საქართველოს მოქალაქე საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/1295 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 16:55 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების „თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით)“, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „ან მისი კანონიერი წარმომადგენლის“ და მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით;
ბ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „კონსტიტუციური სარჩელი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1295) მომართა საბა ქუთელიამ. №1295 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2018 წლის 24 იანვარს. №1295 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერით, №1295 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1295 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების შესაბამისად, თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვების მიხედვით, აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო სამედიცინო ჩვენების არსებობისას, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 16 წლამდე პაციენტი ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში თავსდება კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით, გადაწყვეტილების მიღებისას პაციენტის ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესაბამისად, მისი აუცილებელი მონაწილეობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის მოთავსებული 16 წლამდე პაციენტის გაწერა ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სადავო სიტყვების მიხედვით, სახელმწიფო ბაჟით იბეგრება კონსტიტუციური სარჩელი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის შესაბამისად კი, ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდების შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. №1295 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს გააჩნია „მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით“ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით, ხსენებული დიაგნოზი განსაზღვრულია კოდით - F72.1). მოსარჩელის აღნიშვნით, შესაბამისი სერვისის არარსებობის პირობებში, მისი კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, იგი არაერთხელ იქნა მოთავსებული სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 16 წლამდე ბავშვების ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, რაც ქმნის პირის სტაციონარში თვითნებურად მოთავსების საფრთხეს. ამასთან, 16 წლამდე პირს არ შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტასა და მკურნალობის მეთოდებზე, ხსენებული გადაწყვეტილებები მიიღება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს მის რიგ კონსტიტუციურ უფლებებს.
6. მოსარჩელე მხარე აპელირებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვებზე, ასევე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, 16 წლამდე პაციენტის მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს. ამასთან, ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში მოთავსება და სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის მოთავსებული პაციენტის გაწერა, ისევე, როგორც აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა, შესაბამისი ჩვენების არსებობისას, ხორციელდება პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლებიც პაციენტის მკურნალობას, მკურნალობის მეთოდის განსაზღვრას, სტაციონარში მოთავსებასა და სტაციონარიდან მის გაწერას უკავშირებს პირის კანონიერი წარმომადგენლის ნებას, არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოსარჩელის განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება უზრუნველყოფს პირის თვითგამორკვევას, ავტონომიურობას, ინტიმური სივრცის სხვებისაგან ხელშეუხებლობას, ქცევის ზოგად თავისუფლებას. გარდა ამისა, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულია ადამიანის უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, მკურნალობის მეთოდები, ფორმები და საშუალებები. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება პირს ანიჭებს შესაძლებლობას, საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაში ინტერვენცია, მისი ხარისხი, ინტენსივობა თავისი სურვილით განსაზღვროს. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, 16 წლამდე პაციენტს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე, მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის მეთოდზე, სტაციონარში მოთავსებასა თუ სტაციონარიდან მის გაწერაზე და იგი ყველა შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს კანონიერი წარმომადგენლის ნებას.
8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს 16 წლამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა. თუმცა ამ მიზნის მიღწევა ბავშვთან მკურნალობის პროცესის შეთანხმების გარეშე, არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვს, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გრადაციის გარეშე, ბლანკეტურად, არ უნდა აეკრძალოს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმისა და მკურნალობის მეთოდების არჩევის უფლება. შესაბამისად, 16 წლამდე პაციენტისთვის ფსიქიატრიულ მკურნალობასა და მკურნალობის მეთოდის არჩევაზე უარის თქმის აბსოლუტური აკრძალვა, ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღების გარეშე, წარმოადგენს ამ პირის თავისუფალი განვითარების უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას.
9. მოსარჩელე მხარე „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვებს, ასევე მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებითაც.
10. მოსარჩელე შესადარებელ პირებად გამოყოფს, ერთი მხრივ, 16 წლამდე პაციენტს, რომელსაც არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს მკურნალობაზე ან მკურნალობის მეთოდზე (აქტიური ბიოლოგიური მეთოდით მკურნალობაზე) და რომლის არანებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობა/თავისუფლების შეზღუდვა არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, 16 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ყველა ზემოხსენებული უფლებით სარგებლობს. მოსარჩელის მტკიცებით, მკურნალობის დაწყების, მკურნალობის მეთოდების არჩევისა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებთან დაკავშირებით, დასახელებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს როგორც სამართლებრივი სტატუსის, ასევე უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს კანონმდებლობით, 7-დან 18-წლამდე პირი ითვლება შეზღუდულ ქმედუნარიანად. შესაბამისად, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, 16-დან 18-წლამდე პირი სარგებლობს 7-დან 18-წლამდე პირის იდენტური უფლებებით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულ პირთა დიფერენცირება ხდება კლასიკური ნიშნით, კერძოდ, ასაკით, ამიტომ დიფერენცირების დისკრიმინაციულობა უნდა შემოწმდეს მკაცრი ტესტის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, არ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი, რომელიც ხსენებულ დიფერენცირებას გაამართლებდა და, შესაბამისად, სადავო რეგულაცია დისკრიმინაციულია.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ირღვევა ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციური უფლება. მოსარჩელის განმარტებით, პირი სტაციონარში თავსდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც საქართველოს კონსტიტუციით ექსპლიციტურად აკრძალულია. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აბსოლუტური მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა გამომდინარეობს არა მისი, არამედ სხვა პირის (მათ შორის, კანონიერი წარმომადგენლის) ნებიდან, იგი ყოველთვის უნდა დაექვემდებაროს სასამართლო ზედამხედველობას.
12. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანი პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მომართვისას ბაჟის გადახდის ვალდებულებას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების განხორციელების ფარგლები და წესები, რაც, თავის მხრივ, ხარისხიანი, დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულებისკენ, სასამართლო რესურსის დაზოგვისკენ იქნება მიმართული. თუმცა მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა არასრულწლოვნებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას. ვინაიდან, არასრულწლოვანს, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვს საკუთარი შემოსავალი, იგი სხვა პირებზეა ფინანსურად დამოკიდებული, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვნისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება მიჩნეულ უნდა იქნეს ამ უფლებით სარგებლობის დაუძლეველ წინააღმდეგობად.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2024 წლის 26 ნოემბრის №01/320241 წერილით ეცნობა, რომ 2023 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე საბა ქუთელია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. წინამდებარე საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2024 წლის 26 ნოემბრის №01/320241 წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ გარდაიცვალა მოსარჩელე საბა ქუთელია.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, შესაბამისად, მოსარჩელის გარდაცვალებით, საფუძველი ეცლება მისი სასარჩელო მოთხოვნის განხილვას, რაც იწვევს საქმეზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/1/437 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის №2/5/584 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზაალ გველესიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/1/657 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. სადავო სამართალურთიერთობის არსისა და სასარჩელო მოთხოვნის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელის გარდაცვალებამ შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში, არ გამოაცალოს არსი სასარჩელო მოთხოვნას და არ ჩაითვალოს საქმის შეწყვეტის საფუძვლად, როდესაც საქმის გაგრძელება ემსახურება უშუალოდ გარდაცვლილი პირის უფლებებისა და მათი დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების დადგენას. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლებელია, არ შეწყვიტოს სამართალწარმოება, თუ სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმის შეწყვეტა თავად კონსტიტუციური დავის მიზნებს არ ეწინააღმდეგება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის №1/1/657 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. მოცემული დავის ფარგლებში არ იკვეთება ამგვარი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობს კონკრეტული სუბიექტის გარეშე, მოსარჩელე საბა ქუთელიას გარდაცვალებით საფუძველი გამოეცალა მის სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1295 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1295 კონსტიტუციურ სარჩელზე („საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში