ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/1775 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 მაისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 მაისი 2023 14:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1775) მომართეს ეთერ ქემერტელიძემ, თინათინ სადუნიშვილმა, თამაზ შილაკაძემ, ომარ გოგიაშვილმა, გიორგი კვესიტაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ, ლევან ჯაფარიძემ, მიხეილ ჯიბუტმა, როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, რამაზ ხეცურიანმა და რამაზ შენგელიამ. №1775 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 27 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 11 მაისს.
2. №1775 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
5. №1775 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), რომელთაც მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირებით, შეიძლება, მომავალში შეიზღუდოს მათი ინტერესები. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, აკადემიის ნამდვილ წევრებს ხელოვნურად ერთმევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და შესაბამისი მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, ზედიზედ სამჯერ ან მეტჯერ გახდნენ აკადემიის პრეზიდენტი. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებულ რეგულაციას არ აქვს ობიექტურად დასაბუთებადი ლეგიტიმური მიზანი.
6. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ ამა თუ იმ დაწესებულებებში არჩევითი თანამდებობებისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება, გამართლებულად ჩაითვალოს, თუმცა არა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მიმართებით, რადგან ეს უკანასკნელი თვისობრივად განსხვავებული დაწესებულებაა, რომლის ნამდვილი წევრების საერთო რაოდენობა კანონმდებლობით არის შეზღუდული, კერძოდ, არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თვითმართვადი დაწესებულებაა სრული ავტონომიური უფლებებით, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას და წყვეტს საორგანიზაციო, საკადრო და ეკონომიკურ საკითხებს. აქედან გამომდინარე, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს პრეზიდენტის არჩევის წესიც.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ განსხვავებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისგან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აქვს თავისუფლება, რომ საკუთარი წესდებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს დაწესებულების მართვის სტრუქტურა, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესი. მოსარჩელის აზრით, გონივრულ არგუმენტაციას არის მოკლებული ამგვარი ტიპის დიფერენცირება მითითებული ორი დაწესებულების უფლებამოსილებებს შორის.
8. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილ თანასწორობის უფლებას. ამასთან, მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია ზედიზედ ორი ვადით და მისი უფლებამოსილების ვადა იწურება 2023 წლის 5 ივნისს, ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შემთხვევაში, მას წაერთმევა უფლება, დაარეგისტრიროს თავისი კანდიდატურა აკადემიის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1775 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე, ომარ გოგიაშვილი, გიორგი კვესიტაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ ჯიბუტი, როინ მეტრეველი, რამაზ ხუროძე, რამაზ ხეცურიანი და რამაზ შენგელია. 2023 წლის 10 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1775 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1775 კონსტიტუციურ სარჩელზე („ეთერ ქემერტელიძე, თინათინ სადუნიშვილი, თამაზ შილაკაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში