნებში კანდიდატად დაუშვებლობა დისკრიმინაციულია და არ გააჩნია არანაირი მიზანშეწონილობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის №2/7/219 გადაწყვეტილებაც - სასამართლომ იმსჯელა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი (მე-14) მუხლის კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე და ჩამოაყალიბა, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.” საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა კრიტერიუმებზეც, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს განსხვავებული მოპყრობის მართლზომიერების შესაფასებლად და აღნიშნა, რომ „კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება, როგორც მიზანშეუწონელი, სრულიად მიუღებელი და ის წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას.“
კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე, ამ მუხლის შინაარსობრივი ფარგლების განმარტებისას ასევე უნდა დავეყრდნოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, კერძოდ მის მე-14 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს იმ უფლებებთან მიმართებით, რომლებიც საკუთრივ კონვენციით არის გაცხადებული; ასევე, კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლს, დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, ამ მუხლით დისკრიმინაციის აკრძალვა აღარ არის შემოფარგლული მხოლოდ კონვენციით უზურნველყოფილი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და იგი გავრცელდა ადამიანის ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც საკუთრივ კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი. ამგვარად, დისკრიმინაციის აკრძალვა კონსტიტუციის მე-11 მუხლით შეეხო არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ, არამედ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა უფლებებსაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმიანციის აკრძალვა ვრცელდება არამარტო კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებებზე, არამედ დამატებით იმ უფლებებზე, რომელთა დაცვაც სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით იკისრეს (მაგალითისათვის იხ. EB v France, hudoc (2008)para 48 GC). თავისუფლებისა და თანასწორობის უფლებების შინაარსობრივი ხორცშესხმა და მასთან ერთად ამ უფლებათა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები აგრეთვე განისაზღვრა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ (10 დეკემბერი, 1948 წელი), რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი თავის ღირსებებსა და უფლებებში ,,ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა“ (მუხლ. 2.). აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ სახელმწიფო ვალდებულია არ დაუშვას შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანთა აქტიურ ჩართულობას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მითუმეტეს, როდესაც საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიც არის საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის და სხვა ნიშნების მიუხედავად.
ყოველივე აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ სხვა დაწესებულებების არჩევით თანამდებობებზე დაწესებული შეზღუდვები, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, თუმცა არა აკადემიასთან მიმართებით, რადგან „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტს ირჩევს აკადემიის საერთო კრება აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან), ხოლო ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ აღემატება, შესაბამისად, აკადემია თვისებრივად განსხვავებული სამეცნიერო დაწესებულებაა, რომლის პრეზიდენტიც აირჩვა მხოლოდ აკადემიის წევრების არსებული შემადგენლობიდან. საყურადღებოა ისიც, რომ ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი კი არ ინიშნება, არამედ მისი არჩევა ხორციელდება დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ყველა წესის დაცვით, აქედან გამომდინარე, აკადემიის ყველა ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) უნდა ჰქონდეს პრეზიდენტად ასარჩევად თავისი კანდიდატურის დარეგისტრირების თანაბარი უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ეს უფლება მათ შორის ბუნებრივია უნდა ჰქონდეს ზედიზედ ორჯერ არჩეულ პრეზიდენტსაც - აღნიშნული პრობლემის წინაშე ვთვლით, რომ ყოველი ჩვენგანი შეიძლება დადგეს მომავალში, რადგან აკადემიის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა აკადემიკოსი აკადემიის პრეზიდენტად არჩეულა ზედიზედ არამხოლოდ ორჯერ, არამედ ხანგრძლივი ვადით (მაგ: ალ. თავხელიძე, ნ. მუსხელიშვილი და სხვ.).
აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) არჩევითობის თვალსაზრისით, ერთსა და იმავე პირობებში უნდა იმყოფებოდნენ. ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკადემიის არცერთ არჩევით თანამდებობაზე (მაგ. ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი) არ არის დაწესებული სადაო ნორმის მსგავსი შეზღუდვა და არჩევის ვადები შეზღუდულია მხოლოდ აკადემიის პრეზიდენტის შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, შესაბამისად, ვთვლით, რომ სადაო ნორმა არ შეესაბამება კანონის აღნიშნულ ჩანაწერს, აკადემიის თვითმართვადობიდან გამომდინარე. აკადემიის საერთო კრებამ, წესდების მიხედვით, თავად უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება და აკადემიის პრეზიდენტის არჩევა არ უნდა იყოს შეზღუდული არანაირი ხელოვნური ბარიერით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლამდე მოქმედი შესაბამისი ნორმა არ ითვალისწინებდა მსგავს შეზღუდვას და ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით: ,,აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება ფარული კენჭისყრით, მონაწილეთა ხმების უმრავლესობით“, რაც შეეხება 2008 წელს ამოქმედებულ შეზღუდვას - ,,ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“ მიღებულ იქნა ყოვლად დაუსაბუთბლად, აკადემიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას სხვა კანონებთან ერთად მიეკუთვნება ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აკადემია თვისებრივად განსხვავებული ადმინისტრაციული, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომლის ფუნქციური სტატუსი არსებითად მიჯნავს მას სხვა საჯარო დაწესებულებებისაგან, ამიტომ, ამ ინსტიტუციის მიზნებიდან გამომდინარე, სამართლიანად მიგვაჩნია, აღნიშნული საკითხის მოქმედი ნორმისგან განსხვავებულად მოწესრიგება, რადგან, აკადემიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენების უფლება აქვს არა გარეშე პირს (განსხვავებით სხვა სამეცნიერო და საჯარო დაწესებულებებისგან), არამედ მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს), მათი რაოდენობა კი ისედაც მცირეა. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ხდება არა დანიშვნის, არამედ არჩევითობის წესით, აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით, შესაბამისად, დემოკრატიულობისა და არჩევითობის პრინციპები სრულად იქნება დაცული სწორედ მაშინ, თუ მოქმედი კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა მოიხსნება.
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით მოქმედებს მხოლოდ ორი მეცნიერებათა აკადემია: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით და ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით; აღნიშნული ორი აკადემიის საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, რომლის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გახლავთ საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი მეცნიერების ყველა დარგში (მათ შორის, აგრარულ საკითხებში), ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მთავრობის მეცნიერული მრჩეველი მხოლოდ აგრარულ საკითხებშია, შესაბამისად ამ აკადემიების საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, მათი ურთიერთთანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისთვის, შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინირებისა და წარმართვის მიზნით და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორ აკადემიაში არაერთი საერთო წევრია (მაგ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და სხვა პირები).
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე ვრცელდება ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მხოლოდ 161 მუხლი, რომლის თანახმად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მართვა სტრუქტურა და სხვ. განისაზღვრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი არ ზღუდავს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის არცერთი წევრის უფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა არჩეულ იქნეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით კი, განსაზღვრულია შეზღუდვა ერთი და იმავე პირის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონის მესამე თავის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი ნორმა ვთვლით, რომ არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ თანასწორობის პრინციპს, რომელიც გულისხმობს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ადამიანებისთვის თანაბარი პრივილეგიებისა და პასუხისმგებლობების მინიჭებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადაო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა არ ეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე, ვთვლით, რომ შემზღუდველი ნორმა არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობისთვის უნდა იყოს დაწესებული, რადგან ერთი და იგივე კანონი - ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ნორმებს არ უნდა შეიცავდეს და მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს სხვადასხვა უფლებებს და მოვალეობებს არ უნდა განუსაზღვრავდეს.
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერ თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. 2016 წელს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილი ცვლილებით აკადემიის პრეზიდენტის და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის შესახებაც დადგინდა ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიის სპეციფიკის გათვალისწინებით 2018 წლის 22 თებერვლის № 2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი აღნიშნული ნორმა და გაუქმდა, რაც ვფიქრობთ სასამართლოს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
გასათვალისწინებელია მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მეცნიერებათა აკადემიების მაგალითებიც, სადაც აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატობის უფლება შესაბამისი პირებისათვის აბსოლუტური და შეუზღუდავია (მაგ. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - აკადემიკოსი ბორის პატონი 25 წელზე მეტი ხნით, ასი წლის ასაკშიც კი უბადლოდ ხელმძღვანელობდა აკადემიას).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა გააუქმა ორჯერ არჩევის შეზღუდვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთათვის და შეიტანა შესაბამისი ცვლილება, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ“.
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მსჯელობისას აკადემიის საერთო კრებამ სხვა საკითხებთან ერთად სადაო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვაც განიხილა და კრებამ ერთხმად (53 - მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან) დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს (რომელიც აკადემიის კანონიდან აკადემიის პრეზიდენტის ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევის შემზღუდველი ნორმის გაუქმებასაც ითვალისწინებდა).
ყოველივე ზემოთქმული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ნორმების, საერთაშორისო პრაქტიკისა და უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კანონმდებლის მიერ დარღვეულია თანასწორობის პრინციპი, განხორციელებულ დიფერენციაციას არ აქვს გონივრული საფუძველი და მიზანი (საჯარო ინტერესები და სხვ.), რომლის მიღწევასაც ემსახურება ურთიერთობათა უთანასწოროდ განხილვა. ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის სამართლებრივ რეგულირებას და ყოვლად გაუმართლებელია, როგორც აკადემიკოსთა პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, ისე აკადემიის სპეციფიკისა და საქმიანობის წარმართვის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, სადაო ნორმა ცნოთ არაკონსტიტუციურად და იურიდიული ძალის არმქონედ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა