საქართველოს მოქალაქე საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1295 |
ავტორ(ებ)ი | საბა ქუთელია |
თარიღი | 22 იანვარი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
2. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
3. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით)“;
4. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის სიტყვები: „ან მისი კანონიერი წარმომადგენლის“;
5. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
7. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.. |
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით)“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის სიტყვები: „ან მისი კანონიერი წარმომადგენლის“; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი; საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. |
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეა 2005 წლის 29 მაისს დაბადებული საბა ქუთელია, რომელსაც გააჩნია „მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და მკურნალობას“ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით ხსენებული დიაგნოზი განსაზღვრულია კოდით - F72.1). 2010 წლიდან აბილიტაციის მიზნით იგი ირიცხებოდა ორგანიზაციაში - „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სპეციალიზებულ დღის ცენტრში (შემდგომში - ცენტრი). მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელია ნათია ლომიძე (პ/ნ18001022900, სოც. დაუცველთა სარეიტინგო ქულა 48 050), რომელიც მარტოხელა დედაა.
2014 წლიდან მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა. ბავშვს განუვითრდა იმპულსური ქცევები, იყო აღგზნებულ მდგომარეობაში. ცენტრის მულტიდისციპლინურმა გუნდმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მდგომარეობის მართვა შეუძლებელი იყო ფსიქიატრიული სიმპტომატიკის განვითარების მიზეზით. შესაბამისად, მათი რეკომენდაციით, ოჯახი გადამისამართდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ბავშვი იმყოფებოდა 21 დღის განმავლობაში.
2015 წლის გაზაფხულზე მოსარჩელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბავშვის იმპულსური ქცევების სიხშირემ მოიმატა და აგრესიული გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი აღმზრდელი ვერ ახერხებდა მოსარჩელის ქცევის მართვას, მისი თვით-დაზიანებისგან და სხვა ბავშვების დაზიანებისგან დაცვას, კანონიერი წარმომადგენელი იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა და ცენტრში ყოფილიყო „დამატებითი პერსონალი“.
მცდელობის მიუხედავად, ცენტრში არსებული შეზღუდული ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდებოდა მოსარჩელის ქცევის მართვა. მოსარჩელის რთული, იმპულსური ქცევის მართვისთვის საჭირო სპეციალური სერვისის არარსებობის გამო, იგი მუდმივად წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავისთვის და სხვა ბავშვებისთვის. შესაბამისად, ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ შეწყვიტა მოსარჩელისთვის ცენტრში მომსახურების მიწოდება და მის კანონიერ წარმომადგენელს შესთავაზა ბინაზე მოვლის სერვისი (თვეში 6 საათი). აღსანიშნავია, რომ ბინაზე მომსახურების პროგრამა დღემდე ვერ ეხმარება მოსარჩელეს, იგი არ არის ეფექტიანი. ფაქტობრივად წლებია ბავშვს ეზღუდება სოციალურ გარემოსთან კონტაქტი, მუდმივად არის საზოგადოებისგან იზოლირებულ მდგომარეობაში, კანონიერი წარმომადგენელი ვერ ახერხებს მუშაობას და მოსარჩელისთვის საკვების, აუცილებელი მედიკამენტების შეძენას, ბინის ქირის გადახდას.
მოსარჩელე შესაბამისი სერვისის არარსებობის პირობებში ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე არაერთხელ იქნა მოთავსებული ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში (მაგალითად, 2017 წელს 7-ჯერ), სადაც მკურნალობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში რეგლამენტირებული ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა. თუმცა, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის ასეთი გადაწყვეტილება იყო იძულებით მიღებული, სახელმწიფო უმოქმედობით ფორსირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 16 წლამდე ბავშვების ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, რაც ქმნის საფრთხეს ბავშვი თვითნებურად იქნეს მოთავსებული სტაციონარში კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით ან კანონიერი წარმომადგენელი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო იძულებული იყოს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონდებლობაში არ არსებობს 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების, განმაპირობებელი გარემოებების, ალტერნატიული საშუალებების შეფასების ნეიტრალური, დამოუკიდებელი ინსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც განიხილავდა ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლში, მე-17 მუხლის პირველ პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ პუნქტსა და მეორე პუნქტში, 42-ე მუხლის პირველ პუნქტში და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში.
1. მოსარჩელის აზრით, არსებობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცულ სფეროსთან. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შესაბამისი, სპეციალური სახელმწიფო სერვისი მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი იძულებულია მოსარჩელე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რაც არის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის ტოლფასი და უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. ამასთან, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობისთვის - თავისუფლების შეზღუდვისთვის საკმარისია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. სადავო ნორმა ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ითვალისწინებს მოსამართლის მონაწილეობას, რომელიც შეაფასებდა სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროებას, კანონიერი წარმომადგენლის, სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილების თავსებადობას ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. ამასთან, სადავო ნორმა კანონიერი წარმომადგენლისა და სამედიცინო პერსონალისთვის ქმნის 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითნებურად მოთავსების საფუძველს.
2. მოსარჩელის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ 16 წლამდე პირს, მათ შორის მოსარჩელეს არ გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის, სამედიცინო პერსონალის მიერ მის ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას განიხილავს აქცესორულ უფლებად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის რეალიზაციისთვის აუცილებელია პირი ითხოვდეს დარღვეული უფლების აღდგენას. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის (ასევე ნებისმიერი 16 წლამდე პირის, რომელიც არ ეთანხმება ფსიქიატრიულში მოთავსებას) შემთხვევაში, ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა საკუთარი არსით წარმოადგენს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას და განხილულ უნდა იქნეს თავისუფლების შეზღუდვად, რადგან არ ეფუძნება ასეთი პირის თანხმობას. 16 წლამდე პირს, მათ შორის მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი ფიზიკური თავისუფლების ამ ფორმით (რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს თვითნებური) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე პირს ნებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება უნდა გააჩნდეს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგი ასეთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
3. მოსარჩელე თვლის, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ ძირითად უფლებაში (საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება), რადგან 16 წლამდე პირის სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ნებით. მას არ გააჩნია ამგვარი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა.
4. მოსარჩელე თვლის, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნებისთვის შესადარებელ სუბიექტებს წარმოამდგენენ:
მოსარჩელე - 16 წლამდე პირი, რომლის ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა - თავისუფლების შეზღუდვა ხორციელდება ერთი მხრივ, მოსამართლის გადაწყვეტილების, მეორე მხრივ, ასეთი შეზღუდვის გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე; 16 წელს ან უფრო მეტ ასაკს მიღწეული პირი - მისი სტაციონარული მკურნალობა - თავისუფლების შეზღუდვა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, აგრეთვე იგი ფლობს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმით შესადარებელი პირები დიფერენცირდებიან ასაკიდან გამომდინარე იმგვარად, რომ არ გააჩნია თანასწორობის ძირითად უფლებასთან თავსებადი კონსტიტუციური გამართლება.
5. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობებში, რადგან 16 წლამდე პირს არ გააჩნია ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დატოვების შესაძლებლობა, ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცულ სფეროში (საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება).
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება. მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელი სუბიექტებია:
16 წლამდე პაციენტი (მოსარჩელე), რომელსაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე არ გააჩნია უფლება გაეწეროს სტაციონარული დაწესებულებიდან; 16 წლის, 17 წლის ან 18 წლის პაციენტი, რომელსაც უფლება აქვს დამოუკიდებლად გაეწეროს სტაციონარიდან;
სადავო ნორმით შესადარებელი პირები დიფერენცირდებიან ასაკიდან გამომდინარე, რასაც არ გააჩნია თანასწორობის ძირითად უფლებასთან თავსებადი კონსტიტუციური გამართლება.
7. მოსარჩელის აზრით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში, ვინაიდან სადავო სიტყვების მოქმედების პირობებში 16 წლამდე პირი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში არის აბსოლუტურად უუფლებო, ქმედების ობიექტი. სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში 16 წლამდე პირს არ გააჩნია სუბიექტის ფუნქცია. იგი წარმოადგენს ობიექტს, რომლის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მხოლოდ სხვა პირზე. მისი აზრით, ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ არასათანადო მოპყრობას.
8. მოსარჩელე თვლის, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვებით ინტერვენცია ხორციელდება მოსარჩელის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის, მათ შორის 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტის უფლება - თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მკურნალობაზე, მის ფორმებსა და საშუალებებზე. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება პირს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაში ჩარევა, მისი ხარისხი, ინტენსივობა თავისი სურვილით, რწმენით განსაზღვროს. სადავო სიტყვების მოქმედების პირობებში 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე, იგი ყველა შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის გადაწყვეტილებას.
9. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება. მოსარჩელის შეფასებით, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელი სუბიექტებია:
16 წლის ან 16 წლამდე პაციენტი (მოსარჩელე), რომელსაც სადავო სიტყვებით არ გააჩნია უფლება ფსიქიატრიულ მკურნალობაზე განაცხადოს უარი; 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტი, რომელსაც უფლება აქვს უარი განაცხადოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე;
სადავო ნორმით შესადარებელი პირები დიფერენცირდებიან ასაკიდან გამომდინარე, რასაც არ გააჩნია თანასწორობის ძირითად უფლებასთან თავსებადი კონსტიტუციური გამართლება.
10. მოსარჩელე თვლის, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში (საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება), რადგან 16 წლამდე პირი სადავო სიტყვების პირობებში ყოველთვის მოკლებულია აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
11. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვებით ჩარევა აგრეთვე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში, რასაც არ გააჩნია ობიექტური გამართლება. მოსარჩელის შეფასებით, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელი სუბიექტებია:
16 წლამდე პაციენტი (მოსარჩელე), რომელსაც სადავო სიტყვებით არ გააჩნია უფლება მიიღოს გადაწყვეტილება და უარი განაცხადოს აქტიური ბიოლოგიური მეთოდის მკურნალობაზე; 16 წლის 17 წლის ან 18 წლის პირი, რომელსაც უფლება აქვს განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტიური ბიოლოგიური მეთოდით მკურნალობაზე.
სადავო ნორმით შესადარებელი პირები დიფერენცირდებიან ასაკიდან გამომდინარე, რასაც არ გააჩნია თანასწორობის ძირითად უფლებასთან თავსებადი კონსტიტუციური გამართლება.
მოსარჩელე მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის.
12. მოსარჩელის აზრით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ნიშანდობლივია, რომ ქართული საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ იცნობს ე.წ. საპროცესო უფლებაუნარიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა გააჩნია ყველა პირს, მათ შორის ბავშვს, თუ იგი თვლის, რომ ნორმატიული აქტით ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული მისი უფლება/თავისუფლება. წინამდებარე საქმეში, მოსარჩელე ბავშვია, რომელსაც სადავო ნორმა სთხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. შესაბამისად, ასეთი ვალდებულების დაკისრებით ბაშვებისთვის - მოსარჩელისთვის ხელმიუწვდომელი ხდება, ილუზიორულია საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. იგი დამოკიდებულია ბავშვის მიმართ სხვა პირის მატერიალურ ხელშეწყობაზე.
13. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული სადავო ნორმებით ჩარევა ხორციელდება მოსარჩელის თანასწორობის ძირითად უფლებაშიც. იგი არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენს:
არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი წარმომადგენელი, მშობელი მიმართავს საქართველოს საერთო სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; მოსარჩელე - ბავშვი, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
მოსარჩელის შეხედულებით, სადავო ნორმით დიფერენციაცია ხორციელდება სასამართლოსათვის მიმართვის - უფლებების დაცვის მექანიზმების კონტექსტში, რასაც არ გააჩნია კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია რადგან:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით;
· აკმაყოფილებს ხსენებული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს (გამონაკლისია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტი. იგი თან არ ახლავს კონსტიტუციურ სარჩელს, რადგან ერთი მხრივ, მოსარჩელე ბავშვია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, შესაბამისად მას არ გააჩნია ბაჟის გადახდისთვის თანხა, მეორე მხრივ, მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტს);
· წარმოდგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითითებული საკითხი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მუხლს და სადავო ნორმაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის სახეზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
ამგვარად, საბა ქუთელია არის უფლებამოსილი მოსარჩელე - იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყებისა და დასრულების, ნორმატიული საფუძვლები
საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების ფორმებს, მათ უფლებებს, აგრეთვე ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა საქმიანობის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა, აღნიშნულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და ღირსების დაცვა, განსაზღვროს ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა უფლებები და მოვალეობანი. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის სამ ტიპს: 1. ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა; 2. არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა; 3. იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა.
ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის პირი სტაციონარში განთავსდება: 1. საკუთარი თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით; 2. 16 წლამდე პაციენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია 16 წლამდე პირის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 16 წლამდე პირს არ გააჩნია ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმის უფლება.
ნიშანდობლივია, რომ ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობა შესაძლებელია გარდაიქმნას არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობად, როდესაც სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისას პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობის გაგრძელებაზე, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვალა და შეესაბამება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმებს. ამგვარ შემთხვევებში, პაციენტის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მისი ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშეც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობისთვის საკმარისია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. იმ შემთხვევაშიც, როდესაც 16 წლამდე პირი უარს აცხადებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებაზე, თუმცა კანონიერი წარმომადგენელი თანახმაა, მისი მკურნალობის საფუძველს კვლავ წარმოადგენს ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობა, რომელიც არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობისგან განსხვავებით ხორციელდება სასამართლოს კონტროლის მიღმა. ამასთან, 16 წლამდე პირს არ გააჩნია მისი მოთავსების თაობაზე კანონიერი წარმომადგენლისა და სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რადგან „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ამგვარ მექანიზმს არ ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების კანონიერების სასამართლოს მიერ შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს 16 წლამდე პირის სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებაზე, მაგრამ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვალა და შეესაბამება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმებს.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სტაციონარში მოთავსებეული 16 წლამდე პაციენტის გაწერა ხდება კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, ამასთან აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რომელიც 16 წლამდე პაციენტს მიანიჭებდა სტაციონარიდან გაწერის დამოუკიდებელ შესაძლებლობას.
2. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულია პირის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება. იგი გულისხმობს „ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, .... უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ამ უფლებაში ჩარევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც იზღუდება პირის ფიზიკური გადაადგილების თავისუფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 188). უდავოა ის გარემოება, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, რომელიც აწესრიგებს ნებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც 16 წლამდე პირს მიეწოდება კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი თანხმობით ან კანონიერი წარმომადგენელი იძულებულია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, პაციენტის ექსპლიციტური ან იმპლიციტური ნების გამოხატვის, თანხმობის გარეშე, ერევა ფიზიკური თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში. 16 წლამდე პირს ეზღუდება გარკვეული ვადით სტაციონარის დატოვების უფლება. თავის მხრივ, 16 წლამდე პირის მიერ სტაციონარის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კანონიერი წარმომადგენელის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადავო ნორმით მის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა განხორციელდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ფიზიკური თავისუფლების უფლება მიეკუთვნება ინტერვენციას დაქვემდებარებულ უფლებათა კატეგორიას, რომლის შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლში მითითებულ მატერიალურ-პროცესუალურ სტანდარტებს. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე სადავოდ არ განიხილავს ზოგადად ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას, რომელსაც 16 წელს ან უფრო მეტ ასაკს მიღწეული პირი საკუთარი გადაწყვეტილებით იღებს. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა 16 წლამდე პირის ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას და ხორციელდება სასამართლოს კონტროლს მიღმა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ექსპლიციტურად კრძალავს თავისუფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შესაბამისად, 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით მოთავსება სასამართლოს კონტროლის გარეშე, არ ითვალისწინებს ამ ნორმის დანაწესს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის აბსოლუტური მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის პირადი თავისუფლების შეზღუდვა გამომდინარეობს არა მისი, არამედ სხვა პირის (მათ შორის, კანონიერი წარმომადგენლის) ნებიდან, იგი ყოველთვის უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს მიერ ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სადავო ნორმა ფორმალურად ითვალისწინებს 16 წლამდე პირის მონაწილეობას მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არ არის მოცემული მექანიზმი, რომელიც 16 წლამდე პაციენტის ამგვარი მონაწილეობის პირობებს ან მონაწილეობის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის მოთავსების ფაქტის გასაჩივრების ინსტრუმენტს დაადგენდა. ხაზგასასმელია, რომ 16 წლამდე პაციენტის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა შემთხვევაში გააჩნია ფორმალური ფუნქცია, მოთავსების ფაქტის სადავოდ მიჩნევის მექანიზმის არარსებობის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ნებას. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედებით არსებობს თვითნებობის რეალური საფრთხე, რომელიც შესაძლოა მომდინარეობდეს როგორც კანონიერი წარმომადგენლისგან, აგრეთვე სამედიცინო პერსონალისგან. ამგვარად, აუცილებელია, რომ 16 წლამდე პირის ინტერესების დაცვისთვის ამ პროცესს სასამართლომ გაუწიოს კონტროლი.
მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმა აგრეთვე არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას მხოლოდ კონსტიტუციაში დეკლარირებულ პრინციპებთან მიმართებაში არ ახორციელებს, ...«კონკრეტული დავების გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დაცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პრინციპი ექსპლიციტურად არ არის მოცემული, იგი სამართლებრივი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ნიშანდობლივია, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პარაგრაფი, რომლის ხელშემკვრელი მხარე საქართველოა, პირდაპირ აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება გაამახვილოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფაზე. ბავშვთა უფლებების შესახებ კომიტეტის N14 ზოგად კომენტარში მითითებულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს გააჩნია სამი განზომილება, კერძოდ, იგი არის:
სუბსტანციური უფლება - ბავშვს გააჩნია უფლება მისი ინტერესები მიჩნეულ იქნეს უპირატესად და მასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოცემული კონვენციის მე-3 მუხლი წარმოადგენს თვითშემსრულებელ ნორმას, რომელსაც არ ესაჭიროება ეროვნულ სამართალში ტრანსფორმაცია; ნორმის განმარტების მეთოდი - თუ არსებობს ნორმის ინტერპრეტაციის რამდენიმე ვერსია, ბავშვის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ის ნორმატიული ვარიანტი, რომელიც ყველაზე უფრო საუკეთესოა ბავშვის ინტერესებისთვის; პროცედურული წესი - იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ბავშვზე მისი ზეგავლენის შეფასებას და ბავშვის უფლებების დაცვის პროცედურულ გარანტიებს.
ხსენებულის მხედველობაში მიღების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სადავო ნორმა უგულვებელყოფს 16 წლამდე პირის საუკეთესო ინტერესების პრინციპს და მისი ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას უკავშირებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლისა და ექიმების გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით, რადგან 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და ეფექტიანი რეალიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. იგი წარმოადგენს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც სუბიექტს აძლევს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას. სასამართლოს ხელმისაწვდომობა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ელემენტია. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს რა, რომ « ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს ... » (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), იმავდროულად მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას.“ (საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის # 1/466 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). გარდა ამისა, ხსენებული უფლება საკუთარი არსით ერთგავარად ამბივალენტურია, იგი ერთი მხრივ, ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის მექანიზმია, მეორე მხრივ, სასამართლო ხელისუფლების ინიცირების საშუალებაა. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი კონსტიტუციური წონა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად განხორციელებასთან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „...სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და, საერთოდ, სამართლიან სასამართლოზე უფლება არ წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლებებისაგან იზოლირებულ, აბსტრაქტულ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მიგვანიშნებს, რომ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს “თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად”. ეს კი გულისხმობს არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული უფლებების დასაცავად მიმართვას. სწორედ ამგვარი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, საეჭვო გახადოს იმ აქტების (ნორმების) კონსტიტუციურობა, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზებას...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 01 მარტის #1/1/413 განჩინება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია „... მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“. ანუ აუცილებელია, იყოს Prima facie უფლება, რომლის სასამართლო წესით დაცვაც სურს მოსარჩელეს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისთვის, პირს დარღვეული უნდა ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები ან უნდა იდგეს ასეთი დარღვევის უშუალო და გარდაუვალი საფრთხის წინაშე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ „ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, იმისათვის რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
მოსარჩელის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა 16 წლამდე პირის (მათ შორის მოსარჩელის) ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისას არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე კანონიერი წარმომადგენლისა და სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების მექანიზმს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში არსებობს მისი ძირითადი უფლების დაცვის ინტერესი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ხელმისაწვდომობას გააჩნია აქცესორული ხასიათი, მისი არსებობა აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული ფიზიკური ხელშეუხლებლობის უფლებაში არაკონსტიტუციური ჩარევისგან დაცვისთვის. ნიშანდობლივია, რომ საკმარისი არ არის 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების კრიტერიუმების სასამართლოს მეშვეობით შემოწმება, აგრეთვე აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გადახედვა. მოსარჩელის შეფასებით, მხოლოდ ამგვარი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში იქნება შესაძლებელი ფიზიკური თავისუფლების უფლების პროცედურული დაცვა სრულყოფილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც შეუძლებელია გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, ანუ როდესაც კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს იმ შესაძლებლობათა მინიმუმს, რომელიც უფლების არსს განსაზღვრავს, ირღვევა თანაზომიერების პრინციპი.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლი აწესრიგებს არასრულწლოვანის უფლებას დაცვაზე. მისი პირველი ნაწილის თანახმად, „არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ცენტრალურ ორგანოს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს. ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებული არიან, მათ შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მიმართონ ცენტრალურ ორგანოს.“ ჰიპოთეტურად შესაძლებელია ხსენებული ნორმა განიმარტოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმასთან კავშირში იმგვარად, რომ 16 წლამდე პირს გააჩნდეს ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობის შესახებ კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ასეთი ინსტრუმენტი (მისი ხანგრძლივი, ბიუროკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის არ არსებობის პირობებში) შეუსაბამო იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან, რომელიც თავისუფლებაშეზღუდული პირის (მათ შორის 16 წლამდე ასაკის) წარდგენას სასამართლოში უკავშირებს 48 საათს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში გამოირიცხება სასამართლოს მეშვეობით 16 წლამდე პირის ფიზიკური თავისუფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რადგან 16 წლამდე პირის ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა ერთი მხრივ, ყველა შემთხვევაში ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და მეორე მხრივ, არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი ინსტრუმენტი.
4. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულ ძირითად უფლებაში. „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებით განკარგოს თავისი ფიზიკური თუ გონებრივი სფერო, იმისგან დამოუკიდებლად, მისი ასეთი გადაწყვეტილება იქნება დადებითი თუ უარყოფითი შედეგის მომტანი მისთვის. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, დაექვემდებაროს ამა თუ იმ მკურნალობის ღონისძიებას, მათ შორის, მიიღოს სამკურნალო საშუალებები, შეარჩიოს მკურნალი ექიმი და სამკურნალო დაწესებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 47). შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის 16 წლამდე პირის სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ნებით და მას არ გააჩნია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებაში. პიროვნების განვითარების თავისუფლება არ არის აბსოლუტური, ლეგიტიმუტი მიზნების მისაღწევად დასაშვებია მისი შეზღუდვა, თუკი ასეთი შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით თანაბარზომიერია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 48). „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმის მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს 16 წლამდე პირის ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესის მართვა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მოკლებული იყოს უნარს - საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიიღოს სათანადო, ყველაზე უფრო საჭირო გადაწყვეტილებები. მოსარჩელე ეთანხმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ „მკურნალობის არასათანადო მართვის პირობებში ... პირმა საკუთარი გაუცნობიერებელი მოქმედებებით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს მესამე პირთა უსაფრთხოებასა და სხვა ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 49). „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კოგნიტური ნაკლის მქონე და სხვაგვარად უნარშეზღუდული პირების მკურნალობისას პაციენტის ნების მაქსიმალურ გათვალისწინებაზეა ორიენტირებული და ადგენს სხვადასხვა მექანიზმებს, რითაც მინიმუმამდე ამცირებს პიროვნულ ავტონომიაში ჩარევის შესაძლებლობას. ანალოგიურ მიდგომას იზიარებს მრავალი ქვეყნის კანონმდებობა და ითვალისწინებს პირის მოსაზრების გათვალისწინების ვალდებულებას სამკურნალო დაწესებულებაში მისი იძულებითი მოთავსების და, კიდევ უფრო ხშირად, მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 50). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანის მსგავსად, როდესაც 16 წლამდე პირს შესწევს უნარი განაცხადოს თავისუფალი და გაცნობირებული თანხმობა მის ჯანმრთელობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასეთი ჩარევა მხოლოდ მისი თანხმობით უნდა განხორციელდეს (შეად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 51). თუმცა, შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მას ასეთი უნარი არ ჰქონდეს საკუთარი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს თუ ის ემსახურება თავად ამავე პირის უშუალო კეთილდღეობას. ამგვარ კონდიციაში „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობის მექანიზმს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სადავო ნორმა არათანაზომოერად ერევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რადგან არ ხორციელდება 16 წლამდე პაციენტების გრადაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით მათი ფსიქიკური მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით. ამასთნ, იგი ყოველგვარი პირობის გარეშე, აბსოლუტურად გამორიცხავს 16 წლამდე პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მხოლოდ მისივე ნებით მოთავსებას (შეად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: “საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 54).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგან ადგენს გაუმართლებელ ჩარევას პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
5. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში დეკლარირებული უფლება არ წარმოადგენს მხოლოდ ცალკე აღებულ ძირითად უფლებას, იგი ამასთანავე არის ფუნდამენტური კონსტიტუციური ნორმა-პრინციპი, რომლის უზრუნველყოფა კონსტიტუციით აღიარებული სხვა ძირითადი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობის გარანტიაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1). თანასწორობის ძირითადი უფლების არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „თანასწორობის ძირითადი უფლება, სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან განსხვავებით, არ მიემართება ადამიანთა ცხოვრების ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში სადავო ნორმის შეფასების სტაბილური, განგრძობადი პრაქტიკა არის ჩამოყალიბებული. იგი უპირველეს ყოვლისა მსჯელობს შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8) და სადავო ნორმის მიზნებისთვის თუ იმყოფებიან არსებითად ანალოგიურ ვითარებაში.
სადავო ნორმა მოსარჩელეს (16 წლამდე პირს), რომლის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა - თავისუფლების შეზღუდვა ხორციელდება მოსამართლის გადაწყვეტილებისა და ასეთი შეზღუდვის გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, ასაკიდან გამომდინარე განასხვავებს 16 წელს ან უფრო მეტ ასაკს მიღწეული პირისგან, რომლის არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობა - თავისუფლების შეზღუდვა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, აგრეთვე იგი ფლობს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
მოსარჩელის შეფასებით, არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის მიზნებისთვის დასახელებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს როგორც სამართლებრივი სტატუსის, ასევე უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. საქართველოს კანონმდებლობით 18 წლამდე პირი მიიჩნევა არასრულწლოვნად, 7-დან 18-წლამდე პირი ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად, ხოლო 0-დან 7-წლამდე ქმედუუნაროდ. შესაბამისად, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, 16-დან 18-წლამდე პირიც სარგებლობს 7-დან 18-წლამდე პირის იდენტური უფლებებით. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზაციისა და დაცვის უზრუნველყოფის კონტექსტში ირელევანტურია ასაკი, თითოეულ პირს უნდა გააჩნდეს ამ უფლების დაცვის თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, შესადარებელი პირები ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასთან მიმართებაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. „საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული პირების დიფერენციაცია ხორციელდება ასაკობრივი ნიშნით, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის ფარგლებში.
კლასიკური ნიშნებით დისკრიმინაციულობის “მკაცრი შეფასების” ტესტით შემოწმების პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). მოსარჩელის აზრით, არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა 16 წლამდე პირის არანებაყოფლობით სტაციონარულ მკურნალობას (ე.ი. ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას) სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ან/და ასეთი შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობას, მაშინ, როდესაც 16 წელს ან უფრო მეტ ასაკს მიღწეულ პირს ასეთი უფლებამოსილება გააჩნია. შესაბამისად, სადავო ნორმით ხორციელდება დასახელებული პირების თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გამომდინარე იქიდან, რომ ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობის გარეშე ასაკის ნიშნით დიფერენცირებულია ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების მქონე სუბიექტები ამ უფლებით სარგებლობასთან და დაცვის მექანიზმებთან მიმართებაში.
6. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, 16 წლამდე პირის სტაციონარიდან გაწერა, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, ხდება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ზემოთ აღინიშნა, რომ საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება გულისხმობს მკურნალობის ფორმების, საშუალებების, მეთოდების, ადგილის, ინტენსივობის განსაზღვრის, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. კონსტიტუციის მე-16 მუხლი პირს ანიჭებს როგორც სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულების დატოვების უფლებას. მოსარჩელის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის 16 წლამდე პირს არ გააჩნია ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დატოვების შესაძლებლობა, ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცულ სფეროში. სადავო ნორმას შესაძლოა ამ შემთხვევაშიც გააჩნდეს 16 წლამდე პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის პროცესის ოპტიმალურად უზრუნველყოფის მიზანი, თუმცა 16 წლამდე პირის სტაციონარიდან გაწერა მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ასეთი მიზნის მიღწევის არათანაზომიერი ფორმაა. სადავო ნორმა მოცემულ შემთხვევაშიც მხედველობაში არ იღებს 16 წლამდე პირების გრადაციას მათი ჯანმრთელობისა და ასაკის მიხედვით, ბლანკეტურად, ყოველგვარი პირობის გარეშე, ყველა 16 წლამდე პირს ართმევს სამედიცინო დაწესებულების დატოვების შესაძლებლობას.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რადგან ადგენს გაუმართლებელ ჩარევას პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
7. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. სადავო ნორმა მოსარჩელეს (16 წლამდე პირს), რომლის სტაციონარული დაწესებულებიდან გაწერა დამოკიდებულია კანონიერი წარმომადგენლის ნებაზე, ასაკიდან გამომდინარე განასხვავებს 16 წელს, 17 წელს, 18 წელს მიღწეული პირისგან, რომელსაც სტაციონარული დაწესებულების დატოვება შეუძლია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.
მოსარჩელის შეფასებით, სტაციონარული დაწესებულებიდან გაწერის მიზნებისთვის დასახელებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს როგორც სამართლებრივი სტატუსის, ასევე უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. საქართველოს კანონმდებლობით 18 წლამდე პირი მიიჩნევა არასრულწლოვნად, 7-დან 18-წლამდე პირი ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად, ხოლო 0-დან 7-წლამდე ქმედუუნაროდ. შესაბამისად, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, 16-დან 18-წლამდე პირიც სარგებლობს 7-დან 18-წლამდე პირის იდენტური უფლებებით. გარდა ამისა, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების კონტექსტში ცალკეულ შემთხვევებში უმნიშვნელოა ასაკი, თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს ამ უფლების რეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობა. მისი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს გრადაციის პრინციპს და გადაუდებელ, ობიექტურ საჭიროებას. შესაბამისად, შესადარებელი პირები პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით სარგებლობასთან, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული პირების დიფერენციაცია ხორციელდება ასაკობრივი ნიშნით, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის ფარგლებში. კლასიკური ნიშნებით დისკრიმინაციულობის “მკაცრი შეფასების” ტესტით შემოწმების პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
მოსარჩელის შეფასებით, არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა 16 წლამდე პირის სტაციონარული დაწესებულებიდან გაწერის შესაძლებლობის გამორიცხვას და ასეთი გადაწყვეტილების კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიღებას, მაშინ, როდესაც 16წლის, 17 წლის, 18 წლის პაციენტები დამოუკიდებლად იღებენ სტაციონარის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სადავო ნორმით ხორციელდება დასახელებული პირების თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გამომდინარე იქიდან, რომ ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობის გარეშე ასაკის ნიშნით დიფერენცირებულია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე სუბიექტები ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებიდან გაწერის კონტექსტში.
8. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი არეგულირებს პაციენტის უფლებებს, რომლებიც მას ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში გააჩნია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე (თუმცა, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამავე კანონის მე-16, მე-18 და 221მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). აშკარაა, რომ სადავო სიტყვები ერთი მხრივ, 16 წლამდე პირის უფლებას - უარი თქვას ფსიქიატრიულ მკურნალობაზე არათუ ზღუდავს, არამედ გამორიცხავს, მეორე მხრივ, 16 წლამდე პირის ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხს უკავშირებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის (ან ნათესავის) გადაწყვეტილებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში დეკლარირებულ ღირსების უფლებაში, რადგან სადავო სიტყვების მოქმედების პირობებში 16 წლამდე პირი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში არის აბსოლუტურად უუფლებო, ქმედების ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 16 წლამდე პირისთვის მკურნალობაზე უარის თქმის უფლების გამორიცხვით, თავისთავად გამოირიცხება ასეთი პირის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, აგრეთვე თუ: ა) დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. ამგვარად, 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა ყველა შემთხვევაში ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით და იგი არასდროს განიხილება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობად, ვინაიდან 16 წლამდე პირს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს სტაციონარულ მკურნალობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი აღიარებს ადამიანის ღირსების კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც წარმოადგენს ყველა სხვა კონსტიტუციური უფლების ინსპირაციის წყაროს. ღირსება ადამიანის თანდაყოლილია, იგი ბუნებითი უფლებაა. „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11). „შედეგად, ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების - ადამიანის თავისუფლების საფუძველია, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 12). „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 3). „ღირსება ... არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 31).
„მაშასადამე, კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 16).
მოსარჩელის შეფასებით, სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში 16 წლამდე პირს არ გააჩნია სუბიექტის ფუნქცია. იგი წარმოადგენს ობიექტს, რომლის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მხოლოდ სხვა პირზე. სადავო სიტყვების პირობებში, მიზანი 16 წლამდე პირის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა, თუმცა მიზნის მიღწევის საშუალება იგივე პირის პიროვნების, თვითმყოფადობის, ნების სრული უგულვებელყოფაა. ამასთან, გაერთიანებელი ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებში ცალსახად არის მითითებული, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმირებული თანხმობის მიღება პაციენტისგან. “ინფორმირებული თანხმობის უფლების დარღვევა ზოგიერთ შემთხვევაში წამების ტოლფასია. წამების საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი (ხუან მენდესი) მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, აკრძალონ შეუთანხმებელი და არანებაყოფლობითი სამედიცინო ჩარევა” (ადამიანის უფლებათა საბჭო, სპეციალური მომხსენებლის ანგარიში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლების შესახებ, A/HRC/22/53). იგი განმარტავს, რომ „როგორც ეს მანდატი, ისე გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები არანებაყოფლობით მკურნალობას და სხვა ფსიქიატრიულ ჩარევას განსაზღვრავენ, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმას.” (ადამიანის უფლებათა საბჭო, სპეციალური მომხსენებლის ანგარიში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლების შესახებ, A/HRC/22/53). შესაბამისად, სადავო სიტყვებით 16 წლამდე პაციენტის მკურნალობის უფლების უპირობო შეზღუდვა, აბსოლუტური უგულვებელყოფა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამო მოპყრობას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და მეორე პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით)“.
9. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებულია ადამიანის უფლება თავისუფლად განავითაროს საკუთარი პიროვნება. იგი უზრუნველყოფს პირის თვითგამორკვევას, ავტონომიურობის, კერძო, ინტიმური სივრცის სხვებისგან ხელშეუხებლობას, ქცევის ზოგად თავისუფლებას, მსოფლმხედველობის, ფიზიკური, სოციალური, სექსუალური იდენტობის თავისუფლებას. გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის უფლება თავად განსაზღვროს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, მკურნალობის მეთოდები, ფორმები და საშუალებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას, ადამიანთა გარკვეულ წრესთან პერსონალურ კავშირებს იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია მისი პიროვნული სრულყოფისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 55). „... კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 56). „ ... კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცულ სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფალი განვითარების ნებისმიერი ფორმით რეალიზაცია ... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 59). „მითითებული კონსტიტუციური ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, უზრუნველყოფს რა ადამიანის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უზოგადესი ასპექტის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ჩამოყალიბების, მისი ცხოვრების ინდივიდუალური წარმართვის თავისუფლებას სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-12).
„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს აქვს შემავსებელი ფუნქცია და იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უზოგადესი უფლების ისეთ ასპექტებს, რომლებიც არ არის დაცული აღნიშნული უფლების კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ ცალკეულ სეგმენტებში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნებისმიერი წესი, რომელიც პიროვნების ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ქმედებების ავტონომიურობას ან პიროვნების მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების, მისი არჩევანის შესაბამისად განსაზღვრის პრინციპს ზღუდავს, შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პირადი ცხოვრების უფლებებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-15).
3. საქართველოს საკოსნტიტუციო სასამართლოს განცხადებით „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებით განკარგოს თავისი ფიზიკური თუ გონებრივი სფერო, იმისგან დამოუკიდებლად, მისი ასეთი გადაწყვეტილება იქნება დადებითი თუ უარყოფითი შედეგის მომტანი მისთვის. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, დაექვემდებაროს ამა თუ იმ მკურნალობის ღონისძიებას, მათ შორის, მიიღოს სამკურნალო საშუალებები, შეარჩიოს მკურნალი ექიმი და სამკურნალო დაწესებულება.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის 2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 47). შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის, მათ შორის 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტის უფლება - თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მკურნალობაზე, მის ფორმებსა და საშუალებებზე. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ასეთ პირს ანიჭებს შესაძლებლობას საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაში ინტერვენცია, მისი ხარისხი, ინტენსივობა თავისი სურვილით, რწმენით განსაზღვროს. სადავო სიტყვების მოქმედების პირობებში 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე, იგი ყველა შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით ხორციელდება საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევა.
ნიშანდობლივია, რომ ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია ღირებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ამგვარი ჩარევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს უფლების შეზღუდვის თანაზომიერი. აღსანიშნავია, რომ პირს გააჩნია თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება „იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო ინტერესებიდან ან მესამე პირების კონსტიტუციურად დაცული ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II, პ. 67). დაუშვებელია ამ უფლების თვითნებური, არათანაზომიერი შეზღუდვა.
სადავო სიტყვებით სავარაუდოდ შესაძლებელია დასახული იყოს 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზანი. ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი შესაძლებელია წარმოადგენდეს ძირითად უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს, ასეთი მიზანი კიდევ უფრო ღირებულია, როდესაც ნორმა მიმართულია ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისკენ. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა ბავშვის მონაწილეობის, კოგნიტური თანხმობის, მკურნალობის პროცესის შეთანხმების გარეშე არ წარმოადგენს საუკეთესო, ყველაზე გამოსადეგ საშუალებას. ბავშვს, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გრადაციის გარეშე ბლანკეტურად არ უნდა აეკრძალოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა. პროგრესულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებები არჩევანის საფუძველზე მიიღება. თავის მხრივ, არჩევანის უფლება ინდივიდის იმანენტური მახასიათებელია. მისი რეალიზაცია ყოველთვის არ არის დამოკიდებული ასაკზე, ქმედუნარიანობაზე და ა.შ. შეუძლებელია ადამიანის თავისუფალი განვითარება ამავე ადამიანისთვის არჩევანის უფლების გარეშე. გარდა ამისა, სადავო სიტყვები უგულვებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპს. სამართლებრივ სახელმწიფოში, დაუშვებელია ბავშვის თავისუფალი განვითარების პროცესში ცენტრალური ადგილი არა თავადვე ბავშვმა, არამედ სხვა პირმა, თუნდაც კანონიერმა წარმომადგენელმა დაიკავოს. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. თანამედროვე საზოგადოებაში სამართლებრივი სისტემა ინდივიდის შესაძლებლობების, ინიციატივების, მისწრაფებების რეალიზაციაზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრების დაცვაზეა ორიენტირებული, რაც პირველ რიგში მისივე მონაწილეობით მიიღწევა. შესაბამისად, 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტისთვის ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმის აბსოლუტური აკრძალვა ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღების გარეშე, და იქიდან გამომდინარე, რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა, წარმოადგენს ამ პირის თავისუფალი განვითარების უფლებაში არათანაზომიერ, დასაშვებზე, საჭიროზე მეტ ჩარევას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით)“.
10. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა აგრეთვე ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში, რომელსაც არ გააჩნია კონსტიტუციასთან თავსებადი გამართლება. როგორც ითქვა, თანასწორობის ძირითადი უფლება მიზნად ისახავს სახელმწიფო იდენტურად მოეპყროს ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირებს, არ განიხილოს არსებითად თანასწორი უთანასწოროდ და პირიქით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
მოსარჩელის შეფასებით, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელი სუბიექტებია:
16 წლის ან 16 წლამდე პაციენტი (მოსარჩელე), რომელსაც სადავო სიტყვებით არ გააჩნია უფლება ფსიქიატრიულ მკურნალობაზე განაცხადოს უარი; 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტი, რომელსაც უფლება აქვს უარი განაცხადოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე;
მოსარჩელის მტკიცებით, არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის მიზნებისთვის დასახელებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს როგორც სამართლებრივი სტატუსის, ასევე უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. საქართველოს კანონმდებლობით 18 წლამდე პირი მიიჩნევა არასრულწლოვნად, 7-დან 18-წლამდე პირი ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად, ხოლო 0-დან 7-წლამდე ქმედუუნაროდ. შესაბამისად, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, 16-დან 18-წლამდე პირიც სარგებლობს 7-დან 18-წლამდე პირის იდენტური უფლებებით. გარდა ამისა, ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პერსონალური ავტონომიის, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია ასაკს. თითოეულ პირს გარანტირებული უნდა ჰქონდეს პიროვნების თავისუფალი განვითარების, ფიზიკური თავისუფლების დაცვის თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, შესადარებელი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. სადავო სიტყვები წარმოდგენილი პირების დიფერენცირებას ახორციელებს ასაკის მიხედვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტის ფარგლებში გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული პირების დიფერენციაცია ხორციელდება კლასიკური საფუძვლით - ასაკობრივი ნიშნით. კლასიკური ნიშნით დისკრიმინაციულობის “მკაცრი შეფასების” ტესტით შემოწმების პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებს 16 წლის ან 16 წლამდე პაციენტისთვის მკურნალობაზე უარის თქმის შესაძლებლობის გამორიცხვას, მაშინ, როდესაც 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტს ასეთი უფლება გააჩნია. შესაბამისად, სადავო ნორმით ხორციელდება დასახელებული პირების თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია - დისკრიმინაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი გამომდინარე იქიდან, რომ ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობის გარეშე ასაკის ნიშნით დიფერენცირებულია საგნობრივად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები.
11. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ არსებობს სათანადო სამედიცინო ჩვენებები, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ფსიქიატრიული დახმარების პროცესში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა 16 წლამდე პირების მკურნალობას უკავშირდება. შესაბამისად, სადავო სიტყვებში არსებული სიტყვები „კანონიერი წარმომადგენელი“ აღქმულ უნდა იქნეს 16 წლამდე პირების მკურნალობასთან მიმართებაში. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება მოსარჩელის პიროვნების განვითარების უფლებაში, რომელიც როგორც ითქვა, იცავს მკურნალობის მეთოდების, საშუალებების განსაზღვრის, არჩევის თავისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ 16 წლამდე პირი სადავო სიტყვების პირობებში ყოველთვის მოკლებულია აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული უფლება. სადავო სიტყვების მიზანს ამ შემთხვევაშიც შესაძლოა წარმოადგენდეს 16 წლამდე პირის ფსიქიკური მკურნალობის პროცესის ოპტიმალურად წარმართვა, თუმცა მისი ამ ფორმით განხორციელება არათანაზომიერია. სადავო სიტყვები უპირობოდ, გრადაციის გარეშე გამორიცხავს 16 წლამდე პირების უფლებას საკუთარი ნებით განსაზღვრონ - გააჩნიათ თუ არა სურვილი იმკურნალონ აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვისას და ისეთი მძიმე ფორმებით მკურნალობისას, როგორიცაა კრუნჩხვითი, შოკური თერაპია, სადავო სიტყვები აბსოლუტურად უგულვებელყოფს 16 წლამდე პირების ასაკსა და ფსიქიკურ მდგომარეობას. იგი მხედველობაში არ იღებს იმ გარემოებას, რომ ხშირ შემთხვევაში 16 წლამდე პირებსაც გააჩნიათ უნარი იმსჯელონ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვები: „ან მისი კანონიერი წარმომადგენლის“, რადგან იგი არათანაზომიერად ერევა 16 წლამდე პაციენტის პიროვნების განვითარების უფლებაში და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
12. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში. ზემოთ აღინიშნა, რომ სადავო სიტყვებში მითითებული „კანონიერი წარმომადგენელი“ გაგებულ უნდა იქნეს 16 წლამდე პაციენტებთან მიმართებაში. სადავო ნორმა მოსარჩელეს (16 წლამდე პირს), რომლის აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობა შესაძლებელია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ასაკიდან გამომდინარე განასხვავებს 16-დან 18-წელს მიღწეული პირისგან, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მკურნალობის თაობაზე
აქტიური ბიოლოგიური მკურნალობის მიზნებისთვის დასახელებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს როგორც სამართლებრივი სტატუსის, ასევე უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. საქართველოს კანონმდებლობით 18 წლამდე პირი მიიჩნევა არასრულწლოვნად, 7-დან 18-წლამდე პირი ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად, ხოლო 0-დან 7-წლამდე ქმედუუნაროდ. შესაბამისად, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, 16-დან 18-წლამდე პირიც სარგებლობს 7-დან 18-წლამდე პირის იდენტური უფლებებით. ამასთანავე, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების კონტექსტში ცალკეულ შემთხვევებში უმნიშვნელოა ასაკი. ყოველ პირს უნდა ჰქონდეს ამ უფლებით სარგებლობის იდენტური შესაძლებლობები. მისი შეზღუდვა მათ შორის უნდა ეფუძნებოდეს გრადაციის პრინციპს და რეალურ აუცილებლობას. შესაბამისად, შესადარებელი პირები პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით სარგებლობასთან, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასთან, კერძოდ ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობაზე ნების გამოხატვასთან მიმართებაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული პირების დიფერენციაცია ხორციელდება ასაკობრივი ნიშნით, სადავო ნორმა შეფასდება მკაცრი ტესტის ფარგლებში. კლასიკური ნიშნებით დისკრიმინაციულობის “მკაცრი შეფასების” ტესტით შემოწმების პროცესში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა 16 წლამდე პირის აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიღებას, მაშინ, როდესაც 16 წლის, 17 წლის, 18 წლის პაციენტები დამოუკიდებლად, უშუალოდ იღებენ ასეთი მეთოდებით მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას. ამრიგად, სადავო ნორმით ხორციელდება დასახელებული პირების თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის სადავო სიტყვები: „ან მისი კანონიერი წარმომადგენლის“ რადგან ღირებული ლეგიტიმური მიზნის, დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობის გარეშე ასაკის ნიშნით დიფერენცირებულია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე სუბიექტები აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობის თვალსაზრისით.
13. კონსტიტუციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნორმატიული საფუძვლები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი აგრეთვე გადაიხდევინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე. კონსტიტუციურ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ეკისრება როგორც ფიზიკურ (სრულწლოვანს, არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს და ა.შ.), აგრეთვე იურიდიულ პირს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს შეღავათებს კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენი პირებისთვის. გარდა ამისა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს არ ანიჭებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი შემცირების ან გაზრდის უფლებამოსილებას. ამასთან, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია არ განხორციელდება ან/და სასამართლო სარჩელს არ განიხილავს.
შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის ფიზიკურ პირს ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, სხვაგვარად იგი ვერ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას.
14. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. სადავო ნორმების მოქმედებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება შეზღუდულია არასრუწლოვნებისთვის, რადგან მათ ამ უფლებით სარგებლობისთვის ესაჭიროებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში არ არსებობს (საპროცესო) ქმედუნარიანობის ინსტიტუტი. მოსარჩელე შესაძლებელია იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც თვლის, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი. ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური” (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის #1/1/413 განჩინება). მხოლოდ ასეთი პირი მიიჩნევა უფლებამოსილ სუბიექტად. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება “action popularis” დავას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის N2/3/514 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში არასრულწლოვანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ამ უფლებით სარგებლობის ადექვატურ, ეფექტიან გარანტიებს, არასრულწლოვანს ხელს არ უნდა უშლიდეს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციაში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად კანონმდებელი უფლებამოსილია დაადგინოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელების ფარგლები და წესები, რაც თავის მხრივ, ხარისხიანი, დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულებისკენ, სასამართლო რესურსის დაზოგვისკენ იქნება მიმართული. თუმცა, ასეთი დიაპაზონის განსაზღვრისას, იგი ვალდებულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა დააფუძნოს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც მიღწეული იქნება თანაზომიერი ღონისძიებებით. თანაზომიერების პრინციპი ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების ორგანული ნაწილია. ძირითადი უფლებების მხოლოდ თანაზომიერი, ლეგიტიმური, რეალურად აუცილებელი შეზღუდვა არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან თავსებადი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე: ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნიათ ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა არასრულწლოვნებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას. არასრულწლოვანს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს საკუთარი შემოსავლები, სხვა პირებზეა ფინანსურად დამოკიდებული. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვნისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება მიჩნეულ უნდა იქნეს ამ უფლებით სარგებლობის დაუძლეველ წინააღმდეგობად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვანს აკისრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას.
15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით მე-14 მუხლით დაცულ სფეროში, რადგან ხორციელდება არსებითად თანასწორი პირების უთანასწორო მოპყრობა სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში უპირველეს ყოვლისა მსჯელობს შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8) და სადავო ნორმის მიზნებისთვის თუ იმყოფებიან არსებითად ანალოგიურ ვითარებაში. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების მიზნებისთვის შესადარებელი ჯგუფებია:
არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი წარმომადგენელი, მშობელი მიმართავს საქართველოს საერთო სასამართლოს არასრულწლოვანის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; მოსარჩელე - ბავშვი, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, ვალდებულია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სამართალწარმოების სისტემა კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან განსხვავებით არ ითვალისწინებს არასრულწლოვანის საპროცესო ქმედუნარიანობას (ცალკეული გამონაკლისების გარდა), შესადარებელი ჯგუფები სასამართლოსათვის მიმართვის თვალსაზრისით მიჩნეულ უნდა იქნენ თანასწორ სუბიექტებად, ვინაიდან სასამართლოსათვის მიმართვის მიზანს ორივე შემთხვევაში წარმოადგენს არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების, უფლებების დაცვა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შესადარებელი სუბიექტები სასამართლოსათვის მიმართვის კონტექსტში არ იმყოფებიან თანასწორ, ექვივალენტურ მდგომარეობაში, რადგან საქართველოს საერთო სასამართლოში არასრულწლოვანის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი (მოსარჩელე), რომელიც დავობს ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ვალდებულია სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს. იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას მოსარჩელე გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ან შეამციროს სახელმწიფო ბაჟი, თუ არასრულწლოვანი სახელმწიფო ბაჟს არ გადაიხდის და შესაბამის საბანკო დაწესებულების საბუთს კონსტიტუციურ სარჩელს თან არ დაურთავს, მისი კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია არ განხორციელდება ან/და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით არ იქნება მიღებული. შესაბამისად, მოსარჩელესა და სხვა არასრულწლოვნებს სადავო ნორმები აყენებენ უთანასწორო მდგომარეობაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. „საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამ ართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმები თანასწორი პირების დიფერენციაციას ახორციელებენ უფლებების, ინტერესების დაცვის მექანიზმებთან - სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობასთან მიმართებაში. არასრულწლოვანს (მოსარჩელეს) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იგი მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული დიფერენცირების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ ნიშნებს, სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში, ვინაიდან შესადარებელი სუბიექტების დიფერენციაცია ხორციელდება მაღალი ინტენსივობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ, საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. .... დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შესადარებელი სუბიექტები მნიშვნელოვნად არიან დაცილებული სასამართლოსათვის მიმართვის, უფლებების დაცვის თანაბარ შესაძლებლობებს. ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა ბავშვის უფლებების დაცვის მიზნიდან, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე პირს ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მეორე მხრივ, სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვანს აკისრებს ფინანსების მოძიების ვალდებულებას და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უკავშირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროშიც, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი უნდა შეაფასოს მკაცრის ტესტის გამოყენებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კლასიკური ნიშნებით ან მაღალი ინტენსივობის „დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შემოწმებისთვის “მკაცრი შეფასების” ტესტი შემოიღო, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით არასრულწლოვნების დიფერენციაციას უფლებების, ინტერესების დაცვის მექანიზმებთან - სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებაში, არ გააჩნია ღირებული ლეგიტიმური მიზანი. არ არსებობს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომელიც გაამართლებდა არასრულწლოვანისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრებას. ამრიგად, სადავო ნორმებით არასრულწლოვნების, მათ შორის მოსარჩელის მიმართ ხორციელდება თვითმიზნური განსხვავებული მოპყრობა, გაუმართლებელი დიფერენციაცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვანს აკისრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი